Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

პარასკევი, 30 ოქტომბერი 2009

მაინც გავტეხე ფიცი. ერთსა და იმავეს ვიმეორებდი, კუსტურიცაზე ხმას არ ამოვიღებ, კანის ფესტივალამდე მოვიცდი-მეთქი; ნინია კაკაბაძეს ვუთხარი, აუ, რა ამბავი ატყდება მომავალი წლის მაისში, რა ჩართვები და რა ლაივები! „ბატონო გოგი, მართლა ცუდად მიიღეს, ხო, კანში კუსტურიცას ანტიქართული ფილმი?“ - მკითხავენ თბილისიდან. მე კი ამაყად ვუპასუხებ, რომ კუსტურიცას ბუტაფორულ, ცარიელ ფსევდობალაგანებს დიდი ხანია, ვეღარ ვუყურებ; რომ შემოქმედებითი კრიზისის დროს, მართლმადიდებლად მონათლული კუსტურიცას ფილმი „აღთქმა“ თავისებური რეკორდსმენია ჩემს ცხოვრებაში: კანში, ამ სურათის პრემიერაზე, დარბაზი ფილმის დაწყებიდან მესამე (!) წუთზე დავტოვე (სხვათა შორის, ნინიასთან ერთად).

ეჰ, ვინ მაცალა? უარი უთქვამს ფილმის გადაღებაზე. უმოგზაურია ვლადიკავკაზ-ცხინვალში, ჩემი საყვარელი ოსური ხაჭაპური უჭამია, რუსული ეკლესიის რაღაც ჯილდო მიუღია, სერბიისთვის რუსეთისგან ერთი მილიარდი ევრო „ჩაუწყვია“ (ამის არ მჯერა, მაგრამ არაფერია გამორიცხული), მერე კი გამოუცხადებია, საიდან მოიგონეთ, სულ სხვა გეგმები მაქვსო.

ვიღაცამ თქვა, რენი ჰარლინის მომავალმა ფილმმა შეაშინაო, ვიღაცამ თქვა, კოკოითი გაიცნო და გული გაუსკდაო. რა ვიცი, ისიც თქვეს, ქეთი დოლიძემ მისწერა წერილი და ამან გადააფიქრებინაო.

ფაქტია, რომ საქართველოში, სადაც ცოტა ხნის წინ წყევლიდნენ და აგინებდნენ, ისევ შეუყვარდათ ემირ კუსტურიცას ფილმები. ახლა უკვე ჩვენი „ერთმორწმუნე ძმის“ ფილმები.

ასე ვიცით ჩვენ!

აი, ბუშის ვიზიტი ხომ გახსოვთ?

„სირცხვილია რა! - მირეკავენ ჩემი ევროპელი მეგობრები და გაოგნებულები არიან! რას გავს ეს ტაშ-ფანდური?“ ვერ ვიხსენებ, რომელმა პოლიტიკოსმა განაცხადა იმ დღეებში. „ევროპელი მეგობრები“ როგორ დაურეკავდნენ, წარმომიდგენია. შეიძლება იქიდან დაურეკეს, ბერლუსკონი რომ ჰყავთ დღეს პრემიერ-მინისტრი. თუმცა, ისინი საკუთარ თავს მიხედავენ; მე უფრო ჩვენი ცხოვრების მთავარი კითხვა მადარდებს: „რას იტყვის ხალხი?“ რას იტყვის ამაზე ევროპა? რას იტყვის ამერიკა? რას იტყვის რუსეთი? რას იტყვიან მშობლები, მეზობლები, მეგობრები? ხელისუფლება და ოპოზიცია? ბიჭები, გოგოები, „ენჯეოშნიკები“, ჟურნალისტები, მღვდლები?..

მოვიდა ამას წინათ ჟურნალისტი გოგონა და მკითხა, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის იმიჯისთვის ჰარლინის ფილმიო?

ჯერ ერთი, ეს ჰარლინი ვინაა, აქამდე აზრზე არ ვიყავი. თანაც, რა უნდა ვთქვა წინასწარ, როცა ფილმი არ დასრულებულა? იქნებ კუსტურიცასავით მოიქცეს? მიირთვას კარგი ხაჭაპური (ამჯერად ქართული), „დაირტყას“ დავით აღმაშენებლის ორდენი, „პაჩკა-პაჩკა დოლარები“ ბიუჯეტიდან; მერე კი დაგვცინოს ენდი გარსიასთან ერთად.

რა ვქნათ მერე? რას იტყვიან ჩვენი საყვარელი ტელეჟურნალისტები, რომლებმაც რუსთაველზე თავმოყრილი „მასოვკა“ იმ დღის მთავარ სახედ აქციეს? თან, ჩვეულ სტილში - ხმამაღლა. თავაწეული (დროდადრო თმას რომ გაისწორებენ ხოლმე აღელვების ნიშნად), საყვარელი გამოთქმებით „მინდა გითხრა“, „დააფიქსირა“, „გააჟღერა“ და ა.შ.

„ენდი გარსია ჩვენთანაა! უფრო მეტიც, ახლა უკვე ემირ კუსტურიცაც ჩვენთანაა!“

იმდენად აღიგზნო სრულიად ქართული მედია, რომ ერთი ტელეკომპანიის პროდიუსერისგან სმს-იც კი მივიღე: „გოგი, შემთხვევით კუსტურიცას ტელეფონი ხომ არა გაქვს?“

რა ვიცი, ამ ხალხს რომ ჰკითხო, ღმერთი სწამს. და თუ მართლა ასეა, რაში უნდა ადარდებდეს, რას იტყვის მასზე ემირი, ენდი და, თუ გნებავთ, თეა თუთბერიძე?

თუკი სწამს და თუკი მართალია, რისი ეშინია?

P.S.: მთავარი დამავიწყდა. ამ ჩემს ბლოგებში ხომ სამიზნე ჩემივე თანამოაზრეები და ჩემივე სოციალური წრე მყავს.

„რუსთაველზე მასოვკას უყურებ? არ მითხრა ახლა, რომ ამ ხალხზე არ ცოფდები?“

ესეც სმს-ია. ოღონდ იმ სიმღერიდან, „რას იტყვის ჩვენზე ევროპა?“

არ ვცოფდები, მეგობრებო, არა. რადგან ასეთ „მასოვკებს“ ჰოლივუდი მუდმივად იღებს. ეგაა, რომ „მასოვკებით“ არ იწყება ახალი ამბები ქვეყნის მთავარ ტელეარხებზე. მაგრამ ჩვენ ხომ ყველას, ვაკელებსაც და გლდანელებსაც, თბილისელებსაც, ზესტაფონელებსაც, როგორც, ამას წინათ, ლადო ვარდოსანიძემ თქვა კარგად, „ისევ თოხი გვიჭირავს ხელში“...

ამ უნუგეშო პროვინციალიზმს, ამ ხალხურ ქრისტიანობას, მისთვის დამახასიათებელი წარმართული ატრიბუტებით (მამა-მარჩენალი, მოძღვარი, დამრიგებელი, ავტორიტეტი, ახალგაზრდების კოლექტიური ლოცვა პლენერზე, სანთლებით ხელში) ჯერჯერობით ვერავინ უშველა.

ქვეყანა იზრდება. მაგრამ სოფელი სოფლად რჩება.

მრავლდება ერი, საქართველოს მიმართულების მთავარი „ვექტორი“ კი ისევ ვაკეა - ჭავჭავაძე, ბარნოვი, ფალიაშვილი.

მაგრამ ამაზე სხვა დროს ვისაუბროთ.
დღეს ვისკის ჯერია.

ვისკი და ლიტერატურა, მოთხრობები და რომანები, სადაც ვისკის სვამენ, ნერვებს იწყნარებენ, გულ-მუცელს ითბობენ, სახეზე იპკურებენ, ჭრილობაზე ისხამენ. ვისკის სმაში ბევრს დრო გაჰყავს, ანდა სულაც ყინულების წკრიალით ტკბებიან. ყველაზე ხშირად ასეთი შემთხვევები ინგლისურენოვან ლიტერატურაში გვხვდება, XVIII საუკუნიდან მოყოლებული დღემდე, თუმცა ფრანგებსა და იაპონელებსაც ხშირად უყვართ ხოლმე ვისკით თავმოწონება. ვისკის სვამენ ინგლისურ გოთურ რომანებში, ჩარლზ მეტიურინის "მოხეტიალე მელმოტში" და სხვაგანაც, თუმცა ყველაზე ნიშნეული XX საუკუნის ლიტერატურული ლოთები არიან, ერნესტ ჰემინგუეის გმირებით დაწყებული, დაგლას კოუპლენდით დამთავრებული.

მოდით XIX საუკუნით დავიწყოთ, ვთქვათ, დიკენსით. მასთან ვისკის წყალთან გაზავებულს სვამენ. „პიკვიკის კლუბის ჩანაწერებში“ ერთ-ერთ ვისკით მთვრალს მოჩვენებაც კი გამოეცხადება, არტურ კონან დოილთან კი ძალიან მახვილგონივრული შენიშვნა გვხვდება. იქ ერთი ასაკოვანი შოტლანდიელი ახალგაზრდა ირლანდიელს ურჩევს, კარგი იქნებოდა თქვენი ირლანდიული სისხლი, ცოტაოდენი შოტლანდიური ვისკით გაგვეზავებინაო. ჯოზეფ კონრადის „ზღვის მგლები“ ვისკის კი არა, თხევად ცეცხლსა სვამენ, ხოლო ივლინ ვოსთან ვისკის ხან თბილი წყლით აზავებენ, ხანაც იმბირის ელით. ეს იმბირის (ჩვენებურად ამ მცენარეს "კოჭა" ან “ჯანჯაფილი” ჰქვია) ელით შეზავებული ვისკი, როგორც ჩანს, მოდაში იყო XX საუკუნის 20-30-იან წლებში, რადგან მას ბევრი სხვა მწერალიც ახსენებს, მაგალითად, ჯონ დოს პასოსი. მის რომანში "42-ე პარალელი" ძალიან ბევრსა სვამენ ამ სითხეს, ყველაფერს ვისკის სუნი უდის, "1919"-ში კი ზოგიერთი ჩიკაგოელი ლუდის კათხებიდანაც კი ყლურწავს მას.

შერვუდ ანდერსონთან ბავშვები მოცხრის ნაყენთან შერეულ ვისკის სვამენ, ზოგიერთი უფროსი კი ქალაქგარეთ მიემგზავრება, რათა არავინ შეუშალოს ხელი ვისკისთან განმარტოებაში.

ივლინ ვოს ერთი პერსონაჟი ამბობს, თუკი ჰოსპიტალში მიდიხართ მეგობრის მოსანახულებლად და ჯიბეში ვისკი არ გიდევთ, ჯობია საერთოდ არ მიხვიდეთ მასთანო. ჰოდა ამიტომაც, სტუმრად იქნება თუ მეგობრის მოსანახულებლად, ყველგან ვისკი დააქვთ ხოლმე, პატიჟითად ძირითადად ვისკიზე პატიჟებენ პერსონაჟები ერთმანეთს. ერთი გოგონა, სოლ ბელოუს რომანიდან, სწორედ ვისკის ამჯობინებს მარიხუანას, ასე იტყვის, არანაირი ბალახი, მხოლოდ ვისკი უნდა ვწრუპოო. ბლომად ვისკი ისმება ენტონი ბერჯესის "მექანიკურ ფორთოხალშიც", ოღონდ აქ ვისკის რძითაც აზავებენ ხოლმე. ბერჯესთანვე გვხვდება ვისკის ერთი ძალზე საინტერესო, თუმცა კი გამოგონილი, ლიტერატურული წარმოშობის სახეობა "Old Mortality". საქმე ისაა, რომ ეს სახელი ჰქვია ვალტერ სკოტის ერთ პერსონაჟს, მოხუც მესაფლავეს, ამავე სახელწოდების რომანიდან.
ჯონ აპდაიკის "ისთუიკელ ალქაჯებში" ერთ-ერთი "ალქაჯი" მხოლოდ იმიტომ სვამს ვისკის, რომ მისმა მწვანე თვალებმა ოქროს ნაპერწკლებით გაანათოს, უილიამ ფოლკნერთან კი ქალის თვალის ფერს არანაირი კავშირი არა აქვს ვისკისთან, აქ ამ ქალთა ჯანი უფრო სჭირდებათ, იმიტომ რომ ყველაზე ხშირად სწორედ მათ უწევთ ხოლმე ვისკის გამოსახდელად საჭირო წყლის ზიდვა.

ჩარლზ ბუკოვსკის ლოთი გმირები ძირითადად შოტლანდიურ ვისკის ანიჭებენ უპირატესობას - ბურბონთან შედარებით. ისინი ხან ლიმონის წვენით აზავებენ სასმელს, ხან წყლით, ხანაც თვრებიან და წვიმას უსმენენ. უყვართ ე.წ. "მისაბმელით" სმა, ლუდით და სხვა ალკოჰოლიანი სასმელებით. აიღებენ ერთ 750-გრამიანს, ლუდის მთელ “ბატარეას” და ბიფშტექსის შეწვამდე ნახევარი ბოთლის ჩარტყმას ასწრებენ.

ნორმან მეილერი წერს ერთგან, თუკი ვისკის სმით მოკვდები, შენი სული ქერის ყანაში მოხვდებაო, ტრუმენ კეპოტისთან კი მოხუცი გამყიდველი ჯოჯოხეთით ემუქრება ყველას, ვინც კი ნაღდ ვისკის ნამცხვრისთვის გაიმეტებს. ერთი კარგი განსაზღვრებაც არსებობს, რომელიც ოლდოს ჰაქსლის ეკუთვნის, მისი “კონტრაპუნქტის” ერთ-ერთი პერსონაჟი ამბობს, ჯოჯოხეთში ალბათ ცხელ ვისკის ასმევენო... კენ კიზისთან ცუდ ვისკის მტრედის ფსელს უწოდებენ (ერთი ჩემი მეგობარი ცუდ არაყზე ამბობს, ძაღლის რძეაო), სხვებს კიდევ, გული წყდებათ, რომ ჩაი "ერლ გრეი" ჩააყოლეს ვისკის და პირის გემო გაიფუჭეს.
თანამედროვე მწერლებიდან, ვისკის, ყველაზე მეტს ჰარუკი მურაკამის გმირები წრუპავენ. ეტყობა ამ კაცს, რომ იაპონელობის მიუხედავად, ამერიკულ პროზაზეა გაზრდილი, რაიმონდ კარვერისა და სხვათა მოთხრობებზე, თუმცა კი ყველაზე საინტერესო სცენა ლიტერატურიდან, რომელიც ვისკის შეეხება, გრემ გრინის რომანში გვხვდება, სახელწოდებით, "ჩვენი კაცი ჰავანაში". აქ ვისკის პატარა ბოთლებით გაწყობილ შაშს თამაშობენ, ერთ მხარეს სუფთა სკოჩებია ჩამწკრივებული, მეორე მხარეს კი - „ბლენდები“. ყოველი აყვანილი ქვა (ანუ ბოთლი) დალევას გულისხმობს, შესაბამისად "დამკა" ორი ბოთლია, ასე რომ, რაც უფრო მომგებიანი პოზიცია გაქვს, მით მეტი შანსია, რომ გაიტრიტო.

უსასრულოდ შეიძლება ვისკით მთვრალ პერსონაჟებზე წერა, რადგან წლების მანძილზე მართლაც დიდძალი მასალა დამიგროვდა ამის შესახებ და, ალბათ, კიდევ ბევრჯერ გადავეყრები ვისკით თვალებანთებულ გმირებს. ამიტომ აქ შევწყვეტ ამ გაუთავებელ ჩამონათვალს და ერთი რჩევით დავასრულებ ამ ბლოგს: შეურეველ ვისკის ისეთივე სიამოვნება შეუძლია მოგვანიჭოს, როგორც წყალუკრავ, ნამდვილ ლიტერატურას, მიუხედავად იმისა, არის თუ არა მასში ნახსენები "სიცოცხლის წყალი" (ანუ ვისკი). მთავარია, იმდენი დავლიოთ, რომ ნაბახუსევზე ვისკის ეტიკეტის წაკითხვა მაინც მოვახერხოთ.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG