Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ნატოს სამიტები, როგორც წესი, მოსაწყენი ღონისძიებებია. განცხადებების უმეტესობის ტექსტი დიდი ხნით ადრეა ცნობილი. სამიტს ოფიციალურად აჯამებს ხოლმე რამდენიმეგვერდიანი კომუნიკე, რომელიც გაჯერებულია ტექნიკური ჟარგონით - მედია ამ დოკუმენტს განსაკუთრებული ინტერესის გარეშე, ზედაპირულად აჯამებს ხოლმე. ვილნიუსის 11-12 ივლისის სამიტი სულ სხვა საქმე იყო. საბოლოო დოკუმენტის ყოველ სიტყვას გულდასმით შეისწავლიდნენ იმის გასარკვევად, გახდებოდა თუ არა უკრაინა ნატოს წევრი და თუ კი - როდის და როგორ?

სამიტი ემოციურ ფონზე ჩატარდა. პირველ დღეს უკრაინის ხელისუფლება დიდ იმედგაცრუებას - ბრაზსაც კი გამოთქვამდა იმასთან დაკავშირებით, რაც მათ ვილნიუსში შესთავაზეს. მეორე დღე ერთგვარ შერიგებას დაეთმო - ყველა იღიმოდა, თუმცა ეს ღიმილი ცოტა ნაძალადევად მოჩანდა.

ვილნიუსის შეკრების დეტალებში გასარკვევად ჯერ 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის დეტალები უნდა გავიხსენოთ. მაშინ უკრაინამ (საქართველოსთან ერთად) ალიანსში გაწევრიანების დასტური მიიღო - თუმცა კონკრეტული გზის ან ვადების გარეშე. კიევს და მის მოკავშირეებს ნატოში - ძირითადად აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს - ამჯერად უფრო მეტის მიღება სურდათ. ყველაზე ხშირად ისმოდა ფრაზა: „თავიდან ავირიდოთ კიდევ ერთი ბუდაპეშტი“. არადა, ვილნიუსის და ბუქარესტის დეკლარაციებს თუ შევადარებთ, შეიძლება ითქვას, რომ კიევმა „ბუქარესტი 2.0“ ან, გნებავთ, „ბუქარესტი +“ მიიღო.

ბუქარესტი 2.0

2008 წლის დეკლარაციაში ნათქვამი იყო, რომ უკრაინა და საქართველო გახდებოდნენ ნატოს წევრები და მათი შემდეგი ნაბიჯი MAP-ი - გაწევრიანების სამოქმედო გეგმა - იქნებოდა. ვილნიუსში კი განაცხადეს, რომ უკრაინას MAP-ის ეტაპის გავლა აღარ დასჭირდებოდა - ფინეთისა და შვედეთის მსგავსად. ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, „უკრაინის გაწევრიანების გზა ორნაბიჯიანი პროცესიდან ერთნაბიჯიანად იქცა“. აი, ეს მიიღო უკრაინამ 2023 წელს 2008-სთან შედარებით.

თუმცა, ეს პროცესი ბოლომდე მკაფიოდ მაინც არ არის ჩამოყალიბებული. უკრაინელების იმედგაცრუება გამოიწვია ბოლო წინადადებამ, სადაც ხაზგასმულია, რომ უკრაინას ალიანსში გაწევრიანებას შესთავაზებენ მაშინ, როდესაც ამასთან დაკავშირებით მოკავშირეები შეთანხმდებიან და „პირობები შესრულდება“. გაბრაზებულმა ზელენსკიმ „ტვიტერზე“ დაწერა: „უპრეცედენტო და აბსურდულია, რომ დროის ჩარჩო არ არის განსაზღვრული არც უკრაინის NATO-ში მიწვევისთვის და არც ნატოს წევრობისთვის. ამავე დროს, უკრაინის NATO-ში მიწვევისთვისაც კი რაღაც ბუნდოვანი პირობებია გათვალისწინებული“.

რაზე მსჯელობდნენ კულისებში

ნატოს რამდენიმე ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის დაცვის პირობით გამიმხილა, რომ ისიც კი საოცრება იყო, რომ ტექსტში სიტყვა „მოწვევა“ საერთოდ ახსენეს. ეს უფრო შორს მიდის, ვიდრე წინა დოკუმენტები. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ კონკრეტული ვადებისა და პირობების გაწერის გარეშე ეს სიტყვა ბევრს არაფერს ნიშნავს.

რატომ არ ჩასვეს ტექსტში კონკრეტული პირობები? სტოლტენბერგმა სამიტზე ზოგადი ფრაზები თქვა „კორუფციასთან ბრძოლის“ საჭიროებაზე. თუმცა, ზელენსკისთვის ცხადი იყო, რომ უკრაინას ომის დასრულების შემდეგ მიიწვევდნენ - „სხვა მოსაზრება არავისგან მომისმენიაო“, - თქვა მან.

დიპლომატებმა მითხრეს, რომ ომის დასრულების შემდეგ გაწევრიანებაზე დოკუმენტში არაფერი წერია, რადგან ეს წაახალისებდა რუსეთს, რომ არასდროს დაესრულებინა ომი - თუნდაც მუდმივად ებომბა უკრაინა თავისი ტერიტორიიდან და ამით აღეკვეთა მისი ალიანსში გაწევრიანების მცდელობა.

უკრაინას და მის უახლოეს მოკავშირეებს სურდათ, რომ ტექსტში ნახსენები ყოფილიყო რამე კონკრეტული ვადები ან ნაბიჯები კიევის ნატოში გასაწევრიანებლად - მაგალითად, რომ ამ საკითხს ნატოს შემოდგომის მინისტერიალზე განიხილავდნენ ან, რომ 2024 წლის ნატოს ვაშინგტონის სამიტზე შეაფასებდნენ ვითარებას.

ამ მხრივ ბუქარესტის დეკლარაცია სჯობდა კიდეც. იქ ნათქვამი იყო, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები 2008 წლის დეკემბერს უკრაინისა და საქართველოს პროგრესს შეაფასებდნენ, თუმცა რუსეთის თავდასხმამ საქართველოზე იმავე წლის აგვისტოში მთელი პროცესი ჩაშალა.

დოკუმენტში ასევე ვერ მოხვდა ფრაზა: „უკრაინის კანონიერი ადგილი ნატოშია“ - წინადადება, რომელიც სტოლტენბერგმა კიევში ვიზიტის დროს წარმოთქვა. დიპლომატებმა მითხრეს, რომ დოკუმენტის პირველი მონახაზი მაისში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრებაზე დახურულ კარს მიღმა შეათანხმეს და მას შემდეგ ის მაინცდამაინც არც შეცვლილა. იქ ჩამოთვლილი იყო, თუ რას სთავაზობს ნატო კიევს - MAP-ი საჭირო აღარ არის, შეიქმნება ნატო-უკრაინის საბჭო და დაწესდება მრავალწლიანი დახმარების პროგრამა, რომელიც წელიწადში 500 მილიონი ევროთი განისაზღვრება.

რა სურთ ვაშინგტონსა და ბერლინში

ცხადი იყო, რომ აშშ-სა და გერმანიას უფრო შორს წასვლა არ სურდათ. რატომ? დიპლომატებმა ორი განსხვავებული მიზეზი დამისახელეს. პირველია შიში, რომ უკრაინაზე მეხუთე მუხლის - კოლექტიური თავდაცვის პირობის - გავრცელებასთან დაახლოებამ შესაძლოა გამოიწვიოს ნატოს პირდაპირი კონფრონტაცია მოსკოვთან. მეორე მიზეზი აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებია, რომელიც მომავალ წელს ჩატარდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მომავალ ზაფხულს ნატოს ვაშინგტონის სამიტისგან ბევრს არაფერს უნდა ველოდეთ - ამ დროს ამერიკაში საპრეზიდენტო კამპანია იქნება გახურებული.

ამ მხრივ საინტერესო იყო აშშ-ის პრეზიდენტზე, ჯო ბაიდენზე დაკვირვება. მას ბრიფინგი არ ჩაუტარებია - რაც უჩვეულო იყო ნატოს სამიტზე დამსწრე აშშ-ის პრეზიდენტისგან - და არც სახელმწიფოს სხვა მეთაურების სადილს დასწრებია. სამაგიეროდ, ის დიდხანს ელაპარაკა ზელენსკის და, სამიტის დასრულების შემდეგ, ვილნიუსის უნივერსიტეტში მგზნებარე სიტყვა წარმოთქვა. „ჩვენ არ ვიყოყმანებთ. ჩვენი ერთგულება უკრაინის მიმართ არ შესუსტდება. ჩვენ მხარს დავუჭერთ თავისუფლებას დღეს, ხვალ, და იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“. თუმცა, ბევრმა მიიჩნია, რომ ეს სიტყვები, უკრაინაზე არანაკლებად, მისი ლიეტუველი მასპინძლების გასაგონად იყო ნათქვამი.

უსაფრთხოების დამატებითი გარანტიები უკრაინისათვის

სამიტის მეორე დღე უკრაინისათვის პოლიტიკური და სამხედრო დახმარების განხილვას მიეძღვნა და ამან განწყობა ყველას გამოუკეთა. სემანტიკა აქაც მნიშვნელოვანია - რეალურად ნატოს უსაფრთხოების მხოლოდ ერთი გარანტია აქვს - წევრობა - და ამჯერად ეს საკითხი არ განიხილებოდა. საბოლოოდ „დიდი შვიდეულის“ ლიდერებმა მიიღეს უკრაინის მხარდასაჭერი ერთობლივი დეკლარაცია, რომელიც ბაიდენმა „უკრაინისადმი ერთგულების ძლიერ განცხადებად“ მოიხსენია, მის გვერდით მდგომმა ზელენსკიმ კი აღნიშნა, რომ „უკრაინის დელეგაცია სახლში ბრუნდებოდა უკრაინის მნიშვნელოვანი გამარჯვებებით უსაფრთხოების სფეროში“.

ამის მიუხედავად, კიდევ ბევრი რამის დაკონკრეტება გახდება საჭირო. ზუსტად რას სთავაზობენ კიევს დასავლეთის წამყვანი დემოკრატიები? როდიდან შედის ძალაში ეს შეთავაზება? იქნება ეს ნამდვილი, ურყევი გარანტია თუ რაიმე უფრო სუსტი?

აღსანიშნავია, რომ, განცხადების თანახმად, მოლაპარაკებები უკრაინასთან „დაუყოვნებლივ“ დაიწყება. ლაპარაკია უზრუნველყოფაზე, რომ კიევს საკმარისი სამხედრო ძალები გააჩნდეს „უკრაინის დასაცავად ახლა და რუსეთის აგრესიის შესაკავებლად მომავალში“. ხაზგასმულია არაერთი სფერო, სადაც დაეხმარებიან კიევს, მათ შორისაა - საჰაერო თავდაცვა, არტილერია და გრძელ რადიუსზე მოქმედი რაკეტები. ჯავშანმანქანები, ასევე - კიევის სადაზვერვო ცნობებით უზრუნველყოფა და მისი სამხედროების გაწვრთნა.

ჩემთვის ყველაზე საინტერესო აბზაცი შეეხებოდა უკრაინის მხარდაჭერას „მომავალში რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში“. ზუსტად ვერავინ ამიხსნა, თუ რას ნიშნავს „მომავალი თავდასხმა“ მიმდინარე ომის კონტექსტში, თუმცა, ჩემი ინტერპრეტაციაა, რომ იგულისხმება გრძელვადიანი მიდგომა, თუ რამე დროს მიაღწევენ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, რომელსაც შემდეგ რუსეთი დაარღვევს.

რაც შეეხება დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას არა მომავალში, არამედ ახლა. საფრანგეთი კიევს გრძელ რადიუსზე მოქმედ ბალისტიკურ რაკეტებს მიაწვდის, აშშ კი - კასეტურ შეიარაღებას. ამ გადაწყვეტილებამ რამდენიმე ევროპელი პარტნიორის უკმაყოფილება გამოიწვია - მათ ამ საბრძოლო მასალების გამოყენება აკრძალული აქვთ - თუმცა, ზელენსკიმ მათ გამოყენებას „სამართლიანი“ უწოდა, რადგან კრემლი ამ ბომბებს უკრაინას უკვე დიდი ხანია უშენს.

შემდეგი შეკითხვაა, თუ როდის მიაწვდის აშშ უკრაინას გრძელ რადიუსზე მოქმედ არტილერიას - ATACMS-ს. ამ შეკითხვას ზელენსკიმ მშრალი ღიმილით უპასუხა - არ ვიციო და დასძინა, რომ საუბრები მიმდინარეობს და ყველაფერი ერთდროულად ვერ მოხდება.

რა მოხდება შემდეგ?

ბევრი რამე იქნება დამოკიდებული უკრაინის სამხედრო წარმატებებზე. დიპლომატები, ვისაც მე ვესაუბრე, აღიარებენ, რომ უკრაინამ წელს ფრონტზე რაიმე წინსვლა უნდა აჩვენოს, რადგან ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთში და, რაც მთავარია, აშშ-ში 2024 წელს მნიშვნელოვანი არჩევნები ტარდება. მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თავად ზელენსკის დარწმუნების ძალა - ვილნიუსში ქუჩაში ხალხი მას ისე ხვდებოდა, როგორც როკვარსკვლავს ხვდებიან ხოლმე, თუმცა მოკავშირეები უკმაყოფილონი იყვნენ მის მიერ „ტვიტერზე“ გამოთქმული კრიტიკით.

მთელ ამ დისკუსიებს კი თან გასდევს მითქმა-მოთქმა, რომ თითქოს ამერიკელები თავიანთ არაოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ რუსეთთან, რომელიც შეეხება ომის დასრულებას რაღაც სახით გარიგების მეშვეობით. მე ველაპარაკე რამდენიმე ევროპელ მაღალჩინოსანს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ამერიკა უკრაინის მომავალს დღესაც ხედავს, როგორც ნეიტრალური, ნატოს არაწევრი ქვეყნისა, რომელსაც ის კრემლთან სამომავლო მოლაპარაკებებში სავაჭროდ გამოიყენებს.

რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი
რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი

ევროკავშირის წევრებმა 23 ივნისს ბოლოს და ბოლოს მიიღეს ახალი სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, სადაც ყველაზე საინტერესო სანქციებისათვის თავის არიდების საწინააღმდეგო ახალი ჩარჩო იყო, რომელიც მესამე ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული. ეს ჩარჩო ამ წუთას ცარიელია, მაგრამ მომავალში ის ბრიუსელს ახალ ინსტრუმენტებს მისცემს ორი რამის გასაკეთებლად: ერთია ალიანსის ქვეყნების მიერ წარმოებული იმ პროდუქციის სიის შედგენა, რომელიც, შესაძლოა, რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით ხვდებოდეს. მეორეა თავად ამ მესამე ქვეყნების რეესტრი, რომელთაც ევროკავშირიდან იმპორტი შეეზღუდებათ.

თეორიულად ეს გადაწყვეტილება ევროკავშირს დააახლოებს „მეორად სანქციებთან“, რომელსაც აშშ წარმატებით იყენებს, რათა აღკვეთოს ან შეზღუდოს მესამე ქვეყნების მიერ ამერიკული სანქციებისათვის გვერდის ავლა. უდავოა, რომ მომავალში ევროკავშირისთვის ეს ინსტრუმენტი ძალიან გამოსადეგი იქნება.

ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი აღნიშნავენ, რომ 2022 წელს ექსპორტი პოტენციურად ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა (ესაა საქონელი, რომელსაც სამოქალაქო დანიშნულებაცა აქვს და სამხედროც) ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში შარშანდელთან შედარებით 62%-ით, 83%-ითა და 30%-ით გაიზარდა.

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი ბოლო თვეებია აქტიურად მოგზაურობს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სომხეთსა და საქართველოში, რათა გააგებინოს, რომ ევროკავშირიდან სხვა ქვეყნებში იმპორტირებული ნივთები (ან მათი ნაწილები) აღმოაჩინეს რუსულ სამხედრო ტექნიკაში, რომელსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომისათვის იყენებს. ამ საქმეში გათვითცნობიერებულმა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, მითხრა: „ვიცით, რომ სანქციებს გვერდს უვლიან. ნახეთ, სად მოგზაურობს სპეციალური წარმომადგენელი. არსებობს სამხილები, რომ რაღაც ნამდვილად ხდება“.

როგორ მოიქცევა ევროკავშირი?

მთავარი საკითხი მაინც ისაა, გამოიყენებს თუ არა ევროკავშირი ამ ინსტრუმენტს. დიდი შანსია, რომ არა, და ეს სია ცარიელი დარჩება. ევროკავშირის ყველა წარმომადგენელი, ვისთანაც კი მილაპარაკია, ერთსა და იმავეს ამბობს: ეს არის ბოლო ეტაპი, რომელსაც მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც ყველა სხვა გზა ამოიწურება. „ყველა სხვა გზაში“ კი ინტენსიური დიპლომატია იგულისხმება.

ამბობენ, რომ ეს ინსტრუმენტი ო’სალივანისთვის შეიქმნა, რათა ის ამ ქვეყნებს დაემუქროს და მეტიც არაფერი. საკითხში ჩახედულმა პირებმა ამიხსნეს, რომ ბრიუსელს სულაც არ სურს, ქვეყნები რუსეთის თუ ჩინეთის მკლავებში მოაქციოს - ეს ინსტრუმენტი კი სწორედ ამ შედეგს გამოიღებდა.

ამის დასადასტურებლად მისახელებენ სერბეთსა და საქართველოს, რომლებიც არ შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენებიც აქვთ, ბრიუსელისგან ნეგატიური შედეგები თავიანთი საქციელის გამო, ჯერ არ უხილავთ.

ასევე გასათვალისწინებელია კონსენსუსის საკითხიც. ახალი ჩარჩოს მიხედვით, ქვეყნის სანქციების სიაში დასამატებლად 27-ვე წევრის თანხმობაა საჭირო, რაც ძალიან რთული მისაღწევი იქნება.

კიდევ რა უდგას წინ სანქციების დაწესებას

მესამე ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ხალხი აღნიშნავს, რომ გერმანია, იტალიის მხარდაჭერით, ძალიან ეცადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული ტექსტი მაქსიმალურად გრძელი და რთული გამოსულიყო. ამ საქმეში ჩახედულმა ევროკავშირის რამდენიმე მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ გერმანია სიაში კონკრეტული მესამე ქვეყნების დასახელების შესაძლებლობის წინააღმდეგი იყო, ამას წინ ევროკავშირის სხვა ქვეყნების უმეტესობა აღუდგა.

თავდაპირველად, როდესაც სანქციების ეს პაკეტი ევროკომისიამ ბრიუსელს წარუდგინა, ელოდნენ, რომ შეთანხმება მალევე შედგებოდა, რადგან მასში განსაკუთრებულად მკაცრი ზომები გათვალისწინებული არ ყოფილა. თუმცა, შეთანხმების მიღწევას ლამის ორი თვე დასჭირდა, ძირითადად იმიტომ, რომ ბერლინი გამუდმებით ითხოვდა სანქციების გვერდის ავლის ნაწილში ამა თუ იმ ტექსტის ჩასწორებას.

მე ორიგინალურ, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტსაც გავეცანი და მის საბოლოო ვერსიასაც. ამ ტექსტიდან ცხადია, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ბრიუსელს გაუჭირდება და ევროკავშირს ამის გაკეთებამდე ჯერ ყველა დიპლომატიური რესურსის ამოწურვა მოუწევს.

საბოლოო ტექსტში ჩამოთვლილია ის ეტაპები, რომელთა გავლაც არის აუცილებელი, ვიდრე მესამე ქვეყანას სანქციები დაუწესდება. მაგალითად, კონკრეტული ქვეყნის სანქცირების წინადადების შეტანამდე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურმა და ევროკომისიამ ალიანსის წევრ ქვეყნებს უნდა გააცნონ ყველა ტექნიკური დეტალი და აცნობონ პრობლემის მოგვარებისთვის გადადგმული ყველა ნაბიჯის შესახებ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ინფორმირებულები უნდა იყვნენ მესამე ქვეყნებთან „ჩართულობის ყველა ეტაპისა და საბოლოო შედეგების შესახებ“ და, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ერთხმად შეიძლება იქნეს მიღებული, მას შემდეგ, რაც მესამე ქვეყანასთან ყველა სხვა სახის კომუნიკაცია არაეფექტიანი აღმოჩნდება.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG