ბოლო წლებში აფხაზეთის საზოგადოება სკანდალიდან სკანდალამდე ცხოვრობს, რასაც თან სოციალურ ქსელებში განხილვებიც მოსდევს. ახლაც ასობით ინტერნეტმომხმარებელმა - მათგან ბევრი აფხაზეთში საკმაოდ ცნობილია - საჭიროდ ჩათვალა, დიდების პარკში მომხდარ ამბავზე აზრი გამოეთქვა.
როგორც ჟურნალისტები ყვებიან, 15 იანვრის ღამეს სოხუმში, ვინმე მარკი მანქანით შევარდა დიდების პარკში და საფლავებს (ამ საფლავებში ის მებრძოლები წვანან, რომლებიც აფხაზეთს 90-იანების დასაწყისში, სამამულო ომის დროს იცავდნენ) შორის იქროლა, კიბის საფეხურები ჩაანგრია და წავიდა.
რა ამოძრავებდა მილიციის უფროს ლეიტენანტს, აფხაზეთის შსს-ს დაცვის თანამშრომელს ნაზარ კარდანოვს, ჩვენ ალბათ ბოლომდე ვერ გავიგებთ. ერთადერთი ის გახსენდება ადამიანს, რომ ახალგაზრდები იქვე, ლეონის პროსპექტზე ავტორბოლებს აწყობენ ხოლმე.
საზოგადოებამ ამ ამბის შესახებ იმ ვიდეოდან გაიგო, რომელშიც ის დაღუპულთა დედების, ნათესავების და მთელი აფხაზეთის წინაშე იხდის ბოდიშს, პარკში, ძეგლის ფონზე.
„მინდა გამოვთქვა ჩემი შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რაც 15 იანვრის ღამეს გავაკეთე, იმაზე, რომ თავისუფლების მოედანზე, დიდების პარკში მანქანით შევიჭერი. ბოდიშს ვიხდი დაღუპულთა დედების წინაშე, ომის ვეტერანების წინაშე, მთელი რესპუბლიკის წინაშე. ბოროტი განზრახვით არ მიქნია. ყველას პატიებას ვთხოვ. ძალიან ვნანობ, რაც გავაკეთე. მართლაც, გულწრფელად მრცხვენია და მთელი გულით განვიცდი.
ვაღიარებ ჩემს შეცდომას. მზად ვარ ამის გამო სასჯელი მივიღო. კიდევ ერთხელ ვიხდი ბოდიშს. ყველას ვთხოვ პატიებას. მკაცრად ნუ განმსჯით. ყველას ვთხოვ. ეს ჩემი თხოვნაა აფხაზეთის ყველა მცხოვრების მიმართ, ასეთი რამ არასდროს გააკეთონ. ეს ძალიან სამწუხაროა, ძალიან სამარცხვინო. სული დავკარგე, ადგილს ვერ ვპოულობ. მე მართლა დამნაშავე ვარ“.
ამ ვიდეოს სხვადასხვაგვარი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგი წერდა, რომ მართალია, დამნაშავეა, მაგრამ გრძნობს თავის დანაშაულს და ბოდიშს იხდის, ნეტავ, სხვებიც ასე ნანობდნენო. მაგრამ დიდმა უმრავლესობამ ეს საკმარისად არ მიიჩნია, მაგალითად, წერდნენ, რომ მან ბოდიში საფლავებთან დაჩოქილმა უნდა მოიხადოს. სხვათა შორის, შემდეგ მეორე ვიდეოც გამოჩნდა, სადაც ის უკვე შებინდებულზე, მართლაც დაჩოქილი იხდის ბოდიშს.
გამოჩნდა სხვა კომენტარებიც, ალბათ ბრალდებების ნაკადის საპასუხოდ. აი, რამდენიმე ტიპური პოსტი და კომენტარი:
სლავიკ სმირი: „ეს მიუღებელია, უპატიებელი!!! ვიდეო ბოდიშებით მემორიალის ფონზე - მონანიე ადამიანი ასე არ ლაპარაკობს. რა სიტყვებია?! გაასამართლონ. მინიმუმ ერთი წელი პარკის მოვლა მიუსაჯონ“.
ვიქტორია არძინბა: „ხალხის აღშფოთებას სხვა მიმართულება მისცეს. თითქოს მართავენ, თვითონ ასეთ ამორალურ საქციელს არ ჩაიდენდა. ეს იმისთვისაა, რომ მთავრობის კიდევ უფრო აღმაშფოთებელი საქციელი გადაფარონ: პარლამენტის სხდომა დილის 6 საათზე, შესაბამისად, პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც გადასაფარია“.
ანა გუნია: „მიხაილ ლაკერბაიას ცნობილი ნოველა „ასასი“ იმაზეა, თუ როგორ მივიდა აფხაზის სახლში მისი ვაჟის მკვლელი და დევნილმა თავშესაფარი ითხოვა. მოკლულის მამამ ის არ გასცა. როგორი გამძლეობაა, მორალი, სინდისი, ღირსება; ყველაფერი, რაც ნამდვილი აფხაზისთვის წმინდაა. როდესაც სუფრაზე სადღეგრძელოებს ვსვამთ, აფსუარათი ძალიანაც მოგვწონს თავი, განსაკუთრებით ლაკერბაიას ნოველებით. ერთადერთი ვარ, ვისაც არ მინდა ქვა ვესროლო ახალგაზრდა აფხაზს, რომელიც უკვე მუხლებზე დგას და პატიებას ითხოვს? სამსახურიდან გააგდეს, ნანობს, თავის ჭკუაზე არ იყო, მთელმა აფხაზეთმა გაკიცხა. კიდევ რა? მოდით, კოცონზე დავწვათ, როგორც ამას შუა საუკუნეებში აკეთებდნენ“.
ესმა კასლანძია: „რა მართალს ამბობთ! ადამიანი ისე ნანობს, რომ დაჩოქილი ითხოვს პატიებას დაღუპულების და მათი დედების წინაშე. გული შემიწუხდა ამის მაყურებელს... ურტყა წაქცეულს, რომელიც შეწყალებას გეხვეწება... რამხელა სიძულვილია... იმასაც კი შეეცადნენ, ამ ყველაფრისთვის პოლიტიკური მოტივი მიეცათ, ამის უკან ვიღაც დგას და დაგეგმილი იყოო“.
ლარისა ხაჯიმბა: „არ გვინდა შეცოდება. კანონით რომ დაესაჯათ, სხვების მაგალითად, ხალხიც დაწყნარდებოდა, ჩვენთან კი სასჯელი სამსახურიდან გათავისუფლებაა. აბაზია თუ აფხაზი, თუ კიდევ სხვა ვინმე, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ის გააკეთა, რის გაკეთებაც სურდა და ახლა სპექტაკლს დგამს. ჩემი მოწყალეები... ის დედები შეიცოდეთ, ვისი შვილებიც იქ წვანან“.
საბინა ხაჩი: „ვინც იქ წევს, იმის დედამ აპატია და თქვენ ვერა? ინანა ადამიანმა, მოკალით ბარემ და მოისვენეთ“.
ასლან კობახია: „იქნებ, ამ ახალგაზრდამ თვალი აგვიხილა. ვერ ვამჩნევთ, რომ დიდების პარკი დიდი ხანია ახალგაზრდობის ნაწილისთვის გასართობად იქცა? ზოგისთვის ეს ის ადგილი არ არის, სადაც ქედი უნდა მოიხარო და რომლის შედარებაც მხოლოდ სიწმინდესთან შეიძლება. რამდენი ნაგავი იყრება, დახლებსაც კი გადააადგილებენ ხოლმე, რომ ხმაურიანი, გასართობი კამპანიები გამართონ. დროა, ისეთი წმინდა ადგილები, როგორიც დიდების პარკი და დიდი ვლადისლავის მემორიალია, 24-საათიანი ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ ავიყვანოთ. თუ მორიგ შემთხვევას დაველოდოთ? ოღონდ არ დაიწყოთ ახლა, ადრე რატომ არ გააკეთეთო. მახსოვს, ახალგაზრდობაში ერთმა ბრძენმა დამარიგა: კაცს მეგობარი მანამ არ დაუძახო, სანამ მთვრალს არ ნახავო. როცა ადამიანი მოდუნებულია, ყველა სიბინძურე ზედაპირზე ამოდის. იქნებ, ბევრისთვის ჯობდეს, არც მოდუნდეს?!“
აფხაზეთში უკვე მეორე თაობა იზრდება, რომელსაც ომი არ უნახავს.
აფხაზეთის საზოგადოებრივმა პალატამ განცხადება გააკეთა, სადაც ნათქვამია:
„აფხაზეთის მოქალაქის ნ. კარდანოვის სამარცხვინო და უკანონო საქციელმა შებღალა ხელუხლებელი სიწმინდე და სამშობლოს დამცველების ნათელი ხსოვნა, რომელთა შორის მისი ლეგენდარული მოგვარე - აფხაზეთის გმირი გენა კარდანოვიცაა“.
იმის გათვალისწინებით, რომ 15 იანვრის ღამეს მომხდარი ერთადერთი შემთხვევა არაა, საზოგადოებრივმა პალატამ შს მინისტრს სთხოვა, მიიღოს აფხაზეთის კანონის შესაბამისი ზომები, რათა მსგავსი რამ აღარ განმეორდეს.
როგორც შსს-ს პრესსამსახური იტყობინება, ნაზარ კარდანოვი გათავისუფლებულია შინაგან საქმეთა სამინისტროდან. მისი გათავისუფლების ბრძანებას ხელი მინისტრმა რობერტ კიუტმა 17 იანვარს მოაწერა.
ჟურნალისტების ინფორმაციით, ნაზარ კარდანოვმა აფხაზეთი დატოვა.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.