მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა გადაწყვეტილება შტატის ქვედა დონის სასამართლოსი, რომელმაც უარი თქვა დონალდ ტრამპის შტატის საარჩევნო ბიულეტენიდან ამოღებაზე.
შესაბამისად, მიჩიგანის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ამომრჩეველთა იმ ნაწილის მოთხოვნა, რომელიც ამტკიცებდა, რომ ტრამპმა დაარღვია კონსტიტუციის მე-14 შესწორება, რომელიც აჯანყების მონაწილე ადამიანებს არჩეული ან საჯარო თანამდებობის დაკავებას უკრძალავს.
მიჩიგანის სასამართლომ გადაწყვეტილებისას იხელმძღვანელა თეზისით, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის დისკვალიფიკაცია პოლიტიკური საკითხია და არა - სამართლებრივი. მიჩიგანის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში წერია, რომ „სასამართლო არ არის დარწმუნებული, რომ სასარჩელო საკითხი სასამართლოში უნდა იხილებოდეს“.
დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ Truth Social-ში მიესალმა სასამართლოს გადაწყვეტილებას და ოპონენტების სარჩელს უწოდა „საბრალო თამაში არჩევნების გაყალბების მიზნით“.
მოსარჩელეების თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამორიცხავს ტრამპის საარჩევნო სიიდან ამოღების საკითხისადმი დაბრუნების შესაძლებლობას მოგვიანებით.
აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვის თემამ გასულ კვირაში, კოლორადოს შტატის უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, განსაკუთრებული რეზონანსი შეიძინა. აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ დონად ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებსა და პრაიმერიზში მონაწილეობა აუკრძალა, მათ შორის - შტატის ბიულეტენებზე მისი სახელის განთავსებაც.
ამ ეტაპზე კოლორადოს სასამართლო ერთადერთია, რომელიც დაეთანხმა მოსარჩელეთა არგუმენტებს, რომ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელიც აშშ-ის მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, დარღვეული აქვს კონსტიტუციის მე-14 შესწორება და შესაბამისად, არ აქვს უფლება, ქვეყანას პრეზიდენტის რანგში ემსახუროს. მე-14 შესწორებაში ნათქვამია, რომ ოფიციალურ პირი, რომელსაც შეერთებული შტატების ერთგულების ფიცი აქვს დადებული, არ ექვემდებარება არჩევას და არ შეუძლია დაიკავოს ფედერალური ან შტატების დონეზე საჯარო თანამდებობა, თუ მონაწილეობდა შეერთებული შტატების წინააღმდეგ ამბოხებასა და ჯანყში.
რამდენიმე შტატის უზენაესი სასამართლოების წინააღმდეგობრივი გადაწყვეტილებების შემდეგ, ამ საკითხზე გადაწყვეტილების საბოლოო უფლებამოსილება ქვეყნის უზენაეს სასამართლოს რჩება. ოთხშაბათს კოლორადოს რესპუბლიკურმა პარტიამ აშშ-ის უზენაეს სასამართლოს მიმართა შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით. მოსარჩელეები აცხადებენ, რომ გადაწყვეტილების შედეგად „რესპუბლიკური პარტიის წამყვანი კანდიდატის პირველადი და საყოველთაო არჩევნებისგან ჩამოშორება, ცვლის ამერიკული დემოკრატიის კურსს“.
აშშ-ის უზენაესი სასამართლო, სავარაუდოდ, სარჩელის განხილვას მალე დაიწყებს.