Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯორჯია მელონი: ევროპული ულტრამემარჯვენეების ახალი სახე


რიკარდ იოზვიაკი
რიკარდ იოზვიაკი

ევროპა ეგუება, რომ იტალიას შესაძლოა ყველაზე ულტრამემარჯვენე მთავრობა ჰყავდეს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ბრიუსელში ღელავენ, რომ ევროპის მესამე უმსხვილესმა ეკონომიკამ და ბლოკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა წევრმა შესაძლოა ყველაფერზე განსხვავებული პოზიცია დაიჭიროს - რუსეთიდან დაწყებული, ფისკალური პასუხისმგებლობით დამთავრებული. თუმცა, რომი შესაძლოა მართლაც დაუპირისპირდეს ევროკავშირის კლუბს, მაგრამ ეს სავარაუდოდ უფრო ისეთი მწვავე საკითხები იქნება, სადაც წამყვანი ქვეყნების ინდივიდუალური პოლიტიკაა და არა ევროკავშირის დირექტივა - უმცირესობების უფლებები და იმიგრაცია.

რთულია ვერ დაინახო ისტორიული სიმბოლიზმი იმაში, რომ ჯორჯია მელონი და მისი პარტია, „იტალიის ძმები“ (FdI) ხელისუფლეაში მოდიან დაახლოებით ბენიტო მუსოლინის „რომზე მსვლელობიდან“ ასი წლის შემდეგ, რამაც მაშინ ფაშისტური გადატრიალება გამოიწვია.

მართალია, მელონიმ ბოლო დროს სცადა მუსოლინის სახელთან დისტანცია დაეჭირა, მაგრამ ის და ბევრი მისი თანაპარტიელი წარსულში დიქტატორს აქებდა ხოლმე. მის პარტიას იგივე ლოგო აქვს - ალის ფორმით გამოსახული იტალიური ტრიკოლორი - როგორიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ წარმოქმნილ ნეოფაშისტურ „იტალიურ სოციალურ მოძრაობას“. მელონი ასევე არ მორიდებია სლოგანის - „ღმერთი, სამშობლო, ოჯახი“ გამოყენებას, რომელიც მუსოლინის რეჟიმთან არის ასოცირებული.

უცნობია, რა გავლენა ჰქონდა ამ ყველაფერს მის საარჩევნო შედეგებზე, მაგრამ, როგორც ჩანს, მისი სარისკო გადაწყვეტილება, არ შეერთებოდა მარიო დრაგის მთავრობას 2021 წლის დასაწყისში, უკიდურესად წარმატებული აღმოჩნდა. წინა არჩევნებზე, 2018 წელს FdI-ს 4-პროცენტიანი რეიტინგი ჰქონდა. ახლა კი მათ პირველი ადგილი მოიპოვეს ხმების 26 პროცენტით და 7 პროცენტით გაუსწრეს მემარცხენე-ცენტრისტულ დემოკრატიულ პარტიას.

მისი საარჩევნო ალიანსი მატეო სალვინის პარტიასთან, რომელსაც ანტისაიმიგრაციო და პოპულისტური პლატფორმა აქვს და ყოფილ პრემიერ და მედიამაგნატ სილვიო ბერლუსკონისთან, ჯორჯია მელონის იტალიის პარლამენტის ორივე პალატაში კომფორტულ უმრავლესობას მიანიჭებს, რაც შემდეგ საშუალებას მისცეს, რომ იტალიის პირველი ქალი პრემიერი გახდეს.

თუმცა, როგორც ჩანს, მელონიმ პოზიცია შეიცვალა რამდენიმე კონტროვერსიულ პოლიტიკურ საკითხთან დაკავშირებით. მას აღარ სურს იტალიის ევროზონიდან გამოყვანა. მოულოდნელად ნატოს დიდი ფანი გახდა. პირობა დადო, რომ ბიუჯეტს დააბალანსებს მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ბრიუსელის მიერ იტალიის ეკონომიკის მენეჯმენტს აპროტესტებდა.

ყველაზე დიდი ცვლილება კი რუსეთთან დაკავშირებით მოხდა. იტალიის მემარჯვენეებიც და მემარცხენეებიც წარსულში კრემლის მიმართ რბილი პოლიტიკით გამოირჩეოდნენ - ხშირად ცდილობდნენ რუსული ტურიზმის და გაზის კონტრაქტების მოზიდვას. მელონიც ასე იყო - ის ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლის ყირიმის ანექსიის შემდეგ. 4 წლის მერე კი პუტინის გამარჯვება არჩევნებში „რუსი ხალხის ცალსახა ნებად“ მოიხსენია.

თუმცა, ბოლო დროს მელონიმ გაკრიტიკა რუსეთის შეჭრა უკრაინაში, მხარი დაუჭირა სანქციებს და კიევისთვის იარაღის გაგზავნასაც კი მიემხრო - არადა, იტალიელები ამ საკითხთან დაკავშირებით ორად არიან გაყოფილნი.

ბრიუსელის რამდენიმე მაღალჩინოსანმა ანონიმურად მითხრა, რომ მიესალმებიან მის მიერ პოზიციის ცვლილებას და მიაჩნიათ, რომ ამას ჯორჯია მელონი სანდოობის საჩვენებლად აკეთებს. ბრიუსელში არ ჰგონიათ, რომ რომი სანქციების წინააღმდეგ წავა, მით უფრო ახლა, როდესაც უკრაინა წარმატებებს აღწევს ბრძოლის ველზე. თუმცა, ევროკავშირში მაინც ეჭვის თვალით უყურებენ მის სხვა თანაპარტიელებს და, განსაკუთრებით, კოალიციის პარტნიორებს.

ბერლუსკონიმ, რომელიც დიდი ხანია პუტინის მეგობრად მიიჩნევა, გასულ კვირას შეშფოთება გამოიწვია, როდესაც განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს უბრალოდ სურდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მთავრობა „წესიერი ხალხით“ ჩაენაცვლებინა. კოალიციის მეორე პარტნიორი, სალვინი კი ამბობდა, რომ დასავლეთმა უნდა „გადახედოს“ სანქციებს და სცადა რუსეთში ჩასულიყო „სამშვიდობო მისიით“. მის პარტიას თანამშრომლობის შეთანხმება აქვს დადებული პუტინის „ერთიან რუსეთთან“.

რამხელა გავლენა ექნება მელონის? იტალია ეკონომიკის საკითხებთან დაკავშირებით პრობლემებს ალბათ არ შექმნის. რომმა ევროკავშირის კორონავირუსის ფონდიდან ყველაზე დიდი თანხა - 200 მილიარდ ევრომდე უნდა მიიღოს. ეს ფული ინფლაციისა და ენერგიის გაზრდილი ფასების ფონზე მართლაც ძალიან გამოადგებათ. მართალია მელონიმ თქვა, ამ თანხის მიღების პირობებზე ახალ შეთანხმებას მივაღწევო, მაგრამ ეს არ მოხდება - ევროკომისია მას მხოლოდ სიმბოლური ცვლილებების განხორციელების საშუალებას მისცემს.

მელონი ევროპის პოლიტიკაზე გავლენას სავარაუდოდ ყველაზე საკამათო სფეროებში იქონიებს, როგორებიცაა იმიგრაცია, აბორტი და ლგბტ უფლებები - ამ საკითხებზე მას აზრი არ შეუცვლია.

ელიან, რომ რომი მეტად დაუჭერს მხარს ბუდაპეშტსა და ვარშავას ბრიუსელთან დაპირისპირებებში - იქნება ეს კანონის უზენაესობის საკითხი, მედიის თავისუფლება თუ ლგბტ უფლებები. ეს ის სფეროებია, სადაც ევროკავშირმა ბოლო წლებში სცადა მეტი გავლენა მოეპოვებინა, მაგრამ ეს, იტალიის მხარდაჭერის გარეშე გაუჭირდება. იგივე შეეხება იმიგრაციასაც - მელონის უხსენებია იდეა, რომ ლიბია საზღვაო ბლოკადაში მოაქციონ, რათა მიგრანტებმა ხმელთაშუა ზღვაში ვეღარ მიაღწიონ.

მელონი ბრიუსელს ვერ დაანაწევრებს, თუმცა ის ევროკავშირს უფრო ქაოსურ ადგილად აქცევს მაშინ, როდესაც ერთიანობა ასე მნიშვნელოვანია.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG