რატომაა ეს არჩევნები მნიშვნელოვანი?
15 ოქტომბერს პოლონეთში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, რომელსაც ევროპის პოლიტიკური ელიტა განსაკუთრებული ყურადღებით აკვირდება. წინასაარჩევნო კვლევები დაძაბულ ბრძოლას გვპირდება. მოახერხებს თუ არა მმართველი პარტია „კანონი და სამართალი“ (PiS) უპრეცედენტო მესამე ვადით გამარჯვებას, სოციალურად კონსერვატიული საშინაო პოლიტიკის წარმოების გაგრძელებას და ნიშნავს თუ არა ეს ახალ დაპირისპირებებს ბრიუსელსა და ბერლინთან? ან, იქნებ, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება იმარჯვებს, სასამართლო რეფორმას გააუქმებს და გააუმჯობესებს ურთიერთობებს ევროპის სხვადასხვა დედაქალაქთან? მაგდალენა კედრო, Polityka Insight-ის ჟურნალისტი, ვითარებას ამგვარად აჯამებს: „ამ არჩევნებს დიდი გავლენა ექნება პოლონეთის პოზიციაზე ევროპაში. ცხადია, ყველა არჩევნებზე შეიძლება ითქვას, რომ ის გადამწყვეტია ქვეყნის მომავლისათვის, მაგრამ ამჯერად ის ნამდვილად გადაწყვეტს, დაუბრუნდება თუ არა პოლონეთი ევროკავშირის ცენტრს თუ დარჩება მარგინალურ, პრობლემურ წევრ სახელმწიფოდ“.
ვინ იბრძვის და რა შედეგს ველით?
ორი მთავარი მოწინააღმდეგე ახლაც, ისევე, როგორც პოლონეთის უახლესი ისტორიის განმავლობაში არაერთხელ მომხდარა, PiS და მემარჯვენე-ცენტრისტული „სამოქალაქო პლატფორმაა“ (PO). წინასწარი გამოკითხვებით PiS იმარჯვებს ხმების დაახლოებით 35%-ით, PO კი ხმების 30%-ს ელის. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ორივეს მოუწევს კოალიციის ჩამოსაყალიბებლად უფრო მცირე ზომის პარტიებთან მოლაპარაკება. ელიან, რომ სამი პარტია მოახერხებს დაახლოებით 10%-ის მიღებას - ორი პარტიის კოალიცია, მემარცხენე „მესამე გზა“ და ულტრამემარჯვენე ლიბერტარიანული „კონფედერაცია“. მემარცხენეები სავარაუდოდ სამოქალაქო კოალიციას შეეკვრებიან, თუმცა ამისათვის მათ ჯერ საარჩევნო ბარერის გადალახვა უნდა მოახერხონ, რომელიც პოლონეთში პარტიებისათვის 5%-ია, კოალიციებისათვის კი - 8%. „კონფედერაცია“, ერთი შეხედვით, უფრო ახლოს მმართველ პარტიასთან დგას - სოციალურ საკითხებსა და ევროკავშირთან ურთიერთობების საკითხებში მსგავსი პოზიცია უჭირავთ. თუმცა, „კონფედერაცია“ საკუთარ თავს პოლიტიკურ აუტსაიდერად მოიაზრებს, რომელიც ქვეყნის სათავეში ყოფნას სისტემის გარედან ნგრევას ამჯობინებს. ისინი ასევე გადასახადების და სოციალური დახმარების შემცირების მოთხოვნით გამოდიან, რაც ეწინააღმდეგება PiS-ს ბოლო წლების პოლიტიკას. არჩევნების შემდეგ დიდი ვაჭრობა დაიწყება და ვარშავაში უკვე ლაპარაკობენ, რომ შესაძლოა 2024 წელს კიდევ ერთი ვადამდელი არჩევნების ჩატარება გახდეს საჭირო.
ისევ კაჩინსკი vs ტუსკი?
ამ საუკუნის პოლონეთის პოლიტიკას ყველაზე მეტად ორი ადამიანი განსაზღვრავდა: იაროსლავ კაჩინსკი და დონალდ ტუსკი. ორივემ პოლიტიკური კარიერა 80-იანი წლების ბოლოს, „სოლიდარობის“ მოძრაობაში დაიწყო და ბოლო ათწლეულების განმავლობაში ხან ერთი უძღვებოდა ქვეყანას, ხან კი - მეორე. კაჩინსკი 2006 და 2007 წლებში მსახურობდა პრემიერ-მინისტრად, 2015 წლიდან კი, როდესაც PiS სათავეში დაბრუნდა, ჩრდილში გადავიდა. მას ვიცე-პრემიერის პოსტი უჭირავს, თუმცა ვარშავაშიც და სხვაგანაც ყველას ესმის, რომ ის ქვეყნის დე ფაქტო ლიდერია და გადაწყვეტილებები მის გარეშე არ მიიღება. ტუსკი 2007-14 წლებში იყო პრემიერ-მინისტრი, შემდეგ კი კარიერა ბრიუსელში გააგრძელა - ჯერ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი იყო, შემდეგ კი „ევროპის სახალხო პარტიის“ პრეზიდენტი. მის არყოფნაში მისი „სამოქალაქო პლატფორმა“ არჩევნებში არაერთხელ დამარცხდა. ორი პოლიტიკოსის მეტოქეობას ისიც ამძაფრებს, რომ მათ ერთმანეთი პიროვნულადაც სძულთ.
2010 წელს სმოლენსკში მომხდარი ავიაკატასტროფის დროს დაიღუპა პოლონეთის პრეზიდენტი, იაროსლავის ტყუპი ძმა ლეხ კაჩინსკი. იაროსლავ კაჩინსკი ძმის დაღუპვაში ბრალს ტუსკს სდებდა და ავრცელებდა კონსპირაციის თეორიას, რომ ტრაგედია უბედური შემთხვევის შედეგად კი არა, არამედ პოლონეთის იმდროინდელი პრემიერ-მინისტრისა და კრემლის მაქინაციების გამო მოხდა. პიოტრ ბურასი, „საგარეო ურთიერთობების ევროპული საბჭოს“ წარმომადგენელი, ამბობს, რომ კაჩინსკისა და ტუსკის მეტოქეობა პოლონეთის ამომრჩევლის გაუცხოებას იწვევს. „პოლონეთის პოლიტიკურ ცხოვრებასა და პოლონეთის საზოგადოებას შორის დიდი განსხვავებაა. საზოგადოებას არ ადარდებს პოლიტიკური კონფლიქტი, კაჩინსკისა და ტუსკის კინკლაობა, რომელიც 30 წელია გრძელდება. ისინი მიიჩნევენ, რომ ეს მათი ბრძოლა არ არის“.
რატომაა PiS ასე პოპულარული?
„კანონი და სამართალი“ ალბათ ვეღარ მიიღებს იმხელა პოლიტიკურ მხარდაჭერას, როგორც ეს 2019 წელს მოხდა, როდესაც მათ ამომრჩევლის 44%-მა დაუჭირა მხარი. მიუხედავად ამისა, მათ პოლონეთის პოლიტიკის ლანდშაფტში ცენტრალური პოზიცია უჭირავთ და, როგორც ჩანს, კიდევ კარგა ხანს მოახერხებენ ამომრჩევლების სულ მცირე მესამედის მიმხრობას. უცხოელ დამკვირვებლებს აშფოთებს ხოლმე ამ პარტიის ქმედებები - აბორტის უფლების შეზღუდვა, ლგბტ+ თემის მიმართ დამოკიდებულება და სასამართლო სექტორის პოლიტიზება, მაგრამ თავის ქვეყანაში ის პოპულარობას ინარჩუნებს. პოლონეთის ელექტორატს მოსწონს პარტიის სოციალურად კონსერვატიული პოლიტიკა, რომელიც ეყრდნობა ნაციონალიზმსა და კათოლიციზმს. PiS-ს დროს პოლონეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაშიც გადამწყვეტი როლი ევროკავშირის დახმარებამ ითამაშა (პოლონეთი ბრიუსელის ფულის მთავარი მიმღებია) და პარტიამ ეს თანხები სოციალური პროგრამების დაფინანსებას მოახმარა. „სამოქალაქო პლატფორმას“ 2007-2015 წლებში სათავეში ყოფნისას ძირითადად იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ სოფელს და სოციალურად დაუცველებს საკმარის ყურადღებას არ უთმობდა.
უკრაინასთან დაკავშირებით რა მოხდება?
მას შემდეგ, რაც 2022 წელს რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო, პოლონეთი კიევის ალბათ უდიდესი მხარდამჭერი გახდა. მან მიიღო ყველაზე მეტი ლტოლვილი, ბრიუსელში რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესება და უკრაინისათვის გულუხვი დახმარების გამოყოფა მოითხოვა, კიევის ლობისტი იყო ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საკითხებში და მთავარი შუამავალია ამ ქვეყნისათვის იარაღის მიწოდების საქმეში. თუმცა, წინასაარჩევნოდ ვარშავაში რიტორიკა მკვეთრად შეიცვალა. მაისში პოლონეთმა (აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებთან ერთად) დაბლოკა უკრაინის აგროპროდუქციის შეტანა ევროკავშირში, რადგან ეს პოლონელი ფერმერების კეთილდღეობას უშლიდა ხელს. ბრიუსელის შუამავლობის მიუხედავად, ვარშავა დღემდე მხოლოდ რამდენიმე უკრაინული პროდუქტის ტრანზიტს დათანხმდა.
ევროკავშირის დიპლომატების ნაწილი ამას მიიჩნევს ცინიკურ ნაბიჯად სოფლად მცხოვრები ელექტორატის მოსაზიდად. თუმცა, ყველაფერი ამით არ დამთავრებულა. ბოლო დროს პოლონეთმა ევროკავშირს მოთხოვა გადაევადებინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც უკრაინელ ლტოლვილებს შეეძლებოდათ ევროკავშირის ქვეყნებში დროებით მუშაობა და ჯანდაცვის მიღება. პოლონელი ოფიციალური პირები სულ უფრო იშვიათად ხვდებიან უკრაინელ პოლიტიკოსებს და ვარშავამ იმაზეც მიანიშნა, რომ პოლონეთი აღარ მიაწოდებდა კიევს იარაღს. ბევრის აზრით, პოლიტიკის ეს უეცარი ცვლილება ასახავს „უკრაინით დაღლას“ პოლონეთში და PiS ცდილობს ხელიდან არ გაუშვას ამომრჩეველი, რომელსაც შესაძლოა „კონფედერაციისათვის“ მიეცა ხმა. დამკვირვებლების უმეტესობა მიიჩნევს, რომ არჩევნების შემდეგ, კენჭისყრის შედეგის მიუხედავად, პოლონურ-უკრაინული ურთიერთობა კვლავ გაუმჯობესდება, თუმცა, უცნობია, აღდგება თუ არა თანამშრომლობის ის ხარისხი, რომელიც ომის დაწყებიდან არსებობდა. ერთი რამ კი ცხადია: რაც უფრო მიუახლოვდება უკრაინა ევროკავშირის წევრობას, მით გაიზრდება ვარშავისა და კიევის პოლიტიკური მეტოქეობა. ვაჭრობა მათ შორის გაიზრდება, მაგრამ, ამავე დროს, ისინი ერთმანეთთან კონკურენციაში შევლენ ევროკავშირის დაფინანსებასთან დაკავშირებით. ვარშავა ვეტოს უფლებას გამოიყენებს, თუ მიიჩნევს, რომ მის ეკონომიკურ ან პოლიტიკურ ინტერესებს საფრთხე დაემუქრება.
რეფერენდუმთან დაკავშირებით რა ხდება?
საპარლამენტო არჩევნების პარალელურად ტარდება რეფერენდუმიც, სადაც ოთხი შეკითხვაა დასმული: „მხარს უჭერთ თუ არა სახელმწიფო ქონების უცხოურ სუბიექტებზე გაყიდვას, რაც გამოიწვევს პოლონელების მიერ ეკონომიკის სტრატეგიულ სექტორებზე კონტროლის დაკარგვას?“, „მხარს უჭერთ თუ არა საპენსიო ასაკის გაზრდას 67 წლამდე ქალებისა და კაცებისათვის?“, „მხარს უჭერთ თუ არა პოლონეთსა და ბელარუსს შორის საზღვარზე ბარიერის აღებას?“ და „მხარს უჭერთ თუ არა ქვეყანაში შუა აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ათასობით არალეგალური მიგრანტის მიღებას, რასაც ევროპული ბიუროკრატიის მიერ თავსმოხვეული მექანიზმი გვავალდებულებს?“
ამ შეკითხვებს მკაცრად აკრიტიკებენ, - მიიჩნევენ, რომ მათი ფორმულირება უსამართლო და სუბიექტურია, რეფერენდუმის მიზანი კი PiS-ს ამომრჩევლის დარაზმვაა. მსგავსი ტიპის რეფერენდუმი „ფიდესმა“ გამოიყენა უნგრეთში მთავრობის მხარდაჭერის გასაზრდელად. იმისათვის, რომ რეფერენდუმის შედეგები ვალიდური იყოს, მასში ამომრჩევლების 50%-ზე მეტმა უნდა მიიღოს მონაწილეობა. ოპოზიცია მხარდამჭერებს რეფერენდუმის ბოიკოტისკენ მოუწოდებს, ასე რომ, საკითხავია, მოახერხებს თუ არა მმართველი პარტია ამ რიცხვის მიღწევას.