Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინც არც გატყდა და არც გაიყიდა


დღევანდელი წერილი ჩემს მეგობრებს ეძღვნება, მეგობრებს, რომლებსაც ახლა უჭირთ და გამხნევება სჭირდებათ. ისინი ბათუმში ცხოვრობენ, ძალიან კარგ საქმეს აკეთებენ და გზა-გზა ბევრ ჭირ-ვარამს უძლებენ.

ძველ ამბებს აღარ მოვყვები, შარშანდელს ვიტყვი: ზაფხულში ელექტრონული ფოსტით მუქარის წერილი მიიღეს – ამა და ამ ადამიანს სულ მალე ნახავთ მკვდარს, პირში გაზეთგაჩრილსო; ხოლო შემდეგ ამის და ამის ჯერი დადგებაო. წერილის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე ჩემს ერთ-ერთ მეგობარს ღამით უცნობი პირები აედევნენ მანქანით და ცდილობდნენ, დევნა რაც შეიძლება შესამჩნევი ყოფილიყო. მის თანამშრომელ გოგონას კი – ქვეითად მოსიარულეს – აედევნა მანქანა, რომელიც მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილდებოდა.

მოკლედ, ჩემს მეგობრებს აშინებდნენ. და ამ ქვეყანაში, სადაც კარგა ხანია თითქმის ყველა შეშინებულია, ჩემი მეგობრები არ შეშინდნენ.

ჰოდა, თუ არ გეშინია, სხვა ხერხებიც არსებობს: ახლა აღმოჩნდა, რომ ჩემს მეგობრებს შორის ერთ-ერთს მთლად სოდი გამოეცხადა და უთხრა – შენს ავადმყოფ მამას თავისი შვილის ისეთ ფოტოებს ვაჩვენებთ, არ გაუხარდებაო, მერე ამ ფოტოებს გამოვაქვეყნებთ და ინტერვიუსაც აღარავინ მოგცემსო. მძიმე მუქარაა. ეჭვი არ მეპარება, იციან, რასაც ამბობენ. და, რაც მთავარია, იციან, რასაც აკეთებენ.

გუშინ ერთმა ადამიანმა საჯაროდ იკითხა: კი მაგრამ, რას ბეჭდავს ასეთს „გაზეთი ბათუმელები“, ყველამ რომ მაგათთვის მოიცალაო.

ინფორმაციას რომ სანდო წყაროებთან ამოწმებს, ღირებულებებს რომ არ ღალატობს და ადამიანების გაჭირვება რომ მართლა ენაღვლება, – ამის მოყოლით თავს არ შეგაწყენთ.

ზოგიერთი რამ კი უნდა გიამბოთ. როდესაც სპეცსამსახურის თანამშრომელი, გვარად ჩიქოვანი და ზედმეტსახელად „მაიმუნა“, ახალგაზრდა გოგონას ბინაში თოკებით გადაძვრა, უსასტიკესად ცემა და გააუპატიურა იგი – ეს ამბავი ჩემმა მეგობრებმა დაწერეს და შოკისმომგვრელი ფოტოც დაბეჭდეს. შემდეგ, როდესაც 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ სასამართლომ ჩიქოვანი პირდაპირ დარბაზიდან გაათავისუფლა, ესეც გვიამბეს. შემდეგ, ბათუმელი სერჟანტის – როინ შავაძის – ნაწამები ცხედარი რომ იპოვნეს შარაგზაზე, ვითომ გაქცევისას რომ იყო მოკლული, სინამდვილეში კი ტყვიით დაცხრილვამდე თითები, მკლავები და ფეხები გადამტვრეული რომ ჰქონდა – ესეც დაწვრილებით აღწერეს. მოგვიანებით, ამ საქმეში ისევ იმ „მაიმუნას“ კვალი რომ აღმოჩნდა, რომელიც, როგორც ჩანს, წამების სპეციალისტია, ესეც არ დაუმალავთ.

აგვისტოს ომის დროსაც ბევრი რამ ისეთი გამოაქვეყნეს, რისი გაცხადებაც სოდს და კუდს არ გაუხარდებოდა: კოდორიდან ჯარის გამოქცევაზე, ფოთის პორტში გემების ჩაძირვაზე და უგულავას სამსაათიანი მორატორიუმის ტრაგიკულ შედეგებზე სულ თვითმხილველები ყვებოდნენ. ტაბუდადებული „დეზერტირობის“ თემაც გამოიკვლიეს – ფრონტიდან გამოქცეულ მეთაურებს როგორ აწინაურებდა, ხოლო უმეთაუროდ დარჩენილ ჯარისკაცებს როგორ აპატიმრებდა და 14 000 ლარით როგორ აჯარიმებდა სახელმწიფო.

ისიც დაწერეს, ბათუმის უნივერსიტეტში რექტორის არჩევის წინა დღეს კანდიდატები რომ დაიბარა ლევან ვარშალომიძემ, მეორე დღეს კი ხუთი წუთის წინ არჩეული რექტორი რომ გადადგა, რადგან შემთხვევით სხვა აირჩიეს – არა ის, რომელიც ვარშალომიძეს სჭირდებოდა. მეორე კენჭისყრა უშეცდომოდ ჩატარდა, არჩეულ-გადამდგარი კანდიდატი კი ასეთ კომენტარს აკეთებდა: ვაჟკაცი ბიჭია, პირდაპირ გვითხრა, რა უნდოდა, სხვას იქნებ ვერც გაებედაო.

აჭარის უზენაესი საბჭოს ნაციონალი დეპუტატის – ვინმე მალხაზ კალანდაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე რომ აღძრა პროკურატურამ უკრაინიდან სტუმრად ჩამოსული ქალბატონის ცემისა და გაუპატიურების ფაქტზე, ესეც „ბათუმელებმა“ გვიამბო. შემდეგ როგორ გულდაგულ მალავდა პროკურატურა ამ ფაქტს, ესეც იმავე სტატიაში იყო აღწერილი.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის – ბადრი ქაჯაიას – ისტორია სულ განსაკუთრებულია. ამ ახალგაზრდა კაცის ოფიციალური შემოსავალი თვეში 6 000 ლარს აღწევდა მაშინ, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტის ხელფასი 4 720 ლარი იყო. და როდესაც ეს მაღალხელფასიანი თავმჯდომარე გადაირჩიეს, სიტყვა ვერ ათქმევინეს მის მიერ გაკეთებული თუნდაც ერთი საქმის შესახებ – როგორც ჩანს, არც არაფერი გაუკეთებია. მერე უარესი მოხდა: ბადრი ქაჯაია, გადარჩევიდან რამდენიმე დღეში, დიდი რაოდენობით ნარკოტიკის შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს, ქუჩაში სასტიკად ცემეს და ზუსტად სამ დღეში გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. აი, რა უსიამოვნო ამბები ვიცით „გაზეთ ბათუმელების“ მკითხველებმა.

არც იმის გამოქვეყნება ესიამოვნებოდა ხელისუფლებას, 2008 (საარჩევნო) წელს აჭარის ბიუჯეტიდან ჯანდაცვის პროგრამებზე 973 000 ლარი რომ დაიხარჯა, ხოლო 2009 (არასაარჩევნო) წელს კი შესაბამისი პროგრამებისთვის თანხა 273 000 ლარამდე რომ დავიდა.

და ბოლოს, ლევან ვარშალომიძის პროექტის – „12 ფლეიტიანი ბიჭუნას“ – ამბავს ვიტყვი. 2 200 000 ლარად შეფასებული პროექტისთვის კანონი საერთაშორისო ტენდერის გამოცხადებას ითვალისწინებდა. თუმცა, როგორც „გაზეთმა ბათუმელებმა“ გაარკვია, შპს „ტექსუნს“ პროექტის განხოციელების უფლება ყოველგვარი ტენდერის გარეშე, ექსკლუზიურად მიენიჭა. დასაბუთება ორიგინალური იყო: საქართველოში ამათ მეტი მაინც ვერავინ გააკეთებდა და ტენდერი რაღა საჭირო იყოო. რა თქმა უნდა, სხვა როგორ გააკეთებდა – ვარშალომიძემ საკუთარი პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია საკუთარივე გემოვნებით შეარჩია. ოღონდ, ფული არ იყო საკუთარი, საზოგადო იყო.

აი, ასეთი ამბების მთხრობელია „გაზეთი ბათუმელები“. როდესაც წლები გავა და იკითხავენ – აბა, იმ ძნელ დროში ვინ იყო, ვინც არც გატყდა და არც გაიყიდაო – ზუსტად ვიცი, ჩემს მეგობრებს გაიხსენებენ.

სოდი, კუდი და „მაიმუნა“, იმ დროისათვის, ეჭვი მაქვს, იმანენტურად იქნებიან დავიწყებულნი.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG