Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

შემთხვევითი როდია, რომ ჩემს ბლოგს მილან კუნდერას ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზით ვიწყებ.

ბატონებო! დროა, შევცვალოთ მუსიკალური სამყარო! ცხადია, მეტყვიან: რა დროს მუსიკაა - ეკონომიკური კრიზისი მძვინვარებს, პოლიტიკური სიტუაცია უაღრესად დაძაბულიაო. ნება მიბოძეთ, არ დაგეთანხმოთ! ამისათვის გენიოსების ციტატებს მოვიშველიებ - მათი ბაგეებით ხომ ჭეშმარიტება მეტყველებს (თუმცაღა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნიჭის შემეცნებისთვის საჭიროა შემეცნების ნიჭი).

ირკვევა, რომ სახელმწიფოს მოწყობაც, მოქალაქეების სოციალური მდგომარეობაც, საერთაშორისო ურთიერთობაც და სხვა პოლიტოლოგიური პრანჭვები პირდაპირ კავშირში არიან მუსიკასთან. კონფუციუსი, როცა მას ხან ცი და ხან ლი სახელმწიფოების მართვას სთავაზობდნენ, უპირველეს ყოვლისა, მუსიკაში და მიცვალებულთა გაპატიოსნებაში ამყარებდა წესრიგს. ამის შემდეგ სახელმწიფოს მართვა, თურმე, სიძნელეს აღარ წარმოადგენდა.

ამ თვალსაზრისით, პოსტსაბჭოურ სივრცეზე სახარბიელო არაფერია: რუსეთში აქამდე არ დაუსაფლავებიათ მეორე მსოფლიო ომში ყველა დაღუპული ჯარისკაცი, კალინინგრადიდან ნახოდკამდე დღესაც ჟღერს ჰიმნი, რომელიც ბოლშევიკურ იმპერიასთან ასოცირდება; საქართველოში ჯერაც ვერ მივაბარეთ მიწას შარშანდელ ომში დაღუპული ზოგიერთი მამულიშვილი; უშუალოდ ომის შემდეგ, პარლამენტის წინ გამართულ მასობრივ ღონისძიებაზე გამარჯვების მხნე მელოდიები ჟღერდა სწორედ იმ დროს, როცა იქვე მდებარე ქაშუეთის ეკლესიიდან, საქართველოს სახელოვანი მამულიშვილი ვახუშტი კოტეტიშვილი გამოასვენეს.

აქ, ალბათ, ურიგო არ იქნება გავიხსენოთ ლევ ტოლსტოის გამონათქვამი: თუ მონები გჭირდებათ, ბევრი მუსიკა დაგჭირდებათო (ლოზუნგი "პური და სანახაობა!" ხომ უკვდავია). გარკვეულ ისტორიულ პირობებში "მუსიკალური ნარკოტიკი" ხელს უწყობდა ხალხის ზომბირებას, მის ბრბოდ გადაქცევას.

ამბობენ, პირველად იყო სიტყვაო. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, პირველად იყო ბგერა: "ბგერა წარმოიშვა კოსმოგენეზისის მომენტში და ქაოსიდან სამყაროს შექმნას შეუწყო ხელი" (ჩინური ფილოსოფიური ტრაქტატი "ლიუში ჩუნზიუ"). პროფესორ ნოდარ ანდღულაძის ბრწყინვალე ნაშრომში "ჰომო კანტორ" ("ადამიანი-მომღერალი”) მოყვანილია ჰუმბოლდტის სიტყვები: "ყოველი ცალკეული ბგერა ჩამდგარა ადამიანსა და ბუნებას შორის... ადამიანი თავს გარსშემოირტყამს ბგერათა სამყაროთი, რათა შეითვისოს და გადაამუშაოს ნივთთა სამყარო". პლატონის თანახმად, მთელი ცხოვრება - კერძო, სახელმწიფო და კოსმოსური, - რიტმით, მუსიკით და სიმღერით არის გარშემორტყმული. ცნობილი რუსი ფილოსოფოსის, ლოსევის, ნაშრომში ვკითხულობთ: "მუსიკის აბსოლუტური ყოფიერება იმავდროულად სამყაროსა და ღმერთის ყოფიერებაა". უაღრესად ხატოვნად გამოთქვამს ამის თაობაზე თავის მოსაზრებას მერაბ მამარდაშვილი: "როდესაც ჩვენ ვმღერით ან ვუსმენთ ქართულ სიმღერას, თითოეულ ჩვენგანში ახლად იბადება ქართველი... ქართული მუსიკის ტრადიციული სტრუქტურა არის ჩვენი სულის, ჩვენი შინაგანი სამყაროს, ჩვენი - როგორც ქართველების - გამოვლინება და გავრცელება გარე სივრცეში. ის ჩვენი სულის გრძნობადი სახეა".

ერთი სიტყვით, მუსიკაში, სიმღერაში, ადამიანი ამჟღავნებს თავის არსს - ხორცს ისხამს მისი შეხვედრა ყოფიერებასთან და, რაც მთავარია, - ამ ყოფიერების სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ შემადგენელ ნაწილებთან. სწორედ ამიტომ ახლა, მწვავე ეკონომიკური კრიზისის პირობებში, დროა ხმამაღლა განვაცხადოთ მუსიკალური კრიზისის შესახებ. უნდა ვაღიაროთ, რომ მას-კულტურა თავისი გავრცელების გზაზე თავისუფალ ქვეყნებშიც კი არ აწყდება სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წინააღმდეგობას - სერიოზული მუსიკის ნაცვლად მსმენელს უმეტეს შემთხვევაში სტანდარტულ, იაფფასიან ფსევდომუსიკალურ შემცვლელს სთავაზობენ (საკმარისია, თუნდაც, "რეპერები" გავიხსენოთ).

ჩვენი, ქართული, საზოგადოება იმდენად მიეჩვია ე.წ. "კომერციულ" მუსიკას, რომ კლასიკა მისთვის "ტერა ინკოგნიტად" იქცა. საკმარისია ერთი მაგალითი: საფრანგეთში მოღვაწე ჩვენმა სასიქადულო პიანისტმა ელისო ბოლქვაძემ ამას წინათ კონცერტი გამართა გორში. სიმფონიურ ორკესტრს ცნობილი ფრანგი დირიჟორი ლორან პეტიჟერარი უძღვებოდა. ჰოდა, ერთ-ერთი პოპულარული ტელეარხის კორესპონდენტმა ამ კონცერტის აღწერისას ხუთჯერ დაამახინჯა დირიჟორის გვარი, შემდეგ კი გვაუწყა, რომ ელისოს, თურმე, ბეთჰოვენის მესამე სიმფონია (!) შეუსრულებია.

ჩვენგან განსხვავებით, დასავლურ პრესაში (მაგალითად, რესპექტაბელურ "ნიუ-იორკ ტაიმსში") მუდმივად იბეჭდება პროფესიონალური მუსიკალური რეცენზიები კონცერტებზე და საოპერო სპექტაკლებზე. სხვათა შორის, ტიფლისის გაზეთ "კავკაზის" გასული საუკუნის დასაწყისის შეკვრის თვალიერებისას, 1911 წლის ერთ-ერთ ნომერში წავაწყდი პროფესიონალურ რეცენზიას ჩვენს დედაქალაქში სერგეი რახმანინოვის საგასტროლო გამოსვლაზე: რეცენზიაში გამოთქმულია კრიტიკული (!) შენიშვნები დიდი კომპოზიტორისა და პიანისტის მიერ საოპერო თეატრში თავის მეორე საფორტეპიანო კონცერტის შესრულების თაობაზე!

იმხანად კრიტიკოსები არ ერიდებოდნენ არც მუსიკოსის სტატუსს და არც მის რეგალიებს. ჩვენს დროში მუსიკის საყოველთაო კომერციალიზაცია გლობალიზაციის პროცესის განუყრელ ნაწილად იქცა. შეფასების მთავარ კრიტერიუმად თითქმის ყველა მუსიკალურ ჟანრში კონკურსების ლაურეატობა ქცეულა. ავიღოთ, თუნდაც, პიანიზმი: თანამედროვე საერთაშორისო შეჯიბრებების ტიპური გამარჯვებული, ამერიკელი პიანისტი ლანგ ლანგი ვერც ერთ წარსულ ეპოქაში ვერ დაიკავებდა პირველ ადგილებს მსოფლიო საფორტეპიანო ელიტის ნუსხაში. არც რახმანინოვს, არც ჰოროვიცს, არც რიხტერს, არც არტურო მიქელანჯელის, არასოდეს მიუღიათ მონაწილეობა საერთაშორისო კონკურსებში. უფრო მეტიც, ძალიან საეჭვოა, რომ ისინი ამ კონკურსებში საპრიზო ადგილებს დაიკავებდნენ - საილუსტრაციოდ გამოდგება გამოჩენილი თანამედროვე პიანისტის, ქართველების სიძის ივო პოგორელიჩის მაგალითი: თავისი კარიერის დასაწყისში ის შოპენის სახელობის კონკურსის ფინალში ვერ მოხვდა.

საკონცერტო დარბაზები, სტადიონები, ტელე- და რადიოსივრცე ყოველდღიურად ივსება მუსიკალური ნაგვით. ეს "ავგიას თავლები" ვამპირი პროდიუსერების მუდმივ კონტროლქვეშ იმყოფება. მათი ქცევა ამ თვალსაზრისით სრულიად ემთხვევა "ზომბირებული ბრბოს" იდეოლოგების განზრახვებს.

საქართველოშიც და რუსეთშიც მოწმენი ვიყავით დაბალი დონის "ევროვიზიის" კონკურსის თაობაზე დილეტენტი კრიტიკოსების ბუტაფორულ "ხმალდახმალ" შებმას. არადა, თანამედროვე მუსიკალურ სამყაროში არავის მოსვლია აზრად პროტესტის გამოთქმა იმ დროს, როცა პრესტიჟულ "გრემიზე" ლაურეატობა არ აღირსეს დმიტრი ხვოროსტოვსკის, იური ბაშმეტს, ეთერ ანჯაფარიძეს. არავის აუჩუყა გული ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ ცნობილმა ესტონელმა კომპოზიტორმა არვო პიარტმა თავისი ახალი, მეოთხე, სიმფონია რუს პოლიტპატიმარს მიხაილ ხოდორკოვსკის მიუძღვნა - არადა, თვით პიარტმა გამოთქვა იმედი, რომ მისი სიმფონია ყველა მსმენელის ყურს მისწვდება.

მსოფლიო მუსიკალურ ხელოვნებაში შექმნილ პრობლემებთან დაკავშირებით არ შემიძლია არ გავიხსენო ზვიად გამსახურდია, რომელთანაც სამოციან წლებში, მოსკოვში ჩემი ერთ-ერთი ჩასვლის დროს, თითქმის ყოველდღე ერთად დავდიოდით კონცერტებზე კონსერვატორიის დიდ დარბაზში. ზვიადის საყვარელი კომპოზიტორი იოჰანეს ბრამსი იყო. ეჭვი მეპარება, დღეს, პოსტსაბჭოურ სახელისუფლო დერეფნებში დიდი გერმანელი ხელოვანის ბევრ თაყვანისმცემელს შეხვდეთ...

დაბოლოს, მინდა მოვიყვანო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ციტატა: ნიცშე ამტკიცებდა, რომ მუსიკის გარეშე ცხოვრება შეცდომა იქნებოდა. თანამედროვე მუსიკის გარემოცვაში ცხოვრება შეცდომაზე მეტია - ეს, შეიძლება ითქვას, ტრაგედიაა.
დიმიტრი ლორთქიფანიძის აზრებს თუ გამონათქვამებს დიდად არ შევეხები. არ სჭირდება განსაკუთრებული განხილვა. ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, მიუხედავად სექსუალური უმცირესობების მიმართ დამოკიდებულებისა, იმის წინააღმდეგია, რომ ჰომოსექსუალობა კანონით დაისაჯოს. ისე, ამის მომხრეებთან საუბარი საინტერესოც კი იქნებოდა. გავიგებდით, რა ხდება მათთან, მეთვრამეტე საუკუნეში. ალბათ გულდაწყვეტილები არიან, რომ ვახტანგ მეექვსემ მოსკოვში არ წაიყვანა. თუმცა, იმან მხოლოდ ჭკვიანი ხალხი აარჩია...

რაც შეეხება პრესა.გე-ზე გამოქვეყნებულ სტატიას... ნინო მიქიაშვილია ავტორი. არ დაიზაროთ და წაიკითხეთ. თუ ძალიან არ შეგიძლიათ, აჰა თქვენ მოკლე შინაარსი: სახალხო დამცველის თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატები სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს რომ ხვდებოდნენ და ერთ-ერთმა კანდიდატმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ რომ თქვა, საქართველოში ჰომოსექსუალებს კანონი უნდა სჯიდესო, დარბაზში ზოგს სიცილი წასკდომია.

სათაურია „ენჯეოშნიკებმა ცისფერი დროშები გამოფინეს“. საზიზღართან ერთად არასწორიცაა - თუ ტექსტი არ წაიკითხე, და გეების დროშის ფერიც იცი (ცისარტყელის) დაგრჩება შთაბეჭდილება, რომ სტატია გია ნოდიაზე და, ვთქვათ, თამუნა ქაროსანიძეზეა, რომლებმაც ქართული პლაჟები სუფთად და უსაფრთხოდ გამოაცხადეს.

არადა, სტატიიდან ირკვევა, რომ სიცილი არასამთავრობოების წარმომადგენლებს კი არა, ჟურნალისტებს წასკდომიათ - ნინია კაკაბაძეს, შორენა შავერდაშვილს და კიდევ რამდენიმე გოგონას, რომლებსაც ავტორი „ამ ორ უკანასკნელზე ნაკლებად ცნობილ ახალგაზრდა მანდილოსნად“ მოიხსენიებს. მოვითხოვ, გაგვიმხილოს პრესა.გე-მ იმ დანარჩენების ვინაობაც! მერე რა, რომ ნაკლებად ცნობილები არიან? თუ ჩაშვებაა ჩაშვება იყოს! ვინ იყვნენ? ნინო ბექიშვილი? ეკა აღდგომელაშვილი? არ უნდა ვიცოდეთ?

თავად არ დაუნახავს, მაგრამ „გაოცებულმა კოლეგებმა“ უთხრეს, რომ თურმე აკაკი ბაქრაძის ვაჟი, ლაშაც იცინოდა. ავტორი არ ასახელებს, თუ ვინ არიან მისი გაოცებული კოლეგები, მაგრამ მათი ვინაობა მაინც შევიტყე - კულუარულად. ფოტოც მოვიპოვე. აი, ისინიც (შეგიძლიათ გაადიდოთ):

პრესა.გე არ დაკავშირებია ქალებს, რომლებიც იცინოდნენ. სავარაუდოდ, ჰომოსექსუალიზმის ვირუსის გადადებისა შეეშინდათ. სამაგიეროდ, სტატიის ნახევარი ეთმობა ლორთქიფანიძის კომენტარს. რაღაც საოცრებებს ამბობს!

გულწრფელად რომ გითხრათ, ეს სტატია იმიტომ არ მომიყვანია, რომ მემსჯელა და მერე ღრმა დასკვნები გამეკეთებინა. უბრალოდ, პრესა.გე-ს გალანძღვა მომინდა. იქნება ცოტა მაინც ეწყინოთ. აბა კარგია, გულისამრევ რამეებს რომ წერენ?

ისე, ვიდრე ფორუმებში და „ფეისბუკზე“ დიმიტრი ლორთქიფანიძის აზრებს განიხილავდნენ, პარლამენტმა ახალი სახალხო დამცველი აირჩია. გეების დაჭერას არ ითხოვს, მაგრამ მეტაფორებში ძალიან სუსტია. გიორგი ტუღუშმა ახსნა, თუ სად არის, მისი აზრით, ომბუდსმენის ინსტიტუტის ადგილი სახელმწიფოში. დემოკრატიის მშენებლობა სახლის მშენებლობას ჰგავსო - თქვა მან.

”ჩავთვალოთ, რომ კანონის უზენაესობა არის სახლის საძირკველი; ადამიანის უფლებათა დაცვა არის სახლის კედლები; საკანონმდებლო ხელისუფლება და აღმასრულებელი ხელისუფლება წარმოადგენენ სახლის ფანჯრებს და, ბოლოს, სასამართლო არის სახლის სახურავი”, - თქვა გიორგი ტუღუშმა და შემდეგ ომბუდსმენის ინსტიტუტი ამ ”სახლის შესასვლელი კარის ზარად” წარმოადგინა. ვისაც უსამართლოდ მოექცევა სახელმწიფო, სახლში ამ ზარის დარეკვის საშუალებით შედისო.

გეგონება სიზმარს ხედავდე. ყველაფერი ნაცნობია, მაგრამ ამავე დროს უცხო. სიტყვები გესმის, მაგრამ აზრი ვერ გამოგაქვს. რატომ არის ფანჯარა აღმასრულებელი ხელისუფლება და არა, ვთქვათ, მედია? რატომ არის სასამართლო სახურავი? ისეთივე მიუწვდომელია? რატომ ვერ შევა დემოკრატიის სახლში მოქალაქე ომბუდსმენის გარეშე? არ შეიძლება, სასამართლომ შეუშვას? საერთოდ, რას აკეთებს ის მოქალაქე დემოკრატიის სახლის გარეთ? სახლში იყო და გარეთ გააგდეს? დაბრუნებას ზარის რეკვით ცდილობს? და რას იზამს ზარი, კარი თუ არ გააღეს? გეტყვით რასაც იზამს. ვერაფერს! ვთქვათ, რეკავ, კარს კი არ გიღებენ. რეკავ, რეკავ და რეკავ და არც არაფერი.

ზარი მხრებს იჩეჩავს - რა გიყო, მე ჩემს საქმეს ვაკეთებ, მეტი რა ვქნაო.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG