Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2009

საბჭოთა პერიოდში, „პერესტროიკამდე“, ეს იყო ორგანიზებული დანაშაული (უკაცრავად, ტურიზმი). მათ ტურისტებს ეძახდნენ. მაგალითად, ძალიან კარგად მახსოვს, უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში როგორ ორგანიზებულად მიჰყავდათ დიზელის სუნით აქოთებული ავტობუსებით ჩაის სახლში სოციალისტური ქვეყნების გახუნებული ტურისტები სასარგებლო და სურნელოვანი სასმელის გასასინჯად. ისინი გულწრფელად მეცოდებოდნენ, რადგან ბავშვობაში მეორე მსოფლიო ომის გაზის კამერებს იმიტომ არ გადაურჩნენ, რომ სიბერეში თბილისში მოხვედრილიყვნენ მოძრავ გაზის კამერებში და გაესინჯათ თბილი წყალი, რომელიც უკვე დიდი ხანია, აღარ იყო არომატული და მით უმეტეს, სასარგებლო სასმელი.

საბჭოთა მოქალაქეების ინდივიდუალურ ურთიერთობებს ამ ტურისტებთან ძალიან უარყოფითად განიხილავდნენ “ჩვენი” უშიშროების სამსახურები. ეხლაც კი არ მესმის, რატომ ეშინოდათ ასე ამ კონტაქტის - რა მატერიალური ან სულიერი ფასეულობა უნდა მიგვეღო ამ საცოდავებისგან?! ბევრი-ბევრი მაგათნაირივე გაცვეთილი “შმოტკა”. იმ ხანებში ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, რომლის თანახმადაც, “შმოტკებს” პოლონელები ყიდდნენ. რამდენად შეეფერებოდა მრავალი ღირსებით შემკულ ერს “ბარიგის” ეტიკეტი, ძნელი სათქმელია, თუმცა ფაქტია: იმდროინდელი მუსიკალური ანდერგრაუნდის გამორჩეულ სახეს, ქიშო გლუნჩაძეს ჰქონდა პოპულარული სიმღერა “პოლონელი ყიდის ჯინსს”. ქიშო, რომელიც ფილმ “ლაქაში”, ფაქტობრივად, თავის თავს თამაშობს, 90-იან წლებში ამერიკაში გადავიდა საცხოვრებლად და თვითონაც უცხოელი გახდა. ადამიანმა, რომელიც საკუთარ სამშობლოშიც უცხოელი იყო, სხვა ქვეყანაში არჩია უცხოელობა.

90-იანი წლების დასაწყისში ტურიზმის სამყაროში ისეთი არაპოპულარული მოვლენების გამო, როგორიც არის ეროვნული მოძრაობა და სამოქალაქო ომები, ისინი გაქრნენ. 90-იანი წლების ბოლოს ისევ დაბრუნდნენ, მაგრამ არა როგორც ტურისტები. ისინი იყვნენ სხვადასხვა ჰუმანიტარული ორგანიზაციების მისიონერები, ელჩები თავიანთი ვეზირებით, ბიზნესმენების იმიჯის მქონე საერთაშორისო აფერისტები, მასწავლებლები, საკუთარ სამშობლოში უადგილოდ დარჩენილი უსაქმურები, ბედის მაძიებლები, ავანტიურისტები და ა.შ.

ისინი სხვადასხვა რასებს მიეკუთვნებიან და სხვადასხვა სქესი აქვთ. მათი საშუალო ასაკი 33 წელია. ზოგიერთი მათგანის საშუალო თვიური ხელფასი სამჯერ აღემატება საქართველოს წლიურ ბიუჯეტს.

საქართველოში ყოფნის პირველ დღეებში ისინი უამრავ საინტერესო აღმოჩენას აკეთებენ თავიანთთვის: მაგალითად, ერთმა ინგლისელმა აღმოაჩინა, რომ მსოფლიოში პოპ-მუსიკის ყველაზე გავლენიანი ჯგუფი, თურმე მისი მშობლიური ქალაქიდან, ლივერპულიდან ყოფილა; ერთმა ამერიკელმა კი გაიგო, რომ მექსიკა არ ეკუთვნოდა აშშ-ს და სრულიად დამოუკიდებელი ქვეყანა იყო.

ისინი, ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში, ან შემოგარენის პრესტიჟულ მწვანე ზონებში ცხოვრობენ; ცხადია, მათ გარდა, ვისაც არ გაუმართლა და გარეუბნებში მცხოვრებ ადგილობრივებზე იქორწინა.

მათი უმეტესობა ინგლისურენოვანია, მაგრამ ქართველებთან ურთიერთობისას, ისინი რატომღაც ცდილობენ, რუსულად ილაპარაკონ. ქართველები მათ, რა თქმა უნდა, ინგლისურად (ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ჰგონიათ) პასუხობენ. ასე რომ, ურთიერთგაგების ხარისხი უმაღლეს დონეს აღწევს. ამ ურთიერთგაგების შედეგი კი ის არის, რომ სავსებით შესაძლებელია, თბილისის ბარებში “მანავის” ნაცვლად მწვანე “ჯონი უოკერი” მოგიტანონ, “ბლადი მერის” მაგივრად - კეჩუპი და “ბორჯომის” ნაცვლად - ონკანის წყალი (თუმცა, სიმართლე რომ ითქვას, გამყალბებლების წყალობით განსხვავება მათ შორის ძირითადად მხოლოდ გაზის ბუშტუკებში იყო და ისიც არა ყოველთვის).

ყველა მათგანზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენს ქართული სუფრა. ყველა მათგანი თვლის, რომ ქართველები ძალიან ბევრს ჭამენ; მაგრამ, სინამდვილეში, ისინი ქართველებზე მეტს ჭამენ და არავითარ შემთხვევაში არ უფუჭდებათ მადა მათ წინ აღმართული პროდუქტების მთებისა და ალკოჰოლის ოკეანის დანახვაზე.

მათი საყვარელი საკითხავი წიგნი საქართველოში არის ტურისტული, სამოგზაურო ლიტერატურა საქართველოს შესახებ, რომელიც, სამწუხაროდ, მათივე თანამემამულეების მიერ არის დაწერილი. ასე რომ, სულაც არ არის გასაკვირი, როცა ისინი ძალიან ხშირად გოგირდის აბანოს ნაცვლად საუნაში, ანდა სულაც გუდაურში ხვდებიან. ერთ ნაცნობს კი თავისი კანადელი სტუმარი ყაზბეგის ნაცვლად მთელი კვირა თბილისის ლუდის რესტორნებში დაჰყავდა და პარალელურად “გრემის” კონიაკით ჭყიპავდა.

თავიდან ისინი ფიქრობენ, რომ აქ ერთ წელზე მეტს არ გაჩერდებიან, მაგრამ მალე იცვლიან გადაწყვეტილებას და ცდილობენ, მთელი დარჩენილი სიცოცხლე საქართველოში გაატარონ.
ერთხელ აკა მორჩილაძეს ვუთხარი: „თქვენი მოთხრობა „წიგნი“ რომ წავიკითხე, სხვა ადამიანი გავხდი“. ჩემმა ნათქვამმა, როგორც ჩანს, გააოცა და პასუხი შეკითხვით დამიბრუნა: „ვითომ, რატომ?“. ამგვარად დასმული კითხვისთვის მზად არ ვიყავი. უბრალოდ რომ ეკითხა – რატომო? – იქნებ, რამე კიდეც ამეხსნა; მაგრამ ეს ნახევრად ცინიკური/ნახევრად დაბნეული „ვითომ, რატომ?“ ჩემს მოლოდინს მეტისმეტად ასცდა.

ეს ამბავი რამდენიმე წლის წინ მოხდა, მაგრამ სულ ახლახან მივხვდი, რომ აკა მორჩილაძის უცნაური შეკითხვა ერთაოზის ვალივით დამრჩა და ჯერ კიდევ არ გამნელებია მასზე პასუხის სურვილი.

მანამდე კი გეტყვით, რომ „წიგნი“ არის მოთხრობა ნურადინ ფრიდონზე და, უფრო მეტად, „ვეფხისტყაოსანზე“. ღრმად მოხუცი ნურადინ ფრიდონი სიკვდილზე ფიქრობს და აწესრიგებს საკუთარი გმირობის ამბებს, 16 წიგნში რომ არის აღწერილი. ცდილობს, მხოლოდ სიმართლე დაუტოვოს შთამომავლობას, სიმართლე და მხოლოდ სიმართლე. სწორედ ამ დროს უსახსოვრებენ წიგნს, რომელშიც ნაამბობია, როგორ შეებრძოლა ქაჯებს ნურადინ ფრიდონი თავის ორ მეგობართან ერთად და როგორ გაათავისუფლა ტყვეობიდან ძვირფასი მეგობრის სატრფო.

ნურადინ ფრიდონს შეაძრწუნებს ეს წიგნი. იგი ამბობს, რომ ქალის გულისთვის არასოდეს უბრძოლია და არც ქაჯეთში ყოფილა; რომ ოდესღაც მასთან მართლაც მოვიდნენ უცხო რაინდები, რომლებმაც ბრძოლაში დახმარება სთხოვეს. მან მთელი თავისი ავლადიდებით ქალის გამოსყიდვა შესთავაზა, მაგრამ უთხრეს, იმ ქალის გამოსყიდვა შეუძლებელიაო. ამის შემდეგ ნურადინ ფრიდონმა მათ თავისი მსახური და ორასი მეომარი აახლა. თავად კი ქალისთვის ბრძოლა არასოდეს უკადრებია.

„შეუძლებელია ჩემთვის იმ გმირობის მითვისება, რომელიც არ ჩამიდენია და რომელსაც ვერც ჩავიდენდი, რადგან არ მიმაჩნდა გმირობად,“ – ამბობს ზღვისრეთის გამგებელი. მაგრამ არ ჭრის ნურადინ ფრიდონის განმარტებები იმასთან დაკავშირებით, რომ ქაჯეთის ციხეში ორი რაინდი იბრძოდა. ორი და არა სამი.

მოხუცი ბრძენი, ალ ქაუსი, რომელსაც ნურადინ ფრიდონი თავის დარდს უზიარებს, შეკრავს ცერს, საჩვენებელ და შუა თითებს და ამბობს: „მათ მიაჩნიათ, რომ ყველაფერს სამი აკეთებს. აი, ეს სამი. თქვენც სამნი ხართ. თქვენ სამნი რჩებით“. იგი უხსნის ზღვისრეთის შეწუხებულ გამგებელს, რომ დავიწყებას მიეცემა მისი გმირობის ისტორიები, გადაირეცხება 16 წიგნში აღწერილი მისი რეალური ცხოვრება და დარჩება გამონაგონი – სიყვარულის ამბავი, თუ როგორ იბრძოლა და როგორ დაამხო ნურადინ ფრიდონმა მეგობრებთან ერთად ქაჯეთის ციხე მზეთუნახავის გამოსახსნელად.

მრავალი დღის განმავლობაში უზიარებენ ერთმანეთს ფიქრებს აღმოსავლეთის უპირველესი რაინდი და აღმოსავლეთისვე უპირველესი ბრძენი. ერთი მოწყურებული ეძებს სიმართლეს, მეორე კი ამ სიმართლეს გასცემს, როდესაც ამბობს, რომ რეალურ გმირობაზე დაწერილ თექვსმეტ წიგნს გაცილებით ნაკლები ფასი აქვს, ვიდრე სიყვარულზე დაწერილ იმ ერთს, გამონაგონს.

* * * *

ვწერ ნურადინ ფრიდონის შესახებ და თან ვფიქრობ: რატომ ამაღელვა ამ მოთხრობამ? რატომ მაფიქრებინა, რომ მისი წაკითხვის შემდეგ სხვა ადამიანი გავხდი? რატომ გამაზიარებინა ჩემი ფიქრი მოთხრობის ავტორისთვის? და რატომ მათენებინებს ღამეს ახლა, მრავალი წლის შემდეგ, სურვილი – ვუპასუხო ავტორის მაშინდელ შეკითხვას?

ყველა კითხვის პასუხი ნურადინ ფრიდონშია. მას მთელი ცხოვრების განმავლობაში ჰგონია, რომ მთავარი ბრძოლაში გამოჩენილი სიმამაცეა; მაგრამ სიცოცხლის ბოლოს გაიგებს, რომ მასზე მეტია სიყვარული; ჰგონია, რომ მთავარი მამაკაცია და ღრმად მოხუცი მიხვდება, რომ მასზე მეტია ქალი; ჰგონია, რომ მთავარი მისი გმირობის აღმწერი 16 წიგნია, მაგრამ სიკვდილის წინ დარწმუნდება, რომ მათზე მეტია სიყვარულის აღმწერი ერთი წიგნი; მთელი ცხოვრება ჰგონია, რომ მთავარი სიმართლეა, ღრმად მოხუცი კი აღმოაჩენს, რომ შესაძლოა, სიმართლეზე მიმზიდველი იყოს გამონაგონი. აღმოსავლეთის უპირველესი ბრძენი უდასტურებს, რომ ეს ასეა; და, რაც კიდევ მეტია, საკუთარი გულთა ხილვით ხვდება, რომ მისი ხანგრძლივი, გმირობით და სიქველით დახუნძლული ცხოვრება არაფერია იმ უხილავ გრძნობასთან, რამაც მისი უცნაური სტუმრები მრავალი წლის წინ შიშველი ხელებით ქაჯებთან აომა.

* * *

როდესაც ეს მოთხრობა წავიკითხე, უკვე იმ გზაზე ვიყავი შემდგარი, ბოლოს რომ გაპლასტმასებამდე მიჰყავს ადამიანი: დილიდან ღამემდე შეხვედრებზე დარბიხარ; ღამიდან დილამდე კომპიუტერს ხარ მიჯაჭვული; ახლობლების სატელეფონო ზარებს ვერ პასუხობ; მშობლებისთვის ვეღარ იცლი; შვილებს ენატრები... დღეში ათჯერ მაინც გიხდება ბოდიშის მოხდა იმისათვის, რაც უნდა გაგეკეთებინა და ვერ გააკეთე, რადგან მოუცლელი იყავი.

და უცებ... შენში შემოდის ნურადინ ფრიდონის ამბავი – სიბრძნითა და სულიერებით დამუხტული. მკაფიოდ გახსენდება, რომ ადამიანი ხარ და ადამიანები გიყვარს. ხვდები, რამდენად აღემატება ეს გრძნობა ყველაფერს, რასაც გუშინ მნიშვნელობას ანიჭებდი. ერთბაშად მოგიცავს უცნაური სიმხნევე, სიმსუბუქე... და ადამიანობის ეს ხიბლი დაგყვება მანამ, სანამ თავიდან გშთანთქავს რუტინა.

ოღონდ, სადღაც, მეხსიერების კუნჭულში, სამუდამოდ რჩება ნურადინ ფრიდონის გაცოცხლებული ხატი და იმედი, რომ შენც ამ უკვდავი ხატის პაწაწინა ნაწილი ხარ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG