Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 3 ოქტომბერი. See content from before

ორშაბათი, 2 ოქტომბერი 2023

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

საპარლამენტო არჩევნების შედეგები სლოვაკეთში „უკრაინით დაღლის“ პირველი რეალური პოლიტიკური მაჩვენებელი აღმოჩნდა. ერთ ეტაპზე ისე ჩანდა, რომ საარჩევნო სიურპრიზი მზადდებოდა - ლიბერალური, ევროკავშირის მომხრე „პროგრესული სლოვაკეთი“ ეგზიტპოლებში 24%-ს აჩვენებდა და მცირედით უსწრებდა ყოფილი პრემიერის, რობერტ ფიცოს მემარცხენე პოპულისტურ „სმერს“. თუმცა, როდესაც უკვე რეალური შედეგები გამოქვეყნდა, გამოჩნდა, რომ ფიცო სავარაუდოდ კვლავ ქვეყნის სადავეებს ჩაიბარებდა. ის ხუთი წლის წინათ გადადგა ახალგაზრდა გამომძიებელი ჟურნალისტის იან კუციაკის მკვლელობასთან დაკავშირებული სკანდალის შემდეგ.

„სმერმა“ ხმების 23 პროცენტი აიღო, 5 პროცენტით გაასწრო „პროგრესულ სლოვაკეთს“ და ახლა, სავარაუდოდ, შეძლებს კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას მემარჯვენე „სლოვაკეთის ნაციონალურ პარტიასა“ და „ჰლასთან“ ერთად. „ჰლასი“ („ხმა“), რომელიც „სმერს“ 2018 წლის პოლიტიკური მღელვარებების დროს გამოეყო, ახლა ბევრ რამეს წყვეტს. მის ლიდერს, პეტერ პელეგრინის ყოფილი პროტეჟე ფიცო გულზე არ ეხატება, თუმცა, სხვა მხრივ ეს ორი პარტია პოლიტიკურად ახლოა ერთმანეთთან და პელეგრინიმ არჩევნების დღეს მოქნილობა შეინარჩუნა. ახლა მან არჩევანი უნდა გააკეთოს. შესაძლებელია, რომ მომდევნო მთავრობის გაძღოლა მოითხოვოს, ან პარლამენტის სპიკერი გახდეს. შეიძლება, რომ მომდევნო წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „სმერის“ მხარდაჭერა მოიპოვოს. ან, იქნებ, მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღოს და ფიცოს საწინააღმდეგო მთავრობის შექმნა სცადოს მცირერიცხოვანი პარტიების მხარდაჭერით.

თუ, როგორც მოსალოდნელია, გზას „სმერთან“ ერთად გააგრძელებს, სავარაუდოა, რომ ფიცოს მოსთხოვოს ანტიუკრაინული რიტორიკის შერბილება. „სმერის“ ლიდერი წინასაარჩევნოდ აცხადებდა, რომ უკრაინას იარაღი აღარ უნდა მიაწოდონ, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, აქებდა მოსკოვს და იმეორებდა კრემლის ნარატივს, რომ ომი ნატოს გამო დაიწყო მას შემდეგ, რაც „უკრაინელმა ნაცისტებმა და ფაშისტებმა დონბასსა და ლუგანსკში რუსეთის მოქალაქეები დახოცეს“.

ევროკავშირში მსგავსი რიტორიკა აშფოთებთ, მაგრამ იმასაც აღნიშნავენ, რომ ფიცო ქვეყნის სათავეში ყოფნისას (2006-2010 და 2012-2018 წლებში) ახერხებდა ორსახოვანი ყოფილიყო. ბრიუსელში ის შედარებით პროდასავლურ ხაზს მიჰყვებოდა - მხარი დაუჭირა ევროკავშირის პირველ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ 2014 წელს ყირიმის ანექსიის შემდეგ, თუმცა, ამავე დროს, ბრატისლავაში სულ სხვა რამეს ლაპარაკობდა. ასევე, დადის ხმები, რომ ბრიუსელში სანდო პირს, ევროკავშირის ელჩს დასავლეთ ბალკანეთში მიროსლავ ლაიჩაკს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშნავენ.

ბრიუსელს კიდევ გააჩნია ბერკეტები, რომლებითაც ფიცოს სავარაუდო მთავრობის ისევ დასავლეთისკენ მობრუნებას ეცდებიან. „სმერი“ ევროპარლამენტის სიდიდით მეორე პოლიტიკური ჯგუფის - „ევროპის სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსის (S&D)“ წევრია, რომელსაც ბრიუსელის მიღმაც დიდი გავლენა აქვს. ამ პოლიტიკურ ოჯახში უკვე ისმის მოწოდებები, რომ ფიცოს პარტიაც ისევე გარიცხონ პრორუსული განცხადებებისათვის, როგორც „ევროპის სახალხო პარტიამ“ გარიცხა ვიქტორ ორბანის „ფიდესი“ რამდენიმე წლის წინ.

ეკონომიკაც მნიშვნელოვანია. სლოვაკეთის სახელმწიფო ბიუჯეტი მცირდება, ინფლაცია კი იზრდება. პირდაპირ შეიძლება ითქვას, რომ სლოვაკეთს უფრო სჭირდება ევროკავშირი, ვიდრე ევროკავშირს - სლოვაკეთი. ასე რომ, ეს ქვეყანა არც ამ კავშირის დატოვებას შეეცდება, არც ევროზონისა და არც - ნატოსი.

თუმცა, ეს ეკონომიკური პრობლემები იმასაც ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ სლოვაკეთი სახეს იცვლის. ახლა ის ალბათ უფრო დაუახლოვდება უნგრეთს სოციალურ საკითხებთან დამოკიდებულებაში, როგორებიცაა მიგრაცია და ლგბტ+ თემის უფლებები. მოსალოდნელია, რომ ფიცო შეეცდება ქვეყნის სასამართლო სისტემის დასუსტებას. შარშან პროკურატურა შეისწავლიდა ბრალდებებს, რომ ფიცო კონფიდენციალურ საგადასახადო და საპოლიციო ჩანაწერებს იყენებდა პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და ბეწვზე გადაურჩა საპარლამენტო იმუნიტეტის მოხსნას. ამ არჩევნებში გამარჯვებით კი მან უახლოეს მომავალში თავი აარიდა ციხეს.

ეკონომიკური ვითარება, რომელსაც თან ახლავს საზოგადოების „უკრაინით დაღლა“, იმასაც ნიშნავს, რომ სლოვაკეთის შიდა პოლიტიკა გავლენას იქონიებს დასავლეთის ურთიერთობებზე კიევთან. ფიცომ ეს ეფექტიანად გამოიყენა თავის წინასაარჩევნო კამპანიაში. „სმერის“ წარმატება იმანაც განაპირობა, რომ მათ შეძლეს ორი პრორუსული ულტრამემარჯვენე პარტიის ამომრჩევლების მიმხრობა, რომლებსაც, წესით, 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი უნდა გადაელახათ, თუმცა, საბოლოოდ ამის გაკეთება ვერ მოახერხეს.

ნატოსთვის ეს ბევრს არაფერს ნიშნავს - იარაღის უმეტესობა უკრაინას ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე, პოლონეთის გავლით მიეწოდება. თუმცა, სლოვაკეთს ევროკავშირზე გავლენის მოხდენა კი შეუძლია. არ არის გამორიცხული, რომ ბრატისლავა უნგრეთს შეეკრას და ევროკავშირის მიერ უკრაინისათვის ფულის გამოყოფა შეაფერხოს. ვითარება უფრო ცხადი დეკემბერში იქნება, როდესაც ევროკავშირი ამ საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებებს ელის. საკითხავია ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების ბედიც - ბრიუსელს ხომ ისედაც უჭირდა შემოდგომისათვის მეთორმეტე პაკეტის მხარდამჭერების შეგროვება, ახლა კი შეიძლება, რომ მორიგი სანქციები სულაც ვეღარ მიიღონ.

სლოვაკეთის არჩევნების შედეგების გამოცხადების პარალელურად ამერიკაში დაამტკიცეს დროებითი ბიუჯეტი, სადაც არ არის გათვალისწინებული უკრაინისთვის დახმარება. პოლონეთში მიმდინარე საარჩევნო კამპანიაში კი მმართველმა პარტიამ, რომელიც აქამდე უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე მხარდამჭერი იყო, მემარჯვენე ხმების მოსაზიდად ეჭვქვეშ დააყენა კიევისათვის იარაღის ახალი პარტიის მიწოდების მართებულობა და წამოჭრა უკრაინის აგროპროდუქციის დაბლოკვის საკითხი. დასავლეთის პირობა, რომ უკრაინას მხარს დაუჭერენ „მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება“, უკვე აღარც ისე მტკიცედ ჟღერს.

რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ევროკავშირის რეფორმა კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში. უფრო მეტ ადამიანს ესმის, რომ კლუბს გაფართოება მოუწევს და ეს დამოკიდებულება რუსეთის მიერ უკრაინაზე სრულმასშტაბიან თავდასხმის შემდეგ შეიქმნა. თუმცა შეკითხვას, თუ როდის იქნება ბლოკი მზად ახალი წევრების მისაღებად, მხოლოდ მას შემდეგ გაეცემა პასუხი, როდესაც ბრიუსელი გაარკვევს, თუ როგორ გააგრძელებს ფუნქციონირებას, როცა 27 კი არა, 30+ წევრი ეყოლება.

ამიტომ არის მნიშვნელოვანი 60-გვერდიანი მოხსენება სათაურით „ნაოსნობა ღია ზღვაში: ევროკავშირის რეფორმა და გაფართოება 21-ე საუკუნეში“ (Sailing on high seas: reforming and enlarging the EU for the 21st century).

19 სექტემბერს გამოქვეყნებული ეს დოკუმენტი საფრანგეთის და გერმანიის ინიციატივით შეიქმნა - ევროკავშირის ორი უმსხვილესი სახელმწიფოსი, რომელთა გარეშეც ევროკავშირში ვერაფერი იმუშავებს. რამდენიმე თვის განმავლობაში ორი ქვეყნის 12 ანალიტიკური ცენტრი (რომელიც თავს „თორმეტის ჯგუფს უწოდებს) განიხილავდა, თუ რა უნდა შეიცვალოს ევროკავშირში ახალი წევრების მისაღებად. უფრო ხატოვნად რომ ვთქვათ: სახლის რა ნაწილი უნდა გაამაგრონ, ვიდრე ახალ ოთახებს მიაშენებენ.

ეს არის ერთგვარი საწყისი გასროლა, რომლითაც სტარტს იღებს დებატები უმაღლეს დონეზე. პირველი ასეთი განხილვა 6 ოქტომბერს, გრენადაში ჩატარდება, სადაც ევროკავშირის ლიდერები შეიკრიბებიან და რაღაც ტიპის გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ვიდრე კიდევ ერთხელ, ბრიუსელში არ შეხვდებიან ერთმანეთს 14-15 დეკემბერს. ამ დოკუმენტის ყველა ნაწილს არ გაითვალისწინებენ, თუმცა ეს მოხსენება კარგი მინიშნებაა, თუ რა სფეროებზე მოუწევს კონცენტრაცია ევროკავშირს, თუ მომავალშიც სურს პოლიტიკური მოქნილობის შენარჩუნება.

ეს მოხსენება უფრო წევრი სახელმწიფოების ბიუროკრატების სახელმძღვანელოა, მაგრამ მას ყურადღება უნდა მიაქციონ იმ ქვეყნებმაც, რომლებსაც ევროკავშირის წევრობა სურთ: დასავლეთ ბალკანეთის სახელმწიფოებმა, მოლდოვამ, საქართველომ და უკრაინამ. დოკუმენტში აღწერილი ტიტანური შრომა მათზეც აისახება. როგორც თავად მოხსენებაშია ნათქვამი: „ევროკავშირი ახალი წევრების მისაღებად მზად არ გახლავთ, არც ინსტიტუციურად და არც პოლიტიკურად“. შემდეგ კი კიდევ უფრო მკაფიოდაა ნათქვამი, რომ „ყველა მთავრობა არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ევროკავშირის გაფართოება დასავლეთ ბალკანეთში, უკრაინასა და მოლდოვაში გეოპოლიტიკურ აუცილებლობას წარმოადგენს. შესაბამისად, ევროკავშირის შესაძლებლობის გაუმჯობესება, იმოქმედოს ან დაიცვას ევროკავშირის ფუნდამენტური ინტერესები, მთელ ევროკავშირში მხარდაჭერით არ სარგებლობს“.

გასაკვირი არაა, რომ ამ დოკუმენტში ძირითადი ყურადღება ეთმობა ჯერ თავად ევროკავშირის შიგნით კანონის უზენაესობის გამტკიცებას. ევროკავშირში ამაზე ღიად არ ლაპარაკობენ, თუმცა ცნობილია, რომ დასავლეთის ქვეყნების უკმაყოფილება 2004 და 2007 წლების გაფართოებით ძირითადად დემოკრატიული ღირებულებების შესუსტებას შეეხებოდა. ამის მაგალითებია უნგრეთისა და პოლონეთის მიმართ წამოწყებული პროცედურები, ჩეხეთის წინა მთავრობის მიერ ევროკავშირის ფონდების არამიზნობრივი გამოყენების შესახებ გამოძიება და ბულგარეთისა და რუმინეთისათვის შენგენის ზონაში შესვლაზე უარი, კორუფციასთან დაკავშირებული შიშების გამო.

მომავალში მსგავსი პრობლემების თავიდან ასარიდებლად და, შესაძლოა, ამჟამინდელი პრობლემების ნაწილობრივ მაინც გადასაჭრელად დოკუმენტი ევროკავშირს სთავაზობს დაუმორჩილებელი წევრებისათვის ფონდების გაყინვის უფრო ფართო მასშტაბით გამოყენებას. ეს ახლაც ხდება, მაგალითად, უნგრეთის შემთხვევაში, მაგრამ უფრო შეზღუდულად. ამას ერთვის შეთავაზება, გაუქმდეს მეშვიდე მუხლთან დაკავშირებულ პროცედურებში ერთსულოვნების მოთხოვნა, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა კენჭისყრას წევრების ოთხი მეხუთედის ხმა დასჭირდეს და სანქციები ავტომატურად ამოქმედდეს პროცედურის შეთავაზებიდან ხუთი წლის შემდეგ. ახლა უნგრეთი და პოლონეთი, რომლებიც სწორედ ამ პროცედურას გადიან, ერთმანეთს ვეტოებით იცავენ.

მოხსენებაში არაერთი ინსტიტუციური ცვლილებაა შეთავაზებული გაზრდილი ევროკავშირის უკეთ ფუნქციონირებისათვის. აუცილებელია ევროკავშირის ბიუჯეტის გაზრდა და შემოსავლების ზრდა გადასახადების აკრეფის მეშვეობით და არა მხოლოდ წევრი ქვეყნების კონტრიბუციით. ასევე წამოყენებულია ევროკავშირის საერთო სესხის მოზიდვის შესაძლებლობა - ეს საკითხი მიუღებელი იყო გერმანიისათვის ევროზონის კრიზისის დროს, თუმცა ერთჯერადად მიიღეს ევროკავშირის ეკონომიკის გასაძლიერებლად კორონავირუსის პანდემიის დროს.

ევროპარლამენტარების რაოდენობა 751 უნდა დარჩეს, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ წევრ სახელმწიფოს ნაკლები წარმომადგენელი ეყოლება. ყველა ქვეყანას საკუთარი კომისარი არ ეყოლება, როგორც ახლაა, ან, კომპრომისულ ვარიანტში, კომისრების პარალელურად შეიქმნება წამყვანი კომისრების ინსტიტუტი და ხმის უფლება მხოლოდ ამ უკანასკნელებს ექნებათ. ევროკავშირის წევრი ქვეყნებისათვის კომისრის ყოლა ეროვნული ღირსების საკითხია, ამიტომ მათი რიცხვის შემცირება გულზე არავის დაეხატება.

მთელი ამ დოკუმენტის ყველაზე კონტროვერსიული ასპექტი კი ეს გახლავთ: „შემდეგ გაფართოებამდე ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება უნდა მიიღებოდეს არა ერთხმივობის პრინციპით, არამედ კვალიფიციური უმრავლესობის მიერ“. კვალიფიციური უმრავლესობა ნიშნავს, რომ საბჭო გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ მას ევროკავშირის წევრების 55% პროცენტი დაუჭერს მხარს, რომლებიც ევროკავშირის მოსახლეობის 65%-ს მაინც წარმოადგენენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გაუქმდება ვეტო ისეთ სენსიტიურ სფეროებში, როგორებიცაა გაფართოება, საგარეო საქმეები და ფისკალური საკითხები. ზოგიერთ ამ სფეროში გადაწყვეტილების მიღების უფლება ევროპარლამენტსაც მიენიჭება, რაც იმას ნიშნავს, რომ გაგრძელდება ევროკავშირის ფედერალიზაცია.

ყველაფერ ამას კი სჭირდება ცვლილებები შეთანხმებაში, რასაც წევრი სახელმწიფოები აქამდე გაურბოდნენ, რადგან ამით მთელი რიგი პოლიტიკური და იურიდიული პრობლემები წარმოიშვება. არ იქნება მარტივი საქმე.

მაშ, გაფართოებაზე როდისღა საუბრობს ეს დოკუმენტი?

მას შემდეგ, რაც ევროკავშირი რეფორმებს ჩაატარებს, რაც, როგორც ჩანს, მალე მოხდება. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მსგავსად, ამ მოხსენების ავტორების რეკომენდაციაა ორივე მხარისათვის (ევროკავშირისა და წევრობის კანდიდატებისათვის) დაწესდეს ვადა, რომ მზად იყვნენ გაფართოებისათვის 2030 წელს. შემდეგ კი განსაზღვრულია 9 პრინციპი, რაც ამ პროცესს „უფრო ეფექტიანს, სანდოს და პოლიტიკურად მართულს“ აქცევს.

ზოგიერთი თავისთავად ცხადია. პირველი პრინციპია „ჯერ ფუნდამენტური საკითხები“ და ხაზგასმულია „კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული პრინციპების ერთგულება“. აქ არაფერია ახალი. იგივე ითქმის მეორე „გეოპოლიტიკურ პრინციპზე“, სადაც აღნიშნულია, რომ სრული თანხვედრა უნდა იყოს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით - ეს კრიტერიუმი უკვე არსებობს. მესამე პრინციპია, რომ ევროკავშირმა მეტი ტექნიკური დახმარება უნდა შესთავაზოს წევრ სახელმწიფოებს საშინაო რეფორმების გატარებისას და რეგულარული დიალოგი არსებობდეს ევროპარლამენტსა და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტებს შორის. აქ განსაკუთრებულად ახალი არაფერია.

თუმცა შემდეგ უფრო საინტერესო რამეები მოდის. მაგალითად ის, რომ კანდიდატი ქვეყნების გაწევრიანების პროცესი არ უნდა დაჩქარდეს, რადგან ეს „აზიანებს ევროკავშირის ინტეგრაციას და ძირს უთხრის სხვა კანდიდატი ქვეყნების მიმართ ნდობას“. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გაფართოების პროცესი ნელა წარიმართება. ამჟამად გაწევრიანების 35 თავის გახსნისა და დახურვისას ყველა წევრ ქვეყანას აქვს ვეტოს გამოყენების შესაძლებლობა. ამ პროცესის გასამარტივებლად დოკუმენტი ევროკავშირს სთავაზობს ახალ სისტემას - გაწევრიანების შესახებ პროცესი მთლიანად გადავიდეს კვალიფიციური უმრავლესობის სისტემაზე, გარდა საბოლოო გადაწყვეტილებისა. ახალი წევრების მიღება უნდა გადაწყდეს ორმაგი ერთხმივობის მეშვეობით - გაწევრიანების შესახებ შეთანხმებას მხარი უნდა დაუჭიროს ყველა ქვეყნის მთავრობებმა და მათმა პარლამენტებმა. კიდევ ერთი პრინციპია კანდიდატი ქვეყნების ჩართვა ევროკავშირის სხვადასხვა სფეროებში „ფაზების მიხედვით“, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ქვეყნებს სრული ჩართულობა ექნებათ ევროკავშირის პოლიტიკის ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ენერგეტიკა და განათლება, მაგრამ ეს ჩართულობა შეიძლება შეეზღუდოთ, თუ მათ „უკუსვლა ექნებათ გაწევრიანების კრიტერიუმებში“.

ამ ცხრა პრინციპიდან ყველაზე დამაინტრიგებელი ალბათ არის „კონფლიქტების მოგვარება“, რაც პირველ რიგში შეეხებათ კოსოვოს, მოლდოვას, სერბეთს, უკრაინასა და საქართველოს - ქვეყნებს, რომლებსაც ამა თუ იმ ფორმით, გადაუჭრელი ტერიტორიული საკითხები აქვთ. ამ პრინციპის მიხედვით, „უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამო, ქვეყნები, რომლებსაც გრძელვადიანი სამხედრო კონფლიქტები აქვთ, ევროკავშირის წევრები ვერ გახდებიან. იგივე შეეხებათ ქვეყნებს, რომლებსაც ტერიტორიული კონფლიქტი აქვთ სხვა კანდიდატ ქვეყანასთან ან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან“. პრინციპის აღწერა ასე გრძელდება: „იმ ქვეყნების გაწევრიანების შეთანხმება, რომლებსაც ტერიტორიული დავა აქვთ ევროკავშირის არაწევრ ქვეყანასთან, უნდა შეიცავდეს პუნქტს, რომლის მიხედვითაც ეს ტერიტორიები ევროკავშირში მხოლოდ მაშინ გაერთიანდებიან, თუ მათი მოსახლეობა გამოხატავს ამის სურვილს“.

განსახილველი, გადასახარში და განსასჯელი ბევრია. ყველა მხრიდან

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG