Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 8 ოქტომბერი. See content from before

სამშაბათი, 6 ოქტომბერი 2009

ბოლო დღეებია სულ ამ სიტყვებს ვიმეორებ:

“და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი
და მაინც - შენი გზის ავაზაკი.”

არც კი მინდა ფიქრი იმაზე, თუ რატომ მიზიდავს და მაბრუებს ასე ეს სტრიქონები. კომენტარსა და ტექსტის ანალიზსაც გავურბივარ, მისი საიდუმლოს ამოცნობა მაშინებს, ვუსმენ მხოლოდ საკუთარ ხმას, გულში ან ხმამაღლა ნათქვამ სიტყვებს:

“და მაინც შენი ეტლის ვარ მგზავრი
და მაინც - შენი გზის ავაზაკი.”

ოთარ ჭილაძესთან ბევრი გზაა (ოღონდ გასავლელი მხოლოდ ერთია, ერთად-ერთი), გზაზე მარტონი მიდიან, გზად იღლებიან, გზაში ტვირთს იხსნიან, ან შუა გზიდან ბრუნდებიან, გზაში ყოველთვის არჩევანს აკეთებენ, გზა ხან გაიხსნება, ხან შეიკვრება, მომსვლელები მოდიან, წამსვლელები მიდიან:

“მეც წავალ, ოღონდ ცოტაც მადროვეთ,
ბარემ შევავსო ბოლო ფურცელიც
და ამოვწურო ეს სიმარტოვე,
ეს ფორიაქი ამოუხსნელი.”

ბოლო ფურცელიც შეივსო, სიმარტოვეც, უსასრულო რომ გვეგონა, ამოიწურა, დასრულდა გზა, სავსე ფორიაქით და დუმილით, თავგადასავლებით და კარჩაკეტილობით.

ბოლო დღეების მანძილზე ამ ლექსსაც ვიზეპირებდი (რომელიც პოეტმა გალაკტიონს მიუძღვნა), მაგრამ მაინც ვერ დავიზეპირე. შეუძლებელია დაიზეპირო ყველაზე მთავარი, მან მხოლოდ უნდა გაიელვოს:

ქუჩებში წვიმდა. მე ვიყავ მარტო.
ვუსმენდი წვიმას და თუთუნს ვწევდი.
და ოთხკედელში მოქცეულ ფართობს
წვიმა ავსებდა საკუთარ სევდით,

მე ჩემი მქონდა და მსურდა მშვიდად
მეძებნა ჩემი სევდის მიზეზი,
მაგრამ ვიღაცა სახურავს მხდიდა
და ჩამდიოდა წვიმა კისერში.

მე ვფხიზლდებოდი და დიდი ბაღი
ბრწყინავდა წვიმის ყალბი მძივებით.
ბრწყინავდა კუბოც, რომელსაც ხალხი
ნელა მისდევდა, როგორც იმედი.

მე აღარ მახსოვს, რა მოხდა ადრე,
ან ჩემს სიყვარულს ვის ვაძალებდი,
მე მახსოვს მხოლოდ, რომ ბებერ ჭადრებს
ეკიდა წვიმის მძიმე ზარები.

და გარეუბნის ნაცრისფერ ღრუბლებს
შეშფოთებული უცქერდა ხალხი,
უცქერდა ჩუმად და სველი კუბო
მიჰქონდა, როგორც ჩამქრალი ჭაღი.

ქუჩებში წვიმდა და წვიმის წვეთებს
არ აწუხებდათ ცოცხლების ხვედრი.
და ყველაფერი მოჩანდა მკვეთრად
წვიმით გაჟღენთილ სიკვდილის გვერდით.

ეს ბოლო სტროფიც ისეთივე მიმზიდველი და გამაბრუებელია, როგორც თავში დამოწმებული სტრიქონები, მაგრამ აქაც, მირჩევნია ნისლოვანება დავტოვო, ვიდრე მკვეთრად დავინახო მისი აზრი.

ოთარ ჭილაძის მაგალითი ყველას გვამხნევებდა. მისი საყვედური მართალი იყო, მისი ჟინი - სანიმუშო (სხვებსაც ასეთ ჟინიანებად გვაჩვენებდა): “ჩვენ, მწერლები, ახალგაზრდებიც და ძველგაზრდებიც <...> ხელს კი არ ვიღებთ უაზრო და უმადურ შრომაზე, ყოველი მორიგი მარცხის შემდეგ კიდევ უფრო მეტი ჟინითა და მონდომებით ვერთვებით ამ აზარტულ თამაშში, და თქვენც, ჩვენი მკითხველები და ლიტერატურის მოყვარულნი, კიდევ უფრო დიდი ინტერესით ადევნებთ თვალს, რომელი ჩვენთაგანი ვერ შეძლებს, კიდევ ერთხელ, არარსებული ლოდის ათრევას არარსებულ მწვერვალზე.”

ოთარ ჭილაძე
იგი არარსებულს, ანდა ღრუბელს ეძახდა იმას, რასაც ქმნიდა, მისთვის მთავარი თავად ღრუბელი იყო, და არა ის, ნელა იცვლებოდა იგი თუ სწრაფად, საავდრო იყო თუ კარგი ამინდის მაუწყებელი. ერთ-ერთ საუბარში "სისულელეც" კი უწოდა მწერლობას და დასძინა: “როცა ქვეყანაში, თუნდაც არასერიოზულად იკითხავენ, გვჭირდება თუ არა მწერლობაო, არათუ მწერლობა, ყველაფერი სისულელეა.” ასეთი არასერიოზულობა დღეს ჩვენს ქვეყანას შავი ღრუბელივით ადგას თავზე.

ზემოთ დამარცხება და ტვირთისგან გათავისუფლება ვახსენე. ოთარ ჭილაძეც სწორედ ასეთი დამარცხებიდან იწყებდა ყველაფერს, ეს იყო მისი ე.წ. “ნეგატიური თეოლოგია”, არსებობის სათავე, გონების დემარში სიცხადის წინააღმდეგ, რომელიც ყველაზე მთავრის გამოუთქმელობით აღწევდა მთავარს. ალბათ აქაა მისი მრავალშრიანი, მეტაფორებით სავსე პროზაული ენის საიდუმლოც. სანიმუშოდ, თუნდაც მისი ინტერვიუები წაიკითხეთ. არც ერთი მათგანი არაა საუბრის ჩანაწერი. ასე, ალბათ, პლატონი წერდა თავის დიალოგებს.

ერთ-ერთ ასეთ, 1993 წელს, აფხაზეთის ომის შემდეგ დაწერილ დიალოგში ამბობდა ოთარ ჭილაძე: “ყველაზე მძაფრად ახლა ვგრძნობ იმ ადამიანების სიდიადეს, რომლებმაც თავიანთი წილი სიცოცხლე იმყოფინეს მიზნის მისაღწევად.” რაც დრო გადის, მით უფრო იმატებს სხვების სიცოცხლის ხარჯზე გაძლიერებული პარაზიტების რიცხვი, რომლებიც ყოველ სეზონზე თითო პატარა მიზანს აღწევენ, და ამიტომაც, “ჯერჯერობით ძნელი სათქმელია, აღმა მივდივართ თუ დაღმა, ვიღვიძებთ თუ გვესიზმრება გამოღვიძება.”

და ამ სიზმარ-ცხადში წავიდა კაცი, რომელიც ერთი ტელეარხისთვის “რუსთაველისა და სახელმწიფო პრემიების ლაურეატია”, მეორესთვის “დიდი ქართველი კლასიკოსი”, მესამისთვის -“ნობელის ლაურეატობის ნომინანტი.”

ოთარ ჭილაძის გზა დასრულდა. და რა უნდა დაიწყოს, რა უნდა დავიწყოთ ჩვენ ამ დიდი გზის დასრულების შემდეგ?

ალბათ უნდა დავიწყოთ ფიქრი ჩვენს შეცდომებზე, უმწიფრობაზე, უვიცობაზე, უწვრთნელობაზე და უგემოვნებაზე, ლეგენდებზე და ცრურწმენებზე, ცრუკერპებსა და ცრუ იმედებზე, სიმართლეზე, სიმწარეზე, შხამზე, შფოთვაზე, მტრობაზე, დაპირისპირებებზე, ანგარიშსწორებაზე, ღირსეულთა დაკნინებასა და უღირსთა განდიდებაზე, მონობაზე, მხედრის ულუფაზე და მონის სალაფავზე, ოცნებებსა და იმედგაცრუებებზე, მიზანზე და მიზნის მიუღწევლობაზე, სიძულვილზე, ცილისწამებებზე, ცოდვებზე, სიამაყეზე და სასჯელზე. ჩვენ უნდა შევიძრათ და შევწუხდეთ, და, რაც მთავარია, უნდა გავარკვიოთ, თუ რატომ იქცა ჩვენი ეროვნული უბედურება ეროვნულ დანაშაულად, ბოლო-ბოლო დაჩაგრულები ვართ თუ მჩაგვრელები? აბუჩად აგდებულნი თუ აბუჩად ამგდებნი?

ყველა ეს კითხვა ოთარ ჭილაძისგან მივიღეთ მემკვიდრეობით, და კიდევ: “პირობას გაძლევთ, პრობლემები არ დაგველევა, ვიდრე ვიცოცხლებთ, ვიდრე ვიცხოვრებთ, ვიდრე გონი შეგვრჩება და, რაც მთავარია, ვიდრე ბრძოლის თავი და სურვილი გვექნება…”
დღეს ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა... ეს ამბავი აქ, ბლოგში გავიგე და უცებ – ერთ წამში – გავღარიბდი. რაზე არ ვცადე ფიქრი, მაგრამ ისევ და ისევ მასთან ვბრუნდებოდი – ამ უაღრესად ღრმა და მარტოსულ კაცთან. ვბრუნდებოდი მის ტკივილთან, მის აზრებთნ და მისი ბოლო ინტერვიუს ბოლო ფრაზასთან: „როგორც არ უნდა გაგვიჭირდეს, ყოველთვის გვახსოვდეს - წინ მარადისობაა!“

თან მერიდება ჩემი დღევანდელი გრძნობების და ფიქრების აღწერა, თან არც სხვა რამეზე შემიძლია აზრების თავმოყრა. უბრალოდ, არ მეგულება ადამიანი, რომელიც ამდენად ინდივიდუალურიც იყოს და ამდენად საზოგადოებრივიც; ამდენად გულდახურულიც და ამდენად გულგახსნილიც; ამდენად უცხოც და ამდენად ჩემიანიც...

მთელი დღის განმავლობაში ჩემთვის ძვირფასი ადამიანები მეხმიანებოდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ოთარ ჭილაძე გარდაიცვალა. და ყველა, ვინც დღეს ბატონ ოთარს ახსენებდა, იმ საქართველოს ნაწილია, რომელიც განსაკუთრებით მიყვარს.

დილიდან პირველ რიგში გამახსენდა ბატონი ოთარის მიერ ნათქვამი ერთი ფრაზა, რომელმაც წაკითხვისთანავე შემძრა: ვიდრე საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით, სულ თავისუფლებაზე ვოცნებობდით და როდესაც გავთავისუფლდით, პირველი, რასაც ზურგი ვაქციეთ, სწორედ თავისუფლება იყოო...

ეს რომ გამახსენდა, მერე ფიქრი იქით გამექცა, რომ, მართლაც, ვინც როგორ შევძელით, ისე ვაქციეთ ზურგი: ზოგმა თავისუფლება მაშინვე ამ ქვეყნიდან გასაქცევად გამოიყენა, ზოგმა – ახალი პატრონის მოსაძებნად ჩვენი საერთო სამშობლოსთვის, ზოგმა ეკლესიას შეაფარა თავი და ზოგიც იმისტი და ამისტი გახდა.

დღეს რომ თავისუფალ საქართველოში სახელმწიფო პოლიტიკის რანგშია აყვანილი ტყუილი და უსამართლობა; ჩვენი თავისუფლება რომ ჩვენივე პასუხისმგებლობის წყარო კი არ გახდა, არამედ – ჩვენი უპასუხისმგებლობის; ისინიც, ვინც ქვეყანას მართავს და ჩვენც, ვინც ამ პროცესს შორიდან ვუყურებთ, ერთდროულად რომ ვართ თავისუფლები ჩვენს უპასუხისმგებლობაში – ესეც, ჩემი ხედვით, ბატონი ოთარის ჩუმი და მუდმივი ტკივილის ნაწილი იყო, რომელიც ხანდახან საჯარო სივრცეშიც გამოიკვლევდა ხოლმე გზას. და იმდენად ბუნებრივი იყო მისი ტკივილი, რომ დიდხანს-დიდხანს მეც მიმყვებოდა ფიქრად და ტკივილად.

ამ განცდებმა დღის ბოლოს რატომღაც სულხან-საბა ორბელიანის ერთი არაკი გამახსენა, „თავტაფიანები“ ჰქვია. ექიმი ყვება, მეფემ ერთი შემცოდე კაცისთვის თავის მოკვეთა ბრძანაო; მეც იქვე ვიყავ, კაცს თავი რომ წარკვეთეს, მყისვე წამალი შევაგებე, „ყიაში ჩავასხი და ყელზე ტაფა დავაკარო“. „აღარ მოკვდა კაცი იგი და თავის ნაცვლად ტაფა ება. სიკვდილამდე სამი-ოთხი შვილი ეყოლა და თავი არც ერთს არ ება და წვრილი ტაფები ებნეს თავთა ნაცვლად“ – ასე სრულდება არაკი.

დღეს პირველად ვიფიქრე, რომ გათავისუფლებული საქართველო, ძირითადად, თავტაფიანების სამშობლო გახდა. ვინც არ შეეგუა „ისტობას“, ვინც თავი არ მოიჭრა და მის ნაცვლად ტაფა არ დაიდგა, – ამ ადამიანების ნაწილი, უბრალოდ, განაწყენდა თავის სამშობლოზე, გაიბუტა და თავისუფლებას იმით აქცია ზურგი, რომ საქართველო პატარა ბელადებს, „ისტებს“ და თავტაფიანებს დაუტოვა, თავად კი სხვების თავისუფალ სამშობლოს შეაფარა თავი. ამაზეც წერდა ბატონი ოთარი, ამაზე განსაკუთრებულად წუხდა.

მაგრამ დღევანდელ დღეს სულ არ უხდება სხვებზე გაბრაზება, სხვების დამუნათება. დღევანდელ დღეს უხდება საკუთარ თავში ჩაყურყუმალავება და თუ რამ საყრდენია აღმოსაჩენი, საკუთარ თავში მისი ძიება.

დღის ბოლოს ვიფიქრე, რომ ჩემი საყრდენი, მგონი, დიდი ხნის წინ მაქვს მოძებნილი. ეს საყრდენი იმ სამყაროდან გადმომყვა, რომელიც გარედან უძრავ-დახავსებული და შეუხედავი იყო, შიგნიდან კი თავისუფლების და შემოქმედების ძლიერი მუხტით მიზიდავდა. ეს იყო ოთარ ჭილაძის, ჭაბუა ამირეჯიბის, ანა კალანდაძის, გურამ დოჩანაშვილის, რეზო ინანიშვილის, ვახუშტი კოტეტიშვილის, ჯემალ ქარჩხაძის, აკაკი ბაქრაძის, თამაზ ჩხენკელის, ნოდარ დუმბაძის, ჯემალ აჯიაშვილის და სხვათა – მათ შორის, ჩემიც – საქართველო. ამ საქართველოს მკვიდრ ბინადრად რომ მიმაჩნია თავი, იმიტომ მიჩნდება პერიოდულად განცდა, რომ მე ვღარიბდები, მაგრამ იმიტომაც მუდმივად დამყვება განცდა, რომ თავად საგანძური მარადიული და ხელშეუვალია.

უკვე გვიან ღამით, ბლოგის წერისას, ბატონი ოთარის წიგნი გადმოვიღე და ერთი ლექსი წავიკითხე, რომელიც, რაც თავი მახსოვს, ჩემად მეგულება. „გამოთხოვება“ ჰქვია და დღეიდან კიდევ სულ სხვანაირად ძვირფასია ჩემთვის: თურმე, წლების განმავლობაში, ბატონი ოთარი თვითონ მამზადებდა დღევანდელი დღისთვის:

„რა მოხდა, თუკი ვეღარ შევხვდებით.
ამქვეყნად რაც კი ხდება შემთხვევით, –
მარადიული ის არის მხოლოდ
და ასეთია ყოველთვის ბოლო
ნამდვილი გრძნობის, განცდის და ვნების,
და მეც ამ დიდი კანონის ნებით –
მიყვარხარ!“

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG