Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოლორადოს სასამართლომ ტრამპს არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა


აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიისას. 11 ნოემბერი, 2023 წელი
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი და პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი წინასაარჩევნო კამპანიისას. 11 ნოემბერი, 2023 წელი

აშშ-ის კოლორადოს შტატის უზენაესმა სასამართლომ დონად ტრამპს საპრეზიდენტო არჩევნებსა და პრაიმერისში მონაწილეობა აუკრძალა, მათ შორის - შტატის ბიულეტენებზე მისი სახელის განთავსებაც.

სასამართლომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელა მოტივით, რომ დონალდ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებში, როდესაც მისი მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ, რათა ჩაეშალათ იმ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების მიღება, რომელშიც ჯო ბაიდენმა გაიმარჯვა.

სასამართლომ გადაწყვეტილება კოლორადოს ამომრჩეველთა ერთი ჯგუფის მიერ შეტანილი სარჩელის საპასუხოდ მიიღო. მოსარჩელეები დაობდნენ, რომ ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს, რომელიც აშშ-ის მომავალი წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, დარღვეული აქვს კონსტიტუციის მე-14 შესწორება და შესაბამისად, არ აქვს უფლება, ქვეყანას პრეზიდენტის რანგში ემსახუროს. მე-14 შესწორებაში ნათქვამია, რომ ოფიციალურ პირი, რომელსაც შეერთებული შტატების ერთგულების ფიცი აქვს დადებული, არ ექვემდებარება არჩევას და არ შეუძლია დაიკავოს ფედერალური ან შტატების დონეზე საჯარო თანამდებობა, თუ მონაწილეობდა შეერთებული შტატების წინააღმდეგ ამბოხებასა და ჯანყში.

მანამდე კოლორადოს ქვედა ინსტანციის სასამართლომ საჩივრის განხილვაზე უარი იმ მოტივით თქვა, რომ ქვეყნის კონსტიტუცია მკაფიოდ არ განმარტავდა, შეეხებოდა თუ არა აკრძალვა პრეზიდენტს. შტატის უზენაესი სასამართლო არ დაეთანხმა კონსტიტუციის ამგვარ ინტერპრეტაციას და დაასკვნა, რომ დონალდ ტრამპი მონაწილეობდა 2021 წლის 6 იანვრის მოვლენებში და რომ საკონსტიტუციო აკრძალვა ასევე შეეხება პოტენციურ საპრეზიდენტო კანდიდატებს.

„პრეზიდენტმა ტრამპმა წაახალისა ძალადობა და უკანონო ქმედებები, რომელთა მიზანი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის ჩაშლა იყო“, - ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში, რომელიც ძალაში 4 იანვრიდან შევა, რათა დონალდ ტრამპს დრო მიეცეს გადაწყვეტილების ქვეყნის უზენაეს სასამართლოში გასასაჩივრებლად.

დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ. ისინი კოლორადოს შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აფასებენ, როგორც ლიბერალი-დემოკრატი მოსამართლეების მცდელობას, ჩაერიონ საარჩევნო პროცესში, რათა შტატის ამომრჩევლებს მათთვის სასურველი კანდიდატის მხარდაჭერაში შეუშალონ ხელი. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა სასამართლოს გადაწყვეტილებას უწოდა „არა მხოლოდ ისტორიული და სამართლიანი“, არამედ „აუცილებელიც ქვეყანაში დემოკრატიის მომავლის დასაცავად“.

კოლორადოს შტატის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება სენსაციად შეფასდა, ვინაიდან მანამდე დონალდ ტრამპის არჩევნებისგან ჩამოშორების მცდელობა ორი შტატის სასამართლოებში შეტანილი სარჩელებით ვერ მოხერხდა, სასამართლომ სარჩელები პროცედურული შესწორობების გამო არ მიიღო.

თუ კოლორადოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებას აშშ-ის უზენაესი სასამართლო ძალაში დატოვებს, ტრამპის ოპონენტებს შესაძლებლობა ექნებათ, მის წინააღმდეგ მსგავსი სარჩელით სხვა შტატების სასამართლოებს მიმართონ. ამჟამად ტრამპის წინააღმდეგ მსგავს სარჩელს მიჩიგანის შტატის სასამართლო განიხილავს.

XS
SM
MD
LG