Accessibility links

საზოგადოება
რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
 
10 000 ლარი მართლაც 100 წლის მოხუცებისთვისაა თუ მათი გარემოცვისთვის? 

10 000 ლარი მართლაც 100 წლის მოხუცებისთვისაა თუ მათი გარემოცვისთვის? 


საქართველოში მოსახლეობის 20 პროცენტი საპენსიო ასაკისაა, აქედან 30 პროცენტი კაცია, 70 - ქალი, რომლებიც პენსიაზე კაცებზე უფრო ადრე გადიან.
საქართველოში მოსახლეობის 20 პროცენტი საპენსიო ასაკისაა, აქედან 30 პროცენტი კაცია, 70 - ქალი, რომლებიც პენსიაზე კაცებზე უფრო ადრე გადიან.

10 ათასი ლარი 100 წელს მიღწეულ მოხუცებს - ფულზე უარს არავინ ამბობს, მაგრამ საკითხავი ისაა, მართლაც მოხუცებს ხმარდება თუ არა ეს თანხა? ამ მხრივ არათუ გარანტიები არ არსებობს, არამედ საფრთხეებიც კი ჩნდება.

თბილისის მერმა კახა კალაძემ 22 იანვარს განაცხადა, რომ 100 და მეტი წლის მოხუცები, რომლებიც თბილისში ცხოვრობენ, ყოველ წელს 10 000 ლარს მიიღებენ. აქამდე ეს თანხა მხოლოდ 1 000 ლარი იყო.

ქსენია ჩიღურაძე წელს 102 წლის ხდება. მერის დაპირებული ფული ჯერ არ აუღია, თუმცა ჯერ არც ის მოუფიქრებია, რაში დახარჯავს.

„რა ვიცი, დიდი ოჯახია, ერთი შვილი, მეორე. ისე დაიხარჯება, ვერ გავიგებ“, - გვითხრა მან.

მისი შვილი ნინო ამბობს, რომ შარშან აღებული ათასი ლარი წვრილმანებში გაილია.

„ათასი ლარის დახარჯვას რა უნდა?! - კითხულობს ნინო, - "უხარია, საფულეს რომ გახსნის და ფულს მაძლევს, ის მიყიდე, ეს მიყიდე. მეც მივდივარ და მომაქვს. ერთობა ასე, თამაშობს“.

ვინ დახარჯავს ფულს?

ვინ ხარჯავს ფულს, თუ მოხუცი ლოგინადაა ჩავარდნილი, ასაკის გამო გაცნობიერებულ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს ან, მაგალითად, თავშესაფარში ცხოვრობს?

ფული მოხუცს პირად ანგარიშზე ერიცხება. როგორც მერიაში გვეუბნებიან, თუ ადამიანი ქმედუუნაროა, თანხას მისი კანონიერი წარმომადგენელი იყენებს.

„ზრუნვის პლატფორმამ“ რამდენიმე წლის წინ გამოიკვლია, რომ სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მოხუცებისთვის გაცემული დახმარება ხშირად ფუჭად იხარჯება.

„ფულადი დახმარება შეიძლება მოხუცზე ძალადობის მიზეზიც გახდეს. დიდი ალბათობაა, რომ 100 წლის მოხუცს დემენცია ჰქონდეს. რამდენად სწორად განსაზღვრავს, როგორ დახარჯოს ფული? ან როგორ გარემოცვაშია? მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ ჰყავს შვილიშვილი, რომელიც თამაშზე ან ნარკოტიკზეა დამოკიდებული და ამ დროს ოჯახში ჩნდება ფული“, - ამბობს „ზრუნვის პლატფორმის“ თავმჯდომარე უჩა ვახანია.

ის ამბობს, რომ უმჯობესი იქნებოდა, სოციალურ მუშაკებს კონკრეტულად გამოეკვლიათ, რა სჭირდებათ მოხუცებს და ინდივიდუალურად დახმარებოდნენ, - „სოციალური მუშაკი უნდა მივიდეს და შეაფასოს, შვილი ცოტა ცუღლუტი ხომ არ არის, ამ მოხუცს მართლა რა სჭირდება... ამას ცოტა მეტი თავის შეწუხება უნდა, ვიდრე მხოლოდ განცხადების დაწერაა“.

რა სჭირდებათ მოხუცებს ყველაზე მეტად?

მოხუცთა თავშესაფარ „თბილ კერაში“ ას წელს მიტანებული ვერავინ მოიძებნა, თუმცა, გაცილებით ახალგაზრდებსაც ვერ გავესაუბრეთ. თავშესაფრის ხელმძღვანელი მაია პაპაშვილი გვეუბნება, რომ უმეტესობას დემენცია აქვს.

„ასი წლის არავინ მყავს, მაგრამ ასი წლის მოხუცმა რა უნდა ქნას? შვილიშვილებს თუ აჩუქებს ამ თანხას. ტანსაცმელი ამათ არ აინტერესებთ, გასვლა და გამოსვლა. მხოლოდ ჭამა და მოფერება, კიდევ წამლები“, - ამბობს ის.

„ზრუნვის პლატფორმის“ მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ მოხუცები სხვადასხვა სახის დახმარებით მიღებულ ფულს ხშირად სწორედ წამლებში ხარჯავენ, თან იმ წამლებში, რომლებიც არ სჭირდებათ.

„მოხუცებს ძალიან უყვართ მედიკამენტები. აქ ორი პრობლემა გვაქვს, ან თვითონ ყიდულობენ და სვამენ ზედმეტ წამლებს, ან ექიმები უნიშნავენ ბევრს წამალს. ორივე შემთხვევაში ზედმეტი წამლებისგან ხარჯიც მეტია და ჯანმრთელობაც უარესდება“, - ამბობს უჩა ვახანია.

საქართველოში მოსახლეობის 20 პროცენტი საპენსიო ასაკისაა, აქედან 30 პროცენტი კაცია, 70 კი - ქალი, - ქალები პენსიაზე უფრო ადრე გადიან. გარდა ამისა, მთელ მსოფლიოში ქალები 6-7 წლით დიდხანს ცოცხლობენ კაცებზე. საქართველოში ეს სხვაობა 9 წელს აღწევს.

რაც შეეხება ასი წლის მოხუცებს, მაგალითად „100 წელს მიღწეულ მოქალაქეთათვის ერთჯერადი დახმარების“ პროგრამით, თბილისში 2023 წელს 54 ადამიანმა ისარგებლა, 2024 წელს - 57-მა.

რა არის საჭირო 10 ათასის მისაღებად?

  • პირადობის მოწმობის ასლი.
  • სამოქალაქო რეესტრის გაცემული საინფორმაციო ბარათი ბოლო ერთი წელი უწყვეტად თბილისში რეგისტრაციის თაობაზე.
  • თუ დევნილია, დევნილობის მოწმობა.
  • განცხადება თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის სახელზე (თუ მოხუცმა წინა წელს უკვე ისარგებლა ამ პროგრამით, განცხადების დაწერა აღარ მოუწევს).
  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG