Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ფრანგულ გაზეთ „ლე მონდში“.

მე-20 საუკუნის „უცნაური ომი“ (1939 წლის სექტემბერი – 1940 წლის მაისი), როდესაც პარიზი და ლონდონი ჰიტლერს ჯერ ომს გამოუცხადებენ და შემდეგ გულზე ხელებს დაიკრეფენ, 8 თვეს გასტანს. XXI საუკუნის უცნაური ომი 8 წელი (2014 წლის მარტი - 2022 წლის თებერვალი) მიმდინარეობდა. მე-20 საუკუნის უცნაური ომის დროს ჰიტლერი მოახდენს დიდი ტერიტორიის ოკუპირებას აღმოსავლეთით და ცოტა გონებისას - დასავლეთში. XXI საუკუნის უცნაური ომის დროს პუტინი დაიკავებს მცირე ტერიტორიასა და ბევრ გონებას დასავლეთში. მცირე ტერიტორიას, რადგან 2014-ში პუტინი ცდილობდა აჯანყების პროვოცირებას უკრაინის ბევრ რეგიონში, რომელთაგან მხოლოდ ორში, ისიც ნაწილობრივ, მიაღწია გამარჯვებას. მეორეს მხრივ, დასავლეთში, პუტინის „გონების“ ნადავლი დიდი იქნება, რადგან მთელი ამ უცნაური ომის პერიოდში პუტინი გვაიძულებდა, გვესაუბრა მის მიერ ჩვენს თავს მოხვეულ არარეალურ ფაქტებზე: რომ უკრაინა ხელოვნური ქვეყანაა, სადაც ლინგვისტური, კონფესიური თუ პოლიტიკური განხეთქილება ისეთი დიდია, რომ ეს სახელმწიფო ვერასდროს ვერ გახდებოდა უკრაინელების საერთო სახლი; რომ ამერიკელები გორბაჩოვს ნატოს არგაფართოებას დაჰპირდნენ; რომ ნატოს გაფართოება რუსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული; მოკლედ, რომ რუსეთის პროვოცირება საკმარისად მოვახდინეთ და კომპენსაციის სახით ყოფილი რუსეთის იმპერიის მიწები რუსებს უნდა დაუბრუნდეს...

არადა ვის ახსოვს დღეს ჰარვარდის უნივერსიტეტის ისტორიკოს მერი საროტის კვლევები, რომელმაც შეისწავლა რა გერმანიის და აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროების საარქივო დოკუმენტები, ეჭვქვეშ დააყენა გორბაჩოვისთვის მიცემული ე.წ. დაპირება?! ან ვის გაახსენდა, რომ 1990-იან წლებში, იუგოსლავიის ომის ფონზე, ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება იყო ჩათვლილი აღმოსავლეთ ევროპის „ბალკანიზაციის“ თავიდან აცილების ერთადერთ ეფექტიან საშუალებად?! და ვის ახსოვს დღეს, რომ 1991 წლის 21 დეკემბერს, სწორედ დსთ-ს შექმნის შესახებ ალმა-ათის დეკლარაციის ხელმოწერის დღეს, ბორის ელცინმა ნატოს გაუგზავნა წერილი, რომელშიც განაცხადა, რომ „რუსეთის ნატოში გაერთიანება იქნება მისი ერთ-ერთი გრძელვადიანი პოლიტიკური მიზანი“?! და თავად პუტინს ახსოვს დღეს, ელცინის ჩანაცვლების შემდეგ რამდენჯერ გამოთქვა ნატოში გაწევრიანების - ოღონდ პირდაპირი (MAP-ის გარეშე) - სურვილი?

მოახერხებს რა პუტინი ჩვენი გონების ოკუპირებას, ის ასევე მოახდენს ჩვენი ელიტის ძალების მობილიზებას, რათა მოქცეულიყვნენ მისი განკარგულებების შესაბამისად: უკრაინისთვის არანაირი იარაღი, ევროპისთვის ბევრი გაზი, კრემლის წინააღმდეგ სანქციები მხოლოდ და მხოლოდ „ზრდილობის გულისთვის“ და ბევრი RT და Sputnik-ი ჩვენი ინტელექტუალური ისტებლიშმენტისთვის. RT-ისა და Sputnik-ის სტუდიები, სადაც ჩვენ ხშირად ვიმეორებდით, რომ პუტინის მშობლები ბლოკადელები იყვნენ. და პუტინის მშობლებზე საუბრისას გვავიწყდებოდა, რომ ვიქტორ იუშჩენკოს მამა ოსვენციმის ბანაკის ყოფილი ტუსაღი იყო და მხარზე ნომერ 11369-ს ატარებდა.

„მამაო ჩვენოსავით“ ჩვენ ასევე დაუღალავად ვსაუბრობდით რუსეთის ტანჯვასა და უკრაინელების ნაცისტებთან კოლაბორაციონიზმზე მეორე მსოფლიო ომის დროს, ისე რომ ვერასდროს მივხვდით, რომ კოლაბორაციონიზმი პოლიტიკურ და არა ნაციონალურ დინამიკაზე იყო დამყარებული. ამ ახალმა „მამაო ჩვენომ“ ისე გაგვიტაცა, რომ საერთოდ დაგვავიწყდა გვეხსენებინა, რომ გერმანიის მიერ უკრაინის ოკუპაციის დროს დაიღუპა 3 256 000 მშვიდობიანი მოქალაქე, ხოლო რუსეთისთვის ეს რიცხვი 1 800 000 იყო; რომ 2 402 000 უკრაინელი გადაასახლეს მესამე რაიხში იძულებითი შრომისთვის, ხოლო რუსეთისთვის ეს რიცხვი 1 906 000 გახლდათ; და ეს მაშინ, როდესაც ოკუპაციის ქვეშ მყოფი რუსების რაოდენობა სულ მცირე სამჯერ აღემატებოდა ნაცისტური ჩექმის ქვეშ მყოფი უკრაინელებისას. პუტინის მიერ თავსმოხვეულმა „ლოგიკამ“ იმ დასკვნამდეც კი მიგვიყვანა, რომ ქვეყანა - რომელშიც საპრეზიდენტო არჩევნებზე ებრაული წარმოშობის ზელენსკიმ 74%, ხოლო ულტრანაციონალისტების ერთიანმა კანდიდატმა 1,6% მოაგროვა - ნეონაცისტების მიერ მართულად შევრაცხეთ.

და რა დაბეჯითებით ვიმეორებდით, რომ პუტინი დიდი სტრატეგია, რომ მისთვის პოლიტიკა ჭადრაკის დაფაა?! ამ „მამაო ჩვენომ“ სრულიად დაგვაბრმავა და ვერც კი დავინახეთ, რომ პოლიტიკა მისთვის ჭადრაკის კი არა, რულეტის დაფას წარმოადგენს და მისი გამარჯვების ფორმულა - ფსონის მუდმივი გაორმაგება -მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სისუსტის ნაყოფია. ვერც ის შევამჩნიეთ, რომ პუტინი, დოსტოევსკის პერსონაჟ კირილოვის მსგავსად „იდეის მიერ იყო შეჭმული“. იმ იდეის, რომელიც რომან „დემონების“ ამ პერსონაჟს თვითმკვლელობას აიძულებს. არადა, ხომ ცნობილი იყო, რომ ათწლეულზე მეტია, რაც პუტინის სულიერ საზრდოს წარმოადგენენ ფაშისტი და მესიანისტი მოაზროვნეები ივან ილინი (1883-1954), ალექსანდრ დუგინი (სერგეი ნარიშკინის ყოფილი მრჩეველი), მიხაილ იურიევი (დუმის ყოფილი ვიცე-სპიკერი). პუტინის საყვარელი ფილოსოფოსი ივან ილინი, რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა გასული საუკუნის 30-იან წლებში, ყველას მათ, ვინც ჰიტლერში დიდ საფრთხეს ხედავდა, „სამყაროს ებრაული თვალებით განჭვრეტას“ უსაყვედურებდა. სწორედ ისე, როგორც ჯერ კიდევ გუშინ, აღმოსავლეთ ევროპელების მიერ კრემლის მიმართ შიშს, ჩვენ ხშირად ფობიებად ვნათლავდით.

დღეს, როგორც იქნა, ბერლინში, პარიზსა თუ რომში (გვეღირსა!) ყველას თვალებზე ნათელი მოეფინა.

ერთადერთი კითხვა, რომელიც უპასუხო რჩება, ესაა - „რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ომი?“ ყოველ შემთხვევაში, უკრაინელებისათვის ის მარადიულის ტოლფასი იქნება. ამ მარადიულობის შემდეგ კი რუსეთის დამარცხების და ცარ პუტინის სრული კრახი ადვილი საწინასწარმეტყველოა. თუმცა, რა დონის ქაოსსა და რა ინტენსივობის ომს გააჩაღებს თვით რუსეთში პუტინის ეს კრახი - ამის წინასწარმეტყველება ჯერ ნაადრევია...

ერთი სირცხვილია ვირზე შეჯდომა და მეორე - ვირიდან ჩამოვარდნაო, გვეუბნება ქართული ანდაზა.

თვენახევარზე მეტია უკრაინაში ომია და თვენახევარზე მეტია ვხედავთ, როგორ ეშარება და ეშაირება საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებები ერთმანეთს, როგორ არ არჩენს სიტყვას მის ტერიტორიაზე შეჭრილ მტერთან უსასტიკეს ომში ჩაბმულ ქვეყანას თბილისი, რომელსაც, ნაცვლად მოქმედებებისა და განცხადებების სინქრონიზებისა, ანუ თუნდაც "ოქრო დუმილისა", ფაქტობრივად სიტყვების ცივი ომი აქვს კიევთან.

როცა უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა ქართველ კოლეგას შოთა რუსთაველის აფორიზმი შეახსენა, „ხამს მოყვარე მოყვრისათვის თავი ჭირსა არ დამრიდად, გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდადო“, ეგრევე წარმოვიდგინე ტრიბუნაზე შემდგარი კოლექტიური მამუკა მდინარაძე, რომელიც დამახასიათებელი ტრუსკავეცული (ე.ი. უსაფუძვლო) თავდაჯერებით უხსნის ბატონ სტეფანჩუკს, რომ შეცდომაში ჰყავთ შეყვანილი ომის ქართული (თუ ქართული ომის) პარტიის ლიდერებს და, რომ ვინმე მესხი მელექსის გარდა, არსებობს არანაკლები მნიშვნელობის ქართული ხალხური სიტყვიერების ნიმუშები, რომლებიც უფრო ზუსტად გამოხატავენ ქართველი ერის გულის წადილს, ვიდრე ქართულად ნათარგმანები სპარსული ამბის არაბი და ინდოელი პერსონაჟები. აი, მაგალითადო, იტყოდა და მოჰყვებოდა:

შიში მაჩვენე და გაქცევას გაჩვენებო
სხვისი საფლავი არავის ამოუვსია
შორეულ მოყვარეს ახლობელი მტერი გერჩიოსო
რომელი მგელიც მე არ შემჭამს, დაე დიდხანს იცოცხლოსო
სადაც არა სჯობს, გაცლას სჯობს, კარგისა, მამაცისასა
მტერს გობითო, მოყვარეს კოვზითო
დათვი თუ მოგერია, ბაბაია დაუძახეო
გამოუდექ სიმართლესო, გამოგილევს სინათლესო
და ა.შ.

სინამდვილეში მთელი ქართული ხალხური სიტყვიერება (რომ არაფერი ვთქვათ „ვეფხისტყაოსანზე“) რაინდობას, ვაჟკაცობას, მეგობრისთვის თავგანწირვას და ალტრუიზმს უმღერს; სინამდვილეში ზემოთმოყვანილი კონფორმისტული ნიმუშები თითო-ოროლა წვეთად არის ჩაკარგული ქართული ხალხური სიტყვიერების ნონკონფორმისტული ნიმუშების ნამდვილ ოკეანეში; სინამდვილეში არც ისტორიაში და არც, ზოგადად, კულტურაში არაფერი გვაქვს ისეთი, რაც საქართველოს ხელისუფლების ამგვარ უგულო „პრაგმატიზმს“ გაამართლებდა, მით უფრო, რომ არაფერს ისეთს არ ითხოვს მეგობარი უკრაინა საქართველოსგან, რაც თავის დროზე, როცა განსაცდელში ვიყავით, თვითონ არ მოუცია.

მაინც რას ითხოვს უკრაინა მეგობარი საქართველოს ხელისუფლებისგან?

  • გვერდში დგომას ანუ უკრაინაში ჩასვლას ისე, როგორც ჩადიან სხვა მეგობარი ქვეყნების ლიდერები (პასუხად შ. პაპუაშვილის უარი ბუჩაში ჩასვლაზე და ი. კობახიძის ულტიმატუმი)
  • ყველა სახის შემწეობას, მათ შორის მატერიალურს და განსაკუთრებით ე.წ. სანქციურს (პასუხად ი. ღარიბაშვილის „საქართველო არ აპირებს, მონაწილეობა მიიღოს ფინანსურ და ეკონომიკურ სანქციებში“)
  • დახმარებას, მათ შორის სამხედრო სახისას მოხალისეების ჩათვლით (პასუხად „მოხალისეების გაგზავნა ნიშნავს სამხედრო კონფლიქტში პირდაპირ ჩართვას“)

უკრაინის ხელისუფლების ყველა განცხადებას, აშკარაა, საფუძვლად უდევს მრავალწლიანი მეგობრობისა და ურთიერთდახმარების ტრადიციიდან გამომდინარე მოლოდინი, რაც ბუნებრივია, სრულ ჰარმონიაშია ჩვენს ღირებულებებთან, მათ შორის იმასთან, რასაც გვასწავლის რუსლან სტეფანჩუკის მიერ ციტირებული შოთა რუსთაველი:

„სამი არის მოყვრისაგან მოყვრობისა გამოჩენა:
პირველ, ნდომა სიახლისა, სიშორისა ვერ-მოთმენა,
მიცემა და არას შური, ჩუქებისა არ-მოწყენა,
გავლენა და მოხმარება, მისად რგებად ველთა რბენა“.

რუსთაველის ეს სტროფი სრულად შეესაბამება უკრაინის ხელისუფლების წარმოდგენას მეგობრობასა და მოყვრობაზე, რაც სხვა არაფერია თუ არა გვერდში დგომა („სიშორისა ვერ-მოთმენა“), ხელის გამართვა („ჩუქებისა არ-მოწყენა“) და ფიზიკური დახმარება („მისად რგებად ველთა რბენა“).

უცნაურია, ვერც ერთ ამ მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებდე და იქით ამადლიდე მეგობარს მეგობრობას; უცნაურია, დღენიადაგ მეგობრის მტრის არგაღიზიანებაზე ზრუნავდე, თანაც იმდენად, რომ ხან რუსეთის ხელისუფლება გიხდიდეს მადლობას და ხან მისი გულისამრევი პროპაგანდა. არაფერს ვამბობ იმაზე, რომ უკრაინას და საქართველოს ერთი მტერი ჰყავს. გასაგებია, რომ ეს მტერი სასტიკი და თავზეხელაღებულია, მაგრამ ისეც არ უნდა მოიქცე და ისეთი რამეები არ უნდა ილაპარაკო, რომ ისევ რუსლან სტეფანჩუკმა შეგახსენოს ქართული ანდაზა, მანამ ხმალი მოვიდოდა, ენამ თავი მომჭრაო.

კოლექტიური მდინარაძე კი ამტკიცებს, რომ "უკრაინის ხელისუფლებაში, სხვადასხვა პოზიციაზე მყოფი რადიკალური ქართული ოპოზიციის, იგივე ომის პარტიის წარმომადგენლები და მათი კოლეგები საქართველოს წინააღმდეგ ღია, დაუფარავ ჰიბრიდულ ომს აწარმოებენ" და შესაბამისად, უკრაინის ხელისუფლება მოქმედებს არა მხოლოდ თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესებით, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის შესაბამისად.

ამავე ლოგიკითა და შეთქმულების თეორიის საუკეთესო ტრადიციებით, „ქართული ოცნების“ ოპონენტებმაც შეიძლება ამტკიცონ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ხელმძღვანელობს არა ქვეყნის, არამედ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებით და, თუ ამას დავუშვებთ, მართლაც მარტივად აიხსნება, რატომ გაცივდა საქართველოს ურთიერთობა უკრაინასთან და რატომ დათბა რუსეთთან, თუმცა, როგორც უნდა იყოს, საქართველოს ხელისუფლება ისეთ სიჯიუტეს იჩენს უკრაინის ხელისუფლებასთან გაჩაღებულ „სიტყვების ომში“, რომ, მოგეჩვენება, მზად არის ოპოზიციასთან დაპირისპირებას გადააყოლოს საქართველოს არაერთი თაობის ოცნება და არჩევანი. ასეთ გაჯიუტებას ქართლსა და კახეთში ვირზე შეჯდომას ეძახიან და ვიდრე რუსლან სტეფანჩუკი ან მიხაილო პოდოლიაკი შეახსენებენ, კარგი იქნებოდა თავად მიხვდეს ხელისუფლება, რომ, თუ არ ჩამოვლენ ვირიდან, კიდევ უფრო მეტ სირცხვილს ჭამენ, რადგან ვირზე შეჯდომა ერთი სირცხვილია და ვირიდან ჩამოვარდნა კიდე - მეორე.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG