Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ჯიმშერ რეხვიაშვილი
ჯიმშერ რეხვიაშვილი

"არა რუსულ კანონს" - ისმის ბოლო დღეებში ქართული თეატრების სცენებიდან. მსახიობები და რეჟისორები ე.წ. აგენტების კანონს აპროტესტებენ. შემთხვევითია ქართული თეატრის აქტივიზმი და აქტიურობა? არა. თუ გადავხედავთ ისტორიას, ზღვარი თეატრსა და ცხოვრებას შორის, ისედაც პირობითი, კრიტიკულ მომენტებში იშლება ხოლმე.

აკი შექსპირიც ამბობს პიესაში „როგორც გენებოთ“ ჟუკის პირით (II მოქმედება, VII სურათი), მთელი სამყარო თეატრიაო. ამიტომაც, სულაც არ არის გასაკვირი, რასაც კოტე მარჯანიშვილი წერს თავის მემუარებში, 1905 წლის იანვრის ცხრამ თეატრის სცენა დამავიწყა და ბარიკადებზე გამიყვანაო:

„საიმპერატორო თეატრში მუშაობაზე თანხმობის ნაცვლად, მე გამალებით დავრბოდი მიტინგიდან-მიტინგზე, გრიმს-გრიმზე ვიცვლიდი და ყველგან მხურვალე სიტყვებით თვითმპყრობელობის ჩამოგდებისთვის მოვუწოდებდი ხალხს. თეატრში მოვაწყვეთ მებრძოლი რაზმი (!) და წითელი ჯვრის რაზმი, თუმცა მხოლოდ ერთადერთი რევოლვერი გვქონდა და რამდენიმე ხმალი თეატრის სარეკვიზიტოროდან. მართალია, არც ერთი ბრძოლა არ გვქონია კაზაკებთან და პოლიციასთან, მაგრამ ყოველთვის იქ გავჩნდებოდით, სადაც სროლა გაჩაღდებოდა მუშებსა და პოლიციას შორის“.

1905 წლის 9 იანვარმა, რომელიც ისტორიაში სისხლიანი კვირის, წითელი კვირის სახელითაა შესული, რუსეთის იმპერიაში პირველ რევოლუციას დაუდო სათავე.

საქართველოშიც თეატრი, მისი რეჟისორები, დრამატურგები და მსახიობები, საზოგადოების ყველაზე აქტიური და მგრძნობიარე წევრები იყვნენ, თუნდაც იმავე XIX საუკუნეში, როცა ქართული საზოგადოების წარჩინებული წარმომადგენლები იმდენად იყვნენ გარუსებულები, რომ საფლავის ქვებზეც კი აღარ იწერდნენ ეპიტაფიებს მშობლიურ ენაზე.

„თითქოს სამუდამოდ შეუნდეს რუსეთს დაპყრობა საქართველოსი, რომელიც მათ უცნაურის და გაუგებარის სიყვარულით უყვარდათ, - წერდა იმ პერიოდზე მწერალი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრი, შალვა ამირეჯიბი, - იმარხებოდნენ დასასრულ, ტფილისის სასაფლაოზე, წახურული მარმარილოს დაფებით, რომელზედაც წარწერა ორ ენაზე უნდა ყოფილიყო: ქართულად და რუსულად! მაგრამ რატომ რუსულად და რა შუაშია აქ რუსული, როცა მარმარილოს დაფები ღმერთისკენ იყვნენ პირშექცეულნი? აი, უქმი საკითხი, რომელზედაც პასუხი მაინც საჭიროა: ეს პატიოსანი და სადა ხალხი გულუბრყვილოთ ფიქრობდა, რომ მას აქეთ რაც ქართველებმა რუსული შეისწავლეს, უფალი ჩვენი ღმერთიც, რომელთვის ყოველთვის ქართველია, რუსულად აწარმოებდა თავის შესავალ-გასავლის წიგნებს“.

აი, ასეთ თითქმის უიმედო ვითარებაში ჩირაღდნის ანთებას ჰგავდა ქართული თეატრი, რომელიც, მწერალს რომ დავესესხოთ, „ანათებდა ქართული ცხოვრების ყველა რადიუსზე“:

„იმ დროს როცა საქართველო განიცდიდა ასი წლის მონობას, იმ დროს როცა ის იყო მუდამ მწუხარე ქვრივი დაკარგულ დამოუკიდებლობის, როცა ჩვენ არ გვქონდა არამცთუ უნივერსიტეტი, არამედ ქართული ენა დევნილი იყო უბრალო სოფლის სკოლიდანაც, შეგინებულმა, აკრძალულმა და დასჯილმა ქართულმა ენამ თეატრში ნახა თავისი ბინა. თაობა თაობაზე დადიოდა იქ, სწავლობდა ამ ენას და ხელოვნებასთან ერთად ითვისებდა იმ გრძნობას, რომელსაც მამულის სიყვარული ჰქვიან“, - წერს შალვა ამირეჯიბი ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ქართველ მსახიობზე, ვასო აბაშიძეზე დაწერილ ნარკვევში.

რომ არა ქართული თეატრი და მისი რეჟისორ-მსახიობები, ბევრად უფრო რთული იქნებოდა ეროვნული გამოღვიძებისა და დამოუკიდებლობის აღდგენის პროცესი.

დღეს ძნელი დასაჯერებელია (იქნებ, აღარც?), მაგრამ 1901 წელს რუსეთის მიერ დაპყრობილ საქართველოში საზეიმოდ აღნიშნეს ალექსანდრე პირველის მანიფესტის - ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთის იმპერიასთან მიერთების აქტის - 100 წლისთავი. როგორც იმ მოვლენების ერთ-ერთი შემსწრე იხსენებს, ახალგაზრდებს ქართული თეატრის გამორჩეული მოღვაწის, ვალერიან გუნიას იმედი ჰქონდათ, რომ ის მოწმენდდა სირცხვილს ქართულ საზოგადოებას:

ვალერიან გუნია
ვალერიან გუნია

„ვის არ ახსოვს 1901 წელიწადი, როცა ქართველმა გენერლებმა, ეგერმეისტრებმა, კამერგერებმა და კამერიუნკრებმა ბრწყინვალედ და საქვეყნოდ დაამტკიცეს, რომ ადამიანი სულ ადვილად იქცევა ნოლად, თუ თავს ფეხებამდე მოდრიკავს. ვიც-მუნდირების საქართველომ თავისი ასი წლის მონობა იდღესასწაულა. საქართველო ფარაჯებისა ჩუმად იყო და ღელავდა მხოლოდ მცირედი ნაწილი ინტელიგენციისა. და აი, მაშინ მოხდა ფაქტი... მაგრამ რის ფაქტი! ფაქტი კი არა, ისე - ამხანაგმა საიდუმლოდ გადმომცა, რომ გუნია ქაშუეთის გალავნიდან სიტყვას იტყვისო.

მაგრამ რატომ გალავნიდან? რატომ გუნია? არ ვიცი!

მე არ ვიცი არამცთუ ეს, მე არ გამიგონია თვით სიტყვაც, მაგრამ ჩვენ, ბავშვები მაშინ დარწმუნებულნი ვიყავით, რომ გუნია ქვაშვეთის გალავანზე გადმოდგებოდა და შეაჩვენებდა მათ, ვინც ოპერეტულ ვალენტინის მსგავსად ბუქნას უვლიდა გაუპატიურებულ გრეტხენის გვამთან“.

ვალერიან გუნია - დრამატურგი, მსახიობი, პედაგოგი, რეჟისორი. 1883 წლიდან მოღვაწეობდა ქართულ პროფესიულ თეატრში. გამოირჩეოდა დიდი სცენური მომხიბვლელობით, შთამბეჭდავი გარეგნობით, შესანიშნავი ხმით, ძლიერი ტემპერამენტით. ვალერიან გუნიამ შეასრულა შემდეგი როლები: ოტელო, მეფე ლირი, ოიდიპოსი, კაკო ყაჩაღი, ოთარ-ბეგი (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"); რედაქტორობდა პერიოდულ გამოცემებს, მათ შორის - ჟურნალ "თეატრს"; დააარსა გაზეთი "ცნობის ფურცელი", იუმორისტული ჟურნალი "ნიშადური"; 1888 წელს გამოსცა "საქართველოს კალენდარი"; წლების განმავლობაში სათავეში ედგა ქართულ დრამატულ დასებს; ხელმძღვანელობდა ქართულ თეატრებს. ვ. გუნიას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ქართულ თეატრში რეალისტური მიმართულების დამკვიდრებასა და ქართველ პროფესიონალ მსახიობთა აღზრდის საქმეში. 1913 წლიდან მოღვაწეობდა კინოში; მან შექმნა და გადმოაკეთა მრავალი პიესა, მათ შორის აღსანიშნავია: "და-ძმა", "არლუმი", "სიძე სიმამრი", "ნაოხარზე", "რაც არ გერგება არ შეგერგება", "ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე"; მანვე დაწერა ლიბრეტოები ოპერებისათვის - ზ. ფალიაშვილის "დაისი", დ. არაყიშვილის "დინარა"; ასევე აღსანიშნავია მისი ისტორიული ნარკვევი - "ქართული თეატრი 1879-1889წწ."

ცხადია, ვალერიან გუნია მარტო არ ყოფილა, საერთო-ეროვნულ საქმეს უკვე მრავალი წლის განმავლობაში აკეთებდა თერგდალეულთა მთელი დასი, თუმცა, როგორც ჩანს, თეატრის ადამიანის თეატრალურად ნათქვამ სიტყვას (როგორც ახლა იტყოდნენ, პერფორმანსს) მაინც განსაკუთრებული ძალა ჰქონდა, რასაც ადასტურებს კიდეც თეატრის (განსაკუთრებით მისი მეორე ტალღის წარმომადგენლების - გიორგი თუმანიშვილის, დავით ერისთავის, ალ. სარაჯიშვილის, იოსებ ბაქრაძის და სხვ.) გავლენა XIX საუკუნის ბოლო მეოთხედის საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაზე.

„მწერლობას გვერდში თეატრი ამოუდგა. ჩვენი ცხოვრების სურათები ხალხის წინ სცენაზე აიხატა! ერმა შექმნა თავისი სულის ზრახვების გამომსახველი პიესები და სცენაზე სახალხოდ დაიდგა „სამშობლო“, გამოჩნდა ერის სასოება - დიდებული სამფეროვანი დროშა, რომლის ქვეშ ქულაჯაში გამოწყობილი მამულიშვილები მუხლმოყრილი გალობდნენ „დედავ ღვთისაო, ეს ქვეყანა შენი ხვედრია...“ მაყურებლები ჟრუანტელმა აიტანა, თვალთაგან სიხარულის ცრემლები სდიოდათ.. მთელი დარბაზი ზეწამოიჭრა, ლოცვა - "გაუმარჯოს საქართველოს, გაუმარჯოს ჩვენს დროშას" ხმამ და ტაშის ცემამ დაფარა! - იხსენებს საქართველოს დამფუძნებელი კრების კიდევ ერთი წევრი, ვლასა მგელაძე თავის ერთ-ერთ წერილში, - მე მთელი ტანით ვცახცახებდი, სიხარულის ცრემლებს ვაფრქვევდი, ხმამაღლა ვიძახოდი "გაუმარჯოს", სცენაზე გაშლილ საქართველოს დროშას მივჩერებოდი: მის ქვეშ, ქულაჯაში გამოწყობილებში ოსია მეგრელაძე, გაბრიელ ცინცაბაძე და გიორგი ვადაჭკორია - "ჩოხატაურის პუნტის" გმირები მეჩვენებოდნენ. მთელი ღამე ოცნებაში გავატარე: ნეტავ მართლა თუ გავთავისუფლდებით რუსებისაგან და ცხოვრებაში ვიხილავთ ცისარტყელასავით მშვენიერ სადიდებელ ჩვენს დროშას?!...“

თუმცა, ვლასა მგელაძის თქმით, რუსეთის მთავრობამ სრულიად აკრძალა „სამშობლოს“ წარმოდგენა და ქართველებს სცენაზეც მოუსპო საყვარელი დროშის ხილვის სიხარული:

„მაგრამ რა მოსპობს ერთხელ გაღვიძებულ თავისუფლებისადმი მისწრაფებას? აგერ საიდუმლოდ ხალხში გაისმის, აკაკი წერეთლის - „გლესავ, და გლესავ ხანჯალო, ფოლადო. ხოროსნისა“-ოს‎ კითხვა და ასობით იწერება და ვრცელდება... აგერ მამია გურიელი სცენიდან ამბობს თავის შესანიშნავ „ფიცს“ და „ალავერდს“, მაგრამ პოლიცია-ჯაშუშები ხალხს ბრძოლის ყიჟინის ხმას აწყვეტინებენ... ასპარეზი ცარიელი არ რჩება... მას ამშვენებს ერის საამაყო მთის არწივი „მოჩხუბარიძე“ - ალექსანდრე ყაზბეგი და სატევარსავით მკვეთრი „შერცხვეს შენი სამართალი"-თ საზოგადოებას აკვირვებს, აოცებს, ღრმა ძილისაგან აღვიძებს...“

ვლასა მგელაძე (1871-1943) - პოლიტიკოსი, პუბლიცისტი - "ივერიაში" მუშაობის დროს გაიცნო ალექსანდრე ყაზბეგი, ეგნატე ნინოშვილი, ნიკო ნიკოლაძე, აკაკი წერეთელი, ივანე მაჩაბელი, ვაჟა-ფშაველა. 1894 წლის იანვრის მიწურულიდან ვლასა მგელაძე ჟურნალ "კვალს" და "ჯეჯილს" აწყობს მატინიანცის სტამბაში. ამ პერიოდში დაუახლოვდა გიორგი წერეთელს, ანასტასია თუმანიშვილ-წერეთლისას და მათ შვილებს - ლევან, ირაკლი (კაკი, შემდგომში ცნობილი პოლიტიკური მოღვაწე) და ელენე წერეთლებს. ჟურნალ "კვალში" დაიწყო პირველი წერილების ბეჭდვაც. XIX ს-ის 90-იან წლებში საქართველოში ჩამოყალიბდა ახალი იდეური მიმართულება - "მესამე დასი". ვლასა მგელაძის ბრძოლის ლოზუნგი იყო თვითმპყრობელობის დამხობა, ეროვნული და პოლიტიკური თავისუფლება.

ქართული თეატრი მხოლოდ სცენაზე არ აკეთებდა ეროვნულ საქმეს. XVIII საუკუნეში, როცა სამშობლოს დასაცავად ფიზიკური ძალისხმევა გახდა საჭირო, ქართლ-კახეთის სამეფოში არსებულმა სამივე თეატრის (სამეფო კარის წარჩინებულთა დასი გიორგი ავალიშვილის ხელმძღვანელობით, გაბრიელ მაიორის (არეშაშვილის) სათავადაზნაურო თეატრი და მაჩაბლის ქუჩის თეატრი) მსახიობებმა იარაღი აისხეს და ერეკლე მეორის ჯართან ერთად დაუპირისპირდნენ აღა-მაჰმად-ხანის ლაშქარს.

„სამივე თეატრის არსებობის შეწყვეტა კრწანისის ბრძოლას უკავშირდება, რადგან დასის წევრები თავიანთი ლიდერებით კრწანისის ბრძოლაში დაიღუპნენ. მსგავსი ტრაგიკული ფაქტი არ ახსოვს მსოფლიო ომების ისტორიას“, - ამბობს ქართული თეატრის ელექტრონული არქივის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ ერთ-ერთ წერილში თეატრმცოდნე ლაშა ჩხარტიშვილი, რომლის მიხედვითაც, პოლიტიკურ-სოციალური ატმოსფერო და საზოგადოებრივი ცხოვრება ყოველთვის პირდაპირ ასახვას ჰპოვებდა ქართულ თეატრში და პირიქით, თეატრის სცენაზე მუდმივად აისახებოდა პოლიტიკურ-სოციალური ვითარება:

„ქართული თეატრი არასდროს ყოფილა კომპრომისული და უპოზიციო, არც შუა საუკუნეებში, როცა ეკლესიამ და სახელმწიფომ ერთობლივი გადაწყვეტილებით „დაარბიეს სახლი სათამაშოი“ და მაშინაც, როდესაც საბჭოთა ხელისუფლება იჭერდა, ხვრეტდა და გადასახლებაში აგზავნიდა ქართული თეატრის თვალსაჩინო წარმომადგენლებს. საბჭოთა პერიოდში, რომელიც ქართული თეატრისთვის „ოქროს ხანად“ არის მიჩნეული, მკაცრი იდეოლოგიური ცენზურის პირობებში, თეატრმა მიმართა მეტაფორის ენას, რითაც ყოველთვის ამბობდა სათქმელს და ხაზს უსვამდა პრობლემებს, რომელთა წინაშეც საზოგადოება და ქვეყანა იდგა“.

როგორც ჩანს, ქართული თეატრი კომპრომისული, უპოზიციო და გულგრილი არც ახლაა, რაზეც მეტყველებს კიდეც მსახიობ დავით ბეშიტაიშვილის, რეჟისორ დათო დოიაშვილისა და ოზურგეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობების სცენიდან გაკეთებული განცხადებები.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

კოსოვო შეიძლება ერთი ნაბიჯით დაუახლოვდეს ევროსაბჭოში გაწევრიანებას.

16 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) განიხილავს მოხსენებას, სადაც კოსოვოს წევრობა არის რეკომენდებული. კენჭისყრა სტრასბურგში ჩატარდება და თუ 46 წევრი სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტების ორი მესამედი თანახმა იქნება, ამ საკითხს საბოლოოდ უკვე ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ერთი თვის შემდეგ, 16 მაისს.

პრიშტინა ევროსაბჭოში გაწევრიანებას 2008 წლიდან ცდილობს, როდესაც მან სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. წევრობა იმას ნიშნავს, რომ კოსოვოს პარლამენტარები წარმოდგენილნი იქნებიან PACE-ში და კოსოვოელებს შეეძლებათ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ. ისინი ასევე გაერთიანდებიან ევროპის მაუწყებელთა კავშირში, რაც ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობის წინაპირობაა.

მოსალოდნელია, რომ ქვეყნების ორი მესამედი პრიშტინას მხარს დაუჭერს. 27 მარტს PACE-ს პოლიტიკურ საკითხთა და დემოკრატიის კომიტეტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ „კოსოვოს მისწრაფებას ევროსაბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიტიური პასუხი უნდა გაეცეს“. პლენარული სხდომა, როგორც წესი, კომიტეტის გადაწყვეტილებებს იზიარებს ხოლმე.

ევროსაბჭოს 46 წევრი სახელმწიფოდან 12 კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ მიიჩნევს. მათ შორის არიან სერბეთი დ ბოსნია-ჰერცეგოვინა, ევროკავშირის წევრი 5 სახელმწიფო - კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ესპანეთი და ასევე აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ამ ქვეყნებს არაღიარების განსხვავებული მიზეზები გააჩნიათ, თუმცა უმეტესობას ან თავისი ტერიტორიული უთანხმოებები აქვს, ან კი უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემები.

კენჭისყრის დროს ყველა ამ ქვეყნის წარმომადგენელს არ მოეთხოვება მიჰყვეს ოფიციალურ სახელმწიფო პოლიტიკას კოსოვოსთან დაკავშირებით. უკრაინის წარმომადგენელს, მაგალითად, „თავისუფალი ხმა“ აქვს და მას შეიძლება სხვებმაც მიბაძონ. სავარაუდოა, რომ ბევრი წარმომადგენელი თავს შეიკავებს, რაც პრიშტინას მწვანე შუქს აუნთებს. ისიც ნიშანდობლივია, რომ ამ მოხსენების ავტორი, დორა ბაკოიანისი საბერძნეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და საბერძნეთის ამჟამინდელი პრემიერის, კირიაკოს მიცოტაკისის და გახლავთ. ათენს ოფიციალურად არაღიარების პოზიცია უჭირავს, მაგრამ შესაძლებელია, რომ ბერძენმა დელეგატმა პრიშტინას გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს.

მეორე მხრივ, კენჭისყრის დროს სხვა სახის პოლიტიკური ინტერესებიც წამოყოფს ხოლმე თავს. უნგრეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სავარაუდოდ, ხმას წინააღმდეგ მისცემს იმის მიუხედავად, რომ უნგრეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს. ბოლო დროს ბუდაპეშტი სულ უფრო უახლოვდება სერბეთს.

ისიც მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფმა, რომელსაც ევროსაბჭო „გამოჩენილ იურისტებს“ უწოდებს, შეისწავლა პრიშტინას წევრობის იურიდიული მხარეები. მათი პოზიციაა, რომ მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათის უნდა იყოს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო ძალებს კოსოვოში ამჟამად არ გააჩნიათ აღმასრულებელი უფლებამოსილება, რომ კოსოვოს ხელისუფლება ახორციელებს იურისდიქციას კოსოვოს ტერიტორიასა და მოსახლეობაზე, რომ კოსოვოს აქვს საერთაშორისო ურთიერთობები და, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს დადგენილებით კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება არ ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალს. ასე რომ, წევრობის სამართლებრივი საფუძველი არსებობს.

რატომ ხდება ეს ახლა?

ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ჯერ ერთი, ევროსაბჭოდან გარიცხეს რუსეთი უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის გამო და ამით სერბეთმა ყველაზე მჭიდრო მოკავშირე დაკარგა. ამასთან, კოსოვო წარმატებით გაწევრიანდა ევროსაბჭოსთან დაკავშირებულ რამდენიმე ორგანოში, მაგალითად, ვენეციის კომისიასა და ევროსაბჭოს განვითარების ბანკში.

ამ საკითხთანაა დაკავშირებული ბელგრადსა და პრიშტინას შორის მიმდინარე ნორმალიზაციის დიალოგი, რომელიც ევროკავშირის მედიაციით მიმდინარეობს 2011 წლიდან. გასულ წელს მომხდარმა რამდენიმე ინციდენტმა ურთიერთობა მკვეთრად გააუარესა, მაგრამ მანამდე, 2023 წლის მარტში, მხარეებმა ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს. ამ შეთანხმების მიხედვით, სერბეთი არ შეუშლიდა ხელს კოსოვოს გაწევრიანებას საერთაშორისო ორგანიზაციებში, თუ პრიშტინა უზრუნველყოფდა კოსოვოს ეთნიკურად სერბი თემის „თვითმართვის შესაბამის დონეს“ და ასევე, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრების დაცვას მის ტერიტორიაზე.

აქ ორი ასპექტია მნიშვნელოვანი. ერთი ის, რომ შეთანხმებისათვის ხელი არცერთ მხარეს არ მოუწერია (თუმცა კოსოვოს პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა, ეს გაეკეთებინა), ასე რომ, მისი ლეგალურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მხარეები არ შეთანხმებულან, თუ რის შემდეგ რა უნდა მოხდეს.

პირველი ნაბიჯი, როგორც ჩანს, კოსოვომ გადადგა. მარტში მთავრობამ მიწის 24 ჰექტარი დასავლეთ კოსოვოში გადასცა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტერს. კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ამის შესახებ ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო, თუმცა, მას შემდეგ რამდენიმე მთავრობამ უარი თქვა სასამართლოს გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა. ახლა კი, ამ შემობრუნების შემდეგ, ბაკოიანისმა გადაწყვიტა ევროსაბჭოს წევრობის რეკომენდაცია გაეცა.

ახლა კოსოვოს ორი საქმე აქვს გასაკეთებელი: სერბული მუნიციპალიტეტების შექმნა და ამ მუნიციპალიტეტებში მიწის ექსპროპრიაციის საკითხის გადაჭრა. ბაკოიანისის მოხსენებაში ნათქვამია, რომ პრიშტინამ ეს საკითხები გაწევრიანების შემდეგ უნდა გადაჭრას. ახლა საკითხავია, დაეთანხმება თუ არა ამას საერთაშორისო თანამეგობრობა.

PACE-ს კენჭისყრას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ნამდვილი პოლიტიკა მომავალ თვეს, მინისტერიალის წინ დაიწყება. აქაც გადაწყვეტილება ხმების ორი მესამედით უნდა მიიღონ, თუმცა აქამდე მინისტრები ყოველთვის ახერხებდნენ კონსენსუსის მიღწევას ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით.

სერბეთი ყოველთვის მიანიშნებდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა ხელი შეეშალა კოსოვოს გაწევრიანებისათვის. მათ შეიძლება წარმატებასაც მიაღწიონ. ერთი სცენარის მიხედვით, მაისში საბოლოო გადაწყვეტილებას შეიძლება კენჭი არც უყარონ. საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ხუთეულს სურს, რომ იხილოს კანონპროექტი სერბული მუნიციპალიტეტების შესახებ, ვიდრე ამ საკითხს მინისტერიალზე დააყენებდნენ.

ამგვარად, PACE კოსოვოს ალბათ მხარს დაუჭერს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შეიძლება, სულ მცირე, ერთი წლით გადაიდოს, თუ მანამდე შეთანხმებებს ვერ მიაღწევენ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG