Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 13 სექტემბერი. See content from before

ორშაბათი, 12 სექტემბერი 2022

ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევი, 2022 წ. 1 აგვისტო
ვოლოდიმირ ზელენსკი, კიევი, 2022 წ. 1 აგვისტო

უკრაინის პრეზიდენტის პირველი გაკვეთილი, რომელიც თავისუფლებისათვის მებრძოლი ქვეყნების ლიდერებმა უნდა დაისწავლონ, ცხადია, კიევში დარჩენა და პირადი მამაცობითა და თავგანწირვით საკუთარი ხალხისა და შეიარაღებული ძალების გამხნევებაა.

პირდაპირ ეთერში ჩატარებულ ამ დაუვიწყარ გაკვეთილს ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მომდევნო დღეებსა და თვეებში, სხვა არაერთი მნიშვნელოვანი გაკვეთილი მოაყოლა. ერთ-ერთ ასეთ მნიშვნელოვან გაკვეთილად შეიძლება ჩავთვალოთ 11 სექტემბერის მიმართვაც. უკრაინის პრეზიდენტი გამოეხმაურა რუსეთის მიერ უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მორიგ დაბომბვას. გვიანი ღამით, როცა პრეზიდენტი საუბრობდა, ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ხარკოვის, სუმისა და პოლტავის ოლქები ჩაბნელებული იყო.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის ხელისუფლებას ჰკითხა, ნუთუ კვლავაც ფიქრობენ, რომ შეუძლიათ დააშინონ, გატეხონ და დაიყოლიონ უკრაინელები?

„მართლა ვერაფერი გაიგეთ?
ვერ გაიგეთ ვინ ვართ? რისთვის ვართ? რა გვინდა?
ტუჩების მოძრაობით გამოიცანით:
გაზის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე.
შუქის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე.
წყლის გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე.
საკვების გარეშე თუ თქვენ გარეშე? თქვენ გარეშე.
სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი - ჩვენთვის ისეთი საშიში და სასიკვდილო არ არის, როგორც თქვენი „მეგობრობა და ძმობაა“.
მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს.
და ჩვენ ვიქნებით გაზით, შუქით, წყლით, საკვებით... ოღონდ თქვენ გარეშე!“ - დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა თავის ტელეგრამარხზე და ამ სიტყვებით რუსეთის მიერ შევიწროებული ყველა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს სათქმელიც თქვა.

რუსეთმა უნდა იცოდეს, რომ „რუსული სამყაროს“ ნაწილად ქცევას, რუსეთთან „მეგობრობასა და ძმობას“ ყველაფერი სჯობია - უგაზობა, უშუქობა, სიცივე და შიმშილიც კი.

ალბათ, ასე ფიქრობდნენ ქართველებიც 1801 წელს, როცა რუსეთის იმპერატორი ქართლ-კახეთის სამეფოს იერთებდა; 1811 წელს, როცა რუსეთი საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას აუქმებდა; 1921 წელს, როცა საბჭოთა რუსეთი საქართველოს ანექსიას ახდენდა; 1989 წელს, როცა რუსი სალდათები საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლთა სისხლს ღვრიდნენ; 1992-93 წლებში, როცა რუსეთის ფედერაცია აფხაზეთს გვართმევდა და 2008 წელს, როცა რუსეთის არმია საქართველოს ქალაქებსა და სოფლებს ბომბებს უშენდა...

ასე რომ არ ეფიქრათ ქართველებს, დღემდე ვერ მოაღწევდა საქართველო, ვერ გადარჩებოდა. საქმე ისაა, რომ ასე არ ფიქრობდა ყველა ქართველი და, სამწუხაროდ, ასე არც ახლა ფიქრობს ყველა ქართველი.

ნაწილისთვის რუსეთი ოკუპანტი და ქვეყნის უბედურების მთავარი წყაროა, ნაწილისთვის კი - ერთმორწმუნე მეზობელი და შემოსავლის წყარო; ნაწილი თავს აკლავს რუსეთს, ნაწილი კი მის სამსახურში ეძებს სარგებელს; ნაწილი უკრაინელ ლტოლვილებს უთანაგრძნობს, ნაწილი კი რუსი ტურისტების სიმრავლით ხარობს; ნაწილისთვის რუსეთი დათვია, ნაწილისთვის კი - ბაბაია... - სწორედ ამგვარი განსხვავებული და არათანმიმდევრული დამოკიდებულება უსპობს საქართველოს რუსეთის ორბიტიდან გასვლის საშუალებასა და გათავისუფლების შესაძლებლობას.

თითქოს წლების წინ მოვიტოვეთ უკან რუსულ ენერგეტიკასა და სამომხმარებლო ბაზარზე დამოკიდებულება (საქართველომ უკრაინაზე ბევრად ადრე გამოცადა უშუქობა, უგაზობა და ეკონომიკური ბლოკადის ყველა სხვა „რუსული სიკეთე“), მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ტრადიციული არათანმიმდევრული დამოკიდებულების გამო, საქართველო რუსეთიდან კვლავ იღებს ბუნებრივ აირსა და ნავთობპროდუქტებს (42 მლნ და 254 მლნ დოლარის მხოლოდ 2022 წლის ექვს თვეში), ხოლო ქართული ღვინისა და სპირტიანი სასმელების მნიშვნელოვანი ნაწილი (72 მლნ და 30 მლნ დოლარის, შესაბამისად) კვლავ რუსეთის ბაზარზე იყიდება, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთმა ისევ დაიბრუნა საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლის ბერკეტები.

დიდ ქვეყანას, რომელსაც ამდენი აქვს შენთვის დაშავებული, მხოლოდ თანმიმდევრული, ერთიანი პოზიციით თუ დაუპირისპირდები და გაუმკლავდები ისე, როგორც ამას უკრაინელები აკეთებენ დღეს და ისე, როგორც ეს გააკეთეს ფინელებმა 1939-1940 წლებში.

ცნობილმა ფინელმა დიპლომატმა მაქს იაკობსონმა საბჭოთა კავშირის თავდასხმაზე ფინელი ხალხის პასუხს „ერთსულოვნების რევოლუცია“ უწოდა:

„ეს იყო რევოლუცია, მაგრამ არა ისეთი, როგორზეც კრემლში ამყარებდნენ იმედს. გარედან მომდინარე მუქარამ წარხოცა შინაგანი განხეთქილებანი და გააერთიანა ხალხი. მთელი ერი თავგანწირვით ჩაება ომში სახელმწიფოს გადასარჩენად“.

ფინელი ხალხი და ფინეთის ყველა მომდევნო მთავრობა ერთგული დარჩა 100-დღიანი ომის პრინციპებისა. ფინელებმა არ შეიცვალეს მტრისადმი დამოკიდებულება და, დიდწილად, ამგვარი პრინციპულობის გამო გადაურჩნენ შარიანი მეზობლის თავდასხმებს. ცნობილი ამბავია, რომ სისუსტე და უპრინციპობა, როგორც წესი, მოქმედებისკენ უბიძგებს აგრესორს.

ფინეთ-სსრკ-ის ომი. 1939 - 1940
ფინეთ-სსრკ-ის ომი. 1939 - 1940

იაკობსონის სიტყვები კი თითქოს დღევანდელ უკრაინასა და მის პოლიტიკურ ლიდერზეა ნათქვამი. ვინ იცის, იქნებ სულ მალე რუსეთ-უკრაინის ომზეც ითქვას:

„როცა ერთმანეთს უპირისპირდება მრავალსახოვანი ინტერესების მქონე უზარმაზარი სახელმწიფო და შედარებით მცირერიცხოვანი ერი, რომლის ერთადერთი მიზანია შეინარჩუნოს დამოუკიდებლობა, ძალთა თანაფარდობა არ შეიძლება არითმეტიკულად გაითვალოს...“

ყველა ხედავს და უკრაინის ჯარის წარმატებული კონტრშეტევაც ამას ადასტურებს, რომ შედარებით პატარა უკრაინა ძლიერია უზარმაზარ რუსეთზე, რაც, პირველ რიგში, უკრაინაში მომხდარი „ერთსულოვნების რევოლუციისა“ და მისი სულისჩამდგმელის, პრეზიდენტ ზელენსკის დამსახურება უნდა იყოს და მხოლოდ შემდეგ - კოლექტიური დასავლეთის მხარდაჭერისა და რუსეთის გახრწნილობისა.

ბლოგში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შეიძლება ყოველთვის არ ემთხვეოდეს რედაქციის პოზიციას.

სიყვარული ყოველთვის არააქტუალურია და როგორც წესი, უდროო დროს მოდის, მისთვის ვერ ვიცლით და ვეღარც დიდ მნიშვნელობას ვხედავთ მასში, რადგან სინამდვილე უსიყვარულობას გვაჩვევს.

ყველა დიდი ისტორია, რომელიც დიდ სიყვარულთან არის დაკავშირებული, ერთსა და იმავე ტრაგიკულ ამბავს გვიყვება - რომ სიყვარული არსებითად შეუსაბამოა ცხოვრების აქტუალურ პროზასთან, ან საერთოდ სიცოცხლესთანაც კი, რადგან სიყვარულს ისეთი კანონები აქვს, რომ მის გარდა სხვა არაფრისთვის გვიტოვებს ძალას.

გოეთეს ვერთერისეული სიყვარული ("ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი") ადამიანს დისფუნქციურს ხდის - როცა სიყვარულის ობიექტის ფიზიკური სიახლოვის მიუხედავად, ვერთერი მტკივნეულად აცნობიერებს, რომ ის ვერასდროს ამოავსებს იმ სიცარიელესა და უშინაარსობას, რომლის მიზეზიც მისი შეუყვარებლობაა, რაკი შარლოტე ყოველთვის სხვაგან იქნება და ეს კი ყოველთვის მარტო და მისი უკმარობით დასჯილი.

ვერთერის შემთხვევაში სიყვარული სნეულებაა და ის მხოლოდ იმ გზით გათავისუფლდება ამ დაავადებისგან, რაც შემდეგ ვერთერის სინდრომის სახელით გახდება ცნობილი: სასიკვდილო გათავისუფლებით სიყვარულის უკმარობისგან.

მაგრამ ეს ვერთერის შემთხვევაში, თორემ პლატონის "ნადიმში" ეროსი იქ ცოცხლობს, სადაც სწორედ უკმარობაა, სადაც სიყვარული არასრულყოფილების, სულიერი ნაკლულობის კომპენსაციად არის მიჩნეული - როცა უსიყვარულო (ანუ არასრულყოფილი) ადამიანი მხოლოდ მეორით, სხვა ადამიანით თუღა შეძლებს მთლიანობის აღდგენას. პლატონის შეყვარებული ხომ ყოფილი ანდროგინია, ზევსის მიერ ორად გახლეჩილი ერთი არსება, რომელიც მუდმივად ეძებს დაკარგულ ნახევარს.

რომეოსა და ჯულიეტას სიყვარული ექსტრემალურია, ისინი კაპულეტების საძვალეშიც კი ვნების პიკზე არიან, მაგრამ ადამიანებმა შეუძლებელია დიდხანს გაუძლონ უწყვეტ აპოთეოზს, ისინი აუცილებლად დაიფერფლებიან გრძნობების ამგვარი ინტენსიურობის პირობებში, რადგან შეუძლებელია ასე გიყვარდეს დიდხანს - სხეული ამას ვერ გაუძლებს... აკი ამიტომაც არიან შექსპირთან ეს შეყვარებულები 13-16 წლისანი, რადგან მხოლოდ ასეთ არადიდებს (და აზარტულებს) შეუძლიათ ყველაფრის გაღება ერთმანეთისთვის, სადაც ყველა რაციონალურ და მეტიც, ბიოლოგიურ კანონს აუქმებს მათი სიყვარული, სიკვდილის კანონსაც კი, როცა სიკვდილიც კი თამაში და ფიქცია ხდება მათ ხელში.

შეუძლებელია რომეოსა და ჯულიეტას წარმოდგენა ოცდაათ წელს ზემოთ, რადგან შეუძლებელია არ იყო მუდამ 13 წლის, როცა ასე გიყვარს. 30 წლისას ძალა აღარ გრჩება საამისოდ, თუკი ბალზაკის პერსონაჟი ქალის მსგავსად, 30 წლის შემდეგ არ აღმოაჩენ საკუთარ თავში ქალს, ანუ რაღაც არსობრივს, რომელიც თურმე შენში ყოფილა და ეს არ გცოდნია.

სიყვარული ადამიანს მე-ს ათმობინებს სხვის სასარგებლოდ, როცა იდენტობა სხვას ეწირება მსხვერპლად და სადაც სიყვარულის სასარგებლოდ ყველა კომპრომისი დასაშვებია, თუკი გინდა, რომ გიყვარდეს და მასაც თავდავიწყებით უყვარდე, როგორც ამას ტოლსტოის ანა კარენინა სჩადის, როცა სიყვარული მისთვის ომია, სხვათა გაწირვაა ერთის სასარგებლოდ, ამბოხება, აქამდე არსებული ნორმების და რუტინის უარყოფა, ნგრევა... როცა მტყუანი ხარ შვილთან, მართალ ქმართან, მორალისტ საზოგადოებასთან, მაგრამ ბედნიერი ხარ შენი სიყვარულით და ისინი კი მართლები, თუმცა უსიყვარულონი და უბედურები არიან.

მარსელ პრუსტისთვის სიყვარული არქეტიპის ძიებაა, არა სუბიექტის, არამედ მდგომარეობის, როცა ადამიანი თავად სიყვარულშია შეყვარებული, სიყვარულის მოდელში, რომელიც დრო და დრო ჟილბერტა, ოდეტი, ალბერტინა თუ დედამისია, ვინც ძილის წინ აღარ კოცნის პატარა მარსელს და ეს კი სწორედ ამ დაკარგული სიყვარულის მოხელთებას ცდილობს თავის რომანში... ალბერტინა სიყვარულის ხატია, რომლის ძიებაც დაკარგული დროისთვის მნიშვნელობის, შინაარსის მიცემის შესაძლებლობაა, რადგან მხოლოდ იქ და მაშინ არსებობ, სადაც გიყვარს, დროს ფლობ, მაშინაც კი, როცა ფიზიკურად ვეღარ ფლობ სიყვარულის ობიექტს, რაც ასევე მნიშვნელოვანია და რაც იქნებ ადიქციადაც იქცეს (მარსელი სწორედ ამ ადიქციას იკვლევს "დაკარგული დროის ძიების" მეხუთე ნაწილში, "ტყვე ქალში", როცა ცდილობს, შეყვარებული მხოლოდ მისი იყოს და მასთან, პირდაპირი მნიშვნელობით მის საძინებელში გამოკეტილი). მარსელისთვის სიყვარული შეყვარებულის სხეულის ფლობაა, როცა არქეტიპმა დროებით მაინც უნდა დაივანოს ფიზიკურ ჩარჩოში.

განა ამიტომ არ ჩადის ორფეოსი მკვდართა საუფლოში, რათა შეყვარებული სხეულებრივად დაიბრუნოს უკან?! მაგრამ იქნებ ევრიდიკეს სული სწორედ იმ მარადიული სიყვარულის არქეტიპია, რომელიც ყოველთვის იყო წარსულში და არასდროს არის აწმყო? პრუსტისეული ხედვით ხომ ყველა სამოთხე დაკარგული სამოთხეა და ის, რაც სინამდვილესთან შერიგების შესაძლებლობას იძლევა, მხოლოდ მეხსიერებაა, იდეალის გახსენება თუ გამოგონება, როცა სიყვარული დროის ლოგიკის მიღმაა, არასდროს არის გარეთ და ყოველთვის შიგნითაა - შენში...

და თუნდაც ეს იყოს ილუზია, განა არ ღირს, რომ დრო და დრო მაინც ჩავიდეთ ჰადესში, რათა არაცოცხალთა ბორგვაში სიყვარულის ძალა დავუბრუნოთ გაცვეთილ გულებს?!

ბოლოს და ბოლოს, ამას არ გავიხსენებთ, როცა პრუსტის არ იყოს, დაკარგული დროის მოპოვების საიდუმლოს მივაგნებთ რომანის (რომანის, როგორც სიცოცხლის მეტაფორის) დასასრულს: როგორ გვიყვარდა ტოტალური უსიყვარულობის ჟამს...

როგორ ვცხოვრობდით ან ვერ ვცხოვრობდით სიყვარულთან ერთად.

და როგორ გავუფრთხილდით ან ვერ გავუფრთხილდით სიყვარულს, რომელიც როგორც ყოველთვის, მოულოდნელად დაგვეცა თავზე და რატომღაც არააქტუალური გვეგონა...

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG