ევროკავშირის წევრებმა 23 ივნისს ბოლოს და ბოლოს მიიღეს ახალი სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, სადაც ყველაზე საინტერესო სანქციებისათვის თავის არიდების საწინააღმდეგო ახალი ჩარჩო იყო, რომელიც მესამე ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული. ეს ჩარჩო ამ წუთას ცარიელია, მაგრამ მომავალში ის ბრიუსელს ახალ ინსტრუმენტებს მისცემს ორი რამის გასაკეთებლად: ერთია ალიანსის ქვეყნების მიერ წარმოებული იმ პროდუქციის სიის შედგენა, რომელიც, შესაძლოა, რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით ხვდებოდეს. მეორეა თავად ამ მესამე ქვეყნების რეესტრი, რომელთაც ევროკავშირიდან იმპორტი შეეზღუდებათ.
თეორიულად ეს გადაწყვეტილება ევროკავშირს დააახლოებს „მეორად სანქციებთან“, რომელსაც აშშ წარმატებით იყენებს, რათა აღკვეთოს ან შეზღუდოს მესამე ქვეყნების მიერ ამერიკული სანქციებისათვის გვერდის ავლა. უდავოა, რომ მომავალში ევროკავშირისთვის ეს ინსტრუმენტი ძალიან გამოსადეგი იქნება.
ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი აღნიშნავენ, რომ 2022 წელს ექსპორტი პოტენციურად ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა (ესაა საქონელი, რომელსაც სამოქალაქო დანიშნულებაცა აქვს და სამხედროც) ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში შარშანდელთან შედარებით 62%-ით, 83%-ითა და 30%-ით გაიზარდა.
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი ბოლო თვეებია აქტიურად მოგზაურობს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სომხეთსა და საქართველოში, რათა გააგებინოს, რომ ევროკავშირიდან სხვა ქვეყნებში იმპორტირებული ნივთები (ან მათი ნაწილები) აღმოაჩინეს რუსულ სამხედრო ტექნიკაში, რომელსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომისათვის იყენებს. ამ საქმეში გათვითცნობიერებულმა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, მითხრა: „ვიცით, რომ სანქციებს გვერდს უვლიან. ნახეთ, სად მოგზაურობს სპეციალური წარმომადგენელი. არსებობს სამხილები, რომ რაღაც ნამდვილად ხდება“.
როგორ მოიქცევა ევროკავშირი?
მთავარი საკითხი მაინც ისაა, გამოიყენებს თუ არა ევროკავშირი ამ ინსტრუმენტს. დიდი შანსია, რომ არა, და ეს სია ცარიელი დარჩება. ევროკავშირის ყველა წარმომადგენელი, ვისთანაც კი მილაპარაკია, ერთსა და იმავეს ამბობს: ეს არის ბოლო ეტაპი, რომელსაც მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც ყველა სხვა გზა ამოიწურება. „ყველა სხვა გზაში“ კი ინტენსიური დიპლომატია იგულისხმება.
ამბობენ, რომ ეს ინსტრუმენტი ო’სალივანისთვის შეიქმნა, რათა ის ამ ქვეყნებს დაემუქროს და მეტიც არაფერი. საკითხში ჩახედულმა პირებმა ამიხსნეს, რომ ბრიუსელს სულაც არ სურს, ქვეყნები რუსეთის თუ ჩინეთის მკლავებში მოაქციოს - ეს ინსტრუმენტი კი სწორედ ამ შედეგს გამოიღებდა.
ამის დასადასტურებლად მისახელებენ სერბეთსა და საქართველოს, რომლებიც არ შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენებიც აქვთ, ბრიუსელისგან ნეგატიური შედეგები თავიანთი საქციელის გამო, ჯერ არ უხილავთ.
ასევე გასათვალისწინებელია კონსენსუსის საკითხიც. ახალი ჩარჩოს მიხედვით, ქვეყნის სანქციების სიაში დასამატებლად 27-ვე წევრის თანხმობაა საჭირო, რაც ძალიან რთული მისაღწევი იქნება.
კიდევ რა უდგას წინ სანქციების დაწესებას
მესამე ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ხალხი აღნიშნავს, რომ გერმანია, იტალიის მხარდაჭერით, ძალიან ეცადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული ტექსტი მაქსიმალურად გრძელი და რთული გამოსულიყო. ამ საქმეში ჩახედულმა ევროკავშირის რამდენიმე მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ გერმანია სიაში კონკრეტული მესამე ქვეყნების დასახელების შესაძლებლობის წინააღმდეგი იყო, ამას წინ ევროკავშირის სხვა ქვეყნების უმეტესობა აღუდგა.
თავდაპირველად, როდესაც სანქციების ეს პაკეტი ევროკომისიამ ბრიუსელს წარუდგინა, ელოდნენ, რომ შეთანხმება მალევე შედგებოდა, რადგან მასში განსაკუთრებულად მკაცრი ზომები გათვალისწინებული არ ყოფილა. თუმცა, შეთანხმების მიღწევას ლამის ორი თვე დასჭირდა, ძირითადად იმიტომ, რომ ბერლინი გამუდმებით ითხოვდა სანქციების გვერდის ავლის ნაწილში ამა თუ იმ ტექსტის ჩასწორებას.
მე ორიგინალურ, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტსაც გავეცანი და მის საბოლოო ვერსიასაც. ამ ტექსტიდან ცხადია, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ბრიუსელს გაუჭირდება და ევროკავშირს ამის გაკეთებამდე ჯერ ყველა დიპლომატიური რესურსის ამოწურვა მოუწევს.
საბოლოო ტექსტში ჩამოთვლილია ის ეტაპები, რომელთა გავლაც არის აუცილებელი, ვიდრე მესამე ქვეყანას სანქციები დაუწესდება. მაგალითად, კონკრეტული ქვეყნის სანქცირების წინადადების შეტანამდე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურმა და ევროკომისიამ ალიანსის წევრ ქვეყნებს უნდა გააცნონ ყველა ტექნიკური დეტალი და აცნობონ პრობლემის მოგვარებისთვის გადადგმული ყველა ნაბიჯის შესახებ.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ინფორმირებულები უნდა იყვნენ მესამე ქვეყნებთან „ჩართულობის ყველა ეტაპისა და საბოლოო შედეგების შესახებ“ და, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ერთხმად შეიძლება იქნეს მიღებული, მას შემდეგ, რაც მესამე ქვეყანასთან ყველა სხვა სახის კომუნიკაცია არაეფექტიანი აღმოჩნდება.