Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ადრეც ასე ვფიქრობდი და ახლა მით უფრო დავრწმუნდი ამ აზრის მართებულობაში: პუტინმა იმიტომ დაიწყო ეს ომი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეკლა.

მისი მიზანი იყო კვლა და მხოლოდ კვლა: რაც შეიძლება მეტი გვამი, მეტი სიკვდილი, მეტი ვერშემდგარი სიცოცხლე...

სხვა ყველაფერი ამ ნეკროფილური ვნების რაციონალიზების უკვე არააქტუალური მცდელობებია: ამერიკის დაჯაბნა უკრაინის ტერიტორიაზე, იმპერიის აღდგენა თუ ძალაუფლების განმტკიცება...

თავის დროზე ერიხ ფრომი ჰიტლერის მაგალითით შეეცადა ამგვარი პათოლოგიის აღწერასა და დასაბუთებას: "ადოლფ ჰიტლერი - ნეკროფილიის კლასიკური შემთხვევა", სადაც, მისი აზრით, დიქტატორის ძირეულ სურვილებს საბოლოოდ არა უკიდეგანო პატივმოყვარეობა, არამედ სწორედ განადგურების მიმართ ვნება, გვამთა სიმრავლისაკენ ლტოლვა აყალიბებს.

და ასევე ბრაზი, რისხვა, შურისძიების სურვილი... ჯერ სხვა ერებზე, მერე თავისაზე და ბოლოს ყველა ადამიანზე, ვინც გაბედავს და დიქტატორის სიკვდილის მერეც შეეცდება ცხოვრებას.

აკი ამიტომაც არ მოუწოდებდა ბუნკერში მჯდომი ჰიტლერი გერმანელ ერს, რომ ისიც მასთან ერთად უნდა დაღუპულიყო? ახლა კი პუტინი ზის ბუნკერში და ისიც ღიად იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით - თუკი რუსეთი არ იარსებებს, არც დანარჩენმა სამყარომ უნდა იარსებოსო...

და ვინ უთხრა, რომ რუსეთს არ უნდა ეარსება?

თუ რუსეთი მართლაც პუტინია, როგორც მას წლიდან წლამდე უმღერიან პროპაგანდისტები?!

შეიძლება ასეცაა და პუტინიც რუსეთია, მაგრამ მთავარი მაინც ის მგონია, რომ პუტინს ახლა ძალიან შურს სიცოცხლის.

მისი ავადმყოფობის შესახებ ადრეც ბევრი წერდა და ამ ბოლო დღეებში კი უფრო კონკრეტულად, რომ მას თურმე ფარისებრი ჯირკვლის კიბო ჰქონია, ამ ცნობის აქტუალიზება კი სავარაუდოდ მხოლოდ იმით არ უნდა იყოს გამოწვეული, რომ ახლა ცივილიზაცია სასოწარკვეთილი დაეძებს გამოსავალს, რადგან თავისთავად ეს დაავადება ერთმნიშვნელოვნად სულაც არ გულისხმობს ლეტალურ შედეგს, მაგრამ ვინ იცის, თუ მართლაც ასეა, რა ფსიქოლოგიურ სტადიაზეა ამის გამო თავად პუტინი, რომელიც უთუოდ ჩქარობს, კატასტროფულ შეცდომებს უშვებს და ვერაფერს აღწევს პოლიტიკურად და ისტორიულად.

ამ კაცმა ისეთ ზღვარს გადააბიჯა 2022 წლის 24 თებერვალს, საიდანაც უკან დახევა სრულიად შეუძლებელია - წინ მხოლოდ ისტორიული სიკვდილია. თუ არა ფიზიკური...

ისტორიულადვე არაერთი მმართველია ცნობილი, რომელიც ფიზიკური აღსასრულის შიშით, აგონიით მოცული, ერებზე, ქვეშევრდომებზე, ანდა საერთოდ ოჯახის წევრებზე იწყებდა შურისძიებას, რადგან არავის უნდა ჰქონოდა სიცოცხლის უფლება, თუკი დესპოტი კვდებოდა. დესპოტს ცოცხლებზე უნდა ენადირა, რათა სამყაროზე დაბოღმილს მსხვერპლად შეწირულთა სისხლს მაინც გაემხნევებინა მისი მოღალატე სხეული.

და იქნებ აქაც ეს აგონიაა?

აბა, სხვანაირად, რუსეთის რომელ გამარჯვებაზე შეიძლება ახლა ლაპარაკი?

ან როდის შეიძლებოდა?

ამიტომ რუსი დიქტატორის არაცნობიერი (თუ უკვე ცნობიერი) მოტივი მხოლოდ ეს შეიძლება იყოს: ადამიანთა მოდგმის სიძულვილი... სიცოცხლეზე შურისძიება.

პუტინი თვითონ კვდება... და ეს ომიც ამიტომ დაიწყო.

მორიგი შურისმაძიებელი ნეკროფილი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:07 0:00
გადმოწერა

ამ ომის ფონზე სიტყვები ქრება. აზრის მოკრებას ვერ ასწრებ, ყოველი მხრიდან იმდენი ინფორმაცია მოდის, და შენ თვითონ სადღაც იკარგები. გინდა, რაღაც თქვა, იწყებ წერას და შუა წინადადებაში ხვდები, რომ არაფერს აზრი არა აქვს. რამდენჯერ რამე წამოვიწყე, იმდენჯერ გამიქვავდა ხელი. არც ლაპარაკი გამომდის, ვიწყებ რამის თქმას და მალევე ღმუილზე გადავდივარ. ინფორმაცია კი მოდის და მოდის. ყველა ხვრელიდან მოჟონავს. რუსები კი დუმან. რამდენიმე ხელზე ჩამოსათვლელი ადამიანის გარდა, რომელთა უმრავლესობამ რუსეთი დატოვა. ეს ცუდი დუმილია. გულისამრევი. მთელი იმ კოშმარის გამამართლებელი, რაც ახლა უკრაინაში ხდება. ინფორმაცია კი არ მთავრდება... პუტინი პანტოკრატორია. პუტინი ტოქსიკურია. პუტინი უკვდავია. პუტინი კვდება. პუტინი ირმის ნორჩი რქის სისხლის აბაზანებს იღებს. პუტინს შამანები უტარებენ რიტუალებს. პუტინი სასახლეს იშენებს აკვადისკოტეკითა და ოქროს უნიტაზით. პუტინს დიდი რუსი მსახიობი, ჟერარ დეპარდიეც კი განუდგა. ერთი ფილმია, „უბრალო ფორმალობა“, იმავე დეპარდიეს მონაწილეობით. მის გმირს ფილმის დასაწყისშივე დააკავებენ პოლიციელები და განყოფილებაში მიიყვანენ. მთელი ფილმი მისი დაკითხვაა. დეპარდიეს გმირი ვერაფრით ხვდება, რა უნდათ მისგან, რა დააშავა. სულ ბოლოს, ფილმის ფინალშიღა გაიაზრებს, რომ მკვდარია - თავი მოიკლა. აი, ამისთვის იყო ყველაფერი, რომ მიმხვდარიყო. დეპარდიეც კი მიხვდა ბოლოს და ბოლოს, ვინ არის პუტინი? მაგრამ ბოლო დღეებში სულ სხვა ფინალი მიდგება ხოლმე თვალწინ. ფილმში „აპოკალიფსი დღეს“ პოლკოვნიკ კურცს (მარლონ ბრანდო) რომ აჩეხავს კაპიტანი უილარდი (მარტინ შინი) მაჩეტეთი, დორზის „დასასრულის“ ფონზე. ესეც თვითმკვლელობაა. კურცი ნებას რთავს უილარდს, რომ სწორედ მან მოკლას იგი. პოლკოვნიკი ბოლომდე მთავარი რჩება. იგი საკუთარ მკვლელობას მეთაურობს. უილარდი მისი იარაღია. Drop the bomb. Exterminate them all! „ჩამოაგდეთ ბომბი. გაჟლიტეთ ყველა“, ასეთი წარწერა აქვს კურცის ხელით დაბეჭდილ მოხსენებას, უილარდი რომ იპოვის მკვლელობის შემდეგ. მე კი მიქვავდება ხელი და ყელიდან ღმუილის მეტი არაფერი ამომდის ბოლო დროს, მაინც არა ვარ არანაირი ძალადობის მომხრე. იმიტომ არა, რომ ვერ ვარ მე კაპიტანი უილარდი და არც იმიტომ, რომ პუტინიც ვერ არის პოლკოვნიკი კურცი. სხვა თუ არაფერი, იგი არ იმსახურებს მორისონის ხმას, თუნდაც სიკვდილის წინ. ინფორმაცია კი მოდის და მოდის. ექსტრასენსმა პუტინის გარდაცვალების თარიღი დაასახელა. პუტინი ბუნკერშია. პუტინმა არაფერი იცის. პუტინმა ყველაფერი იცის. პუტინმა მხოლოდ ის იცის, რასაც მისი გარემოცვა აწვდის. პუტინს ინტერნეტი არა აქვს. პუტინი საქაღალდეებით იღებს ინფორმაციას. პუტინი გაგიჟდა. პუტინი ჯანმრთელია. პუტინი, პუტინმა, პუტინს, პუტინთან, პუტინზე, პუტინისთვის... ცხადია, პუტინი მენტალურად ჯანმრთელია, მაგრამ მენტალურად ჯანმრთელია პოლკოვნიკი კურციც. ასევე ცხადია, რომ პუტინის სიკვდილი მილიონობით ადამიანისთვის შვება იქნებოდა, მაგრამ... სერიალ „შავ სარკეს“ (Black Mirror) აქვს ერთი სპეციალური ეპიზოდი, სიმპტომატური სახელით „თეთრი შობა“, რომლის ფინალშიც დამნაშავეს მიესჯება უკვდავება, ოღონდ ისე, რომ მისთვის ყველა დეფოკუსირებულია და თვითონაც დეფოკუსირებულია ყველასთვის. ანუ თვითონაც ლანდებად აღიქვამს ყველას თავის გარშემო და სხვებიც ლანდად აღიქვამენ მას. ცოცხალი კი ხარ, ეგაა, გემო ვეღარ ჩაგიტანებია ცხოვრებისთვის. ინფორმაცია კი მოდის და მოდის... ვის არ ახსოვს პუტინი-მორჟი, ყინულოვან წყალში რომ ჩადიოდა მხნედ; პუტინი-არწივი, ცაში რომ ნავარდობდა ავიაგამანადგურებლით; პუტინი-მეთევზე, ციმბირში ტბაზე რომ თევზაობდა ანკესით; პუტინი-კენტავრი, წელს ზევით შიშველი ცხენით რომ დაჯირითობდა; პუტინი-ძიუდოისტი, მხარზე რომ მოიგდებდა მოწინააღმდეგეს ტომარასავით, პუტინი-მომღერალი, „ბლუბერი ჰილს“ რომ ეწვალებოდა; პუტინი-ხუმარა, სხვადასხვა პრესკონფერენციის დროს რომ ოხუნჯობდა უნიჭოდ. კბილების ღრჭიალით, ხულიგნურად, მაგრამ ჟურნალისტები იცინოდნენ, იცინოდნენ პრეზიდენტებიც, კანცლერებიც, პრემიერ-მინისტრებიც. და აი, ეს მრავალსახოვანი პუტინი ახლა კვდება და უნდა ყველა თან წაიყოლოს. ატომური ბომბის სროლა ხომ თვითმკვლელობაა. ბირთვულ ზამთარს ვერავინ გადაურჩება. მე კი მგონია, თვითმკვლელები სასახლეებს არ იშენებენ. თანაც აკვადისკოთეკებითა და ოქროს უნიტაზებით. პუტინს სწყურია სიცოცხლე. ოღონდაც სულ ერთი დღით, ერთი საათით, ერთი წუთითა და ერთი წამით მაინც გაიხანგრძლივოს იგი. ბოლო დროს ბევრმა გაიხსენა საბურნუთე და შარფი - იარაღები, რუსეთის იმპერატორი, პავლე I რომ მოკლეს შეთქმულებმა 1801 წელს. მე კი მგონია, რომ არც ერთს იმსახურებს პუტინი, არც მეორეს. და არც მაჩეტეს. არაფერია სიცოცხლეზე საზარელი, როცა არც ერთი წუთი არ გიხარია. ყველას აქვს რაღაც, რაც მას აბედნიერებს. უსაშველო ცინიკოსსაც და ცივსისხლიან მკვლელსაც, რომელიც გიჟდება ნგრევაზე, დაშინებაზე, სამშობიარო სახლებისა და თეატრების აფეთქებაზე, მიწასთან გასწორებულ ქალაქებსა და მიწაში ჩამალულ ხალხზე. ყველას აქვს რაღაც, რაც პატარა ჟრუანტელებს იწვევს მასში. დადგება მომენტი, როცა პუტინი აღარ იქნება პრეზიდენტი. თავისი ნებით დატოვებს პოსტს თუ ძალით დაატოვებინებენ, სულერთია. იგი აუცილებლად უნდა გასამართლდეს, როგორც მკვლელი და სამხედრო დამნაშავე. რასაკვირველია, იგი იმსახურებს სიკვდილს, მაგრამ, მგონი, სიკვდილზე უარესი იქნებოდა სიცოცხლე სიხარულის გარეშე. პირადად მე არ მემეტება მისთვის არც სიკვდილი, არც სიგიჟე. ეს ყველაზე იოლი, უმტკივნეულო გამოსავალი იქნებოდა. სნეულ ძაღლს რომ დააძინებენ. რომ შემეძლოს, მე მას სიხარულის უნარს გავუთიშავდი. აღტაცებიდან დაწყებული საყოფაცხოვრებო სიხარულებით დამთავრებული უბრალოდ გამოვურთავდი ამ შესაძლებლობას. არ დაგვავიწყდეს, რას ჩურჩულებს პოლკოვნიკი კურცი უკანასკნელად: „საშინელება... საშინელება...“ როცა აღარაფერი გიხარია, ასეთივე საშინელებაა შენი სიცოცხლის ყოველი წუთი. აქ კი უკვე მნიშვნელობა აღარა აქვს, სამარტოო საკანში გაატარებ დარჩენილ დღეებს თუ იმავე სასახლეში აკვადისკოთეკითა და ოქროს უნიტაზით, როცა ვერც შენ ხედავ და ვერც შენ გხედავენ.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG