Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 14 ივლისი. See content from before

ორშაბათი, 3 ივლისი 2023

რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი
რიკარდ იოზვიაკი, რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორი

ევროკავშირის წევრებმა 23 ივნისს ბოლოს და ბოლოს მიიღეს ახალი სანქციების პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ, სადაც ყველაზე საინტერესო სანქციებისათვის თავის არიდების საწინააღმდეგო ახალი ჩარჩო იყო, რომელიც მესამე ქვეყნების წინააღმდეგაა მიმართული. ეს ჩარჩო ამ წუთას ცარიელია, მაგრამ მომავალში ის ბრიუსელს ახალ ინსტრუმენტებს მისცემს ორი რამის გასაკეთებლად: ერთია ალიანსის ქვეყნების მიერ წარმოებული იმ პროდუქციის სიის შედგენა, რომელიც, შესაძლოა, რუსეთში მესამე ქვეყნების გავლით ხვდებოდეს. მეორეა თავად ამ მესამე ქვეყნების რეესტრი, რომელთაც ევროკავშირიდან იმპორტი შეეზღუდებათ.

თეორიულად ეს გადაწყვეტილება ევროკავშირს დააახლოებს „მეორად სანქციებთან“, რომელსაც აშშ წარმატებით იყენებს, რათა აღკვეთოს ან შეზღუდოს მესამე ქვეყნების მიერ ამერიკული სანქციებისათვის გვერდის ავლა. უდავოა, რომ მომავალში ევროკავშირისთვის ეს ინსტრუმენტი ძალიან გამოსადეგი იქნება.

ესტონეთი, ლატვია, ლიეტუვა და პოლონეთი აღნიშნავენ, რომ 2022 წელს ექსპორტი პოტენციურად ორმაგი დანიშნულების პროდუქციისა (ესაა საქონელი, რომელსაც სამოქალაქო დანიშნულებაცა აქვს და სამხედროც) ყაზახეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში შარშანდელთან შედარებით 62%-ით, 83%-ითა და 30%-ით გაიზარდა.

სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი, დევიდ ო’სალივანი ბოლო თვეებია აქტიურად მოგზაურობს ცენტრალური აზიის ქვეყნებში, სომხეთსა და საქართველოში, რათა გააგებინოს, რომ ევროკავშირიდან სხვა ქვეყნებში იმპორტირებული ნივთები (ან მათი ნაწილები) აღმოაჩინეს რუსულ სამხედრო ტექნიკაში, რომელსაც მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ ომისათვის იყენებს. ამ საქმეში გათვითცნობიერებულმა ევროკავშირის მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა არჩია, მითხრა: „ვიცით, რომ სანქციებს გვერდს უვლიან. ნახეთ, სად მოგზაურობს სპეციალური წარმომადგენელი. არსებობს სამხილები, რომ რაღაც ნამდვილად ხდება“.

როგორ მოიქცევა ევროკავშირი?

მთავარი საკითხი მაინც ისაა, გამოიყენებს თუ არა ევროკავშირი ამ ინსტრუმენტს. დიდი შანსია, რომ არა, და ეს სია ცარიელი დარჩება. ევროკავშირის ყველა წარმომადგენელი, ვისთანაც კი მილაპარაკია, ერთსა და იმავეს ამბობს: ეს არის ბოლო ეტაპი, რომელსაც მხოლოდ მაშინ მიმართავენ, როდესაც ყველა სხვა გზა ამოიწურება. „ყველა სხვა გზაში“ კი ინტენსიური დიპლომატია იგულისხმება.

ამბობენ, რომ ეს ინსტრუმენტი ო’სალივანისთვის შეიქმნა, რათა ის ამ ქვეყნებს დაემუქროს და მეტიც არაფერი. საკითხში ჩახედულმა პირებმა ამიხსნეს, რომ ბრიუსელს სულაც არ სურს, ქვეყნები რუსეთის თუ ჩინეთის მკლავებში მოაქციოს - ეს ინსტრუმენტი კი სწორედ ამ შედეგს გამოიღებდა.

ამის დასადასტურებლად მისახელებენ სერბეთსა და საქართველოს, რომლებიც არ შეუერთდნენ ევროკავშირის სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ, და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენებიც აქვთ, ბრიუსელისგან ნეგატიური შედეგები თავიანთი საქციელის გამო, ჯერ არ უხილავთ.

ასევე გასათვალისწინებელია კონსენსუსის საკითხიც. ახალი ჩარჩოს მიხედვით, ქვეყნის სანქციების სიაში დასამატებლად 27-ვე წევრის თანხმობაა საჭირო, რაც ძალიან რთული მისაღწევი იქნება.

კიდევ რა უდგას წინ სანქციების დაწესებას

მესამე ქვეყნების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მიმართ სკეპტიკურად განწყობილი ხალხი აღნიშნავს, რომ გერმანია, იტალიის მხარდაჭერით, ძალიან ეცადა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებული ტექსტი მაქსიმალურად გრძელი და რთული გამოსულიყო. ამ საქმეში ჩახედულმა ევროკავშირის რამდენიმე მაღალჩინოსანმა მითხრა, რომ გერმანია სიაში კონკრეტული მესამე ქვეყნების დასახელების შესაძლებლობის წინააღმდეგი იყო, ამას წინ ევროკავშირის სხვა ქვეყნების უმეტესობა აღუდგა.

თავდაპირველად, როდესაც სანქციების ეს პაკეტი ევროკომისიამ ბრიუსელს წარუდგინა, ელოდნენ, რომ შეთანხმება მალევე შედგებოდა, რადგან მასში განსაკუთრებულად მკაცრი ზომები გათვალისწინებული არ ყოფილა. თუმცა, შეთანხმების მიღწევას ლამის ორი თვე დასჭირდა, ძირითადად იმიტომ, რომ ბერლინი გამუდმებით ითხოვდა სანქციების გვერდის ავლის ნაწილში ამა თუ იმ ტექსტის ჩასწორებას.

მე ორიგინალურ, ევროკომისიის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტსაც გავეცანი და მის საბოლოო ვერსიასაც. ამ ტექსტიდან ცხადია, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა ბრიუსელს გაუჭირდება და ევროკავშირს ამის გაკეთებამდე ჯერ ყველა დიპლომატიური რესურსის ამოწურვა მოუწევს.

საბოლოო ტექსტში ჩამოთვლილია ის ეტაპები, რომელთა გავლაც არის აუცილებელი, ვიდრე მესამე ქვეყანას სანქციები დაუწესდება. მაგალითად, კონკრეტული ქვეყნის სანქცირების წინადადების შეტანამდე ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მესვეურმა და ევროკომისიამ ალიანსის წევრ ქვეყნებს უნდა გააცნონ ყველა ტექნიკური დეტალი და აცნობონ პრობლემის მოგვარებისთვის გადადგმული ყველა ნაბიჯის შესახებ.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ინფორმირებულები უნდა იყვნენ მესამე ქვეყნებთან „ჩართულობის ყველა ეტაპისა და საბოლოო შედეგების შესახებ“ და, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მხოლოდ ერთხმად შეიძლება იქნეს მიღებული, მას შემდეგ, რაც მესამე ქვეყანასთან ყველა სხვა სახის კომუნიკაცია არაეფექტიანი აღმოჩნდება.

ნანა ექვთიმიშვილი
ნანა ექვთიმიშვილი

„და ზვიგენი, აქვს კბილები
თეთრ სახეზე გაკრეჭილი,
მეკი-დანას კი აქვს დანა
საშიში და ალესილი.
და ზვიგენი წითელ წყალში,
ცურავს, როცა ხვდება დანა,
ხელთათმანზე ვერცერთ ლაქას,
ვერ უპოვით მეკი-დანას.
ერთ მშვენიერ, მზიან დილას,
ზღვა კაცს გარეთ გამორიყავს,
მისეირნობს მეკი-დანა,
მას ჯიბეში უდევს დანა“.

„სამგროშიანი ოპერა“, ბერტოლტ ბრეხტი,
თარგმანი
ნანა ექვთიმიშვილის

ალბათ ძნელად თუ მოიძებნება თეატრის, კინოს, ან ზოგადად კულტურის მოყვარული, ვისაც ცხოვრებაში ერთხელ მაინც არ ჰქონდეს აკვიატებული მელოდია ბერტოლდ ბრეხტის პიესიდან „სამგროშიანი ოპერა“. სიმღერა მეკი-დანას შესახებ, რომლის ტექსტიც ბერტოლტ ბრეხტს, ხოლო მუსიკა 30-იან წლებში ამერიკის შეერთებულ შტატებში ემიგრირებულ გერმანელ კომპოზიტორ კურტ ვეილს ეკუთვნის.

1931 წელს ნაცისტურმა გერმანიამ ბრეხტის ნაწარმოების მიხედვით ავსტრიელი რეჟისორის გეორგ ვილჰელმ პაბსტის მიერ გადაღებული იმავე სახელწოდების ფილმი აკრძალა. აიკრძალა პაბსტის სხვა ფილმებიც - დასავლეთი ფრონტი 1918 (1930) და პანდორას ყუთი (1929), ასევე ვილჰელმ თილეს კომედია „სამნი ბენზინგასამართი სადგურიდან“ (1930).

ამ აკრძალვას წინ უძღოდა ჯერ კიდევ ვაიმარის რესპუბლიკაში 1920 წელს შემუშავებული სპეციალური კანონი კინემატოგრაფის შესახებ, რომელიც კრძალავდა ფილმების წარმოებას, ან უკვე წარმოებული ფილმების ჩვენებას შემდეგი ნიშნით:

- ფილმი, რომელიც აზიანებს საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას;

- ფილმი, რომელიც საფრთხეს უქმნის სასიცოცხლო მნიშვნელობის სახელმწიფო ინტერესებს;

- ფილმი, რომელიც ახდენს ამორალურ ზეგავლენს მაყურებელზე.

1933 წელს არიულ კანონში შესული დამატებითი განმარტება ყველა არაარიული სისხლის ადამიანს უკრძალავდა დასაქმებას სახელმწიფო და საზოგადოებრივ სამსახურში და ამ დროისათვის დასაქმებულ ყველა არაარიელს სასწრაფო წესით პენსიაზე უშვებდა.

ამავე წლიდან არაარიელების მუშაობა და თანამონაწილეობა უკვე კინოშიც აიკრძალა.

კანონში სხვა, მნიშვნელოვანი ცვლილებაც გატარდა: თუ მანამდე კინოთეატრში შეშვება ექვსი წლის ბავშვებისთვის არ იყო ნებადართული, ამ ცვლილების მერე ეს აკრძალვაც მოიხსნა და ბავშვებს უკვე ასაკის შეუზღუდავად შეეძლოთ კინოს საშუალებით მიეღოთ მასობრივი პროპაგანდა.

კინოს გადასახადებზე შეღავათი დაწესდა. გადასახადი იმისდა მიხედვით განისაზღვრებოდა, თუ რა კატეგორიაში ხვდებოდა ფილმი; ზოგიერთი, სახელმწიფოსთვის განსაკუთრებულად სასარგებლო კინოსურათი კი, სრულიად გათავისუფლლდა გადასახადებისაგან.

1933 წელსვე იკრძალება ფრიც ლანგის ფილმი „დოქტორ მაბუზეს ანდერძი“. მაშინდელი სახალხო განათლებისა და პროპაგანდის რაიხმინისტრი იოზეფ გებელსი კი ფრიც ლანგს იბარებს. გებელსი რეჟისორს ძალიან თავაზიანად იღებს და ეუბნება, რომ ფიურერმა მისი ფილმები ნახა და მოეწონა. „ფიურერი ფიქრობს, რომ თქვენ ხართ ის, ვისაც ჩვენთვის საუკეთესო ნაციონალ-სოციალისტური ფილმების შექმნა შეუძლია“, - უმხელს მინისტრი რეჟისორს.

ფრიც ლანგი თავის ინტერვიუში, რომელიც მან 1974 წელს ამერიკელ რეჟისორ ვილიამ ფრიდკინს (რეჟისორი ოსკაროსანი ფილმისა „ფრანგული კავშირები“, სადაც მთავარ როლს ჯიმ ჰეკმანი ასრულებს) მისცა, იხსენებს, რომ ის გებელსთან შეხვედრის დროს მხოლოდ ერთზე ფიქრობდა, სწრაფად ამდგარიყო, ოთახიდან გამოსულიყო და რაც შეიძლება მალე დაეტოვებინა გერმანია.

მან გაბედა და ისიც კი უთხრა გებელსს, რომ ამ საქმისთვის არ გამოდგებოდა, რადგან მხოლოდ მამის მხრიდან იყო არიული სისხლის, დედის მხრიდან კი ებრაელი ნათესავები ჰყავდა, რაზეც გებელსმა თავაზიანად მიუგო: „ბატონო ლანგ, ვინ არის აქ არიული სისხლის და ვინ არა, ამას ჩვენ ვწყვეტთ“.

ფრიც ლანგი გერმანიას იმავე საღამოს ტოვებს, ისე, რომ ბანკში მისვლასა და ფულის გამოტანასაც კი ვერ ასწრებს (მინისტრთან შეხვედრამ დიდხანს გასტანა და ბანკი იმ დღეს დაიკეტა), და პირველივე მატარებლით პარიზში მიემგზავრება, ხოლო ერთი წლის მერე ამერიკის შეერთებულ შტატებში გადადის საცხოვრებლად.

ფრიც ლანგი, როგორც თვითონ იხსენებს, გერმანელებს აღარასდროს უძებნიათ. გაქცეული რეჟისორი ნაცისტური გერმანიის ინტერესის სფეროს აღარ წარმოადგენდა. სამაგიეროდ, ის, რაც და ვინც ქვეყანაში დარჩა, სრული კონტროლის ქვეშ მოექცა. ცენზურა მხოლოდ კინოწარმოებას ან უკვე წარმოებული ფილმების ჩვენებას არ შეხებია, აკრძალვა გავრცელდა კინოკრიტიკაზეც.

ნაწყვეტი ფილმიდან "სამგროშიანი ოპერა", 1931 წ., ბერტოლტ ბრეხტის ნაწარმოების მიხედვით, რეჟისორი გეორგ ვილჰელმ პაბსტი. ტექსტი: ბერტოლტ ბრეხტი, მუსიკა: კურტ ვეილი.

1933 წელს პრესა, რომელიც კინემატოგრაფიას მიმოიხილავდა, გებელსმა პირად კონტროლზე აიყვანა. კინოკრიტიკა იკრძალებოდა ზუსტად იმ მიზნით, რომ მზა პროპაგანდისტული ფილმები არ გამხდარიყო ინტერპრეტაციის საგანი და მასები არ აცდენილიყვნენ პროპაგანდისტულ მესიჯებს. სწორედ ამიტომ ეკრძალებოდათ კინოს კრიტიკოსებს რაიმე ფორმით აზრის გამოთქმა, მათ უფლება ჰქონდათ, მხოლოდ ფილმის შინაარსი და მოქმედება გადმოეცათ.

30-იანი წლების ბოლოს ნაციონალ-სოციალისტების კონტროლი კინემატოგრაფზე ისე დაიხვეწა, რომ სისტემა მხოლოდ სამ კატეგორიაში მოხვედრილ ფილმებს სწყალობდა:

1. საერო ფილმები, სახელმწიფო პოლიტიკისა და შემოქმედებითი კუთხით განსაკუთრებულად ვარგისი;
2.ფილმები, სახელმწიფო პოლიტიკისათვის ვარგისი, შემოქმედებითად ვარგისი, კულტურულად ვარგისი;
3. ფილმები, ახალგაზრდებისათვის ვარგისი, სასწავლო-დიდაქტიკური კუთხით ვარგისი.

კონტროლის ამ მექანიზმის ეფექტურობაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ასაკრძალი ფილმების სიისათვის კიდევ ერთი, საკმაოდ მოუხელთებელი და მრავალმხრივ ინტერპრეტირებადი კატეგორიის დამატებამ, რომელიც თითქმის ყველაფრის ცენზურას შესაძლებელს ხდიდა: აიკრძალოს ფილმები, რომლებიც არღვევენ ნაციონალ-სოციალისტურ, მორალურ ან მხატვრულ მგრძნობელობას.

ისტორიიდან ეს მცირე ექსკურსი შემთხვევითი არ არის. სულ მცირე, რაც დღეს ჩვენ შეგვიძლია, არის სწორედ ეს: გადავიკითხოთ, გავიხსენოთ ისტორია. გადავიმეოროთ ისტორიის ის პასაჟები, სადაც კინო პროპაგანდის საშუალებად იქცა და სისტემას დაექვემდებარა.

არ უნდა დავივიწყოთ არცერთ ქვეყანაში, არცერთ დროში ცენზურის და დევნის ისტორია, რათა დროულად ამოვიცნოთ საფრთხეები აწმყოში და ვიცოდეთ, თუ როდის ექცევა კულტურა წნეხის ქვეშ, თუ როგორი საშიშია შემოქმედი ადამიანის რეჟიმთან თანამშრომლობა და ვის და რატომ ერღვევა მორალური, მხატვრული ან პარტიული მგრძნობელობა მაშინ, როცა ხელოვნება თავისუფალია.

სულ მცირე, ბოლოდროინდელი ფაქტები რომ გავიხსენოთ, თუ როგორი წნეხის ქვეშ მოექცა ქართული კულტურა სახელმწიფოს მხრიდან, დავინახავთ, რომ კულტურის საკუთარ ბერკეტად ქცევის ტენდენციები ავტოკრატიისკენ მიდრეკილ ყველა რეჟიმში მსგავსია.

აი, ამ ტენდენციების არასრული ჩამონათვალი:

ლიტერატურა

2019 წელს უქმდება წიგნის ეროვნული ცენტრი; კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებული ორგანიზაცია, რომელმაც საქართველო ევროპის ერთ-ერთი მთავარი კულტურული მოვლენის ფოკუსში მოაქცია და ქართულ ლიტერატურას, ისე, როგორც არასდროს, გრძელვადიანი პერსპექტივები დაუსახა.

საქართველო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკებიდან ლიეტუვის (2002) და რუსეთის (2003) შემდეგ პირველი იყო, რომელიც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე სტუმარი ქვეყნის რანგში მიიწვიეს.

2021 წელს კულტურის სამინისტრომ ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურიში მიავლინა სამინისტროს თანამშრომელი, რაც ქართველი ლიტერატორების მხრიდან აღქმული იყო, როგორც კონტროლისა და ცენზურის მცდელობა. ჟიური სამინისტროს თანამშრომლის გარდა ყველა წევრმა დატოვა. კონკურსში მონაწილეობაზე კი უარი თქვა უკლებლივ ყველა მწერალმა. საბოლოოდ, პრემია „ლიტერა“, იმ ფორმითა და შინაარსით, როგორც 2015 წლიდან არსებობდა, გაუქმდა.

თეატრი

2019 წელს რეჟისორი ლაშა ჩხვიმიანი დმანისის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დგამს ჰენრიკ იბსენის პიესას „ხალხის მტერი“, რის გამოც მას ფაქტობრივად ეკრძალება თეატრში მუშაობა. დმანისის მერი სპექტაკლს იდიოტობად მოიხსენიებს და რეჟისორს აფრთხილებს, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. კონკურსი, რომელშიც რეჟისორი, როგორც ერთადერთი კანდიდატი მონაწილეობდა, ჩაშლილად ცხადდება, ხოლო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად ინიშნება სხვა რეჟისორი, რომელსაც კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია.

მედია

სიძულვილის ენა, რომელსაც მმართველი პარტიის წარმომადგენლები ოპოზიციური მედიის მიმართ იყენებენ, პირდაპირ თუ ირიბად ახალისებს ძალადობას. მაგალითი ბევრია, თუმცა მე ერთი, სიმბოლური მნიშვნელობის ფაქტით შემოვიფარგლები, რომელიც ზუსტად ასახავს იმას, რომ სიძულვილის ტრენდს კულტურის პოლიტიკაც სრულიად იზიარებს:

2021 წელს სენაკის სახელმწიფო დრამატული თეატრის გახსნაზე, რომლის რეაბილიტაცია ქართუსფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა, კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ჩართული კამერების წინ ჟურნალისტ ემა გოგოხიას ართმევს (ხელიდან გლეჯს) მიკროფონს და ითვისებს. ჟურნალისტი ინციდენტის შემდეგ პოლიციას მიმართავს. მინისტრი სამ თვეზე მეტხანს არ უბრუნებს ჟურნალისტს მიკროფონს.

ხელოვნება და მეცნიერება

2020-2022 წლებში ხელოვნების მუზეუმში (ასევე ეროვნულ გალერეასა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში) გატარებული რეორგანიზაციის დროს მუზეუმიდან თავისუფლდებიან კვალიფიციური თანამშრომლები, რაც მათ საპროტესტო ტალღას იწვევს. არაერთი გათავისუფლებული თანამშრომელი მიმართავს სასამართლოს.

კინო

2022 წელს ვადაზე ადრე ათავისუფლებენ კინოცენტრის დირექტორს, რასაც წინ უძღოდა მისი მხარდამჭერი განცხადებები უკრაინის მიმართ.

ამავე წელს კინოაკადემია (ყოფილი „კინემატოგრაფისტთა პროფესიული კავშირი“) აუქმებს კინორეჟისორ სალომე ჯაშის ფილმ „მოთვინიერების“ დაგეგმილ ჩვენებებს. კინოაკადემიის განცხადებაში საუბარია ფილმის შინაარსის მიუღებლობაზე, რომელიც აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს.

2023 წელს იხურება კინოჟურნალი „კინO“, ქართული სივრცისთვის მნიშვნელოვანი კინოპუბლიკაცია, რომელიც ქართულ კინოში მომხდარ მოვლენებს, ტენდენციებს იკვლევდა და აშუქებდა და, რომელიც დიდ როლს ასრულებდა ქართული კინოკრიტიკის არსებობასა და შენარჩუნებაში.

ამავე წლის ივნისში, კინოცენტრში მოულოდნელად ათავისუფლებენ თანამშრომლებს და ცხადდება რეორგანიზაცია, რის შესახებაც არ ყოფილა წინასწარი კომუნიკაცია არა მხოლოდ კინოს სექტორში მომუშავე ადამიანებთან, არამედ თავად კინოცენტრის იმ თანამშრომლებთან, რომლებიც სამსახურიდან დაითხოვეს.

კინოცენტრის თანამშრომლებისა და კინემატოგრაფისტების მწვავე პროტესტის ფონზე მმართველი პარტიის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, იერიში მიაქვს კინოდოკუმენტალისტ სალომე ჯაშზე. კობახიძე ირონიულსა და სამარცხვინოს უწოდებს მის ნამუშევარს და ამბობს, რომ როცა სახელმწიფო გაფინანსებს, ასეთი ფილმის გადაღების უფლება არ გაქვს.

კინოცენტრის რეორგანიზაციის გამოცხადების დღიდანვე (2023 წლის 10 ივნისი) კინემატოგრაფისტები კულტურის მინისტრ თეა წულუკიანთან შეხვედრას ითხოვენ.

2023 წლის 23 ივნისს კულტურის მინისტრი კინემატოგრაფისტებს ხვდება. თუმცა სტუმართა სია სელექციურია. შეხვედრაზე მიწვეულთა სიაში, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ვერ ხვდებიან ის კინემატოგრაფისტები, ვინც რეორგანიზაციას აპროტესტებენ.

ამ შეხვედრიდან ყველაზე საგულისხმო ის არის, თუ რა შეუთვალა სხვების პირით მინისტრმა იმ კინემატოგრაფისტებს, რომლებიც მის კარს მიღმა დარჩნენ. მინისტრისგან გამოსული ერთი კოლეგა თითქოს სპონტანური შეძახილებით ეხმიანებოდა იქ შეკრებილ სხვა კოლეგებს: „მაგარი მინისტრი გვყავს!“, „ყველაფერი არის ძაან კარგად!“, სხვები კი უხსნიდნენ საზოგადოებას და პროტესტის მონაწილე კინემატოგრაფისტებს, თუ რატომ ვერ მოხვდნენ ისინი მინისტრის სტუმართა სიაში.

მიზეზი, როგორც შეხვედრის მონაწილეებმა თქვეს, მინისტრის აზრით, ზრდილობის უქონლობა აღმოჩნდა. „არ დაელაპარაკება ქუჩიდან მოსულ ადამიანს, თუ ის კულტურულად არ იქცევა!“ - უხსნიდა ჟურნალისტს შეხვედრის ერთ-ერთი მონაწილე.

სწორედ ეს პატარა დეტალი ასახავს დღევანდელი ქართული კულტურის რეალურ მდგომარეობას, სწორედ ამ მოთხოვნილებაში, ესაუბროს კულტურის მინისტრი მხოლოდ და მხოლოდ ზრდილობიან ადამიანებს, ვლინდება კულტურის რეალური პოლიტიკა და მიმართულება: ჩემთან, ერთ მაგიდასთან, დასხდებიან მხოლოდ ისინი, ვინც არ დააზიანებენ ჩემს პიროვნულ და პარტიულ მგრძნობელობას. ხოლო ცენზურა, რომელსაც დავაწესებთ, გამართლდება მორალური და მხატვრული მგრძნობელობის დარღვევით და ჩარევის აუცილებლობით.

მინისტრის დაწუნებულმა ზრდილობამ ერთი სატელევიზიო გადაცემა გამახსენა, რომელიც საქართველოს პირველ და ერთადერთ არხზე 80-იანი წლების დასაწყისში გადიოდა. გადაცემას „ათიათასად ზრდილობა“ ერქვა და მასში ცხოვრებისეული ეპიზოდები იყო მხატვრულად დადგმული და გათამაშებული, რომლებსაც შემდეგ წამყვანები განიხილავდნენ და ბჭობდნენ, სად იყო ზრდილობიანი ქცევა და სად არა, რა იყო მორალურად გამართლებული და რა - დასაგმობი.

ვისაც სურს, დღეს კულტურის სამინისტროს ნაბიჯები გაიგოს, მათი ნამდვილი მესიჯი გაიზიაროს და მათი მომავლის კინო და კულტურა წარმოიდგინოს, აუცილებლად უნდა ნახოს ეს გადაცემა, ან თუნდაც წაიკითხოს ტექსტი სიმღერისა, რომელსაც მოზარდები გადაცემის ქუდში მღეროდნენ:

„სახლია თუ ეზო-ყურე
შენი სკოლისა,
ქუჩაა თუ ტრიბუნაა
სტადიონისა,
გმართებს ზრდილობა
გმართებს ზრდილობა
ცუდი სიტყვა, უხეშობა,
არ გეკადრება,
ნუ მოისვრი ისე, პირზე,
რაც მოგადგება,
გმართებს ზრდილობა
და დაფიქრება
ბაზარში თუ ავტობუსში,
ტაქსის ლოდინში,
ორი სიტყვა სულ გახსოვდეს:
გმადლობთ-ბოდიში.
გმადლობთ-ბოდიში
გმადლობთ-ბოდიში
დაუფიქრდი შენს ღირსებას
როგორ უხდება,
თუ ინებებთ, რას გვიბრძანებთ,
ნუ შეწუხდებით,
ოდეს ყველას
გვმართებს ზრდილობა
გვმართებს ზრდილობა“

ეს სატელევიზიო არტეფაქტი არის თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ როგორ გარდაქმნის ტოტალიტარული სისტემა ადამიანს და აქცევს მას დამჯერ და ბეჯით სუბიექტად; თუ როგორ ხდება აზროვნების მიზანმიმართული ფორმირება, შავ-თეთრად დაყოფა, უკიდურესი პოლუსების ჩამოყალიბება: კარგი და ცუდი, ბოროტი და კეთილი, გარყვნილი და უმანკო. კინოს, და ზოგადად ხელოვნებას, კი ეს კატეგორიები არ უყვარს.

სიმღერა "მეკი-დანა", გერმანელი მსახიობისა და მომღერლის, ჰილდეგარდ კნეფის შესრულებით, 1977 წ., ბრეხტის პიესიდან "სამგროშიანი ოპერა". ტექსტი: ბერტოლტ ბრეხტი, მუსიკა: კურტ ვეილი.

სად არიან ნამდვილად კარგი ადამიანები? ნამდვილად ცუდი პიროვნებები? ვინ არიან ბედნიერი და წარმატებული გმირები? მით უმეტეს დღეს, პოსტმოდერნიზმის ეპოქაში, სადაც ხელოვნებაში არ არსებობს ერთი, ობიექტური სიმართლე და ყოველ ხელოვანს აქვს უფლება, თავისი ინდივიდუალური სიმართლე თქვას.

ბრეხტის მეკი-დანა განგსტერია, „დასავლეთ ფრონტის“ გმირები - ომში მოხვედრილი უბრალო ადამიანები, რომლებსაც უყვართ, სტკივათ, განიცდიან, მარცხდებიან; მშვენიერი ლულუ „პანდორას ყუთიდან“ (ფრანკ ვედეკინდის პიესის მიხედვით) - უმშვენიერესი, უიღბლო ლამაზმანი, ვილი, კურტი და ჰანსი კი ღატაკი მეგობრები არიან, რომლებსაც ერთი და იგივე ქალი უყვარდებათ; ფრიც ლანგის დოქტორი მაბუზე კი - შეშლილი ტირანი და მანიპულატორი უჩვეულო კრიმინალური ენერგიით.

ისე რომ ვთქვათ, რა არის ზრდილობა? თავაზიანობა? მე სულ არ მგონია, რომ რომელიმე ნაბიჯი, ჟესტი ან სიტყვა ჩემი კოლეგებისა, რომლებიც დღეს კინოს გარშემო მიმდინარე პროცესს აპროტესტებენ, არათავაზიანი, ან შეურაცხმყოფელი იყოს. პირიქით, ამ ქცევაში არის რაღაც ძალიან გულწრფელი, ამ სულისკვეთებაში არის რაღაც, რაც შანსს აძლევდა ამ ამბის აბსოლუტურ ანტიგმირს პროტესტის ავტორებისათვის თვალი გაესწორებინა და ყოფილიყო თანასწორი დიალოგში.

მე მგონია, რომ სწორედ გულწრფელი პროტესტი და სატკივრის შეუნიღბავად, შეულამაზებლად გაზიარება არის სწორი დამოკიდებულება; რადგან, როგორც ამერიკელი მწერალი ამბროს ბირსი იტყოდა, თავაზიანობა ხომ სხვა არაფერია, თუ არა პირფერობის სასიამოვნო ფორმა. თუმცა, ალბათ, ეს ფორმა მინისტრებს უყვართ, ისევე როგორც ტოტალიტარულ სისტემას - სიმღერები ზრდილობასა და მორჩილებაზე. მაგრამ ეს სიმღერა ჩვენი სიმღერა არ არის. ქართული კინო არ გახდება სისტემის მსახური. გმადლობთ, ბოდიში!

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.​

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG