Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 15 თებერვალი. See content from before

სამშაბათი, 13 თებერვალი 2024

წმინდა ვალენტინის დღეს  შეგიძლიათ რესტორანში დაპატიჟოთ შეყვარებული და იქ სამუდამო ერთგულება და სიყვარული შეჰფიცოთ. თუმცა შეგიძლიათ ამ დღეს სახლში დარჩეთ და უყუროთ მოცარტის ოპერას Così fan tutte – „ასე იქცევა ყველა ქალი“, რომელიც გვიმღერის, რომ სამუდამო სიყვარული და ერთგულება ილუზორულია.

სხვათა შორის, პარიზის შატლეს თეატრი, წმ. ვალენტინის დღეს პარიზელებს ზუსტად ამ ოპერაზე ეპატიჟება, ყველაზე ცნობილი ფრანგი სოპრანოს პატრიცია პეწიბონის მონაწილეობით.

14 თებერვალს რატომ მაინდამაინც მოცარტის ის ოპერა, რომელიც გვახსენებს, რომ სიყვარული თუ ერთგულება პირობითია და რომ, „მუდმივი ფასეულობებისა თუ გრძნობების“ ღალატს ადამიანმა ირონიული თვალით უნდა უყუროს? - ამისათვის გავიხსენოთ თუ საიდან მოდის წმ. ვალენტინის დღე.

რას წარმოიდგენდა ტერნის (იტალია) ეპისკოპოსი ვალენტინი, რომ მისი სახელი და სიკვდილის თარიღი, „თავისუფალი სიყვარულის“ დღეს დაემთხვეოდა.

270 წლის 14 თებერვალს, რომის იმპერატორის ბრძანებით, ეპისკოპოს ვალენტინს თავი მოჰკვეთეს. ისე, სიმართლე რომ ითქვას, ვალენტინმა ცუდ დროს დაკარგა თავი - ამ დღეს, რომის იმპერია, ღმერთ ფაუნუსის პატივსაცემად, თავისუფალ სიყვარულს ზეიმობდა. ფაუნუსის სექსუალური აქტიურობა ცნობილი იყო ლათინურ სამყაროში და მას პატივს შესაბამისად აგებდნენ: ნახევრად შიშველი ახალგაზრდა რომაელი მამაკაცები, პალატინის ბორცვის გარშემო დარბოდნენ და გზაში შეხვედრილ ქალებს თხის ტყავისგან მოჭრილ თასმებს ურტყამდნენ, რათა ისინი ნაყოფიერი გაეხადათ.

რომის იმპერიის გაქრისტიანების შემდეგ, ეკლესია შეეცადა, ეს რომაული ტრადიცია აღმოეფხვრა და ვერაფერი უკეთესი ვერ ნახა, თუ არა თავისუფალი სიყვარულის ზეიმის დღე, ვალენტინზე გოდებით ჩაენაცვლებინა. თუმცა, როგორც შექსპირის პიესის პერსონაჟი ოფელია მოწმობს, ეკლესია, ამ გზაზე, შორს ვერ წავიდა:

„ხვალ ვალენტინას დღე არის,
მე ვალენტინა ვიქნები,
დილას ადრე შენთან მოვალ
და შენს სარკმელთან დავდგები.
ტანთ ჩაიცვავ, კარს გაუღებ,
მიიწვევ უმანკო ქალსა
და მანკიერს, გაისტუმრებ
საბრალოს, თვალცრემლიანსა“.

1614 წელს, შექსპირის მსგავსად, მისი თანამემამულე ჯონ დონიც არაორაზროვან ლექსს მიუძღვნის წმინდა ვალენტინს:

დიდება ეპისკოპოს ვალენტინს, ვისი დღეც გახლავთ

მთელი სამყარო შენი ეპარქიაა,

მგალობელი ფრინველების გუნდი გიმღერის,

შენს მოჭიკჭიკე მრევლს კი ყოველ წელს აქორწინებ ერთმანეთზე.

მოკლედ, როგორც ხედავთ ინგლისში, ეპისკოპოსის კვერთხმა ვერ გატეხა ღმერთ ფაუნუსის ფლეიტა. და ეს ალბათ არც არის გასაკვირი!

იგივე სურათია ლა მანშის მეორე მხარეს: შუასაუკუნოვანი ფრანგული მატიანე მოწმობს, რომ 14 თებერვალს, ახალგაზრდა გოგონები ურნაში ყრიდნენ თავიან სახელებს და ყმაწვილი, რომელიც შესაბამის სახელს ამოიღებდა, ერთი წელი მეგობრობდა „ლატარეით რგებულ“ გოგოსთან... მოკლედ, ვერც საფრანგეთში დაჯაბნა ეპისკოპოსის მიტრამ სიყვარულის არფა.

და მოცარტის ოპერაც Così fan tutte – ასე იქცევა ყველა ქალი, ხომ ზუსტად ასეთ სიყვარულზე მოგვითხრობს?

გაიხსენეთ ამ ოპერის სიუჟეტი:

ნეაპოლიტანურ კაფეში მეგობრული კამათი ატყდება, ერთი მხრივ, გულიელმოსა და ფერანდოს და, მეორე მხრივ, დონ ალფონსოს შორის. გულიელმო და ფერანდო დარწმუნებული იყვნენ საკუთარი საცოლეების - დორაბელასა და ფიორდილის - ერთგულებაში, ხოლო დონ ალფონსოს მტკიცებით, სიყვარული თუ ერთგულება, პირობითი მცნებები იყო.

საბოლოოდ ისინი დიდ თანხაზე (ასი სეკინი) დანაძლევდებიან და დონ ალფონსო პირობას მისცემს გულიელმოსა და ფერანდოს, რომ ერთი დღეც არ დასჭირდება ფულის მოსაგებად. გამოცდის მიზნით, დონ ალფონსო მოატყუებს დორაბელასა და ფიორდილის, რომ მათი საქმროები ომში არიან გაწვეულნი. „გააცილებენ“ რა დიდი მოთქმით ფერანდოსა და გულიელმოს, მარტო დარჩენილი, დორაბელა და ფიორდილი მოიწყენენ.

თუმცა ნოსტალგიის დრო დიდ ხანს არ ექნებათ - მათ სტუმრად ეწვევათ ორი „თურქი“, სინამდვილეში კი ეგზოტიკურ ტანსაცმელში გადაცმული ფერანდო და გულიელმო, რომლებიც დაიწყებენ არა თავ-თავიანთი, არამედ ერთმანეთის საცოლეებთან ფლირტს.

დასაწყისში, დორაბელა და ფიორდილი მედგრად დაუდგებიან „თურქების“ აგრესიულ არშიყს, თუმცა „თურქების“ მიერ თვითმკვლელობის ინსცენირება მალე გაალღობს ყინულს: ჯერ დორაბელა დანებდება გულიელმოს, ცოტა მოგვიანებით კი ფიორდილი დაჰყვება ფერანდოს ალერსს.

ახლად გამომცხვარი წყვილები იმავე საღამოს გააფორმებენ საქორწილო კონტრაქტს.

და, შუა ქორწილის დროს, დონ ალფონსო ახლად დაქორწინებულებს ფერანდოსა და გულიელმოს „ომიდან მოულოდნელ დაბრუნებას“ აცნობებს. ქალებს პანიკა მოიცავთ, „თურქები“ კი ჩუმად გაიპარებიან. მალე ფერანდო და გულიელმო სამხედრო ფორმაში გამოწყობილი, გამოეცხადებიან საცოლეებს. „აღმოაჩენენ“ რა საქორწილო კონტრაქტებს, ჯერ აღშფოთდებიან, მაგრამ მერე აჩვენებენ რა საცოლეებს თურქულ ტანსაცმელს - საკუთარ თაღლითობას სააშკარაოზე გამოიტანენ. საბოლოოდ ოთხივე შერიგდება და ოპერა Happy End-ით მთავრდება.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ მოცარტი უპასუხოდ ტოვებს კითხვას, ვინ ვისთან დარჩა - დორაბელა დანიშნულ ფერანდოსთან თუ დაქორწინებულ „თურქ“ გულიელმოსთან; და ფიორდილი - ძველ მიჯნურ გულიელმოსთან თუ „თურქ“ ფერანდოსთან?

ასე რომ, ის, ვინც ირონიით უყურებს ერთგულებასა თუ სამუდამო სიყვარულს, ჯობს ვალენტინობაზე სახლში დარჩეს და მოცარტის ღვთაებრივი ოპერით დატკბეს!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ლაშა ბუღაძე
ლაშა ბუღაძე

სიზიფეს მითის რუტინა ცნობილია: როგორ მიაგორებს ლოდს მთის წვერისკენ, რომელიც უკანვე გორდება და ისიც ახლიდან ცდილობს მის მაღლა აზიდვას.

და ასე დაუსრულებლად, რადგან სიზიფე ჰადესშია, ჯოჯოხეთი კი უცვლელობის ადგილია.

ალბერ კამიუ სიზიფეს მითში ადამიანური ეგზისტენციის ტრაგიკულ მეტაფორას ხედავდა - ყოფიერების ამაოების მიუხედავად, ის რომ მაინც ცდილობს ქმედებას, რადგან უმოქმედო ადამიანი იქნებ არც იწოდება ადამიანად...

განა ჟან-პოლ სარტრიც იმავეს არ გვამცნობს თავის კლაუსტროფობიულ პიესაში No Exit („ცხრაკლიტული“), ჯოჯოხეთი რომ უმიზნობას ნიშნავს, ჩარაზული ოთახიდან გაუსვლელობას, წინსვლისა და მოძრაობის ატროფიას, ფუნქციის გაქრობას უსარგებლო ცნობიერების შენარჩუნების სანაცვლოდ...

უცვლელობის ჯოჯოხეთი
please wait

No media source currently available

0:00 0:03:35 0:00
გადმოწერა

სარტრის ცოცხალი (სინამდვილეში, უკვე მკვდარი) პერსონაჟები ერთ სივრცეში არიან გამოკეტილი და ვერც ერთმანეთს ეხსნებიან და ვეღარც გასვლას ახერხებენ ცხრაკლიტულიდან, რადგან ახლოს მყოფი სხვებისგან დაუხსნელობისა და გაუსვლელობა-უმოძრაობის განაჩენი ჯერ კიდევ სიცოცხლეში გამოუტანეს ერთმანეთს.

უმოძრაობის კოშმარზეა სემუელ ბეკეტის შედევრიც, „გოდოს მოლოდინში“, სადაც ორი დეპრესიული გმირი სიტყვიერად არაერთხელ გადაწყვეტს უდაბური ადგილიდან დაძვრას - წავიდეთო, - მაგრამ ნაბიჯის გადადგმას კი ვერცერთი ვერ ბედავს, ვაითუ გოდო მოვიდესო. არადა, გოდო არ მოდის, რადგან გოდო (God?) ჯოჯოხეთში აღარასდროს ჩამოვა, ორ სახარებისეულ ავაზაკს დაუსრულებლად მოუწევს საუკუნესავით გაჭიმული უძრაობის ბეკეტისეულ პაუზაში ყოფნა.

სიკვდილიც კი ცვლილებაა (ე. ი. მოვლენა) ვაგნერის ოპერის გმირი მფრინავი ჰოლანდიელისთვის, რომელიც თავისი უკვდავებით არის დაწყევლილი.

სიზიფეს, გოდოს თუ სხვათა ხსენების შემდეგ, მიწაზე მძიმედ დანარცხებად მესახება ჩვენს ისტორიულ თუ პოლიტიკურ რეალობამდე დასვლა, მაგრამ ამ უცვლელობას, რაშიც ჩვენ ვართ, უთუოდ დაკრავს ჯოჯოხეთური ელფერი, რადგან უკვე დიდი ხანია აღარაფერი იცვლება და თუ იცვლება - იმიტაციით, ცვლილების მდარე ილუზიის შესაქმნელად, როგორც ეს სიზიფეს მითშია, თუმცა სიზიფე ამაოდ ირჯებოდა მაინც, შრომობდა, აქ კი გარჯაც კი არაა, ლოდებივით გვაგორებენ აღმა-დაღმა...

მმართველი, რომელიც არ მართავს, ისევ უმართავად განაგებს ქართულ უცვლელობას - აგერ, თავის თოჯინურ წყვილსაც ბეკეტის ორი პერსონაჟივით ათამაშებს მკაცრად მონიშნულ ტერიტორიაზე: „ახლა შენ წინ წახვალ, მმართველი გახდები, შენ უკან დაიხევ, მმართველობას დაკარგავ, მაგრამ ნაბიჯს არავინ და არსად გადადგამთ - არც წინ, არც უკან“.

და, პარადოქსია, ცვლილების ეს იმიტაცია, ანუ უცვლელობის არსებული მარაზმი შესაძლოა სტაბილურობის განცდასაც კი უჩენდეს უმრავლესობას, რადგან, მართალია, შვება და წინსვლა არაა, მაგრამ უსაშველოც თითქოს არაფერი ხდება - რა ეპოქაშიც ვართ, ის რეალობაა ჩვენს უმოძრაოდ გატრუნულ, ლოდადქცეულ საქართველოშიც.

გასასვლელის თავზე კი ჯერჯერობით ისევ მელანქოლიურად ბჟუტავს შეჩვეული წარწერა: No Exit...

ვერც წინ მივიწევთ და აღარც უკან დაბრუნება გვინდა.

ჰოდა, ბეკეტის პერსონაჟის არ იყოს: „სულ ასე იქნება, ეს განაჩენია?“

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG