Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

აგვისტოს ომზე ამერიკული ფილმის გადაღება დასრულდა. ახლა ყველამ ვიცით, რაც მოხდება. საქართველოს ჰოლივუდი მოაწყდება და უამრავ ახალ ფილმს გადაიღებენ. ჩვენც არ უნდა დავხვდეთ ხელცარიელები და რამე უნდა დავახვედროთ. ჰოლივუდს უყვარს სიკველები, პრიკველები, რიმეიკები და მეორე სერიები. მოდი, იდეები მივაწოდოთ. მე ჩემს ვერსიებს დავწერ, თქვენ თქვენები მიამატეთ კომენტარებში და ქვეყანაც აღარ ჩამოიშლება.

ჩიორა 2: დაბრუნება
რეჟისორი: უეს კრეივენი

რატომ ეს ფილმი? თუ არ გახსოვთ ან არ გინახავთ, აი, რა ხდება 1984 წელს გადაღებულ ”ჩიორაში”: თბილისელი ნიკა და მარი ბათუმში გაიპარებიან და იქ ლაგოდეხელ ჩიორას გაიცნობენ, რომელიც ამათ დაუმეგობრდება და თან მარი შეუყვარდება. ჩიორა ფულის საშოვნელად მანქანებს უვარდება ხოლმე ველოსიპედით და მერე მანქანის პატრონებს ფულს ართმევს. ერთხელაც არ გაუმართლებს და მოკვდება. ბოლოს მარი მიხვდება, თუ სად არის სინამდვილეში დაბუდებული ნამდვილი სიყვარული და ნიკას მიატოვებს. ფილმში ხაზგასმული კი არ არის, მაგრამ წესით მარის გადაწყვეტილებაზე გავლენა ნიკას ჩაცმულობასაც უნდა მოეხდინა. უკიდურესად მოტკეცილი თეთრი შარვალი აცვია ნიკას. ისეთი, აი, ყველაფერი რომ ჩანს. არ ეგების კაცს მეტისმეტად მოტკეცილი თეთრი შარვლით სიარული.

იკითხავთ, სიუჟეტი ხომ დასრულდა, სასიკველე აქ რა არის, სასიკველე მე ვარ მხოლოდ, ასე კარგად გაზრდილიო. ესე იგი, ფილმი კარგად არ გახსოვთ. ჩიორა ფრიად საეჭვო გარემოებებში კვდება. გაიხსენეთ (ისე, თუ მოგინდათ, შეგიძლიათ აი აქ ნახოთ). ავარიის შემდეგ ნიკა და მარი ჩიორას მონახულებას ცდილობენ. უშედეგოდ. ექიმი არ შეუშვებს. ჩანს, რომ ჩიორა დაშავებულია, თუმცა არცთუ ძალიან. ლაპარაკობს, მოძრაობს, რეანიმაციის პალატის ნაცვლად ჩვეულებრივში წევს... მეორე დღეს კი, როდესაც მარი მის მოსანახულებლად შეძვრება, ჩიორა უკვე მკვდარია. რატომ მოკვდა მსუბუქად ნაავარიები, ჯანღონით აღსავსე ლაგოდეხელი ბიჭი ერთ ღამეში? რატომ არ დარჩნენ მარი და ნიკა, ცხედრისთვის მაინც რომ მიეხედათ და საკადრისად დაეკრძალათ (სხვა პატრონი ჩიორას ბათუმში არ ჰყავდა)? იყო კი საერთოდ ცხედარი? ამ კითხვებს პასუხს ფილმის ახალ, მეორე ნაწილში გავცემთ.

როგორი იქნება გაგრძელება? პირველ ფილმში მომხდარი ამბიდან 9 წელი გავიდა. მარის (ნივ კემპბელი) აღარც ნიკა ახსოვს და ჩიორაზეც ბევრს აღარ ფიქრობს. ოთხი წელია, რაც გათხოვდა. ქმარი მხედრიონელისმაგვარი ტიპია, ნიკუშა ჩაჩავა (გიორგი ნაკაშიძე). პურის რიგში დგომა არ უწევთ და ვაუჩერებიც ბევრი აქვთ. მოკლედ, ყველაფერი მშვიდადაა, ვიდრე ერთ დღეს მარის ის ძველი ნიკა (სტიუარტ ტაუნსენდი, შარლიზ ტერონის ბოიფრენდი) არ დაურეკავს აკანკალებული ხმით და სთხოვს - მოდი შევხვდეთ, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა გითხრა, მგონი ჩიორა დავინახეო. შეხვედრაზე ნიკა არ მივა. სახლში იპოვიან თეთრ, ვიწრო შარვალზე ჩამომხრჩვალს. მარი ნიკას მკვლელობის საიდუმლოს ამოსახსნელად ჩადის იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო - ბათუმში და იქაურ საავადმყოფოს მიაკითხავს. ბათუმის საავადმყოფოს მთავარი ექიმიც მოკლული ხვდება - პირი შნიცელით აქვს ამოვსებული და ისეა დახრჩობილი. მოკლულთა რაოდენობა სულ უფრო იმატებს, სამართალდამცავ ორგანოებს ეჭვი მარიზე აქვთ. ასლან აბაშიძემ პირადად გასცა განკარგულება - ეგ გოგო სასწრაფოდ დაიჭირეთო. მარი თან პოლიციას გაურბის და თან ცდილობს მკვლელობების საიდუმლოს ამოხსნას. სწორედ ამ დროს გაიცნობს საიდუმლოებით აღსავსე კაცს, ლაგოდეხელ ჩივარას (ედვარდ ნორტონი), რომელიც დახმარებას აღუთქვამს. პრობლემა ისაა, რომ ჩივარა მარის ძალიან აგონებს 9 წლის წინ, ბათუმში გარდაცვლილ ჩიორას...

მონანიება 2: ცრემლიანი სპირალი
რეჟისორი: კრისტოფერ ნოლანი

რატომ ეს ფილმი? ”მონანიების” შინაარსის მოყოლას, ბუნებრივია, არ ვაპირებ. ჯერ ერთი, ალბათ გახსოვთ. ამასთან, ამ ჩვენს სიკველს თენგიზ აბულაძის ფილმთან საერთო არაფერი აქვს. მაშ რატომ ვარქმევთ ამ ფილმს ”მონანიება 2-ს”? რატომაც არა! ცნობილი ფილმია, ”კარგი ბრენდია” და რეზონანსიც მოჰყვება.

როგორი იქნება გაგრძელება? ქართველი მეცნიერი თეო (მინი დრაივერი) შემთხვევით აღმოაჩენს, რომ შეუძლია ადამიანების წარსულში გაშვება. ოღონდ, სხეულის დროში მოგზაურობა არ გამოდის. მხოლოდ გონების გაგზავნა შეუძლია ახლო წარსულში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანის სხეულში. ანუ, ის ვიღაც გარეგნულად იგივე დარჩება, მაგრამ მასში სხვა, მომავლიდან გადმოსროლილი პიროვნება დაიბუდებს. თეო იფიქრებს, რომ წარსულში ჩარევით შესაძლებელი იქნება საქართველოს ტერიოტიული მთლიანობის აღდგენა. უფრო სწორად, ტერიტორიების დაკარგვის საერთოდ თავიდან აცილება. ამ მიზნით თეო გადაწყვეტს, წარსულში გაგზავნოს ერთადერთი ადამიანი, ვისაც, მისი აზრით, ცვლილების მოხდენა შეუძლია - გოგი გვახარია (ენდი გარსია). გეგმის მიხედვით გოგი გვახარიას გონება საქართველოს პირველ პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას უნდა ჩაუსახლდეს. თუმცა, გეგმები აირევა და გოგი გვახარია ზვიად გამსახურდიას ნაცვლად გურამ პეტრიაშვილის (პიერ რიშარი) სხეულში აღმოჩნდება. გოგი ცდილობს, რომ გურამ პეტრიაშვილში ცვლილება ვერავინ შენიშნოს და ასე, უჩუმრად შეცვალოს ქვეყნის კურსი. თუმცა, ეს ასე მარტივი არ არის. პირველ რიგში, აღმოჩნდება, რომ ცვლილება სრული არ არის და გვახარიასაც ბოლომდე არ ჩაუნაცვლებია პეტრიაშვილი. ასე, მაგალითად, გოგი ცდილობს რომ იმიჯი შეიცვალოს და მოიხადოს სვანური ქუდი, რომელსაც რამდენიმე კვირის განმავლობაში კონსპირაციის მიზნით იტოვებდა, თუმცა მიხვდება, რომ ვეღარ ელევა. შემდეგ აღმოაჩენს, რომ გული ერევა ბერგმანის ”ცოლქმრული ცხოვრების სცენებზე”. თეო, რომელიც მომავლიდან ადევნებს თვალყურს გოგის ტრანსფორმაციას, მის დახმარებას ცდილობს და წარსულში ლაშა ბაქრაძეს აგზავნის, რომელიც ვიღაც დადებითი გამვლელის სხეულში აღმოჩნდება (კეშ უორენი, ჯესიკა ალბას ბოიფრენდი). თუმცა, მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდება. გვახარია/პეტრიაშვილს სრულიად მოულოდნელად საქართველოს მაშინდელი პირველი ლედი, მანანა არჩვაძე-გამსახურდია შეუყვარდება...


მოხუცებისთვის ადგილი არ არის 2: სად არის შენი ბედნიერება, რეზი?
რეჟისორი: გიორგი შენგელაია

რატომ ეს ფილმი? განა მარტო ქართული ფილმების სიკველირება შეგვიძლია. ოსკაროსან ფილმებსაც მივხედავთ!

როგორი იქნება გაგრძელება? ესეც განსხვავებული იქნება პირველისგან. ის დრამა იყო, ეს კი რომანტიკული კომედიაა. მოქმედება ასე, სამი-ოთხი წლის წინანდელ საქართველოში ხდება. ეროვნული იდეოლოგიის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს - დასავლეთიდან ახლად დაბრუნებული რეზი ნემსაძე (მაკალაი კალკინი), რომელსაც რთული გადაწყვეტილება აქვს მისაღები. სამინისტროში კადრების ოპტიმიზაციის პროცესი იწყება. აშკარად გასათავისუფლებელია ლიბერალური დემოკრატიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჯანსუღ ძაძამია (რამაზ ჩხიკვაძე). რომელიც მანამდე დიალექტიკის დეპარტამენტს კურირებდა. თუმცა, რეზის მისი ქალიშვილი, გენდერული თანასწორობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი ნიცა (ნუცა კუხიანიძე) უყვარს. ახალი მინისტრი სიყვარულსა და მოვალეობის გრძნობას შორისაა გახლეჩილი. ნიცა ჯერ მაშინ გაშორდა კინაღამ, რეზის მიერ სამსახურიდან გაშვებულ გურამ ლაბარტყავას (ნიკ ნოლტი) ინფარქტმა რომ დაარტყა და მოკლა. მამის სამსახურიდან გაშვებას კი ნამდვილად ვერ გადაიტანს. ამას ისიც ემატება, რომ საქართველოს პრემიერ- მინისტრი (ფაიზ აჰმედი, სკარლეტ იოჰანსონის ყოფილი ბოიფრენდი) მისგან სიმკაცრეს და პრინციპულობას ითხოვს...

ჰოდა ასე... ეს ჩემი ფილმები იყო. თქვენებს კომენტარებში ვნახავ.

PS. ტექსტში შეცდომა მაქვს დაშვებული. "ჩიორაში" მოქმედება სოხუმში ხდება და არა ბათუმში. მადლობა ალექსს შესწორებისთვის. ამ შეცდომაში დამნაშავენი უკვე დასჯილნი არიან და სასტიკი საყვედური გამოეცხადათ.


რა ხდება, როდესაც ადამიანის სახელი და მისი შინაგანი მდგომარეობა ერთნაირად ჟღერს? განსაკუთრებული ეფექტი ასეთ შემთხვევებს თარგმანის დროს აქვს ხოლმე, როდესაც სრულიად უცხო ენიდან გადმოტანილი განსხვავებული მნიშვნელობა ახლიდან იბადება, ახალი მნიშვნელობით. მაგალითად, ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის მიერ თარგმნილ “მეფე ლირში” ერთი ეპიზოდია, როდესაც ლირი კენტს იშორებს თავიდან და იგი გასვლის წინ ამბობს: “ბატონის-შვილნო, გეთხოვებათ თქვენ ყველას კენტი. - უცხო ქვეყნადაც ის დაშთების იმავე კენტად”. ანუ ერთი მხრივ, კენტი კენტად დარჩება, ანუ იმად, ვინც არის და, ამავე დროს, იგი კენტია, მარტო, მიუსაფარი, და ასეთად დარჩება, სანამ მოგვიანებით მისი ბატონი, ლირი, არ დაჩრდილავს თავისი მიუსაფრობით.

რა ხდება, როდესაც ადამიანის სახელი და ნაცვალსახელი ერთნაირად ჟღერს? რა და, ხუმრობის ხასიათზე დგები და გინდება სახელიც ისეთივე ფორმებში ჩასვა, როგორშიც ნაცვალსახელი. მაგალითად, ხომ არსებობს ნაცვალსახელი “იგი”? და ამავე დროს არსებობს მომღერალი იგი პოპი. ჰოდა იწყებ გართობას: იგი პოპი, იგივე პოპი, იგია პოპი, იგივენი და პოპი, იგი რა ქვია პოპი.

ეს უკანასკნელი ქუთაისური ფორმაა და განსაკუთრებით ახლოსაა პანკის მესაფუძვლესთან, ბოლო-ბოლო ქართული პანკიც ხომ ქუთაისიდან იღებს სათავეს! ჰოდა, სწორედ აქ მივადექით მთავარს, რასაც ეს ჩვენი ბლოგი ეხება. საქმე ისაა, რომ რობერტ კუხიანიძე ბოლო დროს ძალიან სევდიან სიმღერებს მღერის, “დიმპიტაურის” გარდა, ამას წინათ „იუთუბზე“ იმისთანა “დამწვრისას” გადავაწყდი რობის შესრულებით, რომ გული ამიჩუყდა. რობის პარალელურად იგი პოპმა ჩაწერა 30-წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ყველაზე მელანქოლიური ალბომი, რომელიც მიშელ უელბეკის ბოლო რომანით იყო შთაგონებული და რომელმაც ასევე გული ამიჩუყა. ეს იყო ჭეშმარიტად პანკური გადაძახილი, ქუთაისიდან აშშ-ში და პირიქით!

დაახლოებით ასეთი იგი ჩვენ ექვსი წლის წინაც ვნახეთ. მაშინ ისტორიული შეხვედრა შედგა. ჯიმ ჯარმუშმა თავის ფილმში, “ყავა და სიგარეტი”, კაფეში ერთ მაგიდასთან დასხა და ათას სისულელეზე ალაპარაკა ტომ უეიტსი და იგი პოპი. ერთი – ბარდი, ბლუზ-ვოდევილისა და აუტსაიდერული ლირიზმის მამა, მეორე კი - იგი პოპი, პანკის პიონერი, ღრიალისა და ჟღრიალის ფუძემდებელი.

ჰოდა, უცებ ეს კაცი ადგა და ღიღინზე გადავიდა, პირველ სიმღერად კი ალბომში ჟაკ პრევერისა და ვლადიმირ კოზმას Les Feuilles Mortes ჩასვა. ალბომს Préliminaires ჰქვია, იგი წელს, მაისში გამოვიდა. Préliminaires-ში იგი პოპი სულ სხვა შემსრულებლად მოგვევლინა. თუკი ადრე, იგი (აჰა, გინდ სახელი დაწერე, გინდა ნაცვალსახელი, სულ ერთია) მხოლოდ შიგადაშიგ გამოურევდა ხოლმე ლირიკულ თემებს, ახლა მთელი ალბომი რაღაც ერთიანი კაეშნიანი კონცეფციით გააერთიანა. ჩემი აზრით, ესაა ერთ-ერთი საუკეთესო ალბომი მათ შორის, რომლებიც კი ბოლო წლებში ჩაწერეს ბებერმა კლასიკოსებმა.

ყველა კომპოზიცია ერთმანეთისგან განსხვავდება, თემატურადაც და ჟანრულადაც. აქ ნახავთ ანტონიო კარლოს ჟობიმის How Insensitive-ს, ნიუორლეანური ჯაზის მოტივებს, არქაულ ბლუზს, სერჟ გინსბურგისეულ კაბარე-ბალადებს. მოსმენისას არაერთხელ ჩაივლიან ბობ დილანი და ლეონარდ კოენი.

ალბომის ვიზუალური მხარე მარჯანე სატრაპის ეკუთვნის, გახსოვთ ალბათ ამ გოგოს (თუ ქალის) გრაფიკული რომანი “პერსეპოლისი”, რომელიც ანიმაციურ ფილმადაც გადაიღეს და 2007 წელს კანის ფესტივალზე და ოსკარზე დიდ-დიდი პრემიებით აღნიშნეს.

ცალკე თემაა იგი პოპი და მიშელ უელბეკი. ერთი შეხედვით ამ ორმა სრულიად განსხვავებულმა ნონ-კონფორმისტმა მოულოდნელად საერთო ენა გამონახა. ამ ვიდეოში, რომელიც Canal +-ზე გავიდა წლევანდელი მაისის ბოლოს, უელბეკი კარგა ხანს ჩრდილშია, მას ვერც იგი ამჩნევს და უბრალოდ ოპერატორის ოსტატობის წყალობითაა, რომ “კუნძულის შესაძლებლობის” ავტორი გამუდმებით კადრში მოჩანს. მაგრამ რაღაც მომენტში იგის უელბეკის არსებობას შეახსენებენ, მწერალს პროჟექტორიც ამოანათებს და გმირები შორიდანაც მიესალმებიან ერთმანეთს.

საინტერესო ინტერვიუა. იგი ამბობს (ანუ იგი პოპი), რომ უელბეკის რომანი ავღანეთში, ქაბულის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში წაიკითხა, სადაც იგი ოთხი დღის განმავლობაში იყო გამოკეტილი. მანამდე სექსისა და სიკვდილის მსგავსებასაც ახსენებს, იმასაც აღნიშნავს, ჩვენ, ორივემ, ძალიან დიდი დრო გავატარეთ მარტოობაში და ფიქრშიო და ამიტომაცაა, რომ ერთმანეთის სათქმელს ვამბობთო.

ინტერვიუში ძაღლების თემასაც ეხებიან, რომელიც ლამის ცენტრალურია Préliminaires-ში. ამაზე დიდხანს არ გავაგრძელებ, უბრალოდ ვიტყვი, რომ იგის მიშელ უელბეკისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმისთვის (ფილმს “უკანასკნელი სიტყვები” ჰქვია და იგი ჰოლანდიელმა რეჟისორებმა გადაიღეს) უნდა ჩაეწერა ერთი სიმღერა, მაგრამ იმდენად გაიტაცა ნაწარმოებმა, რომ მთელი ალბომი გამოუვიდა, სადაც King Of The Dogs–ისთვის ინტერაქტიული კლიპიც კი გადაიღეს.

ამ ინტერვიუში იგი ბევრ სხვა საინტერესო რამესაც ამბობს. მაგალითად, მისი აზრით, ლიტერატურა კოკაინს გავს, სულსა და გონებას ამახვილებს, მუსიკა კი ჰეროინივით აშტერებს.

ახლა ასეთი ჰეროინული გაშტერების წლები მახსენდება, როცა იგის პირველი ალბომები გადავიწერე “ვოვასთან”, ვაკეში, სახანძროს მიწისქვეშაში. თუ არ ვცდები, ეს იყო Idiot და Lust for Life (დევიდ ბოუისთან ერთად) და კიდევ მისი პირველი ნამუშევარი, 1969 წლისა, სადაც 22 წლის შერეკილმა პანკმა (ზოგი იტყვის, პროტო-პანკმაო) თავისი ლეგენდის თხზვა დაიწყო.

ასევე მახსენდება კოკაინური სიმახვილის პერიოდიც, როცა პირველად წავიკითხე უელბეკი. იმავე პერიოდში მისი “ელემენტარული ნაწილაკების” რედაქტირებაც მომიწია.

ახლა ვზივარ და ბლოგის გარედაქტირებას ვცდილობ, თან იგის ბოლო ალბომის ლინკი მინდა დავაგდო თქვენთვის.

აგია იგი?

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG