Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

17 მარტი გალაკტიონის გარდაცვალების დღეა. პოეტმა 1959 წლის 17 მარტს თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სამკურნალო კომბინატში, რომელსაც პერიოდულად სტუმრობდა ხოლმე სუსტი ჯანმრთელობის გამო.

გალაკტიონი ხშირად აკითხავდა ხოლმე საავადმყოფოებს, თუმცა, როგორც მისი დღიურებიდან ჩანს, შინაც ხშირად უწევდა სიცხისგან გათანგულს წოლა და მწარე აბებისა თუ მიქსტურების მიღება... მართლაც მთელი ცხოვრება ავადმყოფობდა, მათ შორის ავადმყოფობდა გრიპითაც, რომელიც, მისი სიტყვებით, ფეხდაფეხ დასდევდა, როგორც დასდევდა სევდა (სპლინი).

რა მეშველება!
ჭირი და ლხინი -
გახდა წამება -
ვით აპოკრიფი -
წინად კვალდაკვალ
დამდევდა სპლინი,
ეხლა ფეხდაფეხ
თან დამდევს გრიპი.

აი, ასეთი გარითმული სახუმარო სტროფი ჩაუწერია 1935 წლის 11 მარტს.

საყოველთაოდაა ცნობილი გალაკტიონისა და მისი ძმის, აბესალომის 1930 წლის ოქტომბერ-დეკემბერის მიმოწერა, რომელშიც პოეტის უფროსი ძმა უკიდურესად შეწუხებულია გალაკტიონის როგორც სავალალო მატერიალური, ასევე ჯანმრთელობის მდგომარეობით.

„ძმაო აბესალომ. შენი წერილი მივიღე. მე კარგად ვარ, თუმცა წამოსვლის დროს ცოტა გავცივდი, გრიპი მქონდა, ფეხზე გადავიტანე, არ დავწოლილვარ. ეხლა კარგადა ვარ“, - წერს გალაკტიონი, რის პასუხადაც ძმის ასეთ წერილს იღებს:

„...პირველად, ჯანმრთელობის მხრივ ხომ კარგათ ხარ? იწერებოდი, გრიპით ვიყავი ავადაო. თუ ძმა ხარ, გალაქტიონ, შენ გენაცვალე, თავს მოუფრთხილდი. ნეტა ეს მაცოდინა, პალტო თუ გაქვს. მე ხომ მაშინ ფული გაგატანე სპეციალურათ პალტოს დასახსნელათ. ვაი თუ უპალტოოთ ხარ? ქვეყანა შოულობს ტანსაცმელს, საჭმელს და შენთვის, ასეთ ნიჭიერ კაცისთვის, რავა ისპობა ყველაფერი. მე რომ შენს ადგილას ვიყო, ავდგები, მივადგები სასახლეში ფ. მახარაძეს და ვეტყვი: თქვენ, რასაკვირველია, კულტურის, განათლების დამცველი ხართ. განა სირცხვილი არ არის, მე – პოეტს შესაფერი პირობები ვერ შემიქმენით-თქო".

კვლავ დღიური გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა დაემართა.

1930 წლის 31 ოქტომბრის ჩანაწერი:

„ვიყავი ავად გრიპით, რადგან დავკარგე პალტო და ფეხსაცმელი, თან ცოტაოდენი ფული. და ასე დაიკარგა 10 დღე. ამ 10 დღის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა...“

თუმცა ჯანმრთელობა და მატერიალური გაჭირვება არც მომდევნო ექვსი თვის განმავლობაში მოასვენებს. ექვსთვიანი წყვეტის შემდეგ მხოლოდ 1931 წლის მაისში შეძლებს ჩანაწერის გაკეთებას:

„მეექვსე თვე გადის, რაც დღიურში არა ჩამიწერია რა. ამ ხნის განმავლობაში მე გადავიტანე ბევრი რამ: უმუშევრობის, უფულობის გამო იძულებული გავხდი გავქცეულიყავი სოფელში ძმასთან, რომელმაც გამიწია დახმარება. მან მომცა პალტო. როდესაც სოფლიდან დავბრუნდი, ავად გავხდი ისევე გრიპით, მაგრამ დავანებოთ ამას თავი...“

თავი დავანებოთო, კი ამბობს, მაგრამ სულ რაღაც ოთხი-ხუთი სტრიქონის შემდეგ ასეთი ჩანაწერი გვხვდება:

„კოკისპირული წვიმა ასხამს. ჩვენს უზარმაზარ სახლის ეზოში ამ დროს შემოდის მომღერალი ქალი და მღერის: „თუ თვალებიდან ცრემლი მოგდის, თავი გტკივა და სუნთქვა გიჭირს - ეს გრიპია“.

იცის გრიპის სიმპტომები, იტანჯება შედეგებით („მახველებს, სული მეგუბება ყელთან, გულის შეხუთვა არ მასვენებს: შედეგები გრიპის“) და, როგორც ჩანს, ეძებს პრევენციის საშუალებას. ყოველ შემთხვევაში, 1935 წლის ჩანაწერი ამაზე მიუთითებს: „გრიპის გამაფრთხილებელი წამალი“.

მაგრამ სად არის „გრიპის გამაფრთხილებელი“ წამალი?

„დაიწყო რაღაც საშინელება: მე ჩავკეტე სახლის კარები. ო, მართლაც საშინელება!“ - წერს 1939 წლის 14 იანვარს და მხოლოდ ექვსი თვის შემდეგ, 5 აგვისტოს განმარტავს, რომ „ეს იყო გრიპის საშინელება“-ო.

როგორც ჩანაწერიდან ირკვევა, 12 იანვარს ფილარმონიაში საღამო ჰქონია და ყველაფერი მას შემდეგ მომხდარა.

„საღამო მშვენიერად ჩატარდა, მაგრამ მე დამღალა სასტიკად. განსაკუთრებით კარგად გამოვიდნენ ჩემს საღამოზე: შალვა დადიანი, ს. აბაშელი, ლ. ასათიანი, გ. ქუჩიშვილი, ელენე შერრი, ანდრია ბალანჩივაძე; და აგრეთვე სხვები. მაგრამ საზიზღრად იქცეოდა მაშაშვილი (ალიო მირცხულავა)...“ - მერე ვრცლად წერს, რომ ალიოს და ილოს (მოსაშვილი) გამოუთქვა ეპიგრამა, რომელიც იქვე, დარბაზში გავრცელებულა, მაგრამ ხმის ამოღება ვერ გაბედესო. აი, ეპიგრამაც:

ალიომ უთხრა ილიოს,
ვაჰ, თუ ბზე გამოილიოს.
ილამ სთქვა: ჩემონალაო,
ბზეს მირჩევნია ჩალაო.

საღამო, ავად თუ კარგად, მშვიდად დასრულებულა, მაგრამ, ბედის ირონიით, კვლავ გრიპი შეჰყრია:

„მე არ მქონდა საავადმყოფოში დაწოლის საშუალება. ამიტომ იძულებული ვიყავი ფეხზე გადამეტანა იგი. ცეცხლს ამ ზამთარში ვერ ვანთებდი, შეშა არა მქონდა. ღამღამობით მაძლევდა ოფლს, განუწყვეტლივ საშინლად მახველებდა, გული მერეოდა, მთელი სხეული მიკანკალებდა, ხელში კალამს ძლივს ვიღებდი, მაგრამ მუშაობის თავი სად იყო. ამიძაგძაგდებოდა ხელი და კალამი ძირს ვარდებოდა. ამას დაემატა საშინელი სმა, ღვინო, არაყი, ლუდი, ყოველდღე, განუწყვეტლივ. საშინლად დავეცი. მახსოვს, როდესაც არაყსა ვსვამდი, ხელები მიკანკალებდნენ და ნახევარი არაყი იღვრებოდა, კახელი გლეხი მიცქეროდა და თანაგრძნობით ამბობდა: „რა ვქნა, ეგეთი ჯეელი კაცი ხართ და ეგ რა დაგმართნიათო“. მართლაც, ამაზე უარესი რაღა უნდა მომსვლოდა? ბინა პირდაპირ საღორეს დაემსგავსა. ვინა მყავდა დამლაგებელი? მიუხედავად ყოველივე ამისა, ვახერხებდი ცოტაოდნად მუშაობას“.

მერე რესტორანში ნასვამ თაყვანისმცემლებს გადაეყრება, ხათრს ვერ გაუტეხს და მათთან ერთად დიდი თასით დალევს ღვინოს.

„მეორე დღეს ტანგაუხდელს გამომეღვიძა, მაგრამ ფეხზე ვეღარ ავდექი. ვიგრძენი გვერდის ტკივილი, რაღაც აუტანელი. ვეღარ ვდგებოდი. მეგონა, რომ ჩამტვრეული მაქვს გვერდის ძვლები. დიდის ვაი-ვაგლახით, როგორც იქნა საავადმყოფოში მივედი და ექიმს ვენახვე: მგონი, ნეკნები მაქვს ჩამტვრეული მეთქი. ექიმმა დიდხანს მსინჯა. „გრიპი გქონდათ?“ - მკითხა. „ეხლაც ავადა ვარ, მეხუთე თვეა“, - ვუპასუხე. ექიმმა (თოფურიამ) თავი გააქნია. „გვერდის ნეკნები არ არის დაზიანებულიო“, - სთქვა მან და გამომიწერა წამლები. მაგრამ გვერდი მაინც საშინლად მტკივოდა, მახველებდა, ოფლში ვიწურებოდი, და ვიყავი მარტო. გადავწყვიტე საავადმყოფოში დაწოლა. და გავეშურე კიდეც. გზაში ოლგა იურიევნა შემხვდა. „ასე და ასეა ჩემი საქმე“-მეთქი - მოვუყევი ყველაფერს. მან კატეგორიულად მირჩია სახლში დავწოლილიყავი. მეც გამოვბრუნდი გზიდან და ჩავწევი... ოლგა იურიევნამ პირდაპირ გადამარჩინა. მან დაასუფთავა მთელი ბინა, დააკრიალა იატაკი, დარეცხა ყველაფერი, მიალაგა წიგნები, ხელნაწერები. დიდი ხნის შემდეგ პირველად ვიგრძენი თავი სუფთა საწოლში. იურიევნამ „ლეჩკომისიიდან“ დაუძახა ექიმს. ექიმიც მოვიდა. „პლევრიტია, - სთქვა მან, - გრიპის ნიადაგზე“. და ასე, 29 მაისიდან 15 ივნისამდე ვიწევი საწოლში. გრიპმა გაიარა. იურიევნა მივლიდა თავდადებით. გაჰქრა ხველა; ოფლიც, ტანისა, ხელების კანკალი. გრიპმა გაიარა! მხოლოდ გვერდი მაინც მტკივოდა“.

მერეც, სიცოცხლის ბოლომდე, სულ „გრიპიანობდა“:

„დღეს გასხლეს ჩვენი ბაღი. აკაციის ტოტი, რომელიც გრიგალმა დააზიანა 15 ივნისს, და დღემდე მაინც ცოცხლობდა, სრულიად ჩამოგლიჯეს და ახდენს გულის მომკვლელ შთაბეჭდილებას! გუშინ მივიღე წერილი. რატომღაც დღეს ოთახის კარები ღია იყო. ვგრძნობ, გვერდმა ისევ დამიწყო ტკივილი. გრიპიც კიდევ. მგონი, არაა საშველი!“

„9 დეკემბერს ავად გავხდი საღამოთი გრიპით - და დღეს - 16 დეკემბერს ავდექი საწოლიდან.
კოკონასაც იმ დღეს გაუხდა ბავშვი ავად გრიპით და დღესაც ავადაა“.

„ძლიერ ავადა ვარ გრიპით: მაგრამ ეგ არაფერია. უნდა გავუძლო“, - აფხაზეთი. 14 ენკენისთვე, 1943 წ.

„დღეს პირველად გავიარე ქალაქში. 14 დღე ვიწექი გრიპით, ანგინით და საერთო დასუსტებით. ავადმყოფობა გადავიტანე ჭამით“, - 1951 წლის 14 ივნისი.

და ასე შემდეგ სულ გრიპსა და გაცივებაზე, რომელიც, მისი თქმით, ფეხდაფეხ დასდევდა... თავად განსაჯეთ, 50-იან წლებში რამდენჯერმე უცდია ავტობიოგრაფიის დაწერა და, როგორც ჩანს, მაშინაც გრიპს შეუშლია ხელი:

„დავიბადე 1892 წელს. ვსწავლობდი ჯერ ქუთაისში, მერე ტფილისის სემინარიაში. ვემსახურებოდი ჩემს სამშობლოს. ჩემმიერ დაწერილი არის ხუთი ათასი (5.000) ლექსი. ამ წამში, როდესაც ამას ვსწერ, ვარ ძლიერ ავად გრიპით. მე მინდა, ეს ჩემი ავტობიოგრაფია გადასინჯოს ჭკვიანმა“.

და ბოლოს, იმის საჩვენებლად, თუ როგორ ჰყავდა გრიპს გატანჯული გალაკტიონი, შეგვიძლია გავიხსენოთ 30-იანი წლების ბოლოს დაწერილი ლექსი („ახალგაზრდობა“), რომელშიც გრიპი, როგორც ავადმყოფობა, გამოყენებული აქვს გერმანული ნაციზმის მეტაფორად:

„გამომხატველი ავადმყოფ ჟინის,
მიმოდის როგორც გრიპი, ცხელება,
მწვავე სიმსივნე ახალ ბერლინის,
მიხაკისფერი საშინელება“.

თბილისი უცნაური ქალაქია. კი, გვიყვარს, ვუმღერით და ლექსებს ვუწერთ, მაგრამ თბილისს ბევრი უცნაური მხარეც აქვს, რაც, ერთი შეხედვით არ ჩანს.

როცა თბილისს გადავეჩვიე და სწავლის მერე ამ ქალაქში გაღიმებული დავბრუნდი, გამახსენდა, რომ აქ უცხოები ერთმანეთს ქუჩაში არ უღიმიან. სასწრაფოდ მოვისხიპე უადგილო ღიმილი და სწრაფადვე ვადაპტირდი. თუმცა, თბილისური გამჭოლი მზერა არც ისეთი იოლი დასამუღამებელია. საშუალო თბილისელს აქვს მშვიდი, ცოტა გამაძღარი, ცოტა კმაყოფილი, ცოტა უკმაყოფილო, ცოტა ბრძნული, ცოტა მე-ისეთი-ცხოვრება-მაქვს-ნანახი, ცოტა მე-ვიცი-ჩემი-თავის-ფასი, ცოტა არაფერი-შეგეშალოს მზერა.

საშუალო თბილისელი სიამოვნებით არ ლაპარაკობს, განსხვავებით საშუალო ქუთაისელისგან. საშუალო თბილისელს ლაპარაკს “თირვა” ურჩევნია. ქუთაისელს, მაგალითად, რაღაც ამოუხსნელი მიზეზებით, ტვინი და ენა ერთმანეთზე უშუალოდ აქვს გადაბმული. როცა ენამჭრელ ქუთაისელს უსმენ და უყურებ, თითქმის შეუძლებელია მასში აზრების ჩამოყალიბების, გაჩენის მომენტი დააფიქსირო. ეს აზრები ენაზე იმდენად მყისიერად და ძალდაუტანებლად იღვრება, რომ რწმუნდები, ამ ხალხს უსწრაფესი და უსხარტესი გონება აქვთ და მათ თბილისელებივით ნამდვილად არ სჭირდებათ ჭერში ახედვა იმისათვის, რომ თავში აზრი გაუჩნდეთ. ქუთაისლების შემთხვევაში იმასაც ვერ ხვდები, თუ როდის, წამის რა მეასედში დგება მათ გონებაში თვითცენზურის მომენტი, ან დგება თუ არა ის საერთოდ. ქუთაისელი არ გაწუხებს საკუთარი თვითცენზურით, ამას ის შეუმჩნევლად “აგვარებს” საკუთარ თავთან; ის არ ბორძიკობს, ან წონის საკუთარ აზრებს, როცა თბილისელის შემთხვევაში საქმე გვაქვს დიდ ხლაფორთთან და ხშირ შემთხვევაში ტანჯვასთანაც კი, ვიდრე ეს უკანასკნელი ნაფიქრალს ენას დაუკავშირებს, ხოლო ენა მას გარეთ გამოიტანს. თბილისელი, რაც არ უნდა კიტრად მოჰქონდეს მას თავი, საუბრისას მაინც მუდმივი თვითცენზურით არის შეპყრობილი. მას ურჩევნია არაახლობლებთან მხოლოდ აუცილებლით შემოიფარგლოს, ქუთაისელი კი, უმეტეს შემთხვევაში, ისეთივე გახსნილია უცნობთან, როგორც ახლობელთან. მოკლედ, თბილისელები დიდი მუდო ხალხია. შეიძლება ეს უკანასკნელნი სხვა ერებზე მეტი სილაღით გამოირჩეოდნენ, მაგრამ ქუთაისლებს თუ შევეჯიბრებით, ნამდვილად წაგებულები დავრჩებით.

თბილისში კარგად მარტო თავისიანს ექცევიან. აი, მაგალითად, შეიძლება უცნობმა ტიპმა, იმის გამო, რომ გზა არ დაუთმე, მანქანიდან გაგინოს, ან შეიძლება მოგკლას კიდეც; მერე იგივე ტიპმა მანქანა გააჩეროს, შემხვედრი ნაცნობი ან ახლობელი ისე გულიანად მოიკითხოს და სულში ჩაიძვრინოს და გული ამოიღოს და მისცეს, და ღვიძლის გადანერგვასაც კი შეჰპირდეს, გაგიკვირდება! შე დალოცვილო, თუკი ეგ შეგიძლია, ცოტა უცხოებსაც გაუნაწილე, ისინიც ხომ ადამიანები არიან?! მიეცი მათაც ცოტა სიკეთე და ღიმილი და აპატიე ადამიანური სისუსტეები, თუნდაც იმის გამო, რომ ვაი და ამ სოფელ-თბილისში ის უცნობიც ვიღაც შენი მეგობრის მეგობარი ან ახლობლის ახლობელი აღმოჩნდეს! თბილისი სწორედ აქ, ამ საკითხში ვერ ვითარდება: ჭეშმარიტი თბილისელისთვის (სულ ერთია პოლიტიკური გემოვნება, ინტელექტუალური რესურსი თუ განათლება!) სამყარო ორ ნაწილად იყოფა:
1.ოჯახი, მეგობრები, ახლობლები
2.ყველა დანარჩენი
ამ ორ კატეგორიასთან თბილისელი სრულიად სხვადასხვანაირად იქცევა. ფაქტობრივად საქმე გვაქვს ერთგვარ შიზოფრენიასთან, რადგან დედაქალაქის მკვიდრი გონებაში მუდმივი სელექციით არის დაკავებული: ვისთან გამოაჩინოს თავისი ჭეშმარიტი, კეთილი და რაინდული ბუნება და ვინ გაუშვას ჯანდაბაში.

ჭეშმარიტი თბილისელი იმაში ნამდვილად არის დარწმუნებული, რომ ის მსოფლიო მეტროპოლიაში ცხოვრობს. “ნივიჟუ” აქ ყოველდღიური პურია - თბილისელს არ სურს დაირღვიოს “დიდ ქალაქში” სიარულის განცდა, მაშინაც კი, როცა ყოველ კუთხეში ნაცნობი ეფეთება. სრულიად შესაძლებელია “ვერგხედავ” მაშინაც “ჩაგიტაროს”, როცა საერთოდაც არ სძულხარ და მეტიც, ესიმპათიურები კიდეც. უბრალოდ, ის ამ დროს საკუთარი ანონიმურობიდან ვერ გამოდის. თბილისელისთვის “ვერგხედავ” სრულიად არ ნიშნავს იმას, რომ მას ვინმეს დანახვა არ უნდა, პირიქით, მას მხოლოდ ის სურს, რომ გარკვეულ მომენტში (ხასიათზე არაა, ფორმაში არაა...) თავად არ დაინახონ. დედაქალაქელი დაღლილია ამდენი ნაცნობით, ამდენი ვაი-ვუით... ის საკუთარ წარმოდგენაში ხშირად თბილისის ნაცვლად ნიუ იორკში, ტოკიოში ან ჯაკარტაში დადის, სადაც მას არავინ იცნობს. აი, ეს არის ის, რაც თბილისელს ყველაზე მეტად აკლია! აქ მზის სათვალეები, მანქანის მუქი შუშები, დიდი გალავნები და რესტორნებში ერთმანეთისგან საგულდაგულოდ გამიჯნული მაგიდები ტრადიციაა. თუ ევროპაში სავსე კაფეში ან რესტორანში სხვის მაგიდას მიუჯდები და ამით იქ არავინ გაღიზიანდება, თბილისში სხვის მაგიდასთან მიჯდომა, სხვის კალთაში ჩაჯდომას ან ოჯახში შევარდნას ნიშნავს. თუმცა თბილისელს სხვა უკიდურესობაც სჭირს. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ანონიმურობა მნიშვნელოვანია, ხანდახან ვასკვლავური სინდრომიც ემართება და ის დღე მისთვის დაკარგულია, თუ ის ვერავინ ნახა, ან ვერავინ შეამჩნია. ეს მოულოდნელი, შემთხვევითი შეხვედრები და გადაკოცნები ისეთივე ორგანულია თბილისელისთვის, როგორც ზემოთ ნახსენები მარტოობისა და განდეგილობის შინაგანი მოთხოვნილება.

თბილისში იმდენი იციან სხვაზე, რამდენიც არ იციან საკუთარ თავზე. ამიტომ აქ არავინ არაფერს გეკითხება, მაშინაც კი თუ მრავალწლიანი განშორების მერე მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდი.

უცხო, უცნობი ადამიანი (თუნდაც ისევ თბილისელი) ამ ქალაქში არც ცუდია, არც კარგი, არც საშიში, არც უშიში, არც სასიამოვნო და არც უსიამოვნო, უბრალოდ უხერხული! მაგრამ საკმარისია ამ უცხოსთან თბილისელმა ვინმე ნაცნობი გამონახოს, რომ უხერხულობა მყისიერად იფანტება და კავშირი მყარდება, რადგან უცხოს ესხმება ხორცი, ხდება კონკრეტული, მიეწერება გარკვეული ნიშან-თვისებები და სოციალური თუ სხვა თავისებურებანი. თბილისელი უცხოს გაცნობისას არ იშრომებს, არც ტვინს დაატანს ძალას, თავად აღმოაჩინოს ახლადგაცნობილი ადამიანი და მისი სიკეთეები; მას ურჩევნია ე.წ. “შორთქათი” გააკეთოს და რამდენიმე კოდური კითხვით, უბნის, სამეგობროსა და სანაცნობოს შესახებ ყველაფერს ნათელი მოჰფინოს. ან არც არაფერი ჰკითხოს ახლადგაცნობილს და მის შესახებ უბრალოდ “გაიკითხოს.” არ გეგონოთ, რომ აქ მხოლოდ თბილისელების ერთ რომელიმე კატეგორიაზეა საუბარი - აქ იგულისხმებიან თვით ყველაზე და ყველაფერზე მაღლა მდგომი, ინტელექტუალი თბილისელები, რომლებსაც თითქოსდა არად უღირთ საკუთარი უბნური, ოჯახური, სოციალური თუ ინტელექტუალური პრივილეგია. უბრალოდ, ჭკვიანი თბილისელები უფრო უკეთ ფუთავენ საკუთარ თბილისელობას - ისინიც ვერ იტანენ სნობებს და ხაზს საგულდაგულოდ უსვამენ იმ ფაქტს, რომ გლდანელი,ფოთელი და ასე შემდეგ მათგან არაფრით განსხვავდება; თუმცა სინამდვილეში მათი გეოგრაფიული პრივილეგია ისეა მათ იდენტობაში გამჯდარი, რომ გულის სიღრმეში ვერაფრით წარმოუდგენიათ საკუთარი თავი და ბიოგრაფია ფოთის სანაპიროზე, ხარაგაულის მიხვეულ-მოხვეულში, ან გლდანისა თუ ვაზისუბნის ბეტონის ჯუნგლებში.

ნამდვილი თბილისელისთვის ვარკეთილი, გლდანი, ნავთლუღი, მერვე პოლკი, ვაზისუბანი, დიღომი და ასე შემდეგ, თბილისი არ არის. არადა როგორ წაადგებოდა მას ვისაც “ნივიჟუები” უყვარს, ცოტა ხნით მაინც, ასეთ უბანში გადასახლება, მაღალსართულიანი კორპუსებისთვის თავის შეფარება და ჭეშმარიტი ქალაქის გუგუნისა და ანონიმურობის განცდა!

თბილისში შესაძლებელია, მაგალითად, დაბადების დღეზე, ან სადმე ახლობელთან წვეულებაზე ვინმე გაიცნო და მან მეორე დღეს ისე ჩაგიაროს გვერდზე, რომ მიხვდე, ეს გაცნობობანა უბრალო თამაშია. შენ ის კი გაიცანი, შენ კი გქონდა ამის პრივილეგია გუშინ, ან გუშინწინ, მაგრამ შენ ჯერ არ ხარ ამ ნაცნობობისთვის მზად! შენ ამ ერთი გაცნობით მას ვერ გაიცნობ. შენ მას ხშირად უნდა შეხვდე დაბადების დღეებსა და თავშეყრის ადგილებში, შენ ის მრავალჯერ უნდა გაიცნო, რომ მისი ნდობა, კეთილგანწყობა და გამარჯობა მოიპოვო; უმჯობესი იქნება ეს ნაცნობობა მეგობართა წრით გამყარდეს - თუ სხვები არ გიცნობენ, შენ უბრალოდ არ არსებობ! საუკეთესო შემთხვევაში შენ მას ბავშვობიდან უნდა იცნობდე, მასთან ერთად ნამყოფი უნდა იყო წყნეთში ან შოვში... დანარჩენი ყველაფერი, პრინციპში, დაგვიანებულია.

თბილისის წვეულებებზე, როცა 30 კაციდან 29 “ტრუსიკის მეგობარია” და ერთი დაბნეულად, უხერხულად ატუზულა და რაღაც სასმელს წრუპავს, არავინ იზრუნებს იმაზე, რომ იმ ერთს მდგომარეობა შეუმსუბუქოს. პირიქით, თითქოს ამ ერთის საჩვენებლად ის 29 კიდევ უფრო მეტად ისაუბრებს რაღაც გაუგებარ თემებზე, გამოიყენებს კოდურ სიტყვებს და იმდენს იცინებს იმაზე, რაზეც იმ ერთს წარმოდგენა არ აქვს, რომ ბოლოს ეულს და განდეგილს შეიძლება საკუთარი აღქმის ადეკვატურობაშიც კი ეჭვი შეეპაროს.

როგორც წესი, ასეთ წვეულებებზე ვერასოდეს ჩაწვდები რაიმე სახის დრამატურგიის არსს. ეს თავყრილობები არის მიმდინარე პროცესი დასაწყისის, კულმინაციისა და ფინალის გარეშე. შედიხარ რაღაც სივრცეში და ვერ ხვდები, ხალხმა უკვე ჭამა, უკვე იცეკვეს, უკვე მოწიეს, უკვე იჩხუბეს თუ უკვე ისიყვარულეს. ყველა ისეა მოშინაურებული, რომ შესაძლოა ნებისმიერი მათგანი იყოს მასპინძელი.

თბილისში კლანის და სამეგობროს არქონა საკუთარი თავის არქონას ნიშნავს. შენ რა კაცი ხარ, ან ქალი ხარ, თუ უკან სამეგობრო არ გიდგას! აქსიომა: რაც უფრო მეტი მეგობარი გყავს, მით უფრო უძლეველი ხარ!

სამეგობროს გარეშე საერთოდ თბილისელის ცხოვრებას აზრი არ აქვს. თუ სამეგობროა, მაშინ თბილისელს საერთოდ აღარაფერი სჭირდება დედამიწის ზურგზე! სამეგობროს ის უყვარს უპირობოდ, სამეგობრო მას იტანს უპირობოდ, სამეგობრო მას აქებს უპირობოდ და არწმუნებს, რომ ის თავის მეტოქეებზე ბევრად უკეთესია! ისინი აქილიკებენ ყველას, ვინც სამეგობროში ვერ მოხვდა და ამით ერთმანეთს უძლეველობის განცდას სჩუქნიან!

სამეგობრო გულწრფელად იამაყებს შენით, შენი პატარა საქმით უფრო გაიხარებს, ვიდრე არამეგობრის გიგანტური საქმითა და გამარჯვებით. სამეგობრო შენ ხელს შეგაშველებს, ხელს დაგაფარებს, გაგაძლიერებს. სამეგობრო თვალს დახუჭავს შენს სისუსტეებზე, მაშინ როცა სხვას თვალში ბეწვს ამოუღებს, ზედ გადაუვლის, ნაცარტუტად აქცევს, მაგრამ იგივესათვის ან უარესისთვის მეგობარს არამც თუ საჯაროდ შეჰბედავს რამეს, არამედ ჩუმად, მეგობრულადაც კი არ ეტყვის სიმართლეს. სამეგობრო შენგანაც იგივე თავდადებას მოითხოვს. ეს უსიტყვო პირობაა.

თბილისელს ყველაზე მეტად დაცინვის ეშინია.
ამიტომ სჭირდება გარშემო თავისი წრე, ამ წრეში “იტესტება” ყველაფერი სარისკო, მერე კი გადის გარეთ და იმკვიდრებს თავს.

თუ ნამდვილ თბილისელს გაესაუბრებით და ვინმე საერთო ნაცნობზე სიტყვას ჩამოუგდებთ, აუცილებლად მოისმენთ, რომ ის ვინმე არის მისი:
ან ბაღელი,
ან კლასელი,
ან პარალელური კლასელი,
ან სკოლელი,
ან მამის თანამშრომლის შვილი,
ან დედის თანამშრომლის შვილი,
ან მეზობელი,
ან უბნელი,
ან მისი მასწავლებლის შვილი და ასე შემდეგ.
თუ დავაკვირდებით, ჭეშმარიტი თბილისელი ერთგვარ ობობის ქსელშია გაბმული, რადგან მისი ნაცნობ-მეგობრების 90%-ს მის ბაღთან, სკოლასთან, სამეზობლოსთან და უბანთან დაკავშირებული სუბიექტები წარმოადგენენ, ისინი, ვისთანაც მას, ფაქტობრივად,ბავშვობიდან აქვს კონტაქტი. ამის მერე ნამდვილი თბილისელის წრე არც იზრდება და არც იცვლება. უნივერსიტეტი და უმაღლესი სასწავლებელიც კი ცოტა უკვე დაგვიანებულია, რადგან აქ უკვე სხვა, გაუგებარი წარმომავლობის სუბიექტებიც შეიძლება შემოიჭრან, რომლებიც იმ რაღაც თბილისურს და სათუთად მყუდროს აუცილებლად დაარღვევენ, თუ რა თქმა უნდა ეს გუნდიც მხოლოდ ნაცნობი, ან სასურველი თბილისელებით არ იქნა დაკომპლექტებული.

თბილისს ბევრი მარტოსული პოეტი ჰყავდა და ჰყავს კიდეც, მაგრამ ეს არ არის მარტოსულების ქალაქი. აქ მარტოსულებსაც კი შეუძლიათ დაიჯერონ, რომ ისინი მარტონი არ არიან.

თბილისი უცნაური ქალაქია.
თბილისელის მოხიბვლა ადვილი საქმე არაა.
სულ რომ კოსმოსში გაფრინდე, მაინც იტყვის თბილისელი, ან თუ არ იტყვის გულში მაინც გაიფიქრებს, ეგ რა არი კაცო, ჩემი ბიძაშვილი, ან ვინმე ყვავი-ჩხიკვის-მამიდა ან ვინმე საახლობლო-სანაცნობოდან, ისიც კი გაფრინდა კოსმოსშიო. მოკლედ ჭეშმარიტ თბილისელს არაფერი უკვირს დედამიწის ზურგზე!

სხვათა შორის, რისი რიდიც თბილისელებს ცოტათი აქვთ, ეს არის ნიჭი. თუ ხმა გავარდა, რომ ნიჭიერი ხარ, მაშინ შანსია, რომ გარეუბნელობაც გეპატიოს, რადგან ბოლობოლო ვაჟა, აკაკი და გალაქტიონიც სოფლელები იყვნენ.

ნამდვილ თბილისელს საშინლად ხიბლავს პრივილეგიები. თბილისელობაც ხომ ერთგვარი პრივილეგიაა?! თბილისელს აუცილებლად უნდა ჰყავდეს ვინმე თვალთახედვის არეში, ვისზე პრივილეგირებულადაც ის იგრძნობს თავს, წინააღმდეგ შემთხვევაში მის არსს აზრი ეკარგება.

ნამდვილი თბილისელი საკუთარი წარმომავლობის გამო იმდენად თვითკმარია, მას იმდენად არ ეპარება ეჭვი საკუთარ აბსოლუტურობაში, რომ აქ ჩამოსული ადამიანი უმალ ექცევა ამ მოდის ისტერიაში და ხშირად ის თბილისელზე უფრო ნამდვილი თბილისელი ხდება, როგორც პაპზე უკეთესი კათოლიკე. მხოლოდ ერთეულებს თუ შესწევთ ძალა, დარჩნენ ისეთებად, როგორებიც არიან, და ამით დედაქალაქელებს ცოტაოდენი დისკომფორტი შეუქმნან, ცოტაოდენი თვითირონიისაკენ უბიძგონ.

და ბოლოს: თბილისში არის რაღაც, რაც ყოველთვის მიჩუყებდა გულს და ცრემლსაც მადენდა: თბილისელს შეიძლება არ უყვარდე, სძულდე კიდეც, მაგრამ, როცა მოკვდები, ის ყველა საქმეს გადადებს, შვილებს, ოჯახს, სამსახურს, საკუთარ თავსაც... და მოვა შენთან და გულით შეებრალები. ყველა მოვა! ერთი კი არა! ვინც გიცნობდა და ვინც გამარჯობას გეუბნებოდა, ყველა! ისიც, ვინც გაგინებდა, ვინც “ვერ გხედავდა”, ვინც ვერასოდეს ვერ გაიცანი და ვისი გამარჯობა და კეთილგანწყობაც ვერასოდეს მოიპოვე... ყველა მოვა. ყველა წესის დაცვით, პატივისცემით, მწუხარებით, ყვავილებით, დანანებით, ცრემლით... და ყველა შეეცდება შენი ბოლო დღის, შენი დატირების თანაავტორები გახდნენ და მოგცენ ის, რაც ვერ მოგცეს სიცოცხლეში.

ამიტომ... აქ ღირს სიცოცხლე და განსაკუთრებით კი, სიკვდილი.

თბილისი უცნაური ქალაქია.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG