Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

თუ სწორად მესმის, ახლა საქართველოში სამი საზოგადოებრივ–ვირტუალური კლუბია. ერთი მათგანი ბინადრობს საკან N5–ში, მეორე – ფეისბუკზე და მესამე – „რადიო თავისუფლების“ ბლოგებზე.

საკნის კლუბს ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, აგრეთვე, ხილული და უხილავი წევრები, ანუ სტუმრები და მაყურებლები. ამ კლუბში ხშირად საუბრობენ ღირებულებებზე – სამართლიანობაზე, პატრიოტიზმზე, რელიგიურ გრძნობებზე. კლუბს ჰქონდა ამბიცია, ხელისუფლების მიმართ წინააღმდეგობის პროცესი პოლიტიკურიდან საზოგადოებრივ სივრცეში გადმოეტანა და გადაწყვეტილებების მიღების ცენტრადაც საკანი ექცია. მართლაც, იყო დრო, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები „უცნობთან“ დადიოდნენ და კამერების მიღმა სწორედ მასთან ათანხმებდნენ გადაწყვეტილებებს. საკნის კლუბის „ოქროს ხანად“ უნდა მივიჩნიოთ 26 მაისი, როდესაც „უცნობი“ ეროვნულ სტადიონზე ხელში აყვანილი შეიყვანეს და, ტრიბუნებიდან წამოსული ოვაციების ზღვაში, მთელი სტადიონი ხელდახელ შემოატარეს. ეს იყო აქციის მონაწილეთა მხრიდან „უცნობისთვის“ გადახდილი მადლობა პირველი საზოგადოებრივი კლუბის შექმნისთვის და მისი თავდადებული ლიდერობისთვის.

მაგრამ, იმედიანად დაწყებული 26 მაისის უიმედოდ დასრულების შემდეგ, საკნის კლუბი ვირტუალურ დაღმართზე დაეშვა და დღეისათვის, სულაც, დახურვის პირას არის. ოპოზიციის პროტესტი პოლიტიკურ სივრცეში გადადის, პროცესზე პასუხისმგებლები პოლიტიკოსები ხდებიან და მათ საინფორმაციო უზრუნველყოფას საკუთარ თავზე „ნიუსების“ პროფესიონალი – ეროსი კიწმარიშვილი – იღებს.

ფეისბუკის კლუბი, საკნისგან განსხვავებით, უხმაუროდ და ფრთხილად შეიქმნა, შესაძლოა, სწორედ როგორც საკნის კლუბის ალტერნატივა. ფეისბუკის კლუბი ორგანიზაციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა. ლიდერს – ლევან რამიშვილს – ახლა კლუბში 4 000–მდე მეგობარი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს, რომ სწორედ ამდენი ადამიანი ადევნებს თვალყურს მის მიერ გამოქვეყნებულ მასალებს და მის მიერ მართულ კამპანიებს. იმის მიუხედავად, რომ კლუბი საჯარო სივრცეში არსებობს, გადაწყვეტილებები დახურულ რეჟიმში მიიღება და საზოგადოება მხოლოდ უკვე მიღებული გადაწყვეტილებების განხორციელების პროცესს ადევნებს თვალს.

ფეისბუკის კლუბის დევიზიც ღირებულებების ერთგულებაა – ზოგადად, ლიბერალური ღირებულებების დაცვა და, უფრო კონკრეტულად – საზოგადოების დაცვა რელიგიური ფუნდამენტალიზმისგან თუ საეკლესიო ავტოკრატიისგან. მაგრამ, სინამდვილეში, ფეისბუკის კლუბს ახასიათებს ხელისუფლების მიმართ მკვეთრი ლოიალობა და, სავარაუდოდ, ერთ–ერთი სახელისუფლო დაჯგუფების განსაკუთრებული მხარდაჭერა. ამ კლუბში რელიგიური საკითხები, საქართველო–რუსეთის ურთიერთობა თუ კონკრეტული ადამიანების მიმართ დამოკიდებულება მხოლოდ ხელისუფლების ინტერესების ჭრილში განიხილება. კლუბის იდეების საინფორმაციო უზრუნველყოფაზე, თავად სოციალურ ქსელთან ერთად, ტელეკომპანია „იმედი“ ზრუნავს.

ახლა მესამე კლუბზეც ვთქვათ რამდენიმე სიტყვა. „რადიო თავისუფლების“ ვებგვერდზე ექვსი ბლოგია, რომლებსაც, ძირითადად, ერთი და იგივე ადამიანები სტუმრობენ. სტატისტიკის მიხედვით, ბლოგების კლუბში 4000–ზე მეტი წევრია – საშუალოდ სწორედ ამდენი უნიკალური მკითხველი ჰყავს თითოეულ მასალას კვირის განმავლობაში. რადიო თავისუფლების ბლოგებს შორის ყველაზე მეტად თვითორგანიზებულია „იანეთი“ – ია ანთაძის ბლოგი, რომლის აქტიური წევრები არა მხოლოდ ერთმანეთს ესაუბრებიან, არამედ, კვირაში ერთხელ სტუმარსაც იწვევენ. ზოგადად, ბლოგერების კომენტატორებთან ურთიერთობის წესი ინტერაქტიულია, ხოლო „იანეთში“ სტუმრის მოწვევის და კითხვების დასმის პროცედურები მთლიანად საჯარო სივრცეშია განთავსებული. არ ვიცი, რატომ უნდა დამწამონ მიკერძოება, თუკი ბლოგების კლუბს საქართველოს რეალობაში ყველაზე დემოკრატიულ და გამჭვირვალე კლუბად შევაფასებ.

თუ საკნის კლუბი ოპოზიციური აზრის თავმოყრის ადგილია, ხოლო ფეისბუკის კლუბი – ხელისუფლების მხარდამჭერთა ორგანიზებული ერთობა, ბლოგების კლუბი – „რადიო თავისუფლების“ მრავალწლიანი ტრადიციიდან და შინაგანი მრავალფეროვნებიდან გამომდინარე – ცდილობს, მიუკერძოებელი და პოლიტიკურად არაანგაჟირებული იყოს. მაგრამ „იანეთის“ სტუმრების ვინაობას თუ გადავხედავთ, ბალანსი მაინც დარღვეულია ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობლთა სასარგებლოდ.

რაკი კლუბი სულ სამია და, მათ შორის, ერთი – დახურვის პირასაა, არსებობს საფრთხე, რომ ფეისბუკის კლუბი და ბლოგების კლუბი ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდეს. ეს, პირველ რიგში, ბლოგების კლუბს დააზარალებს, რადგან – სურს ეს ვინმეს თუ არ სურს – ფეისბუკის კლუბის პირისპირ დგომა ნიშნავს ოპოზიციის დამცველის პოზიციაში საკუთარი თავის დაყენებას. ამ პოზიციაში კი ბლოგების კლუბი დაკარგავს მთავარ ღირსებას: ღირებულებებზე ორიენტაციას. სამივე კლუბი მთავარ ღერძად ღირებულებების ერთგულებას აცხადებს, მაგრამ, სინამდვილეში, მხოლოდ ბლოგების კლუბს აქვს შანსი და რეალური საფუძველი, არ გაცვალოს ღირებულებები პოლიტიკურ პოზიციაზე, არ გადააქციოს ღირებულებები ერთგვარ შირმად პოლიტიკური პროპაგანდისთვის.

ბლოგების კლუბის წევრების დიდმა უმრავლესობამ, სავარაუდოდ, სწორედ იმიტომ აირჩია „რადიო თავისუფლების“ სივრცე და არა საკანი ან ფიესბუკი, რომ აქ ეგულება საზოგადოებრივი პროცესის მართვაში მონაწილეობის შანსი – პოლიტიკაში პირდაპირი ან ირიბი ჩარევის გარეშე. ღირებულებების ირგვლივ თვითორგანიზება და სოლიდარობის სულისკვეთების გაღვივება ბლოგების კლუბის ზეამოცანაა და მისი გაღარიბება დიდი შეცდომა იქნება.

იმის გამო, რომ ბლოგების კლუბიდან პოლიტიკურ თემებთან ყველაზე მჭიდრო კავშირი „იანეთს“ აქვს და ფეისბუკის კლუბთან ორმხრივი შეხების (ორმხრივი ჩხვლეტის) ობიექტი სწორედ ია ანთაძე აღმოჩნდა, ერთი გულწრფელი რჩევა მაქვს ამ ადამიანისთვის: დადგეს არა ფეისბუკის კლუბის პირისპირ, არამედ – მასზე მაღლა, კატეგორიულად ააცილოს თავიდან ბლოგების კლუბს ყოველგვარი დაპირისპრება და ზედმიწევნით გაუფრთხილდეს მის ღირსებას.

ასეთი საჯარო რჩევა, გნებავთ, გაფრთხილება, ვიმედოვნებ, საკმარისი იქნება სათანადო გადაწყვეტილებების მისაღებად.

არ მახსოვს, როდის შთავაგონე ჩემს თავს, რომ ახლობელი ადამიანის სიკვდილი იგივეა, რაც რომელიმე შორეულ ქვეყანაში ახლობელი ადამიანის გამგზავრება. მგონი მართლა ისე მაგრად დავიჯერე, რომ თითქმის ყველა მეგობარი დავკარგე, ვინც აქედან წავიდა.

ვიღაც უცხოეთში. ვიღაც კი, როგორც დედაჩემი ამბობს ხოლმე - ”იმსაიქიოს”.

ეტყობა, ამიტომაც არ მჯერა სასაფლაოების. არ მესმის, ვის სანახავად, თუ საპატივცემულოდ დადის ხალხი სასაფლაოზე.

მაგრამ ”იმსაიქიოს” თავი დავანებოთ. გიორგობა ახლოვდება და ვცეთ პატივი იმათ, ვისაც ”ედღესასწაულება”.

”ამსაიქიოს” მივხედოთ.

სხვათა შორის, 2003 წლის გიორგობა ჩემთვისაც დღესასწაული გახდა. სრულიად დარწმუნებული ვიყავი, რომ ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ მიცვალებულები შეიძლებოდა ვერ გაცოცხლებულიყვნენ, მაგრამ უკვე ლეშად ქცეული ქართველები აუცილებლად გაახელდნენ თვალებს. ისინი კი, ვინც ამ ქვეყნიდან გაქცევა მოახერხა, აუცილებლად დაუბრუნდებოდნენ სამშობლოს.

ჩემს ძმას 23 ნოემბრის კადრები გავუგზავნე მექსიკაში. ნახე, რა კარგი ხალხი ვართ, გეყოფა ეხლა, ჩამოდი მეთქი.

ვიღაცეები მართლაც ჩამოვიდნენ. სალომე ზურაბიშვილი როცა მინისტრი გახდა, უკვე საბოლოდ დავიჯერე, რომ ”ამსაიქიოს” მართლაც გაბრწყინება ელოდა; დაგვიბრუნდებოდნენ საუკეთესო ექიმები, არქიტექტორები, მუსიკოსები და ჩვენ გვექნებოდა ყველაზე - როგორც სააკაშვილი ამბობს ხოლმე - ”მაგარი ქვეყანა”!

6 წელი გავიდა იმ წვიმიანი ნოებრიდან. ”ლეშად ქცეულები” უიმედოდ ”ჩაირეცხნენ”. უფრო აქტიურები კი ან წავიდნენ, ანდა წასასვლელად გაემზადნენ. ჩემი ნაცნობ-მეგობრების უმრავლესობამ, ვინც საქართველო დატოვა, თავი იმით გაიმართლა, რომ, ჯერ ერთი, ამ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელია და მეორეც - ისინი თავს ”მსოფლიო მოქალაქეებად” გრძნობენ და რაღაც მდაბალი, ნაციონალისტური ვნებებისგან თავისუფლები არიან. კი, ახლა სხედან ფეისბუკში და ჩემზე უკეთაც კი იციან, რა ხდება საქართველოში. მაგრამ, როგორც წესი, ეს იმიტომ კეთდება, რომ რაღაცნაირად დაიმშვიდონ თავი: ”კიდევ კარგი იქიდან წამოვედი! ”.

ვიქტორ ნეკრასოვს ჰკითხეს ერთხელ, სამშობლო რომ გენატრებათ, რას აკეთებთო. ყოველდღე მენატრება და ამ ნოსტალგიას რამე რომ მოვუხერხო, პარიზის ერთ ჯიხურში გაზეთ ”პრავდას” ვყიდულობო.


6 წლის წინ, როცა ”მეფე” მღეროდა წვიმიან რუსთაველზე, ვინ წარმოიდგენდა, რომ ახალი ომისგან წელგატეხილი ქვეყანა ისევ დაცარიელდებოდა იმ ხალხისგან, ვინც რაღაცის გაკეთება იცოდა.

და ”მეფესაც” დავასაფლავებდით. ვინ წარმოიდგენდა ამას?

აგერ, ამსტერდამში - ამ კლაუსტროფობურ ქალაქში, რომელმაც ისევ ვერ შემაყვარა თავი, გოგი ძოძუაშვილი დასახლებულა. მარწმუნებდა, ძალიან კარგი ქალაქია და კარგად ვგრძნობ აქ თავსო.

ე.ი. გოგიც აღარ დაბრუნდება - ამ თაობის ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი და მართლა ძალიან საყვარელია ადამიანი?

ვისხედით ასე ჰოლანდიაში დამკვიდრებულ ქართველებში, მე, რატი ამაღლობელი, დათო ტურაშვილი და ლაშა ბუღაძე. ვუყვებოდით, რა ხდებოდა საქართველოში. ჩემგან აშკარად ეწყინათ, როცა ამსტერდამზე ვუთხარი, რა საშინელი ქალაქია, აქ როგორ ცხოვრობთ მეთქი.

რამ მათქმევინა ახლა ეს? ისევ მაქვს იმედი, რომ დაყრიან ყველაფერს და სამშობლოს დაუბრუნდებიან?

რატიმ თავისი ლექსები წაიკითხა, დათომ, როგორც იცის ხოლმე - ხელებით და ფეხებით - უამბო ქართულ სათვისტომოს, რა ხდებოდა საქართველოში... მეორე დღეს ბუღაძემ ჩართო ამსტერდამის მაღაზიაში ნაყიდი ”ოპერის კარაოკე” და ”სიყვარულის ნექტარი” იმღერა.

არ ვიცოდი, ასე კარგად თუ მღერის ლაშა. ჯერ კიდევ არაა გვიან, შედი კონსერვატორიაში, ხმას გაგისწორებენ, სცენაზე ახვალ და უფრო ადვილად მოშორდები უმეცრების წყვდიადს მეთქი (თბილისში იმ დროს თეა თუთბერიძის ამბავი იყო აქტუალური). ეს ვთქვი და ეგრევე ვინანე. რა სისულელე ვუთხარი!

არაო, ჩვენ არსად არ წავალთო. სამივემ მითხრა.

მწერლები არიან და არა მომღერლები! თორემ დაჰკრავდნენ ესენიც ფეხს და გაქანდებოდნენ დასავლეთში.

თუ არა?

აი, ჰოლანდიელებზე რომ ვამბობდი, როგორი უხეში ხალხია, როგორი ხელოვნურია ეს ”ბორცვუკები”, ეს ველოსიპედები... ხომ ამყვნენ? ვქაქანებდით ამაზე და ოთხივეს გვეტყობოდა თვალებში, რომ თავს ვიმშვიდებდით. ვცდილობდით, გაგვემართლებინა ჩვენი უუნარობა გავარღვიოთ სივრცე, რომელშიც რაღაცის შექმნა - არა აქვს მნიშვნელობა ცუდის თუ კარგის - მაინც მოვახერხეთ. გაგვემართლებინა ”ფარფატი” სივრცეში, რომელსაც სამშობლო ჰქვია.

ასეა. ყველა იმართლებს თავს. ის, ვინც წასვლა მოახერხა და ისიც, ვინც ვერაფერი მოუხერხა ამ უცნაურ პატრიოტიზმს. ნინო მანფრედივით, ”პური და შოკოლადში”.

ამ გამართლება-გამართლებაში სულ უფრო მეტად ცარიელდება ჩემი სამყარო კარგი ხალხისგან.

უცნაური მხოლოდ ისაა, რომ ხშირად ეს კარგი ხალხი დასავლეთის ქართულ რესტორნებში იკრიბება და გაკვირვებულია იმით, რომ 2003 წლის შემდეგ ქართული საზოგადოება ვერა და ვერ განვითარდა.

თან გარბის და თანაც იმას იმეორებს, რომ საქართველოს არაფერი ეშველება.

აი, ლაშა, რატი, დათო არსად წავლენ. დამპირდნენ და მჯერა მათი.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG