16 აპრილს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE) განიხილავს მოხსენებას, სადაც კოსოვოს წევრობა არის რეკომენდებული. კენჭისყრა სტრასბურგში ჩატარდება და თუ 46 წევრი სახელმწიფოს ეროვნული პარლამენტების ორი მესამედი თანახმა იქნება, ამ საკითხს საბოლოოდ უკვე ევროსაბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრები განიხილავენ ერთი თვის შემდეგ, 16 მაისს.
პრიშტინა ევროსაბჭოში გაწევრიანებას 2008 წლიდან ცდილობს, როდესაც მან სერბეთისგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. წევრობა იმას ნიშნავს, რომ კოსოვოს პარლამენტარები წარმოდგენილნი იქნებიან PACE-ში და კოსოვოელებს შეეძლებათ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართონ. ისინი ასევე გაერთიანდებიან ევროპის მაუწყებელთა კავშირში, რაც ევროვიზიის კონკურსში მონაწილეობის წინაპირობაა.
მოსალოდნელია, რომ ქვეყნების ორი მესამედი პრიშტინას მხარს დაუჭერს. 27 მარტს PACE-ს პოლიტიკურ საკითხთა და დემოკრატიის კომიტეტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ „კოსოვოს მისწრაფებას ევროსაბჭოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით პოზიტიური პასუხი უნდა გაეცეს“. პლენარული სხდომა, როგორც წესი, კომიტეტის გადაწყვეტილებებს იზიარებს ხოლმე.
ევროსაბჭოს 46 წევრი სახელმწიფოდან 12 კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არ მიიჩნევს. მათ შორის არიან სერბეთი დ ბოსნია-ჰერცეგოვინა, ევროკავშირის წევრი 5 სახელმწიფო - კვიპროსი, საბერძნეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი და ესპანეთი და ასევე აზერბაიჯანი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა. ამ ქვეყნებს არაღიარების განსხვავებული მიზეზები გააჩნიათ, თუმცა უმეტესობას ან თავისი ტერიტორიული უთანხმოებები აქვს, ან კი უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემები.
კენჭისყრის დროს ყველა ამ ქვეყნის წარმომადგენელს არ მოეთხოვება მიჰყვეს ოფიციალურ სახელმწიფო პოლიტიკას კოსოვოსთან დაკავშირებით. უკრაინის წარმომადგენელს, მაგალითად, „თავისუფალი ხმა“ აქვს და მას შეიძლება სხვებმაც მიბაძონ. სავარაუდოა, რომ ბევრი წარმომადგენელი თავს შეიკავებს, რაც პრიშტინას მწვანე შუქს აუნთებს. ისიც ნიშანდობლივია, რომ ამ მოხსენების ავტორი, დორა ბაკოიანისი საბერძნეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და საბერძნეთის ამჟამინდელი პრემიერის, კირიაკოს მიცოტაკისის და გახლავთ. ათენს ოფიციალურად არაღიარების პოზიცია უჭირავს, მაგრამ შესაძლებელია, რომ ბერძენმა დელეგატმა პრიშტინას გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს.
მეორე მხრივ, კენჭისყრის დროს სხვა სახის პოლიტიკური ინტერესებიც წამოყოფს ხოლმე თავს. უნგრეთის მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სავარაუდოდ, ხმას წინააღმდეგ მისცემს იმის მიუხედავად, რომ უნგრეთი კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებს. ბოლო დროს ბუდაპეშტი სულ უფრო უახლოვდება სერბეთს.
ისიც მნიშვნელოვანია, რომ ჯგუფმა, რომელსაც ევროსაბჭო „გამოჩენილ იურისტებს“ უწოდებს, შეისწავლა პრიშტინას წევრობის იურიდიული მხარეები. მათი პოზიციაა, რომ მართალია, საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტიკური ხასიათის უნდა იყოს, მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ საერთაშორისო ძალებს კოსოვოში ამჟამად არ გააჩნიათ აღმასრულებელი უფლებამოსილება, რომ კოსოვოს ხელისუფლება ახორციელებს იურისდიქციას კოსოვოს ტერიტორიასა და მოსახლეობაზე, რომ კოსოვოს აქვს საერთაშორისო ურთიერთობები და, რომ მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს დადგენილებით კოსოვოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადება არ ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო სამართალს. ასე რომ, წევრობის სამართლებრივი საფუძველი არსებობს.
რატომ ხდება ეს ახლა?
ამის რამდენიმე მიზეზი არსებობს. ჯერ ერთი, ევროსაბჭოდან გარიცხეს რუსეთი უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმის გამო და ამით სერბეთმა ყველაზე მჭიდრო მოკავშირე დაკარგა. ამასთან, კოსოვო წარმატებით გაწევრიანდა ევროსაბჭოსთან დაკავშირებულ რამდენიმე ორგანოში, მაგალითად, ვენეციის კომისიასა და ევროსაბჭოს განვითარების ბანკში.
ამ საკითხთანაა დაკავშირებული ბელგრადსა და პრიშტინას შორის მიმდინარე ნორმალიზაციის დიალოგი, რომელიც ევროკავშირის მედიაციით მიმდინარეობს 2011 წლიდან. გასულ წელს მომხდარმა რამდენიმე ინციდენტმა ურთიერთობა მკვეთრად გააუარესა, მაგრამ მანამდე, 2023 წლის მარტში, მხარეებმა ზეპირ შეთანხმებას მიაღწიეს. ამ შეთანხმების მიხედვით, სერბეთი არ შეუშლიდა ხელს კოსოვოს გაწევრიანებას საერთაშორისო ორგანიზაციებში, თუ პრიშტინა უზრუნველყოფდა კოსოვოს ეთნიკურად სერბი თემის „თვითმართვის შესაბამის დონეს“ და ასევე, სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრების დაცვას მის ტერიტორიაზე.
აქ ორი ასპექტია მნიშვნელოვანი. ერთი ის, რომ შეთანხმებისათვის ხელი არცერთ მხარეს არ მოუწერია (თუმცა კოსოვოს პრემიერმა გამოთქვა მზადყოფნა, ეს გაეკეთებინა), ასე რომ, მისი ლეგალურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა. მეორე და უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ მხარეები არ შეთანხმებულან, თუ რის შემდეგ რა უნდა მოხდეს.
პირველი ნაბიჯი, როგორც ჩანს, კოსოვომ გადადგა. მარტში მთავრობამ მიწის 24 ჰექტარი დასავლეთ კოსოვოში გადასცა სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტერს. კოსოვოს საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილება ამის შესახებ ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღო, თუმცა, მას შემდეგ რამდენიმე მთავრობამ უარი თქვა სასამართლოს გადაწყვეტილებას დამორჩილებოდა. ახლა კი, ამ შემობრუნების შემდეგ, ბაკოიანისმა გადაწყვიტა ევროსაბჭოს წევრობის რეკომენდაცია გაეცა.
ახლა კოსოვოს ორი საქმე აქვს გასაკეთებელი: სერბული მუნიციპალიტეტების შექმნა და ამ მუნიციპალიტეტებში მიწის ექსპროპრიაციის საკითხის გადაჭრა. ბაკოიანისის მოხსენებაში ნათქვამია, რომ პრიშტინამ ეს საკითხები გაწევრიანების შემდეგ უნდა გადაჭრას. ახლა საკითხავია, დაეთანხმება თუ არა ამას საერთაშორისო თანამეგობრობა.
PACE-ს კენჭისყრას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. ნამდვილი პოლიტიკა მომავალ თვეს, მინისტერიალის წინ დაიწყება. აქაც გადაწყვეტილება ხმების ორი მესამედით უნდა მიიღონ, თუმცა აქამდე მინისტრები ყოველთვის ახერხებდნენ კონსენსუსის მიღწევას ახალი წევრების მიღებასთან დაკავშირებით.
სერბეთი ყოველთვის მიანიშნებდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა ხელი შეეშალა კოსოვოს გაწევრიანებისათვის. მათ შეიძლება წარმატებასაც მიაღწიონ. ერთი სცენარის მიხედვით, მაისში საბოლოო გადაწყვეტილებას შეიძლება კენჭი არც უყარონ. საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის ხუთეულს სურს, რომ იხილოს კანონპროექტი სერბული მუნიციპალიტეტების შესახებ, ვიდრე ამ საკითხს მინისტერიალზე დააყენებდნენ.
ამგვარად, PACE კოსოვოს ალბათ მხარს დაუჭერს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილების მიღება შეიძლება, სულ მცირე, ერთი წლით გადაიდოს, თუ მანამდე შეთანხმებებს ვერ მიაღწევენ.