"რუსები საქართველოში გარბიან, რათა რუსული ომისგან დაიხსნან თავი".
პრაგმატული საფრთხეებისა თუ მორალური წუხილების მიუხედავად, რაღაცნაირად მაინც სიამოვნების მომგვრელია ამ და მსგავსი სიტყვების მოსმენა - თუ როგორ გარბიან რუსეთიდან რუსი კაცები და თავს აფარებენ პატარა საქართველოს, რომელთანაც მათ ქვეყანას ორასწლიანი კოლონიალურ-დამპყრობლური ომი აქვს გაჩაღებული.
ისტორია ელვის სისწრაფით იცვლება ჩვენ თვალწინ და უაღრესად უცნაურ ეპოქაში რომ ვცხოვრობთ, ეს ამ ენის გასატეხის მსგავსი პარადოქსითაც გამოიხატება: დამპყრობლები ნაწილობრივ დაპყრობილ ქვეყანაში გარბიან დამპყრობელი ქვეყნიდან.
არათუ 31 წლის წინ - როცა საქართველო დამოუკიდებელი გახდა - არამედ ერთი წლის წინაც ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ამ მასშტაბის ისტორიული აბსურდის მოწმენი გავხდებოდით: მტერი თავშესაფარს ეძებს მტრულ ქვეყანაში, რათა მისთვისვე მტრულ ბრძანებას დააღწიოს თავი.
ასეთი ისტორიული ოქსიმორონი, ვფიქრობ, ესქილესაც კი არ აღუწერია, როცა ბერძნებს მტერ სპარსელებზე აიძულებდა ტირილს.
ვერავინ იტყვის, რა მოხდება ერთი კვირის შემდეგ - მით უმეტეს, იმ ვითარებაში, როცა რუსული შეშლილობა ბირთვული კატასტროფით ემუქრება ცივილიზაციას - მაგრამ თუნდაც ამ სიტყვებისთვის უთუოდ ღირდა ცხოვრება: რუსები გარბიან!
ეს კი უპირველეს ყოვლისა უკრაინის დამსახურებაა, ვისზეც არათუ მთელი დარჩენილი ცხოვრება, არამედ საუკუნეები მადლიერებით უნდა ილოცონ გადარჩენის მომხრე ქართველებმა (და ზედ ცივილიზებულმა ევროპამ), რადგან რომ არა უკრაინის წინააღმდეგობა, სავარაუდოდ, სწორედ საქართველო და მოლდოვა გახდებოდნენ პუტინის მომდევნო სამიზნეები (აკი 25 თებერვლიდან ამ იდეას არ გვაჩვევდა ჩვენი პრემიერ-მინისტრი, უკრაინამ ომი ვერ აიცილა, ახლა დამარცხდება და, აბა, ომი გინდათ - აქედანვე უნდა დავიჭიროთ ძლიერის მხარეო), ჰოდა, ვინ იცის, მერე იქნებ ქართველი კაცებისთვისაც დაევალებინათ რუსულ ომში მონაწილეობა... ოღონდ რუსეთის მხარეს, როგორც ეს იმპერიულ მეცხრამეტე საუკუნეში ან საბჭოთა პერიოდში ხდებოდა - როდესაც ქართველები სხვის ომებში კვდებოდნენ რუსეთისთვის და არა თავისი ქვეყნისთვის.
ახლა სწორედ ეს პრობლემა უდგათ თუნდაც მხოლოდ ჩრდილოკავკასიელებს, ეთნიკურ არარუსებს, რომელთაც პუტინის სკამის შენარჩუნების მიზნით ერეკებიან სასაკლაოზე.
ისიც ნიშანდობლივია, რომ ქმედით პროტესტს უმეტესად არარუსები, კავკასიელები, გამოხატავენ რუსეთში და რუსთა უმეტესობა კი მორჩილად მიუყვება კუთხეში მიმწყვდეული ბირთვული მანიაკის განრიგს.
1968 წელს, როცა პრაღა დაიკავეს საბჭოთა ჯარებმა, "წითელ მოედანზე" მხოლოდ 6 ადამიანი გავიდა ბრეჟნევის ტანკების სვლის გასაპროტესტებლად (მათი გვარები ცნობილია) და, მართალია, ახლა ბევრად მეტი ადამიანი ბედავს პროტესტის გამოხატვას, მაგრამ არც იმდენი, რომ დიქტატორის შეჩერება შეძლოს, არადა, რაოდენობა ყოველთვის მნიშვნელოვანია. რუსები, რომლებიც წლებია პუტინის რეჟიმს აკრიტიკებენ, ციხეში სხედან, ან საზღვარგარეთის ჯაშუშებად არიან გამოცხადებული ან უკვე სხვა ქვეყნებში ცხოვრობენ ემიგრანტებად, რადგან ასეთები ადრევე მიხვდნენ, რომ ეს ომი ყველა რუსს შეეხებოდა და არა მხოლოდ იმათ, ვისაც ტელევიზორიდან უნდა გაეგო დასავლეთის მარცხის და პუტინის გამარჯვების შესახებ.
რუსების უმრავლესობა, რომლებიც ახლა ჩვენთან, ფინეთში, ყაზახეთში თუ მონღოლეთში მიიწევენ ემიგრანტებად, ისტორიული თვალსაზრისით უთუოდ იდიოტებად უნდა ვაღიაროთ, ოღონდ ცხადია ამ სიტყვის იმგვარი მნიშვნელობით, რა შინაარსსაც მასში ძველი ბერძნები დებდნენ, როცა იდიოტებად ისეთ მოქალაქეებს მოიხსენიებდნენ, რომლებიც მუდმივად განზე იდგნენ პოლიტიკისგან, გულგრილები იყვნენ სხვათა პრობლემების მიმართ და ცდილობდნენ, არაფერი შეხებოდათ, რაც უშუალოდ მათი ყოფითი ინტერესის მიღმა იქნებოდა.
ის რომ რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა პოლიტიკური იდიოტია, ეს ცხადია, მათი ისტორიის და სახელმწიფოს ბრალია - ტოტალიტარიზმის ლამისაა შვიდსაუკუნოვანი ტრადიციის, რომელიც არასდროს არაფრად აგდებდა ადამიანს და მის უფლებებს. რუს მოქალაქეს ხომ არასდროს უარსებია ისტორიულად. ის ყოველთვის მონა იყო სხვადასხვა ფორმაციის ფეოდალების მართვის პირობებში - ივანე მრისხანიდან აგერ ვლადიმირ უკანასკნელამდე.
ამ მხრივ, მათ მცირე გამონაკლისის ხანა დაუდგათ გორბაჩოვის დროს, რომელმაც ნებსით თუ უნებლიეთ ზევიდან დაუშვა დემოკრატია და რაკი იქ დიდად არც არავის უბრძოლია თავისუფლებისთვის, პუტინმა ადვილადვე აართვა ოდესღაც დაშვებული, რადგან რისთვისაც არ გიბრძოლია, იმას აუცილებლად დაკარგავ.
ისტორიულმა იდიოტმა პრინციპში უზრუნველად იცხოვრა იმ ზღაპრებით, რომლითაც მას პროპაგანდა კვებავდა და არათუ ვერ განიკურნა, არამედ პირიქით, კიდევ უფრო მეტად დაავადდა იმპერიული კეთრით, ავადმყოფური ილუზიით, რომლისგან გათავისუფლებაც ახლა მტკივნეულად ძვირი უჯდებათ რუსეთის მეზობლებს. და თავად რუსებსაც, რომელთა გადარჩენაც მათი ქვეყნის მარცხით იქნება შესაძლებელი. თუმცა უმეტესობა კვლავაც იდიოტად მოკვდება პუტინის ომში.
ასეთების ნაწილი სავსებით მშვიდად გრძნობდა თავს 21 სექტემბრამდე, ვიდრე პუტინი ნაწილობრივ (სინამდვილეში, საყოველთაო) მობილიზაციას გამოაცხადებდა, მაგრამ ამ დღის შემდეგ, ყველა სახეობის იდიოტისთვის ცხადი გახდა კატასტროფა: სპეციალური სამხედრო ოპერაცია ნამდვილი ომი გამოდგა, სადაც თურმე ნამდვილად კლავენ.
თუკი მსოფლიოსთვის 24 თებერვალი იყო შოკი, კოლექტიური რუსეთისთვის შოკი 21 სექტემბერი აღმოჩნდა.
ისტორიული იდიოტი შესაძლოა სრულიადაც არ იყოს ე.წ. ბიდლო და ბოროტების მიმართ გულგრილობა ინტელექტუალებსა და გენიოსებსაც კი ახასიათებდეთ.
ასე, მაგალითად, მწერალი სოლჟენიცინისთვის, რომელმაც "არქიპელაგი გულაგით" ამხილა სტალინიზმი, პრობლემა საბჭოთა ტირანია ყოფილა და არა მაინცდამაინც რუსული სახელმწიფო. მისი სიკვდილი კი საერთოდ ისტორიული იდიოტიზმის კულმინაციად იქცა - ჩეკისტმა პუტინმა დიდი პატივით დაკრძალა კაცი, რომელმაც ჩეკას ტყვეობაში, გულაგში გაატარა მრავალი წელი. სსრკ დაინგრა, მაგრამ რუსეთი არა, რომელიც საბჭოთა კავშირის ნეოჩეკისტურ რუდიმენტად იქცა.
სახიფათო მოაზროვნე აღმოჩნდა "იდიოტის" ავტორი დოსტოევსკიც, რომლის ტექსტების ძირეული იდეაც თითქოს რეალურად ახლაღა, 24 თებერვლის შემდეგ გახდა თვალსაჩინო: მისიით შეპყრობილობა, შეყვარებულობა კვდომის მეტაფორებზე და გამორჩეულობის იდიოტური აკვიატება...
და ანკი პოეტი ბროდსკი - ასევე ვერ გათავისუფლებული ქსენოფობიურ-იმპერიული ბოღმისგან, ვისთვისაც თურმე, სხვათა კვალად, საბჭოთა სისტემა ყოფილა ბოროტება და არა იმპერიული ექსპანსიის სურვილი, რაც მის საბედისწეროდ სამარცხვინო ლექსში გამომჟღავნდა, რომელიც დამოუკიდებელი უკრაინის სიძულვილით არის შექმნილი 1992 წელს. იმპერიალისტი პუშკინის მსგავსად კგბ-ს მიერ დევნილი ბროდსკი სსრკ-ს ნგრევისთანავე მიხვდა, რომ უკრაინის გარეშე რუსეთის იმპერიაც დაიშლებოდა და ეს თურმე მისთვის ტრაგედია ყოფილა.
იმპერია ფსიქოპატებს შობს, რადგან იმპერიალიზმი დაავადებაა, ძველი სამყაროს ჭირია, რომელიც ან ერთხელ და სამუდამოდ მოისპობა ამ ომით, ან კვლავაც მრავალს შეიწირავს მანიპულირებულ იდიოტთა ხელით...