ამ დღეებში აფხაზეთში საზოგადოების ყურადღება ყოფილი პრეზიდენტების ალექსანდრ ანქვაბისა და რაულ ხაჯიმბას გამოსვლებმა მიიპყრო. ისინი იმ თემას შეეხნენ, რომელიც აფხაზებს ახლა ყველაზე მეტად აწუხებთ - აპარტამენტები და აპარტამენტ-სასტუმროები. ბევრმა მიიჩნია, რომ მათ შორის ერთგვარი პოლემიკაც შედგა.
18 ივლისს პრეზიდენტმა ასლაბ ბჟანიამ ოჩამჩირის რაიონში გასვლითი თათბირი ჩაატარა. ალექსანდრ ანქვაბი იქ პრემიერ-მინისტრის რანგში იმყოფებოდა. პრემიერმა შობადობისა და სიკვდილიანობის შესახებ ისაუბრა.
1994 წლიდან მოყოლებული აფხაზეთში 48 520 ადამიანი დაიბადა (ცდომილება 2-3%), 40 163 კი გარდაიცვალა. დაბადებულების რაოდენობა გარდაცვლილებისას 8357-ით აჭარბებს.
„აი, შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელი აფხაზებთან მიმართებით: დაიბადა 31 462 ადამიანი, გარდაიცვალა - 12 833, ანუ 18 629 ადამიანით მეტია. ამას მათ გასაგონად ვამბობ, ვინს თავზე ნაცარს იყრის და დემოგრაფიას აპარტამენტების კანონთან, სასტუმროებსა და ექსკურსიებთან აკავშირებს. ჩვენ აპარტამენტ-სასტუმროების კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ ისეთი დაავადებების, როგორიც კოვიდია. აი, კოვიდის შედეგები: 2020 წელს 955 აფხაზი დაიბადა, 2021 წელს - ასით ნაკლები, 2022 წელს - ორასით ნაკლები. აი, რისი უნდა გვეშინოდეს, აი, რა არის ერისთვის ნამდვილი საფრთხე“.
ასავე მან დაამატა, რომ ეთნოსისთვის რეალური საშიშროება არის დაავადების ადრეულ სტადიაზე გამოვლენასთან დაკავშირებული პრობლემები, სამედიცინო მომსახურების დონე, ავტოსაგზაო შემთხვევები და ნარკოტიკები.
„90 პროცენტი ავარიებს ემსხვერპლა - აფხაზები. აი, სად არის საჭირო ნამდვილი, სერიოზული პოლემიკა. როგორ მოვახერხოთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების გამო ნაკლებად იღუპებოდნენ, ავადმყოფობისგან ნაკლებად იღუპებოდნენ. ყველაფერი დანარჩენი ეკონომიკის თემაზე სპეკულაციაა, პოლიტიკით შეზავებული. თეზისი ასეთია: „მათ ამას არ გავაკეთებინებთ, ჩვენ მოვალთ ხელისუფლებაში და თავად გავაკეთებთ“. და ეს მხოლოდ აპარტამენტ-სასტუმროებს არ ეხება“, - განაცხადა პრემიერმა.
ორშაბათს აფხაზეთის მეოთხე პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა, რომელსაც ახლა არანაირი თანამდებობა არ უჭირავს, ოპოზიციური პარტიის - „აფხაზეთის სახალხო ერთობის ფორუმის“ თათბირზე გამოვიდა. აი, რამდენიმე ნაწყვეტი მისი გამოსვლიდან:
„30-40-იან წლებში კომუნისტურმა პარტიამ და უშუალოდ საქართველოს ხელისუფლებამ აფხაზეთის სხვადასხვა სოფელში ფარღალალა ბინები ააშენა და ხალხი ჩამოიყვანა, რაც თავიდან აფხაზეთისთვის არაფერი იყო. ისინი ფაქტობრივად უუფლებოები იყვნენ, აყარეს იმ მიწებიდან, სადაც ცხოვრობდნენ, პანღური ამოარტყეს და აქ გამოუშვეს. ფოცხის და თოხის გარდა არაფერი ებადათ, მაგრამ დროთა განმავლობაში მათი რაოდენობა გაიზარდა და აფხაზეთში უკვე ბევრ პროცესზე ჰქონდათ გავლენა. ჩვენც იგივე დაგვემართება. რაც უნდა ტკბილად ჟღურტულებდნენ, იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ამ ბინებს შეიძენს, პოლიტიკურ პროცესებზე არ იმოქმედებსო, ეს მაინც ტყუილია. ყველა, ვინც ახლა ამ პროცესებზე საუბრობს, უნდა მიხვდეს, რომ უფსკრულის პირას ვართ. ბევრმა, ყოველ შემთხვევაში მათგან, ვისაც ამ პროცესებზე გავლენა აქვს, პარლამენტით დაწყებული, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა უნდა აიღოს. გვერდით უნდა დაგვიდგნენ“.
ინტერნეტში საზოგადოების აზრი ამ თემასთან დაკავშირებით ორად გაიყო. მოვიყვან რამდენიმე კომენტარს:
„30 წლის განმავლობაში აფხაზეთში 32 ათასი (დავამრგვალოთ) ადამიანი დაიბადა. აპარტამენტ-სასტუმროებში 60 ათასი კაცის ჩასახლება სურთ, უცხოელების. დემოგრაფიაზე არ იდარდოთო, გვეუბნებიან. რა სისულელეა, სად ხდება ასე, მაინტერესებს“.
„რაულ ჯუმკოვიჩი ბინების პოტენციურ მეპატრონეებს რუსეთიდან ჯიუტად აიგივებს ქართველებთან, სსრკ-ის მოქალაქეებთან, რომლებსაც აფხაზეთში „აბხაზპერესელენსტროი“ ასახლებდა, რომ ქართველები აფხაზებზე მეტი ყოფილიყვნენ. ბინების მეპატრონეებს არ ექნებათ აფხაზეთის მოქალაქეობა და არც ხმის მიცემის უფლება“.
„მართლა ფიქრობთ, რომ თუ ბინა-სასტუმროებს ააშენებთ, მოსკოვიდან და პიტერიდან ჩამოვლენ? ერთია, ქართველ გლეხებს მუდმივი ბინადრობის უფლებით რომ ასახლებდნენ, მაგრამ ახლა ვინ მოვა? მოვლენ მენეჯერები ლეპტოპებით, რომლებიც დახურულ ტერიტორიაზე ისეირნებენ, აუზსაც არ გასცდებიან. მათთვის აფხაზეთი უფრო Sustainable Tourism-ი არის და არა მუდმივი ბინადრობის უფლება“.
„ნარკომანიასა და ავტოსაგზაო შემთხვევებზე საუბარი დიდხანს შეიძლება, მათ შორის კეთილი მიზნებითაც, მაგრამ ეს ყოველთვის იყო და იქნება. ახლა კი ამას ისიც ემატება, რომ ადგილობრივ მოსახლეობას პროცენტულად ვამცირებთ“.
„- სახელმწიფო ვალდებულია იზრუნოს იმ ახალგაზრდა ოჯახებზე, რომლებსაც საცხოვრებელი არა აქვთ, მრავალშვილიანებზე და ასე შემდეგ. ეს სახელმწიფოს ინტერესებშია, დემოგრაფიის ინტერესებში.
- რა დროში ცხოვრობთ, კერძო უკვე დიდი ხანია საზოგადოებრივზე მაღლა დგას. საცხოვრებელზე დედ-მამამ უნდა იზრუნოს. სულ ვალდებული უნდა იყო მათთან, ინფანტილურები!
- შენ შეიძლება დედ-მამამ ბინაც მოგცა, მანქანაც და ცოლიც მოგიყვანა, მაგრამ ცხოვრებაში ბევრი რამ უფრო რთულად ხდება“.
ტექსტი შეიცავს ტოპონიმებსა და ტერმინოლოგიას, რომლებიც გამოიყენება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში.