Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

თბილისში, რუსთაველის პროსპექტზე მდებარე „ზარია ვოსტოკას“ შენობის „გარეგნობის შეცვლის“ იდეა რომ გავიგე, გამახსენდა ტერმინი „პოლუცია“, რომლის შინაარსიც ჯერ კიდევ სკოლაში, ბიოლოგიის გაკვეთილებიდან ვიცოდი: „პოლუცია“ ლათინურად „თხუპვნას“ ნიშნავს და მედიცინაში სქესობრივი მომწიფების პირველი ნიშნების აღსანიშნად იხმარება. ეს მოვლენა მოზარდებში სირცხვილის გრძნობას აღძრავს და ის ნაკვალევის, ანუ საცვლებსა და თეთრეულზე ლაქების წაშლით გამოიხატება. ტერმინი „პოლუცია“ მედიცინისა თუ სექსოლოგიის გარდა, ეთნოლოგიაშიც გამოიყენება: თუკი, მაგალითად, პრიმიტიულ საზოგადოებებში რაიმე სიწმინდის ან წმინდა საგნის შებღალვა, გაუწმინდურება მოხდა, საზოგადოება მას რიტუალური საშუალებებით განწმენდს, რაც ზოგჯერ პოლუციის ობიექტის, ანუ „გაუწმინდურებულის“ სიმბოლოების განადგურებით ხორციელდება.

საბჭოთა წარსულის მიმართ საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულებას, რომელიც ისტორიისა თუ კულტურული მემკვიდრეობის არა გააზრებით, არამედ ანტისაბჭოთა აფექტით გამოიხატება, პოლიტიკური პოლუციის სიმპტომი შეიძლება ეწოდოს, როდესაც ძეგლებისა თუ სიმბოლოების განადგურებით სამარცხვინო ისტორიის ნაკვალევის წაშლა უნდა მოხდეს. ასეთ „რიტუალურ ქმედებას“ კი თანამედროვე საქართველოში დაახლოებით ისეთივე ფუნქცია აქვს, როგორც პოლუციისგან რიტუალურ განწმენდას პრიმიტიულ საზოგადოებებში. ამით კი თითქოს იმ წარსულისგან ვთავისუფლდებით, რომლის გახსენებაც ისევე გვრცხვენია, როგორც მოზარდს საკუთარი სქესობრივი სიმწიფის აღმნიშვნელი ლაქების.

საბჭოთა წარსულთან ამგვარი მოპყრობა, ჩემი აზრით, ერთ სააზროვნო შეცდომაზე თუ ცრუ რწმენაზეა დამყარებული, რომ თითქოს სიმბოლიკისა და არქიტექტურული ძეგლების განადგურებით, ანუ წარსულის ნაკვალევის წაშლითა და მისი მეხსიერებიდან განდევნით, იმ ტრავმების მოშუშება შეიძლებოდეს, რომლებთანაც ეს სიმბოლიკა ასოცირდება. გარდა ამისა, ასეთი ქმედება თავად კულტურული მემკვიდრეობის არათუ იდეოლოგიურ, არამედ საკმაოდ ზედაპირულ, პრიმიტიულ გაგებაზეც მიანიშნებს, თითქოს კულტურის ისტორიაში „კეთილი“ და „ბოროტი“ შინაარსის ძეგლები არსებობდეს. თუ საბჭოთა არქიტექტურის ძეგლები საქართველოს დაპყრობისა და ჩაგვრის სიმბოლოებია, მაშინ ამ ლოგიკით გასანადგურებელია მთელი ანტიკური კულტურის ნიმუშებიც, რომლებიც ბერძნული თუ რომაული კოლონიზაციის შედეგადაა შექმნილი და ისინი ისევე არიან გარკვეული იდეოლოგიური შინაარსის მატარებლები, როგორც საბჭოთა ხელოვნება. ქართული არქიტექტურის ისტორიას თუ ჩავეძიებით, წმინდად „ქართული“ და კოლონიურ-იმპერიული ჩაგვრისგან თავისუფალი შეიძლება სვანური კოშკებისა და მეგრული ფაცხების მეტი აღარაფერი შემოგვრჩეს.

ზოგადად კი არქიტექტურის ძეგლების დაწუნება იმ მიზეზით, რომ ისინი იმპერიულ იდეებს გამოხატავენ, სალაღობო სფეროს უფრო მიეკუთვნება, ვიდრე სერიოზული დისკუსიის საგანს. ამ თვალსაზრისით, ეგვიპტური პირამიდები, მთელი ელინისტური თუ რომაული არქიტექტურა, ბაროკოს ტაძრები თუ კლასიცისტური სასახლეები იმპერიალისტური ძალაუფლებისა და ბატონობის შინაარსითაა გაჟღენთილი.

„სტალინურ არქიტექტურას“, რომელშიც ევროპული კლასიციზმის ელემენტები გაცოცხლდა და მონუმენტალიზმის ახალ საფეხურზე ავიდა, მშრომელთა იმპერიის სიდიადისა და აღმატებულობის გამოხატვა ევალებოდა და მან ამ მისიას ბრწყინვალედაც გაართვა თავი: სტალინის ეპოქაში გაჩნდა სრულიად თავისებური და თავისთავადი ისტორიული ღირებულების მქონე არქიტექტურა, რომლის ნიმუშებსაც არა მხოლოდ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში, არამედ, მაგალითად, გერმანიის დედაქალაქ ბერლინშიც ძეგლისა და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი აქვს და ქალაქის ღირშესანიშნაობადაც მიიჩნევა. ის ფაქტი, რომ ამ სტილის ფაქტობრივი შემქმნელის – ალექსეი შჩუსევის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი – „იმელის“ (მარსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის) შენობა 1938 წელს თბილისში აშენდა, მხოლოდ საამაყო ფაქტია და არა საქართველოს ისტორიის სასირცხვილო ფურცელი. ამ ნაგებობის ეტაპობრივი განადგურება კი, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს, ჩვეულებრივი ვანდალიზმია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში უკვე მსოფლიო კულტურის ისტორიასთან მიმართებაში. მსოფლიო არქიტექტურის ისტორიის პერსპექტივიდან ეს დაახლოებით იგივე იქნებოდა, თბილისში რენესანსის არქიტექტურის შემქმნელის ფილიპო ბრუნელესკის ნაგებობა რომ მდგარიყო და ის დაენგრიათ ქალაქის მოდერნიზაციის მოტივაციით.

ამგვარ „მოდერნიზაციას“ უკვე შეეწირა ქართული საბჭოთა ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუში – სასტუმრო „ივერიის“ შენობა, რომელიც საკმაოდ ბანალურ მინის კოშკად გადაკეთდა. 1930 წელს აშენებული გაზეთ „ზარია ვოსტოკას“ რედაქციის შენობა კი საბჭოთა კონსტრუქტივიზმის საქართველოში არსებული უიშვიათესი ძეგლია, რომლის მოსპობითაც თბილისიდან არქიტექტურის ისტორიის ამ სტილის ნაკვალევი ქრება და მის ადგილს მორიგი მდარე ხარისხისა და საეჭვო ღირებულების მინის ნაგებობა დაიკავებს. ყველაზე სამწუხარო კი ამ ისტორიაში ისაა, რომ ჭირვეული პოლიტიკოსების ახირებებს XX საუკუნის საქართველოს არცთუ მდიდარი და ღირშესანიშნაობების სიუხვით გამორჩეული არქიტექტურის ისტორია ეწირება.
საქართველოს პრეზიდენტმა გააჩერებინა კორტეჟი გმირთა მოედანზე, მივიდა მოშიმშილე ვეტერანებთან, სათითაოდ მიესალმა, მიულოცა შობა-ახალი წელი, გაესაუბრა მათ და ვიდრე სთხოვდა, შეეწყვიტათ აქცია, დაჰპირდა, რომ მთავრობა და პარლამენტი უახლოეს ხანებში იმსჯელებდა მათი პრობლემების მოგვარებაზე.

დაივიწყეთ! არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა!

პრეზიდენტი სააკაშვილი არ გადმოსულა მანქანიდან, იგი არ მისულა მოშიმშილეებთან, შინაგანმა გრძნობამ მას სულ სხვა გადაწყვეტილება უკარნახა. რის გამოც, საქართველოს პოლიტიკურ კალენდარში 2011, კურდღლის წელი ვეტერენთა აქციის დარბევით, ცალკეული პოლიციელების თავაშვებულობით და ქართული სასამართლოს ცალმხრივი, სადავოდ ქცეული განაჩენით აღინიშნა.

სამწუხაროდ, საქართველოს პრეზიდენტს და ხელისუფლებას არც ამჯერად აღმოაჩნდათ იმის უნარი, რომ, თუნდაც საშობაო დღესასწაულის წინ მაინც ეცადათ, მოლაპარაკების გზით გადაეჭრათ ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზოგადოებრივი ჯგუფის წინაშე წლების განმავლობაში დაგროვილი მწვავე სოციალური პრობლემები.

სამწუხაროდ, დიალოგი, ოპონენტის მოსმენა, არგუმენტირებული კამათი, დასაბუთება, კონსენსუსის გზით ვითარების განმუხტვა და ე.წ. „სოფთ პაუერის“ სხვა ელემენტები პრინციპულად მიუღებელია საქართველოს ხელისუფლებისათვის, რომელიც ფიქრობს, რომ თუ ერთხელ უღალატებ ამ პრინციპს, მერე პროცესი ხელიდან გაგექცევა და ყველა სოციალური ჯგუფი პროტესტის გზით მოგთხოვს პრობლემის გადაჭრას.

ხელისუფლებას არც ამჯერად ეყო სტრატეგიული მოთმინება, ერთი კვირით აეტანა 20 ვეტერანის სამშვიდობო აქცია მაშინ, როცა ათასობით ადამიანი 8 წელია ელოდება ხელისუფლების წინასაარჩევნო დაპირებების შესრულებას - დასაქმებას, სოციალური პრობლემების მოგვარებას, ჯანმრთელობის დაცვის გაუმჯობესებას და მიზერული პენსიებისა და შემწეობების გაზრდას. არადა ფაქტია, რომ გადასახადები იზრდება, ცხოვრება ძვირდება, მაგრამ რატომღაც არ მცირდება საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის ხარჯები, ბიუჯეტით დაფინანსებული ძვირადღირებული საკონცერტო და სადღესაწაულო ღონისძიებები, საზღვარგარეთული, ხმაურიანი მივლინებები.

ცხადია, ქვეყანა ვერ იცხოვრებს იზოლირებულად, ადამიანებმა უნდა იცინონ, იზეიმონ და იდღესასწაულონ. მეტიც, ცხოვრების ნორმალური რიტმიდან ამოვარდნის სურვილი არ ჰქონიათ არც მოშიმშილე ვეტერანებს, რომლებიც, რომ არ დაერბიათ, სამი დღის შემდეგ, შობის წინადღეს, თავადვე აპირებდნენ გამაფრთხილებელი აქციის შეწყვეტას.

მიუხედავად იმისა, რომ ხსოვნის მემორიალი მართლა არ არის საუკეთესო ადგილი პროტესტის გამოსახატავად, - ვეტერანებს არ დაუყენებიათ პოლიტიკური მოთხოვნები, არ უცდიათ საკუთარი დამსახურება დაეყვედრებინათ ვინმესთვის; ისინი ითხოვდნენ და ითხოვენ მინიმალურს - თუკი სახელმწიფოს ისინი აღარ სჭირდება იარაღით ხელში, გამოიყენოს ისინი, როგორც სამუშაო ძალა.

ამ თვალსაზრისით, ვეტერანთა აქცია ხელისუფლებას უნიკალურ შანსს აძლევდა, პროცესი მართვადი გაეხადა და სოციალური ადაპტაციის პილოტური პროგრამის შეთავაზებით, ვეტერანთა ჭრელი, მრავალათასიანი არმიის ერთგვარი ფილტრაცია და მათი სოციალური ლუსტრირება მოეხდინა. უნდა აღინიშნოს, და ესეც საქართველოს უახლესი ისტორიის სამწუხარო ფაქტია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ნაბრძოლი ნამდვილი ვეტერანების გარდა, საქართველოში გაცილებით მეტია იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებმაც 90-იან წლებში ვეტერანის სტატუსი უბრალოდ იყიდეს -სამსახურში მოწყობის, არმიიდან თავის დაღწევის, საყოფაცხოვრებო და საშემოსავლო გადასახადისთვის თავის არიდებისა თუ უბრალოდ საპატიმროდან თავის დაღწევის მიზნით.

მაგრამ დემოკრატიული ხელისუფლების დანიშულება სწორედ ისაა, რომ ჯანსაღ პროცესს გაუხსნას კალაპოტი, არ დაუშვას პრობლემის პოლიტიზება, გონივრული ლავირებით ეცადოს კრიზისის განმუხტვას და კვანძის გახსნას.

სამწუხაროდ, ხელისუფლებამ ნაცადი გზა აირჩია. 2011 წლის 3 იანვრის ძალისმიერი აქციით ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გადაამეტა კანონს, შელახა ადამიანის უფლებები, თავადვე შეუწყო ხელი ვეტერანთა სოციალური პრობლემის ჩიხში შეყვანას და სახიფათო პოლიტიზებას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG