Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

დროთა განმავლობაში რაღაცები აბსოლუტურად უცვლელი რჩება. ცვლილებებს, პირველ რიგში, ალბათ, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები არ ექვემდებარება. ისინი უფრო მატერიალური ფასეულობებისთვის, ყოფითი რაღაცებისთვის არის დამახასიათებელი. მაგალითად, იცვლება გემოვნება, მოდა, ვალუტის კურსი, თუმცა, პრეტენზია, რომ გემოვნებიანი ხარ, ანდა იგივე ვალუტის მოპოვების სურვილი უცვლელია.

აქედან გამომდინარე, არის რაღაცები, რასაც ცხოვრებაში ვერავითარ შემთხვევაში ვერ გაექცევი. პირველ ყოვლისა, ცხადია, ეს სიკვდილია. მერე მოდის გადასახადები და მერე კიდევ “ბიტლზი”. დანარჩენი ყველაფერი წარმავალია.

მაგრამ არსებობს კიდევ მუდმივი ღირებულებები. მათ ასევე ვერაფერს ვერ აკლებს დრო. პირველად ამაზე ჩამაფიქრა ციცერონის ტომმა, რომელიც ყმაწვილობის ასაკში წავიკითხე.

“ლიტერატურული ძეგლების“ („Литературные памятники“) სერიით გამოსულ ციცერონის რუსულ თარგმანში შედიოდა ორი დიალოგი - “სიბერეზე” და “მეგობრობაზე” - და ერთი ტრაქტატი: “მოვალეობების შესახებ”. სამივე ნაწარმოებში ციცერონი ისე აყალიბებს სათქმელს, რომ დღეს დაწერილი გეგონება.

ძალიან იმოქმედა ჩემზე ამ წიგნმა. პირველ რიგში, იმას მივხვდი, რომ სანამ ადამიანი იარსებებდა, დამოკიდებულება სიბერის, მეგობრობის და მოვალეობის მიმართ არ შეიცვლებოდა. მერე იმას მივხვდი, რომ ეს იყო ძალიან დიდი ლიტერატურა, რომელსაც დრო ვერაფერს დააკლებდა. და მესამე: ეს იყო ძალიან კარგად გამოცემული წიგნი. ხარისხს არ ვგულისხმობ. პირიქით, პოლიგრაფიული თვალსაზრისით ძალიან სუსტი იყო. სამაგიეროდ, წიგნს ერთვოდა ნაწარმოებებთან დაკავშირებული ორი ვრცელი წერილი, შენიშვნები და ამომწურავი კომენტარები.

საერთოდ ამ სერიის წიგნები ღირს იმად, რომ ცოტა მეტი დრო დავუთმოთ. მათ საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემია ამზადებდა გამოსაცემად. ძირითადი, ლიტერატურული ღირებულების გარდა, ეს წიგნები იმით გამოირჩეოდა, რომ კონკრეტული ნაწარმოების შესახებ, ფაქტობრივად, ამომწურავ, ენციკლოპედიურ ინფორმაციას იძლეოდა. თანაც, ამ სერიით გამოცემული წიგნები არავითარი ჟანრობრივი ჩარჩოებით არ იყვნენ შემოსაზღვრულები. იქ მოხვედრის ძირითადი კრიტერიუმი ლიტერატურული ღირსებებით, ისტორიული და საზოგადოებრივი მნიშვნელობით განისაზღვრებოდა. ცხადია, ეს ყველაფერი - რუსული აქცენტის გათვალისწინებით.

ამ სერიის ოცდაათამდე წიგნი მოვიძიე სახლში. საკმაოდ ჭრელი და შთამბეჭდავი თავყრილობა გამოვიდა: ელიანი, რილკე, ფოლკნერი ლუის კეროლი, XX საუკუნის იაპონური ნოველები, მონტენი, ტორო, ანდრეი ბელი, რემბო, პლინიუს უმცროსი, ძველი ინგლისური პოეზია, ფლამენკა, ჯონ კიტსი, ბარონი მიუნჰაუზენი და ა.შ.

საინტერესოა, რომ ამათგან ერთიც არ მქონდა მაღაზიაში შეძენილი, ყველა ხელზე მქონდა ნაყიდი. დღევანდელისგან განსხვავებით, მაშინ წიგნის მაღაზია კი ბევრი იყო, მაგრამ სასურველი წიგნის შეძენა მხოლოდ შავ ბაზარზე შეიძლებოდა. “ძეგლები”, წესით, უნივერსიტეტის მეორე კორპუსის წინ, აკადემიური წიგნის მაღაზიაში უნდა გაყიდულიყო. კარგი მაღაზია იყო...

მერე, როგორც ხდებოდა ხოლმე, ნელ-ნელა პროფილი შეიცვალა - ხან რას ხსნიდნენ და ხან რას. ერთი პერიოდი ისევ მიიპყრო ჩემი ყურადღება, როცა გერმანული ლუდის დუქანი გაიხსნა. სახელი არ მახსოვს, ახლობლები გერმანულ ადგილს ვეძახდით. ძალიან მაგარი “საპახმელიო” ადგილი იყო: შედარებით ხელმისაწვდომი, ცოტა ხალხი, კარგი სამზარეულო, კარგი ლუდი და კარგი მომსახურება. მომსახურება კი ისეთი რამეა, რაც წიგნებზე არანაკელებ მაღელვებს. თანაც წიგნებისა არ იყოს, ამ სფეროს წარმომადგენლებმაც სერიოზული ტრანსფორმაცია განიცადეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ.

გუშინ: დაახლოებით 45 წლის, სლავური იერსახის ქალი. ხმარობს რადიკალურად წითელ პომადას, შთამბეჭდავი გარეგნობით არ გამოირჩევა: აქვს ზედემეტად ოვალური ფორმები, მონაცრისფრო თვალები. მის თეთრ, გახამებულ წინსაფარს ალაგ-ალაგ წითელი ღვინის ლაქები ამჩნევია.

მის ქმარს მნიშვნელოვანი თანამდებობა უჭირავს თავდაცვის სამინისტროში, მაგრამ ოციოდე წლის წინათ, როცა ერთმანეთი გაიცნეს, კაცი უბრალო რიგითი იყო, ქალი კი უსტ-ილიმსკის რკინიგზის სადგურის ბუფეტის ოფიციანტი. თავიდან ის სასადილოს ჩვეულებრივი კლიენტი იყო, მაგრამ ერთ საღამოს, როცა ტრადიციულად განმარტოვდნენ სადგურის ტუალეტში, ქალი გამოუტყდა, რომ მისგან ორსულად იყო. ახლა ისინი ბედნიერად ცხოვრობენ სამ შვილთან ერთად. ორივემ გაიკეთა კარიერა: კაცი პოლკოვნიკი გახდა, ხოლო ქალი საბჭოთა საქართველოს დედაქალაქის ცენტრალური რესტორნის ოფიციანტი.

ქალი არასდროს კარგავს მოთმინებას და მუდამ მკაცრ იერს ინარჩუნებს. პირად შეურაცხყოფად აღიქვამს კლიენტისგან შეკვეთის მიღებას და მაშინაც კი აუღელვებელია, როცა მომხმარებელს 45 წუთს ალოდინებს მენიუს მისაღებად. მას არაფრის ეშინია და ხშირად დაცვის ფუნქციებსაც ასრულებს. თვალები მხოლოდ მაშინ თუ გაუბრწყინდება, როცა გაზინტლულ „ჩოთქს“ აჩხაკუნებს და გაქონილ ქვითარზე ანგარიშს წერს.

დღეს: მისი თანამედროვე კოლეგა დაახლოებით 25 წლისაა; აქვს უმაღლესი ლინგვისტური განათლება (უპირატესად ინგლისური ენის განხრით). საშუალოზე ოდნავ მაღალია და მიმზიდველი გარეგნობით გამოირჩევა. აცვია თავისუფლად. საკმაოდ კარგად არის გაწვრთნილი. ამიტომ სახეზე გამუდმებით ღიმილი აქვს აღბეჭდილი და წარამარა ცვლის საფერფლეებს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა მაგიდას არამწევლები უსხედან. დასავლური სერვისიდან ისიც შეითვისა, რომ კლიენტი ყოველთვის მართალია; თუმცა, ამ პოსტულატს ცხოვრებაში არ ატარებს, მაგრამ ხშირად შეფის გასაგონად, ახალბედა კოლეგას მჟღერი ხმით მიმართავს: „მაკა, არ დაგავიწყდეს - კლიენტ ვსეგდა პრავ!“

რატომღაც უცხოელებს უფრო მეტი ყურადღებით ემსახურება, ვიდრე გადასახადების ადგილობრივ გადამხდელებს. როცა ბარში კლიენტი არ არის, ტელევიზორში სერიალს უყურებს, თუ დაცვის ბიჭმა არ დაასწრო სპორტულ არხზე გადართვა („აუჰ, კარგი რა, დათო!“).

ანგარიშს თეთრის მეათასედის სიზუსტით ადგენს ყველაზე თანამედროვე კომპიუტერზე. და თუ შემთხვევით მაინც შეეშალა თავის სასარგებლოდ, ბოდიშს ისე ელეგანტურად მოგიხდით, რომ წყენა უმალ გაგივლით.

აი, ასე შეცვალა მიმტანები დრომ, ციცერონს კი ვერაფერი დააკლო.
დღევანდელი წერილი ჩემს მეგობრებს ეძღვნება, მეგობრებს, რომლებსაც ახლა უჭირთ და გამხნევება სჭირდებათ. ისინი ბათუმში ცხოვრობენ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და გზა-გზა ბევრ ჭირ-ვარამს უძლებენ.

ძველ ამბებს აღარ მოვყვები, შარშანდელს ვიტყვი: ზაფხულში ელექტრონული ფოსტით მუქარის წერილი მიიღეს – ამა და ამ ადამიანს სულ მალე ნახავთ მკვდარს, პირში გაზეთგაჩრილსო; ხოლო შემდეგ ამის და ამის ჯერი დადგებაო. წერილის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ღამით უცნობი პირები აედევნენ მანქანით და ცდილობდნენ, დევნა რაც შეიძლება შესამჩნევი ყოფილიყო. მის თანამშრომელ გოგონას კი – ქვეითად მოსიარულეს – აედევნა მანქანა, რომელიც მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდებოდა.

მოკლედ, ჩემს მეგობრებს აშინებდნენ. და ამ ქვეყანაში, სადაც კარგა ხანია თითქმის ყველა შეშინებულია, ჩემი მეგობრები არ შეშინდნენ.

ჰოდა, თუ არ გეშინია, სხვა ხერხებიც არსებობს: ახლა აღმოჩნდა, რომ ჩემს მეგობრებს შორის ერთ-ერთს მთლად სოდი გამოეცხადა და უთხრა – შენს ავადმყოფ მამას თავისი შვილის ისეთ ფოტოებს ვაჩვენებთ, არ გაუხარდებაო, მერე ამ ფოტოებს გამოვაქვეყნებთ და ინტერვიუსაც აღარავინ მოგცემსო. მძიმე მუქარაა. ეჭვი არ მეპარება, იციან, რასაც ამბობენ. და, რაც მთავარია, იციან, რასაც აკეთებენ.

გუშინ ერთმა ადამიანმა საჯაროდ იკითხა: კი მაგრამ, რას ბეჭდავს ასეთს „გაზეთი ბათუმელები“, ყველამ რომ მაგათთვის მოიცალაო.

ინფორმაციას რომ სანდო წყაროებთან ამოწმებს, ღირებულებებს რომ არ ღალატობს და ადამიანების გაჭირვება რომ მართლა ენაღვლება, – ამის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ.

ზოგიერთი რამ კი უნდა გიამბოთ. როდესაც სპეცსამსახურის თანამშრომელი, გვარად ჩიქოვანი და ზედმეტსახელად „მაიმუნა“, ახალგაზრდა გოგონას ბინაში თოკებით გადაძვრა, უსასტიკესად ცემა და გააუპატიურა იგი – ეს ამბავი ჩემმა მეგობრებმა დაწერეს და შოკისმომგვრელი ფოტოც დაბეჭდეს. შემდეგ, როდესაც 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ ჩიქოვანი პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლა, ესეც გვიამბეს. შემდეგ, ბათუმელი სერჟანტის – როინ შავაძის – ნაწამები ცხედარი რომ იპოვნეს შარაგზაზე, ვითომ გაქცევისას რომ იყო მოკლული, სინამდვილეში კი ტყვიით დაცხრილვამდე თითები, მკლავები და ფეხები გადამტვრეული რომ ჰქონდა – ესეც დაწვრილებით აღწერეს. მოგვიანებით, ამ საქმეში ისევ იმ „მაიმუნას“ კვალი რომ აღმოჩნდა, რომელიც, როგორც ჩანს, წამების სპეციალისტია, ესეც არ დაუმალავთ.

აგვისტოს ომის დროსაც ბევრი რამ ისეთი გამოაქვეყნეს, რისი გაცხადებაც სოდს და კუდს არ გაუხარდებოდა: კოდორიდან ჯარის გამოქცევაზე, ფოთის პორტში გემების ჩაძირვაზე და უგულავას სამსაათიანი მორატორიუმის ტრაგიკულ შედეგებზე სულ თვითმხილველები ყვებოდნენ. ტაბუდადებული „დეზერტირობის“ თემაც გამოიკვლიეს – ფრონტიდან გამოქცეულ მეთაურებს როგორ აწინაურებდა, ხოლო უმეთაუროდ დარჩენილ ჯარისკაცებს როგორ აპატიმრებდა და 14 000 ლარით როგორ აჯარიმებდა სახელმწიფო.

ისიც დაწერეს, ბათუმის უნივერსიტეტში რექტორის არჩევის წინა დღეს კანდიდატები რომ დაიბარა ლევან ვარშალომიძემ, მეორე დღეს კი ხუთი წუთის წინ არჩეული რექტორი რომ გადადგა, რადგან შემთხვევით სხვა აირჩიეს – არა ის, რომელიც ვარშალომიძეს სჭირდებოდა. მეორე კენჭისყრა უშეცდომოდ ჩატარდა, არჩეულ-გადამდგარი კანდიდატი კი ასეთ კომენტარს აკეთებდა: ვაჟკაცი ბიჭია, პირდაპირ გვითხრა, რა უნდოდა, სხვას იქნებ ვერც გაებედაო.

აჭარის უზენაესი საბჭოს ნაციონალი დეპუტატის – ვინმე მალხაზ კალანდაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რომ აღძრა პროკურატურამ უკრაინიდან სტუმრად ჩამოსული ქალბატონის ცემისა და გაუპატიურების ფაქტზე, ესეც „ბათუმელებმა“ გვიამბო. შემდეგ როგორ გულდაგულ მალავდა პროკურატურა ამ ფაქტს, ესეც იმავე სტატიაში იყო აღწერილი.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის – ბადრი ქაჯაიას – ისტორია სულ განსაკუთრებულია. ამ ახალგაზრდა კაცის ოფიციალური შემოსავალი თვეში 6 000 ლარს აღწევდა მაშინ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტის ხელფასი 4 720 ლარი იყო. და როდესაც ეს მაღალხელფასიანი თავმჯდომარე გადაირჩიეს, სიტყვა ვერ ათქმევინეს მის მიერ გაკეთებული თუნდაც ერთი საქმის შესახებ – როგორც ჩანს, არც არაფერი გაუკეთებია. მერე უარესი მოხდა: ბადრი ქაჯაია, გადარჩევიდან რამდენიმე დღეში, დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს, ქუჩაში სასტიკად ცემეს და ზუსტად სამ დღეში გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. აი, რა უსიამოვნო ამბები ვიცით „გაზეთ ბათუმელების“ მკითხველებმა.

არც იმის გამოქვეყნება ესიამოვნებოდა ხელისუფლებას, 2008 (საარჩევნო) წელს აჭარის ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამებზე 973 000 ლარი რომ დაიხარჯა, ხოლო 2009 (არასაარჩევნო) წელს კი შესაბამისი პროგრამებისთვის თანხა 273 000 ლარამდე რომ დავიდა.

და ბოლოს, ლევან ვარშალომიძის პროექტის – „12 ფლეიტიანი ბიჭუნას“ – ამბავს ვიტყვი. 2 200 000 ლარად შეფასებული პროექტისთვის კანონი საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას ითვალისწინებდა. თუმცა, როგორც „გაზეთმა ბათუმელებმა“ გაარკვია, შპს „ტექსუნს“ პროექტის განხოციელების უფლება ყოველგვარი ტენდერის გარეშე, ექსკლუზიურად მიენიჭა. დასაბუთება ორიგინალური იყო: საქართველოში ამათ მეტი მაინც ვერავინ გააკეთებდა და ტენდერი რაღა საჭირო იყოო. რა თქმა უნდა, სხვა როგორ გააკეთებდა – ვარშალომიძემ საკუთარი პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია საკუთარივე გემოვნებით შეარჩია. ოღონდ, ფული არ იყო საკუთარი, საზოგადო იყო.

აი, ასეთი ამბების მთხრობელია „გაზეთი ბათუმელები“. როდესაც წლები გავა და იკითხავენ – აბა, იმ ძნელ დროში ვინ იყო, ვინც არც გატყდა და არც გაიყიდაო – ზუსტად ვიცი, ჩემს მეგობრებს გაიხსენებენ.

სოდი, კუდი და „მაიმუნა“, იმ დროისათვის, ეჭვი მაქვს, იმანენტურად იქნებიან დავიწყებულნი.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG