Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 8 აპრილი. See content from before

ოთხშაბათი, 6 აპრილი 2022

რუსებმა კიევის მახლობლად ასობით მშვიდობიანი მოსახლე დახოცეს - ქალები, ბავშვები, მოხუცები, ყველა... ზუსტად რამდენი მოკლეს, ჯერ არავინ იცის. უკრაინა ამბობს, სხვაგან შეიძლება კიდევ უფრო უარესი იყოსო. მარიუპოლიდან გამოტანილ ამბებს რომ წაიკითხავ, თვალებიდან სისხლი წამოგივა.

რუსები ამბობენ, უკრაინელები თავად ხოცავენ ხალხს და ქუჩაში ყრიანო.

ქართველმა პარლამენტარმა, „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა ანრი ოხანაშვილმა კი ეს თქვა: „კარგად თუ დაეხმარებიან ადეიშვილი, ლორთქიფანიძე და სხვები, ალბათ ასწავლიან, რაც არა მგონია უკრაინის ხელისუფლებისთვის მისაღები იყოს, როგორ ხდება გვამების შემოდება, რუსთაველის მსგავსად, უკრაინაში“.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების რამდენიმე კომენტარი წავიკითხე - ოხანაშვილმა ახსნას, რა თქვაო. მაგალითად, ხატია დეკანოიძე წერს, ველით კატეგორიულ განმარტებას: რას გულისხმობდა განცხადებაშიო.

განმარტა კიდეც: ეგ კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილიო და, საერთოდაც, სხვა რამე მკითხესო.

ანრი ოხანაშვილს არაფერი აქვს განსამარტავი.

ორიდან ერთია:

ის ან შეგნებულად იმეორებს რუსული პროპაგანდის ცინიკურ, შემზარავ და არაადამიანურ სიყალბეს

და ან იმდენად წარმოუდგენლად, დაუჯერებლად, ამაზრზენად უტაქტოა, რომ აი, ამ დროს „გვამების შემოდებას“ ახსენებს.

არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა იგულისხმა ანრი ოხანაშვილმა. მთავარია რა თქვა. და მან თქვა, ნაციონალები უკრაინელებს გვამების შემოდებას ასწავლიანო.

არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, ვინ იდგა ანრი ოხანაშვილის უკან - ლავროვი, ვინმე ნაციონალი თუ არავინ.

არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რა წონის ფიგურაა და რას წარმოადგენს ანრი ოხანაშვილი. პარლამენტარია. მმართველი პარტიის ერთ-ერთი სახეა. ჰალსტუხი უკეთია და დროდადრო ევროკავშირის წარმომადგენლებს ხვდება.

ადამიანი, რომელიც ბუჩის და ირპენის ფოტოებს ნახავს, იქაურ ამბებს წაიკითხავს და მერე რამე კონტექსტში მაგ სიტყვებს იტყვის, არ არის ის ადამიანი, რომელიც შეიძლება საქართველოს რაიმე ფორმით წარმოადგენდეს.

რანაირად შეიძლება, რომ ამ სიტყვების შემდეგ ანრი ოხანაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგეს?

აღარავინ აღარაფერზე აგებს პასუხს?

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ადრეც ასე ვფიქრობდი და ახლა მით უფრო დავრწმუნდი ამ აზრის მართებულობაში: პუტინმა იმიტომ დაიწყო ეს ომი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოეკლა.

მისი მიზანი იყო კვლა და მხოლოდ კვლა: რაც შეიძლება მეტი გვამი, მეტი სიკვდილი, მეტი ვერშემდგარი სიცოცხლე...

სხვა ყველაფერი ამ ნეკროფილური ვნების რაციონალიზების უკვე არააქტუალური მცდელობებია: ამერიკის დაჯაბნა უკრაინის ტერიტორიაზე, იმპერიის აღდგენა თუ ძალაუფლების განმტკიცება...

თავის დროზე ერიხ ფრომი ჰიტლერის მაგალითით შეეცადა ამგვარი პათოლოგიის აღწერასა და დასაბუთებას: "ადოლფ ჰიტლერი - ნეკროფილიის კლასიკური შემთხვევა", სადაც, მისი აზრით, დიქტატორის ძირეულ სურვილებს საბოლოოდ არა უკიდეგანო პატივმოყვარეობა, არამედ სწორედ განადგურების მიმართ ვნება, გვამთა სიმრავლისაკენ ლტოლვა აყალიბებს.

და ასევე ბრაზი, რისხვა, შურისძიების სურვილი... ჯერ სხვა ერებზე, მერე თავისაზე და ბოლოს ყველა ადამიანზე, ვინც გაბედავს და დიქტატორის სიკვდილის მერეც შეეცდება ცხოვრებას.

აკი ამიტომაც არ მოუწოდებდა ბუნკერში მჯდომი ჰიტლერი გერმანელ ერს, რომ ისიც მასთან ერთად უნდა დაღუპულიყო? ახლა კი პუტინი ზის ბუნკერში და ისიც ღიად იმუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებით - თუკი რუსეთი არ იარსებებს, არც დანარჩენმა სამყარომ უნდა იარსებოსო...

და ვინ უთხრა, რომ რუსეთს არ უნდა ეარსება?

თუ რუსეთი მართლაც პუტინია, როგორც მას წლიდან წლამდე უმღერიან პროპაგანდისტები?!

შეიძლება ასეცაა და პუტინიც რუსეთია, მაგრამ მთავარი მაინც ის მგონია, რომ პუტინს ახლა ძალიან შურს სიცოცხლის.

მისი ავადმყოფობის შესახებ ადრეც ბევრი წერდა და ამ ბოლო დღეებში კი უფრო კონკრეტულად, რომ მას თურმე ფარისებრი ჯირკვლის კიბო ჰქონია, ამ ცნობის აქტუალიზება კი სავარაუდოდ მხოლოდ იმით არ უნდა იყოს გამოწვეული, რომ ახლა ცივილიზაცია სასოწარკვეთილი დაეძებს გამოსავალს, რადგან თავისთავად ეს დაავადება ერთმნიშვნელოვნად სულაც არ გულისხმობს ლეტალურ შედეგს, მაგრამ ვინ იცის, თუ მართლაც ასეა, რა ფსიქოლოგიურ სტადიაზეა ამის გამო თავად პუტინი, რომელიც უთუოდ ჩქარობს, კატასტროფულ შეცდომებს უშვებს და ვერაფერს აღწევს პოლიტიკურად და ისტორიულად.

ამ კაცმა ისეთ ზღვარს გადააბიჯა 2022 წლის 24 თებერვალს, საიდანაც უკან დახევა სრულიად შეუძლებელია - წინ მხოლოდ ისტორიული სიკვდილია. თუ არა ფიზიკური...

ისტორიულადვე არაერთი მმართველია ცნობილი, რომელიც ფიზიკური აღსასრულის შიშით, აგონიით მოცული, ერებზე, ქვეშევრდომებზე, ანდა საერთოდ ოჯახის წევრებზე იწყებდა შურისძიებას, რადგან არავის უნდა ჰქონოდა სიცოცხლის უფლება, თუკი დესპოტი კვდებოდა. დესპოტს ცოცხლებზე უნდა ენადირა, რათა სამყაროზე დაბოღმილს მსხვერპლად შეწირულთა სისხლს მაინც გაემხნევებინა მისი მოღალატე სხეული.

და იქნებ აქაც ეს აგონიაა?

აბა, სხვანაირად, რუსეთის რომელ გამარჯვებაზე შეიძლება ახლა ლაპარაკი?

ან როდის შეიძლებოდა?

ამიტომ რუსი დიქტატორის არაცნობიერი (თუ უკვე ცნობიერი) მოტივი მხოლოდ ეს შეიძლება იყოს: ადამიანთა მოდგმის სიძულვილი... სიცოცხლეზე შურისძიება.

პუტინი თვითონ კვდება... და ეს ომიც ამიტომ დაიწყო.

მორიგი შურისმაძიებელი ნეკროფილი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:07 0:00
გადმოწერა

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG