Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 4 სექტემბერი. See content from before

შაბათი, 3 სექტემბერი 2022

სიყვარული ყოველთვის არააქტუალურია და როგორც წესი, უდროო დროს მოდის, მისთვის ვერ ვიცლით და ვეღარც დიდ მნიშვნელობას ვხედავთ მასში, რადგან სინამდვილე უსიყვარულობას გვაჩვევს.

ყველა დიდი ისტორია, რომელიც დიდ სიყვარულთან არის დაკავშირებული, ერთსა და იმავე ტრაგიკულ ამბავს გვიყვება - რომ სიყვარული არსებითად შეუსაბამოა ცხოვრების აქტუალურ პროზასთან, ან საერთოდ სიცოცხლესთანაც კი, რადგან სიყვარულს ისეთი კანონები აქვს, რომ მის გარდა სხვა არაფრისთვის გვიტოვებს ძალას.

გოეთეს ვერთერისეული სიყვარული ("ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი") ადამიანს დისფუნქციურს ხდის - როცა სიყვარულის ობიექტის ფიზიკური სიახლოვის მიუხედავად, ვერთერი მტკივნეულად აცნობიერებს, რომ ის ვერასდროს ამოავსებს იმ სიცარიელესა და უშინაარსობას, რომლის მიზეზიც მისი შეუყვარებლობაა, რაკი შარლოტე ყოველთვის სხვაგან იქნება და ეს კი ყოველთვის მარტო და მისი უკმარობით დასჯილი.

ვერთერის შემთხვევაში სიყვარული სნეულებაა და ის მხოლოდ იმ გზით გათავისუფლდება ამ დაავადებისგან, რაც შემდეგ ვერთერის სინდრომის სახელით გახდება ცნობილი: სასიკვდილო გათავისუფლებით სიყვარულის უკმარობისგან.

მაგრამ ეს ვერთერის შემთხვევაში, თორემ პლატონის "ნადიმში" ეროსი იქ ცოცხლობს, სადაც სწორედ უკმარობაა, სადაც სიყვარული არასრულყოფილების, სულიერი ნაკლულობის კომპენსაციად არის მიჩნეული - როცა უსიყვარულო (ანუ არასრულყოფილი) ადამიანი მხოლოდ მეორით, სხვა ადამიანით თუღა შეძლებს მთლიანობის აღდგენას. პლატონის შეყვარებული ხომ ყოფილი ანდროგინია, ზევსის მიერ ორად გახლეჩილი ერთი არსება, რომელიც მუდმივად ეძებს დაკარგულ ნახევარს.

რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული ექსტრემალურია, ისინი კაპულეტების საძვალეშიც კი ვნების პიკზე არიან, მაგრამ ადამიანებმა შეუძლებელია დიდხანს გაუძლონ უწყვეტ აპოთეოზს, ისინი აუცილებლად დაიფერფლებიან გრძნობების ამგვარი ინტენსიურობის პირობებში, რადგან შეუძლებელია ასე გიყვარდეს დიდხანს - სხეული ამას ვერ გაუძლებს... აკი ამიტომაც არიან შექსპირთან ეს შეყვარებულები 13-16 წლისანი, რადგან მხოლოდ ასეთ არადიდებს (და აზარტულებს) შეუძლიათ ყველაფრის გაღება ერთმანეთისთვის, სადაც ყველა რაციონალურ და მეტიც, ბიოლოგიურ კანონს აუქმებს მათი სიყვარული, სიკვდილის კანონსაც კი, როცა სიკვდილიც კი თამაში და ფიქცია ხდება მათ ხელში.

შეუძლებელია რომეოსა და ჯულიეტას წარმოდგენა ოცდაათ წელს ზემოთ, რადგან შეუძლებელია არ იყო მუდამ 13 წლის, როცა ასე გიყვარს. 30 წლისას ძალა აღარ გრჩება საამისოდ, თუკი ბალზაკის პერსონაჟი ქალის მსგავსად, 30 წლის შემდეგ არ აღმოაჩენ საკუთარ თავში ქალს, ანუ რაღაც არსობრივს, რომელიც თურმე შენში ყოფილა და ეს არ გცოდნია.

სიყვარული ადამიანს მე-ს ათმობინებს სხვის სასარგებლოდ, როცა იდენტობა სხვას ეწირება მსხვერპლად და სადაც სიყვარულის სასარგებლოდ ყველა კომპრომისი დასაშვებია, თუკი გინდა, რომ გიყვარდეს და მასაც თავდავიწყებით უყვარდე, როგორც ამას ტოლსტოის ანა კარენინა სჩადის, როცა სიყვარული მისთვის ომია, სხვათა გაწირვაა ერთის სასარგებლოდ, ამბოხება, აქამდე არსებული ნორმების და რუტინის უარყოფა, ნგრევა... როცა მტყუანი ხარ შვილთან, მართალ ქმართან, მორალისტ საზოგადოებასთან, მაგრამ ბედნიერი ხარ შენი სიყვარულით და ისინი კი მართლები, თუმცა უსიყვარულონი და უბედურები არიან.

მარსელ პრუსტისთვის სიყვარული არქეტიპის ძიებაა, არა სუბიექტის, არამედ მდგომარეობის, როცა ადამიანი თავად სიყვარულშია შეყვარებული, სიყვარულის მოდელში, რომელიც დრო და დრო ჟილბერტა, ოდეტი, ალბერტინა თუ დედამისია, ვინც ძილის წინ აღარ კოცნის პატარა მარსელს და ეს კი სწორედ ამ დაკარგული სიყვარულის მოხელთებას ცდილობს თავის რომანში... ალბერტინა სიყვარულის ხატია, რომლის ძიებაც დაკარგული დროისთვის მნიშვნელობის, შინაარსის მიცემის შესაძლებლობაა, რადგან მხოლოდ იქ და მაშინ არსებობ, სადაც გიყვარს, დროს ფლობ, მაშინაც კი, როცა ფიზიკურად ვეღარ ფლობ სიყვარულის ობიექტს, რაც ასევე მნიშვნელოვანია და რაც იქნებ ადიქციადაც იქცეს (მარსელი სწორედ ამ ადიქციას იკვლევს "დაკარგული დროის ძიების" მეხუთე ნაწილში, "ტყვე ქალში", როცა ცდილობს, შეყვარებული მხოლოდ მისი იყოს და მასთან, პირდაპირი მნიშვნელობით მის საძინებელში გამოკეტილი). მარსელისთვის სიყვარული შეყვარებულის სხეულის ფლობაა, როცა არქეტიპმა დროებით მაინც უნდა დაივანოს ფიზიკურ ჩარჩოში.

განა ამიტომ არ ჩადის ორფეოსი მკვდართა საუფლოში, რათა შეყვარებული სხეულებრივად დაიბრუნოს უკან?! მაგრამ იქნებ ევრიდიკეს სული სწორედ იმ მარადიული სიყვარულის არქეტიპია, რომელიც ყოველთვის იყო წარსულში და არასდროს არის აწმყო? პრუსტისეული ხედვით ხომ ყველა სამოთხე დაკარგული სამოთხეა და ის, რაც სინამდვილესთან შერიგების შესაძლებლობას იძლევა, მხოლოდ მეხსიერებაა, იდეალის გახსენება თუ გამოგონება, როცა სიყვარული დროის ლოგიკის მიღმაა, არასდროს არის გარეთ და ყოველთვის შიგნითაა - შენში...

და თუნდაც ეს იყოს ილუზია, განა არ ღირს, რომ დრო და დრო მაინც ჩავიდეთ ჰადესში, რათა არაცოცხალთა ბორგვაში სიყვარულის ძალა დავუბრუნოთ გაცვეთილ გულებს?!

ბოლოს და ბოლოს, ამას არ გავიხსენებთ, როცა პრუსტის არ იყოს, დაკარგული დროის მოპოვების საიდუმლოს მივაგნებთ რომანის (რომანის, როგორც სიცოცხლის მეტაფორის) დასასრულს: როგორ გვიყვარდა ტოტალური უსიყვარულობის ჟამს...

როგორ ვცხოვრობდით ან ვერ ვცხოვრობდით სიყვარულთან ერთად.

და როგორ გავუფრთხილდით ან ვერ გავუფრთხილდით სიყვარულს, რომელიც როგორც ყოველთვის, მოულოდნელად დაგვეცა თავზე და რატომღაც არააქტუალური გვეგონა...

ირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი

7 აგვისტოს საქართველოს მეგობარმა ქვეყნებმა საქართველოში რუსეთის შეჭრის მორიგი წლისთავი აღნიშნეს: პატივი მიაგეს ომში დაცემული ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას და დაგმეს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია.

2008 წლის 7 აგვისტოს გამთენიისას რუსეთის რეგულარული სამხედრო ძალები, რომლებსაც არ ჰქონდათ მშვიდობისმყოფელთა სტატუსი, უკვე საქართველოს ტერიტორიაზე აწარმოებდნენ სამხედრო იერიშს, რასაც საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა 7 აგვისტოს 23:35 საათზე ცხინვალის რეგიონისკენ გადაადგილებითა და ცეცხლის გახსნით უპასუხეს.

რუსეთის მიერ დაწერილ ისტორიაში სხვაგვარად ხდება: 7 აგვისტოს ღამით თბილისი ესხმის თავს "მძინარე ცხინვალს" და კრემლი მშვიდობისმყოფელთა დასაცავად პასუხობს სრულმასშტაბიანი ომით.

2022 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სწორედ 7 აგვისტოს ღამით, 23.35 სთ-ზე გამოაქვეყნა ომის წლისთავთან დაკავშირებული განაცხადება და დაღუპულ ქართველ მეომრებს პატივი 8 აგვისტოს მიაგო.

08.08.08 - ლამაზი და იოლად დასამახსოვრებელი თარიღი რუსული პროპაგანდის პირმშოა.

ომის მეორე წლისთავზე გამოცემულ ვრცელ ნაშრომში „მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა“ ისტორიკოსი რონალდ ასმუსი წერდა:

„მოსკოვმა 7-დან 12 აგვისტომდე დაახლოებით 40 000 ჯარისკაცი გადაისროლა საქართველოში: მათგან 20 ათასი როკის გვირაბის გავლით შევიდა სამხრეთ ოსეთში. დამატებით ამდენივე შეიყვანეს აფხაზეთშიც“.

7 აგვისტოს 14:00 სთ-ზე ძლიერი საარტილერიო დარტყმის ქვეშ მოექცა ქართველ მშვიდობისმყოფელთა პოსტი სოფელ ავნევში, სადაც დაიღუპა ორი და დაიჭრა ხუთი ქართველი მშვიდობის დამცველი.

საქართველოში რუსეთის ინტერვენცია რომ 7 აგვისტოს დაიწყო, დადასტურებულია როგორც საქართველოს სპეცსამსახურის მიერ მოპოვებული სატელეფონო ზარების ჩანაწერებით, ასევე ომის შემდგომ რუსულ მედიაში გაჟონილი ინფორმაციით:

  • 7 აგვისტო, 03:41 და 03:52 სთ. როკის გვირაბთან მყოფი „მესაზღვრე“, გვარად გასიევი, ატყობინებს თავის უფროსს რუსული სამხედრო მანქანების, მათ შორის მძიმე ტექნიკის, შესახებ, რომელთაც „გაავსეს“ გვირაბი. მეორე საუბარში გასიევი ეუბნება უფროსს, რომ რუსულმა სამხედრო კოლონამ როკის გვირაბი უკვე გამოიარა. გასიევმა ასევე თქვა, რომ ამ რუსულ კოლონას მეთაურობდა რუსი პოლკოვნიკი გვარად კაზაჩენკო. ცნობილია, რომ პოლკოვნიკი ანდრეი კაზაჩენკო ომის დროს იყო მე-19 დივიზიის 693-ე მოტომსროლელთა პოლკის მეთაური, რომელიც აქტიურად იღებდა მონაწილეობას რუსულ შეტევით ოპერაციაში და იბრძოდა ქართული ჯარის წინააღმდეგ.
  • 2008 წლის 3 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა გაზეთმა „კრასნაია ზვეზდამ“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც 135-ე პოლკის კაპიტანმა დენის სიდრისტიმ განაცხადა, რომ 7 აგვისტოს მისმა დანაყოფმა მიიღო ბრძანება გადასულიყო ცხინვალში. სიდრისტიმ ასევე თქვა, რომ იმ მომენტში, როდესაც მისმა დანაყოფმა მიიღო ცხინვალში გადასვლის ბრძანება, ეს დანაყოფი იმყოფებოდა ბანაკში, რომელიც გაშლილი იყო ქვემო ზარამაგში - საქართველოს სახელმწიფო საზღვრისა და როკის გვირაბის უშუალო სიახლოვეს.
  • 2008 წლის 10 აგვისტოს რუსმა ჯარისკაცმა, რომელიც მსახურობდა 58-ე არმიის მე-19 დივიზიაში, დაურეკა პერმის მხარეში მყოფ დედამისს და უთხრა: „დედა, მე ახლახან ჩამოვედი ცხინვალიდან. ძალიან ცოტა დრო მაქვს. მომისმინე: ჩვენ იქ 7 აგვისტოდან ვართ. მთელი ჩვენი 58-ე არმია. შენ ალბათ ტელევიზორში უყურებ, მანდ რაც ხდება? დღეს ჩამოვაღწიეთ ცხინვალიდან ვლადიკავკაზში, შეიარაღების წამოსაღებად. ახლა უკან ვბრუნდებით“.

7 აგვისტოს ომის დაწყებას ადასტურებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი თეა გოდოლაძე, რომლის თქმითაც, 2008 წლის 7 აგვისტოს 9 საათზე სატელიტური ინტერნეტის მომწოდებელმა რუსულმა კომპანიამ (იმ დროს სერვისის მომწოდებელი სხვა კომპანია არ არსებობდა) დარეკა ცენტრში და გააფრთხილა თანამშრომლები, რომ სეისმური სადგურებისათვის შეწყვეტდა ინტერნეტის მიწოდებას.

„უბრძანეს და დარეკა, მარტივია. ზუსტად 11:40 წუთზე დაიწყო მასიური შეტევა (დაბომბვა) ქართული სოფლების. რუსული ჭურვების ყველა აფეთქება, წამების სიზუსტით დავაფიქსირეთ სამაჩაბლოში განთავსებული სეისმური სადგურებით (დავკარგეთ ეს სადგურები ომის დროს). ამ მასალის დამუშავებაში დაგვეხმარნენ ამერიკელი მეცნიერები, ერთად აღვრიცხავდით და ვაზუსტებდით ინფორმაციას. ზურაბ ჯავახიშვილმა შემდეგ, დამატებით გორის დაბომბვის ყველა მასალა აღრიცხა და შემდეგ ეს მასალა გადაეცა საქართველოს პროკურატურას ჰააგაში წარსადგენად. ეს იყო უტყუარი მტკიცებულება რუსეთის მიერ სამხედრო ინტერვენციის“, - იხსენებს თეა გოდოლაძე.

თეა გოდოლაძე
თეა გოდოლაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მსგავსად 8 აგვისტოს აღნიშნეს ომის დაწყების წლისთავი სხვა სახელმწიფო უწყებებმაც. „08.08.2008 - სულ გვახსოვს...“ - მავთულხლართების ფონზე გაკეთებული ასეთი წარწერა გამოაქვეყნა თბილისის მერიამაც.

„მინდა შეგახსენოთ ყველას, რომ თარიღი, 8 აგვისტო არასდროს გამხდარა განხილვის საკითხი. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებიც აქ 8 აგვისტოს ამოდიოდნენ“, - უპასუხა ირაკლი ღარიბაშვილმა კითხვას: „რატომ მიდის მმართველი გუნდი მუხათგვერდის სასაფლაოზე 8 აგვისტოს?“

„მე გეტყვით მთავარს: ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, გაუთვლელმა პროვოკაციულმა ნაბიჯებმა განაპირობა ის, რომ თავიდან ვერ აიცილეს ეს ტრაგიკული ომი. ეს იყო სააკაშვილის და მისი გუნდის ღალატი. მათ გაწირეს ჩვენი ქვეყანა და ხალხი, ჩვენი სამხედროები“, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ილიას უნივერსიტეტის პროფესორის, ისტორიკოს ბექა კობახიძისთვის მოულოდნელი არ ყოფილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამგვარი განცხადება, რადგან, მისი თქმით, 10 წელია, სხვადასხვა ინტენსივობით, მოქმედი ხელისუფლება ცდილობს მნიშვნელობა შეუცვალოს აგვისტოს ომს:

„ტრაგედიის გარშემო კონსოლიდაციის, ეროვნული ერთიანობის, მიზნის მკაფიოდ გამოკვეთის ნაცვლად, აგვისტოს ომი იქცა პოლიტიკურ ოპონენტებთან ბრძოლისა და კაპიტულანტური მენტალობის დამკვიდრების ინსტრუმენტად. ერთიმეორის მიყოლებით, წლებია ისმის განცხადება, რომ "საქართველომ/სააკაშვილმა დაიწყო ომი". ეს ასე იყო 2014 წელს ყირიმის ანექსიისა და დონბასის ოკუპაციის შემდეგაც. ვფიქრობდი, ეგება 2022 წლის უკრაინაში სრულმასშტაბიან ინტერვენციას შეექმნა ამ გზაზე რამე უხერხულობა ხელისუფლებისთვის - სულ ტყუილად!“

ბექა კობახიძე
ბექა კობახიძე

აშკარაა, რომ „8 აგვისტოზე“ უარის თქმით „ქართული ოცნება“ მკაფიოდ განაცხადებდა, რომ 2008 წლის ომი რუსეთმა დაიწყო და, რომ არანაირი ფორმალური საბაბი ამ ომის დასაწყებად რუსეთს არ სჭირდებოდა (რაც დაადასტურა კიდეც ვლადიმირ პუტინმა, როცა კოსოვოს აღიარების საპასუხო ნაბიჯებზე საუბრობდა), თუმცა ამის აღიარება, ასევე საფუძველს გამოაცლიდა „ქართული ოცნების“ მთავარ პროპაგანდისტულ ნარატივს: „ოპოზიციას ომი უნდა“ან „დასავლეთს საქართველოს ომში ჩათრევა სურს.“

ცხადია, რომ შეკითხვა „აბა, ომი გინდათ?“ დგას „ომი საქართველომ დაიწყო“-ს ფესვებზე, სხვა სიტყვებით, „ომი გინდათ“ - ეს არის „ომი საქართველომ დაიწყო“-ს ანუ „ქართული ოცნების“ შვილი, შვილს კი, ერთი ქართული ზღაპრისა არ იყოს, „ქართული ოცნება“ თავს არ მოაჭრის, უფრო პირიქით, სავარაუდოდ, წლიდან წლამდე გააძლიერებს, რადგან „ოცნების“ საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედში (ე.წ. რუსეთის არგაღიზიანების პოლიტიკა) „არგაღიზიანება“ თავზე ნაცრის დაყრისა და კაპიტულაციის ევფემიზმია, 2008 წლის აგვისტო კი, როგორც ბექა კობახიძე ამბობს - „ქართული ოცნების“ ხელში კაპიტულანტური მენტალობის შექმნის მთავარი იარაღი.

„გვაქციეს ხალხის მასად, რომელსაც თავმოყვარეობის აღდგენა, სამართლის ზეიმი და უკეთესი საქართველო არ უნდა, რადგან ყველაფერზე ერთი პასუხია: "აბა, ომი გინდათ?!" ნორმად იქცა გაბაიბურება. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ საოკუპაციო ხაზზე ნამყოფი არც ერთხელ არ ვარო და ეს თქვა იერიშით, რატომ უნდა ვყოფილიყავიო?! ის 2008 წელს 30 წლის იყო და ვერ ვეღირსე ვინმემ კითხოს, სად იყო და რას აკეთებდა აგვისტოს დღეებში ის, ღარიბაშვილი, მდინარაძე & co. მაგრამ რა რა აზრი აქვს, "აბა, ომი გინდა?!" საზოგადოებაში ირაკლი კობახიძე ნორმაა. აღმაშენებელი თუ ანწუხელიძე მითიურ პერსონაჟებად გვიყვარს, ხოლო რეალობაში ვირაკლიკობახიძეობთ და ომის 14 წლისთავს ვხვდებით რესტორნებში რუსული სიმღერებით, დიდი ტაში-ტუშით და კვლავ გაუფროსებული გადამთიელებით... იმედია ამასაც (26 მაისისა და 25 თებერვლის მსგავსად) 70 წელი არ დასჭირდება, მოვა დრო და აგვისტოს ომი დაიბრუნებს თავის ავთენტურ მნიშვნელობას“, - წერს ბექა კობახიძე.

8 აგვისტოს აღნიშნა „აგვისტოს ომის“ დაწყების წლისთავი რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმაც, რომელმაც გარდა იმისა, რომ, საქართველოს მოქმედი ხელისუფლების მსგავსი ზიზღით ილაპარაკა საქართველოს ყოფილ ხელისუფლებაზე, ასევე განაცხადა, რომ „საქართველოს და უკრაინის ხელისუფლებებმა რუსეთს, სამხედრო ინტერვენციის განხორციელების გარდა, სხვა არჩევანი არ დაუტოვეს“.

დმიტრი მედვედევი, 2008 წ. 18 აგვისტო
დმიტრი მედვედევი, 2008 წ. 18 აგვისტო

საქართველოსა და უკრაინაში რუსეთის შეჭრას შორის პარალელები ასევე აქვს გავლებული საქართველოს პრემიერ-მინისტრსაც. 2022 წლის 25 თებერვალს ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინამ, საქართველოს მსგავსად, ომი ვერ აიცილა თავიდან.

„ამ ომით, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ იქნა შეკავებული და თავიდან აცილებული, ყველაზე მეტად დაზარალდება თავად უკრაინა, როგორც სახელმწიფო, მისი სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და უკრაინელი ხალხი, ჯარისკაცები. ომს არანაირი გამართლება არ აქვს, ეს ჩვენს თავზე გამოვცადეთ 2008 წელს, როცა თავიდან ვერ იქნა აცილებული 2008 წლის ტრაგიკული მოვლენები”, - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან მეორე დღეს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG