პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ ფინეთი და შვედეთი ნატოს წევრები გახდებიან. ეს იქნება ყველაზე დიდი ცვლილება ევროპის პოლიტიკურ და სამხედრო რუკაზე მას შემდეგ, რაც ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები რამდენიმე ტალღად შეუერთდნენ სამხედრო ალიანსსა და ევროკავშირს 1990-იანი წლების ბოლოს და 2000-იანების დასაწყისში.
მთავარი შეკითხვა ახლა ის კი არაა, შეუერთდებიან თუ არა ეს ქვეყნები ნატოს, არამედ - როდის მოხდება ეს, ამას ერთად გააკეთებენ თუ - ცალ-ცალკე და, რაც მთავარია, მიიღებენ თუ არა უსაფრთხოების რაიმე გარანტიებს იმ სავარაუდოდ რამდენიმეთვიან პერიოდში, რაც დასჭირდება მათი აპლიკაციის განხილვას სრული წევრობის მინიჭებამდე.
გეზის ცვლილება მართლაც ისტორიული მოვლენაა. ეს ორი ქვეყანა მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ უარს აცხადებდა სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებაზე. ფინეთისთვის ეს იქნება საბოლოო დასასრული ცივი ომის პერიოდისა, როდესაც ის საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებელი იყო, მაგრამ მოსკოვს მაინც დიდი გავლენა ჰქონდა ჰელსინკის პოლიტიკურ ცხოვრებაზე. შვედეთში „ნეიტრალურობის“ განცდა მის პოლიტიკას ათწლეულების, ან, იქნებ, საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრავდა. მათ მოახერხეს, რომ არცერთ მსოფლიო ომში არ მიეღოთ მონაწილეობა - ბოლო სამხედრო კონფლიქტი სტოკჰოლმს ნორვეგიასთან ჰქონდა, 1814 წელს.
ორივე ქვეყნისთვის ეს დიდი გადაწყვეტილებაა.
მით უფრო გასაოცარია, თუ რამდენად სწრაფად წარიმართა გადაწყვეტილების მიღების პროცესი ფინეთშიც და შვედეთშიც. კვირის დასაწყისში სტოკჰოლმში ორი ქვეყნის ლიდერები შეხვდნენ ერთმანეთს, სადაც შვედეთის პრემიერმა, მაგდალენა ანდერსონმა თქვა, დრო იყოფა „24 თებერვლამდე და მას შემდეგო“. კრემლის მიერ 24 თებერვალს დაწყებულმა ომმა იმდენად დიდი გავლენა მოახდინა ამ ქვეყნებზე, რომ ისინი განიხილავენ ნატოში გაწევრიანებას რეფერენდუმის ჩაუტარებლად.
ფინეთში ალიანსში გაწევრიანებას პარლამენტი და მისი სხვადასხვა კომიტეტი განიხილავს, მაგრამ ელიან, რომ ამ პროცესს თვეები კი არა, რამდენიმე კვირა დასჭირდება. განხილვის შედეგი პრაქტიკულად გადაწყვეტილია - ბოლო კვლევების მიხედვით, ფინეთის მოსახლეობის 70% ნატოში გაწევრიანების მომხრეა და მოყოყმანე პარტიებიც - პოპულისტური ფინეთის პარტია და ცენტრისტული პარტია - მიანიშნებენ, რომ მხარს დაუჭერენ ამ გადაწყვეტილებას. აპლიკაციას ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს სავარაუდოდ უკვე მაისში გაუგზავნიან.
ჯერჯერობით ამ საქმეში ფინეთი ლიდერობს, მაგრამ აღმოსავლელ მეზობელს შვედეთიც უკან მიჰყვება. მმართველი სოციალ-დემოკრატები ყოველთვის ალიანსის წევრობის წინააღმდეგნი იყვნენ და ამჟამად პარტიაში შიდა დებატები მიმდინარეობს, თუმცა, მედია იუწყება, რომ პრემიერი ნატოში შესვლის მომხრეა. ოთხი მემარჯვენე-ცენტრისტული საპარლამენტო პარტია ალიანსის მომხრეა და პოპულისტური მემარჯვენე შვედეთის დემოკრატები აცხადებენ, რომ შესვლას ისინიც ხმას მისცემენ, თუ ფინეთი ნატოს წევრი გახდება. ამგვარად, საპარლამენტო უმრავლესობა უკვე არსებობს. მართალია, ბოლო გამოკითხვები აჩვენებს, რომ ნატოს წევრობას შვედების 45% უჭერს მხარს (33% წინააღმდეგია და 22%-ს ჯერ არ გადაუწყვეტია), მაგრამ, კვლევების თანახმად, ეს მაჩვენებელი 60%-მდე გაიზრდება, თუ ფინეთი ალიანსში გაწევრიანდება. ასე რომ, დიდი ალბათობით, ფინეთის განაცხადს მალე შვედეთისაც მიჰყვება თან - სტოკჰოლმს, როგორც ჩანს, ამ საკითხის გადაჭრა სექტემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სურს.
ჩნდება შეკითხვა - ხომ არ მოხდება მათი ერთობლივი გაწევრიანება. ორივე ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად მიიღებენ, მაგრამ, ამავე დროს, იმასაც ადასტურებენ, რომ შვედეთის და ფინეთის შესაბამისი მინისტრები ერთმანეთთან ლამის ყოველდღიურ კავშირში არიან. თუ აპლიკაციას ისინი ერთად შეიტანენ, ეს უფრო ძლიერი განაცხადი იქნება და ნატოსაც კარის გაღება გაუმარტივდება.
უკვე ნათელია, რომ ნატო ამ წყვილს სიხარულით მიიღებს. არცერთ ამჟამინდელ წევრ ქვეყანას არ მიუნიშნებია, რომ რაიმე პრობლემა ექნებათ ამ წყვილთან დაკავშირებით და ნატოს გენერალურმა მდივანმაც თქვა, რომ ეს ქვეყნები უკვე მაქსიმალურად არიან დაახლოებულნი ნატოსთან. შვედეთისა და ფინეთის ჯარებიც რეგულარულად იღებენ მონაწილეობას ალიანსის წვრთნებში და ორივე არმია სრულადაა თავსებადი 30-ვე წევრი ქვეყნის არმიასთან. ამასთან, ფინეთს, სადაც ჯერაც საყოველთაო გაწვევის სისტემა მოქმედებს, შეუძლია ალიანსს 280-ათასიანი არმია შესთავაზოს, პლუს რეზერვისტები, და შვედეთს განვითარებული მაღალტექნოლოგიური სამხედრო ინდუსტრია გააჩნია. ორივე მზადაა, რომ მშპ-ს 2% დახარჯოს თავდაცვაზე მომდევნო წლების განმავლობაში.
მაშ, როდის შეიძლება ისინი ოფიციალურად გახდნენ წევრები? ბრიუსელში ყველაზე ოპტიმისტურ სცენარად განიხილავენ, რომ ორივე ხელს მოაწერს ნატოს სამიტზე მადრიდში, 29-30 ივნისს. ეს უპრეცედენტო სისწრაფე იქნებოდა, თუმცა, ოფიციალური პირები იმასაც დასძენენ - „უპრეცედენტო დროში ვცხოვრობთო“. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეკა ჰაავისტომ აღნიშნა, რომ შემდეგ რატიფიკაციის პროცესს 3 თვიდან ერთ წლამდე დასჭირდება, რადგან ის 30 ქვეყნის პარლამენტში უნდა განიხილონ, სადაც თავიანთი შიდაპოლიტიკური საკითხები იქნება მოსაგვარებელი. მაგალითისთვის - ჩრდილოეთ მაკედონიას, ნატოს ბოლო წევრს 13 თვე დასჭირდა ხელმოწერიდან სრულ წევრობამდე.
თუმცა, შვედეთმაც და ფინეთმა მიმართეს ალიანსის წევრებს და სთხოვეს პროცესის დაჩქარება, რადგან ისინი უფრთხიან „რუხ ზონას“, რომელშიც შევლენ. მით უმეტეს, რომ 1400-კილომეტრიანი მონაკვეთი ფინეთსა და რუსეთს შორის მალე ნატოს წევრი ქვეყნის ყველაზე გრძელი საზღვარი იქნება მათ აღმოსავლელ მეტოქესთან. ჰაავისტო ადასტურებს, რომ ნატოს მეხუთე მუხლი შეეხება მხოლოდ ალიანსის სრულ წევრებს. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ მათ სხვა სახის უსაფრთხოების გარანტიები მიიღონ ევროკავშირის შეთანხმების 42,7 მუხლის მიხედვით, სადაც წერია, რომ ევროკავშირის წევრებს ვალდებულება აქვთ დაიცვან სხვა წევრი ქვეყნები, თუ ისინი თავდასხმის ქვეშ აღმოჩნდებიან.
ყველაზე სავარაუდო სცენარი კი ასეთია - ევროპის პარლამენტები საგანგებო სესიებს მოიწვევენ ზაფხულში და ფინეთი და შვედეთი ნატოს 31-ე და 32-ე წევრები შემოდგომის დასაწყისში გახდებიან.