Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2024: არჩევნების წელი - რა უნდა ვიცოდეთ


წელს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეეძლება ხმის მიცემა.
წელს მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარზე მეტს შეეძლება ხმის მიცემა.

2024 არჩევნების წელია - წელს არჩევნები მსოფლიოს 76 ქვეყანაში ჩატარდება. ხმას მისცემს იმაზე მეტი ადამიანი, ვიდრე ოდესმე კაცობრიობის ისტორიაში.

საარჩევნო ყუთთან მისვლა შეეძლება 4.2 მილიარდ ადამიანს - ეს პლანეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტია.

სხვა საკითხია, რას ცვლის არჩევნები ამ ადამიანებისთვის. ბევრ ქვეყანაში, სამწუხაროდ, არჩევნები ფორმალურ ფარსადაა ქცეული.

ბევრგან კი ხელისუფლებები, პრეზიდენტები თუ პრემიერ-მინისტრები სწორედ არჩევნებით შეიცვლებიან, ანდაც ხალხისგან ხელახალ მანდატს მიიღებენ, რაც ამ ქვეყნების, რეგიონებისა და დანარჩენი მსოფლიოს ბედზე იქონიებს გავლენას.

ამ სტატიაში თვალს გადავავლებთ ყველაზე მნიშვნელოვან არჩევნებს, რომლებიც წელს ჩატარდება და განვიხილავთ, რა დევს სასწორზე საარჩევნო ყუთთან.

აშშ

წელს მსოფლიოს ყურადღება მიმართული იქნება ეკონომიკური, სამხედრო და ტექნოლოგიური ზესახელმწიფოს, ამერიკის შეერთებული შტატებისკენ.

აშშ-ში ნოემბერში მე-60 საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება.

ტრადიციისამებრ, ორმა მთავარმა პარტიამ, დემოკრატებმა და რესპუბლიკელებმა, ჯერ ზაფხულამდე შტატებში პრაიმერები (წინასწარი არჩევნები) და ზაფხულში პარტიული ყრილობები უნდა გამართონ, სადაც მათი საპრეზიდენტო კანდიდატის ვინაობა გაირკვევა.

თუმცა, დღევანდელი გადმოსახედიდან, ნაკლებსავარაუდოა, რომ წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებზე 2020 წლისგან განსხვავებული კანდიდატები წარდგნენ.

აშშ-ს ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, მეორე ვადით იყრის კენჭს.

ბაიდენს იოლი შეჯიბრება არ ელის. Gallup-ის წლის ბოლოს ჩატარებული კვლევის თანახმად, მის საქმიანობას დადებითად ამერიკელების 39% აფასებს. პირველი ვადის მიწურულს ასეთი დაბალი რეიტინგი ბოლო 45 წელიწადში არც ერთ პრეზიდენტს არ ჰქონია.

ამისდა მიუხედავად, მოქმედი პრეზიდენტი განზე გადგომას არ აპირებს. ამდენად, მას პრაიმერებში სერიოზული კონკურენტი არც ჰყავს და მოგება არ უნდა გაუჭირდეს.

ნოემბერში მისი მეტოქე, დიდი ალბათობით, კვლავ დონალდ ტრამპი იქნება, რომელიც, თუ თეთრ სახლში მიბრუნდება, 78 წლის, ანუ იმავე ასაკის იქნება, როგორც ბაიდენი, 4 წლის წინ თავისი პირველი ვადის დაწყებისას.

დემოკრატიული პარტიისგან განსხვავებით, რესპუბლიკელებში საპრეზიდენტო ნომინაციის მოსაპოვებლად მეტი კონკურენციაა, თუმცა უკვე თვეებია, დონალდ ტრამპი შიდა პარტიულ გამოკითხვებში დამაჯერებლად ლიდერობს. ფლორიდის გუბერნატორი რონ დესანტისი და აშშ-ს ყოფილი ელჩი გაეროში, ნიკი ჰეილი, მას სერიოზულ კონკურენციას ჯერჯერობით ვერ უწევენ.

ტრამპს კონკურენტებზე მეტი პრობლემა შესაძლოა ცალკეული შტატების მიერ მისთვის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების აკრძალვამ შეუქმნას. ჯერჯერობით ასე ორი შტატი - კოლორადო და მეინი მოიქცა.

მათ ტრამპის წინააღმდეგ მოიშველიეს სამოქალაქო ომის შემდგომი ჩანაწერი, რომელიც კონსტიტუციის წინააღმდეგ აჯანყებულებს თანამდებობის დაკავებას უკრძალავს.

სწორედ ასე მიიჩნიეს კოლორადოსა და მეინში ტრამპის როლი კაპიტოლიუმზე თავდასხმაში, 2021 წლის 6 იანვარს. თუმცა ამ შტატებში ტრამპის პოზიციები ისედაც სუსტი იყო, რის გამოც მხოლოდ ეს ორი გადაწყვეტილება არჩევნებზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ იქონიებს.

საკვანძო შტატებში კარგი რეიტინგებით წახალისებული ტრამპის ბანაკი გამარჯვებისთვის უკვე ემზადება. როგორც ამერიკული მედია იუწყება, ტრამპს მიაჩნია, რომ მისი პირველი ვადისას, ბიუროკრატია ხელს უშლიდა ნების აღსრულებაში, რის გამოც თეთრ სახლში დაბრუნების შემთხვევაში პენტაგონში, CIA-სა თუ სახელმწიფო დეპარტამენტში ერთგული კადრების დანიშვნას გეგმავს.

სხვა საკითხებთან ერთად, აშშ-ს არჩევნებს დიდი მნიშვნელობა ექნება უკრაინისთვის. უცნობია, რამდენად გააგრძელებს აშშ უკრაინის დახმარებას ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში.

თუ ტრამპი დაბრუნდება, მოსალოდნელია, რომ ჩინეთის მიმართ აშშ-ს პოლიტიკა უფრო ხისტი გახდება - ვაშინგტონსა და პეკინში კარგად ახსოვთ ტრამპის პირველი ვადის „სავაჭრო ომები“ მსოფლიოს ორ უმსხვილეს ეკონომიკას შორის. ამის მიუხედავად, ჩინეთს ტრამპის პრეზიდენტობა ხელს უნდა აძლევდეს ტაივანის თვალსაზრისით - ბაიდენისგან განსხვავებით, ტრამპი მიანიშნებს, რომ არ აპირებს, კუნძული ჩინეთის შესაძლო თავდასხმისგან დაიცვას.

ნაკიანი წლის ნოემბერი აშშ-ში მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნების სეზონი არაა. წელს ამერიკელები აირჩევენ წარმომადგენელთა პალატის სრული შემადგენლობას და სენატის მესამედს. კონგრესის განაწილებას დიდი გავლენა ექნება როგორც საშინაო, ისევე საგარეო პოლიტიკაზე.

როგორც ტრამპის და ბაიდენის პრეზიდენტობამ აჩვენა, კონგრესს შეუძლია, პრეზიდენტს ხელ-ფეხი შეუკრას. სწორედ სენატში არსებული უთანხმოების გამო, ამ დრომდე ვერ მოხერხდა უკრაინისთვის ახალი დახმარების გამოყოფა.

ხედვები განსხვავებულია კლიმატის ცვლილებაზეც - ტრამპი და მისი პარტია გარემოს დაცვის კუთხით ნაკლებად მკაცრ რეგულაციებს ემხრობა. მისი პრეზიდენტობისას, აშშ გამოვიდა პარიზის კლიმატის შეთანხმებიდან, სადაც ბაიდენმა ქვეყანა გაპრეზიდენტებისთანავე დააბრუნა.

მთავარი შიდა საკითხები, რაზეც პარტიების ხედვები განსხვავდება, ეკონომიკასთან ერთად, საიმიგრაციო პოლიტიკა და აბორტის უფლებაა. რესპუბლიკელებს უკანონო იმიგრაციის შეზღუდვა უნდათ - ქვეყანაში უნებართვოდ შესული მიგრანტების რიცხვი ისტორიულ მაქსიმუმზეა. დემოკრატებს კი სურთ, კონგრესმა მთელი ქვეყნის მასშტაბით დაიცვას ქალებისთვის აბორტის უფლება.

ატლანტიკის მეორე მხარეს

წლის ბოლოს ბრიტანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. 14-წლიანი მმართველობისა და ხუთი პრემიერ-მინისტრის შემდეგ, კონსერვატიულ პარტიას გაუჭირდება მორიგი ვადით ხელისუფლებაში დარჩენა. გამოკითხვებში დიდი უპირატესობით ლიდერობს ლეიბორისტული პარტია სერ კირ სტარმერის ლიდერობით. დიდი ალბათობით, სწორედ ის გახდება ახალი პრემიერ-მინისტრი.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბრიტანეთში ხელისუფლების ცვლილებას საგარეო კურსის გადასხვაფერება მოჰყვეს. თებერვალში, უკრაინაში ჩასულმა კირ სტარმერმა თქვა, რომ ლეიბორისტების ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, უკრაინასთან მიმართებით ბრიტანეთის პოლიტიკა იგივე დარჩება.

ოქტომბრის მონაცემებით, ბრიტანეთის მიერ უკრაინისთვის გადაცემული სამხედრო დახმარების ღირებულება 7 მილიარდ დოლარს აღწევდა. ამაზე მეტი მხოლოდ აშშ-მ და გერმანიამ გაიღო.

საარჩევნო ყუთთან უნდა მივიდეს დანარჩენი ევროპაც - მაისში ევროპარლამენტის არჩევნებია. ევროკავშირის 27 წევრ სახელმწიფოში ჯამში 705 ევროდეპუტატს აირჩევენ. ყველა ქვეყანას თავისი კვოტა აქვს მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით.

ევროპარლამენტს, რომელიც ევროკავშირის ერთადერთი პირდაპირ არჩეული ორგანოა, ტრადიციული ეროვნული პარლამენტებისგან ბევრი განასხვავებს - აქ დეპუტატებს არ აქვთ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება, არ არსებობს „ხელისუფლება“ და „ოპოზიცია“, ევროპარლამენტის როლი უმნიშვნელოა საგარეო პოლიტიკის წარმოებაშიც.

თუმცა ევროპარლამენტის მნიშვნელოვანი პრეროგატივაა ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევა. დიდი ალბათობით, ამ თანამდებობაზე მეორე ვადით დარჩება ურზულა ფონ დერ ლაიენი.

ევროპარლამენტს მეტი გავლენა აქვს ევროკავშირის შიდა პოლიტიკაზე, რადგანაც გადაწყვეტილებების უმეტესობას საბოლოო დამტკიცებამდე სწორედ პარლამენტის თანხმობა სჭირდება.

აქამდე ევროპარლამენტში მანდატების უმრავლესობას სამი უდიდესი ჯგუფი ფლობდა - სახალხო პარტია (მემარჯვენე-ცენტრისტები), სოციალ-დემოკრატები და ლიბერალები. ევროპარლამენტის გადაწყვეტილებები, როგორც წესი, ამ სამ ჯგუფს შორის მორიგების შედეგი იყო, მაგრამ ახლა მათი მხარდაჭერა მცირდება. სავარაუდოა, რომ წელს დიდი სამეულისა და მწვანეების ხარჯზე გაიმყარებენ პოზიციებს კონსერვატორები და ნაციონალისტი, მემარჯვენე პოპულისტები.

თუ ასე მოხდა, ამას, პირველ რიგში, ევროკავშირის საიმიგრაციო პოლიტიკაზე ექნება გავლენა. ამასთან, ევროპელ მემარჯვენეებს და კონსერვატორებს სკეპტიკური დამოკიდებულება აქვთ გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ ზომებთანაც, რაც მომდევნო წლებში ევროკავშირის პოლიტიკის უმთავრესი საკითხი იქნება.

აზია

ერთბაშად არსად მოუწევს იმდენ ადამიანს წასვლა არჩევნებზე, რამდენსაც ინდოეთში. გაეროს 2023 წლის აპრილის მონაცემებით, ინდოეთმა მოსახლეობის რაოდენობით (1 425 775 850 ადამიანი) უკვე გადაასწრო ჩინეთს.

ოღონდ ჩინეთისგან განსხვავებით, ინდოეთი დემოკრატიაა. მოქმედი პრემიერ-მინისტრი ნარენდრა მოდი, რომელიც 10 წელია, ამ თანამდებობაზეა, კიდევ ერთი ხუთწლიანი მანდატის მიღებას შეეცდება. გამოკითხვები კი აჩვენებს, რომ ამის კარგი შანსი აქვს.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში არა, მაგრამ ჩინეთის რესპუბლიკაში, ანუ ტაივანში, წელს პრეზიდენტს აირჩევენ. ოპოზიციური გომინდანის კანდიდატი ჰოუ იუი ამომრჩევლებს მზარდი დაძაბულობის ფონზე ჩინეთთან ომის თავიდან აცილებას ჰპირდება, მმართველ პარტიას კი აბრალებს, რომ ქვეყანას ომისკენ მიაქანებს.

გომინდანი სამოქალაქო ომამდე მთელ ჩინეთს მართავდა, კომუნისტებთან მარცხის შემდეგ კი ტაივანს შეაფარეს თავი, რომელიც მომდევნო ათწლეულებში რეგიონის ერთ-ერთ უმდიდრეს ქვეყნად იქცა.

გამოკითხვებში მაინც მმართველი, დემოკრატიული პროგრესული პარტიის კანდიდატი ლიდერობს. ისინი ღიად უჭერენ მხარს ტაივანის მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადებას, რასაც ოპოზიცია ზედმეტად აგრესიულ ნაბიჯად მიიჩნევს.

მმართველი პარტია ინდონეზიაშიც შეეცდება ხელისუფლების შენარჩუნებას. თითქმის 280 მილიონი ადამიანით, ინდონეზია ამჟამად მსოფლიოში მეოთხე ადგილზეა მოსახლეობის რაოდენობით.

ინდოეთის მეზობლად, არჩევნებს გამართავენ პაკისტანსა და ბანგლადეშში, სადაც, შესაბამისად, 245 და 175 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. ამ ქვეყნებში დემოკრატიის ხარისხი შედარებით დაბალია, თუმცა ვერც იმას ვიტყვით, რომ არჩევნებს აზრი არ აქვს.

ავტორიტარიზმი არჩევნებით, დემოკრატია უარჩევნებოდ

აი, რუსეთში კი საქმე სულ სხვაგვარადაა.

დეკემბერში ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ კვლავ იყრის კენჭს საპრეზიდენტო არჩევნებში. ის უპარტიო, „დამოუკიდებელი“ კანდიდატი იქნება.

იმ ფონზე, როცა პუტინის ხელშია სახელმწიფო აპარატი, სიმდიდრე და მედია, ალექსეი ნავალნი კი არქტიკული ციმბირის კოლონიაშია გამოკეტილი, რუსეთის მოქმედ პრეზიდენტს კონკურენტი არ ჰყავს - რუსეთში „არჩევნები“ სრული ფორმალობაა.

რუსეთისგან განსხვავებით, წელს არჩევნები, დიდი ალბათობით, არ ჩატარდება უკრაინაში, იმისდა მიუხედავად, რომ პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ვადა ეწურება.

რუსეთის შეჭრის შემდეგ უკრაინაში სამხედრო მდგომარეობა მოქმედებს, რაც არჩევნების ჩატარებას გამორიცხავს. სწორედ ამიტომ არ გამართულა საპარლამენტო არჩევნები ოქტომბერში.

ზოგიერთი მოწოდების მიუხედავად, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ იარაღისთვის განკუთვნილ ფულს არჩევნებს არ დაახარჯავს. მისი თქმით, არჩევნები უკრაინას 135 მილიონი დოლარი დაუჯდება.

მეოთხე ოცნება?

დაბოლოს, ნურც საქართველოს დავივიწყებთ. შემოდგომაზე „ქართული ოცნება“ მეოთხე ვადით ეცდება ხელისუფლებაში დარჩენას.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების ფონზე, ოპოზიცია საარჩევნო წელს ფრაგმენტირებული ხვდება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ.

დღევანდელი მოცემულობით, დანარჩენი პარტიები და ალიანსები 5%-იანი ბარიერის გადასალახად იბრძოლებენ. როგორც ჩანს, მათ რიგებს ტელეკომპანია "მთავარის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პარტიაც დაემატება.

პარლამენტთან ერთად, წელს საქართველოში ახალ პრეზიდენტსაც აირჩევენ. ოღონდ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ პირველად, ეს ხალხის პრეროგატივა აღარ იქნება. საქართველოს მეექვსე პრეზიდენტს ამჯერად 300-წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს, რომელიც პარლამენტის, საკრებულოებისა და ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების წევრებისგან იქნება დაკომპლექტებული.

საკონსტიტუციო შესწორების თანახმად, პრეზიდენტი ყოველ მეხუთე წელიწადს, ოქტომბერში უნდა აირჩიონ. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ იმავე დროს საპარლამენტო არჩევნებიც უნდა გაიმართოს, პრეზიდენტის არჩევნები ახალი მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომის ჩატარებიდან 45 დღეში უნდა ჩაინიშნოს.

XS
SM
MD
LG