Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 8 სექტემბერი. See content from before

შაბათი, 7 სექტემბერი 2019

ბრიტანულ ჟურნალ „ეკონომისტის“ რეიტინგში საქართველო „ჰიბრიდულ რეჟიმად“ არის მოხსენიებული. ამ მონაცემების მიხედვით, 2012 წლიდან საქართველოში წინა წლებთან შედარებით პოლიტიკური სიტუაცია გამოსწორდა, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ ქვეყანა დემოკრატიად ჩათვლილიყო. Freedom House-ის რეიტინგში აღნიშნულია, რომ 2012 წლიდან თავისუფლების მხრივ ქვეყანაში მდგომარეობა უმჯობესდებოდა, მაგრამ, ოლიგარქიული რეჟიმის არსებობის წყალობით, საქართველო ისევ „ნახევრად თავისუფალ“ ქვეყნად არის ჩათვლილი.

ზემოთჩამოთვლილ ორგანიზაციებს ქვეყნის შიდა პოლიტიკურ ძალებთან არანაირი კავშირი არ აქვთ და იმის თქმა, რომ ისინი ოპოზიციის დაკვეთით წერენ ამ დასკვნებს, აბსურდი იქნებოდა. მათი შეფასებების გარეშეც ადვილია იმის დანახვა, რომ საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, ისევე, როგორც წინა, ოპონენტების წინააღმდეგ რეპრესიულ ზომებს და შერჩევით სამართალს მიმართავს.

სხვანაირად ფიქრობენ ხელისუფლების წარმომადგენელები. მაგალითად, „ქართული ოცნების“ წევრმა, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ 2018 წელს განაცხადა:

„ჩვენი ოპონენტები ხშირად ქილიკობენ ჩვენი ლიდერის, ბატონ ბიძინა ივანიშვილის ნათქვამზე, გასაოცარ დემოკრატიას დავამყარებთო. ეს არ არის საქილიკო საკითხი, რადგანაც ჩვენს ქვეყანაში მართლაც ისეთი მაღალი დონის დემოკრატიაა, რომ თამამად და ღირსეულად შეგვიძლია ვამტკიცოთ ეს. ბევრი მაჩვენებლით, დემოკრატიის კუთხით, ჩვენ ვართ ევროპის წამყვან ქვეყნებს შორის და ამის თვალსაჩინო მაგალითია სტრასბურგის სასამართლოში წარდგენილი სარჩელების რაოდენობა.“

ის, რომ სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წინააღმდეგ შეტანილმა სარჩელების რიცხვმა იკლო, ავტომატურად ევროპული ტიპის დემოკრატიის დამყარებას არ ნიშნავს, მე მგონი, საკამათოც კი არაა. შესაბამისად, „ბატონი ბიძინა ივანიშვილის“ („ქართული ოცნების“ წევრები საკუთარ ერთპიროვნულ ლიდერს ყველაზე ხშირად სწორედ ასე მოიხსენიებენ) დაპირება „გასაოცარი დემოკრატიის“ შესახებ ცარიელ დაპირებად იქცა.

საქართველოს მოქალაქეები იმდენად შევეჩვიეთ იმას, რომ დემოკრატია არ გვაქვს და არც გვექნება, რომ ზოგჯერ უკვე ვეღარც წარმოგვიდგენია, რომ სხვანაირი ცხოვრებაც შესაძლებელია. არადემოკრატიული წესით ცხოვრება უკვე ჩვენი პოლიტიკური მენტალობის ნაწილად იქცა. მაგალითად, „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებს იშვიათად უჩნდებათ პროტესტი იმის მიმართ, რომ მათივე პარტიებში შიდა პარტიული დემოკრატია, ფაქტობრივად, არ არსებობს. ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ერთპიროვნული ლიდერები იღებენ. წინა ხელისუფლების დროსაც მხარდამჭერები ძირითადად ერთი ადამიანის გადაწყვეტილებების სხვადასხვა იდეოლოგიური ნიშნით გამართლებით იყვნენ დაკავებულნი.

ივანიშვილის მმართველობაც ასე მუშაობს: ერთპიროვნული ლიდერი იღებს გადაწყვეტილებას, ხოლო შემდეგ ამ გადაწყვეტილებას სხვადასხვა იდეოლოგიური პრიზმიდან ამართლებენ. ვიღაც ამ გადაწყვეტილებაში ნეოლიბერალურ ეკონომიკურ რეჟიმზე დარტყმას ხედავს; ვიღაცისთვის ასეთი გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში არდაბრუნებას უზრუნველყოფს და ქვეყნის დესპოტური მმართველობისგან გადასარჩენად არის საჭირო; ვიღაც მიიჩნევს, რომ „წესრიგის დამყარება“ მთავრობის უპირველესი მოვალეობაა და ივანიშვილიც სწორედ ამისთვის ირჯება; ვიღაცისთვის ეს ქართველობის დასაბრუნებლად და „ღირსების აღსადგენად“ კეთდება; ვიღაცისთვის ეს ყველაფერი საერთოდ ღმერთის ნებაა და ა.შ. ლიბერალი-კონსერვატორი, მემარცხენე-მემარჯვენე თუ ცენტრისტი თავისებურ ინტერპრეტაციას უძებნის ამ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებებს, რომელთა უკანაც, სავარაუდოდ, სულ სხვა პოლიტიკური გათვლები დგას.

თავად ივანიშვილს პრობლემა არ აქვს იმასთან, რომ ითანამშრომლოს სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულებების მქონე ადამიანებთან. მისთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს, როგორი იდეოლოგიური საფარველით შეინიღბება მისი გადაწყვეტილებები, თუკი ასეთი შენიღბვა მოსახლეობის გარკვეულ სეგმენტზე ზეგავლენას მოახდენს.

ასეთ პირობებში იდეები და იდეოლოგიები შინაარსს კარგავენ. ქვეყნის განვითარებაზე მსჯელობასაც აზრი ეკარგება. რა აზრი აქვს ხელისუფლებასთან რაიმეზე სერიოზულად მსჯელობას, თუ ეს ყველაფერი სინამდვილეში შირმაა და ერთი ადამიანის ძალაუფლების შენიღბვას ემსახურება? და თუ გაგვიმართლა და რაიმე დარგში მართლა მივაღწიეთ რამე წარმატებას, რა გარანტია გვაქვს, რომ ერთი კაცის ნებით ყველაფერი ისევ პირვანდელ მდგომარეობას არ დაუბრუნდება?

იმისთვის, რომ ქართულ პოლიტიკას „შინაარსი“ დაუბრუნდეს, საჭიროა დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობა. ასეთ ინსტიტუტებს მხოლოდ იმ შემთხვევაში ავაშენებთ, თუკი ერთპიროვნული ძალაუფლების სისტემა მოიშლება. სათავეში ვინ იქნება, ამას განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს - ივანიშვილი, სააკაშვილი, თუ ვინმე სხვა. მმართველობის ამგვარი ფორმა ვერასდროს მიგვიყვანს იქამდე, სადამდე მისვლაც ასე ძალიან გვინდა - ევროპულ, „გასაოცარ“ დემოკრატიამდე.

ასეთ „გასაოცარ“ დემოკრატიაში მთავრობის მადლიერები კი არ უნდა ვიყოთ, იმის გამო, რომ მან უფლებები (ან თავისუფალი სივრცეები) „გადმოგვიგდო“, არამედ ეს უფლებები იმთავითვე სახელმწიფოს მშენებლობის ფუნდამენტად უნდა იყოს ქცეული; მთავრობის კეთილ ნებაზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული ის, თუ რამდენად თავისუფალად ვიგრძნობთ თავს (მმართველის ნება მარტივად შეიძლება შეიცვალოს, როგორც ამას ივანიშვილის გამეტებული რეპრესიების მაგალითზე ვხედავთ), არამედ ეს ყველაფერი მყარი ინსტიტუტებით და ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა იყოს გამყარებული. სამწუხაროდ, ქართული პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი ჯერ ამ მარტივ ჭეშმარიტებამდე ვერ მივიდა. ის თემებიც, რასაც ახლა განვიხილავთ, ალბათ განსაკუთრებით პრიმიტიულად მოჩანს იმ ევროპის გადმოსახედიდან, რომელსაც ასე ძალიან შევნატრით.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციებმა გარკვეული იმედი გააჩინა, რომ შესაძლებელია ახლა თუ არა, მომავალში მაინც ქართულმა საზოგადოებამ დაიწყოს ისეთი პოლიტიკური წყობის ჩამოყალიბება, რომელიც ერთი ადამიანის ნებაზე არ იქნება ჩამოკიდებული. იმისათვის, რომ ამას მივაღწიოთ, საჭიროა პოლიტიკური მენტალობის რადიკალური ცვლილება, რასაც ყველამ ერთად უნდა მივაღწიოთ. სხვანაირად, მუდმივად წრეზე ვიტრიალებთ, მხოლოდ მთავარი გმირების სახელები შეიცვლება.

სულ რაღაც სამი თვისა და სამიოდ კვირის არჩეული იყო მამუკა ბახტაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, როცა მას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით მოუწია გამოსვლა. უცნაურია, მაგრამ სწორედ ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა იქცა მმართველი გუნდისთვის დიდ თავისტკივილად. მოულოდნელად, ნებსით თუ უნებლიეთ ქართველი მწერლების აზრი, რომელიც ქვეყნის შიგნით იმ დრომდე დიდად არავის აინტერესებდა, მნიშვნელოვანი გახდა საერთაშორისო ჭრილში. ამან გარკვეული შიშები და უხერხულობები გამოიწვია, რადგან, ასე თუ ისე, ყველამ იცის, რომ მწერალს დასაკარგი არაფერი აქვს, რომ ის სიმართლეს ილაპარაკებს. ფაქტობრივად, ამ სიმართლეს გადაჰყვა ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი, რომელიც მწერლებს არათუ გზას უღობავდა ტრიბუნისკენ, არამედ გზას უხსნიდა მათ და აძლიერებდა. მახსოვს, გახსნაზე გვერდით ერთი მნიშვნელოვანი გერმანელი ლიტერატორი მეჯდა. როცა მამუკა ბახტაძეს საქართველოს შესახებ (პირველი ვაზისა და ღვინის ქვეყანა, უძველესი დამწერლობის ქვეყანა) ცოტა არ იყოს სიტყვა გაუგრძელდა და დარბაზში აქა-იქ გადაჩურჩულებები გაისმა, გერმანელი ლიტერატორი ჩემკენ გადმოიხარა და მკითხა: „რას გრძნობ ახლა? ალბათ, ძალიან გრცხვენია...“ სიმართლე გითხრათ, ამ ნათქვამმა უფრო მეტად შემაშფოთა, ვიდრე ენაკვიმატი პასუხისკენ შემაგულიანა. მეც უხერხულობას მიქმნიდა საქართველოს პრემიერის ამ სადღეგრძელოს ელფერის სიტყვა, განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა ევროპის კავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის სფეროში, ფედერიკა მოგერინიმ სრულიად არაჩვეულებრივი, საქართველოსთვის პოლიტიკურად ძალიან მნიშვნელოვანი და ამავდროულად პერსონალური სიტყვა წარმოთქვა. თუმცა ცოტა კიდევ ვიტოვებდი იმედს, რომ პრემიერის ბელეტრისტიკის ნაკლოვანება მხოლოდ მე მესმოდა, როგორც ქართველს, და სტუმრების უმეტესობა შემწყნარებლურად შეხვდებოდა ახალგაზრდა მინისტრის ამ ნაციონალურ, თავმომწონე რიტორიკას. თუმცა შევცდი.

რატომ არ გამოუვიდა ეს სიტყვა პრემიერ-მინისტრს? მის სიტყვაში ხომ არ ყოფილა არც ერთი მცდარი სიტყვა, არც ერთი ტყუილი, მეტიც, ის მხოლოდ და მხოლოდ იმაზე მიგვითითებდა საქართველოს აწმყოსა თუ წარსულიდან, რითიც ქართველს შეუძლია მხოლოდ იამაყოს. მაშინ რატომ? რატომ იქნა მისი სიტყვა ამ საერთაშორისო პლატფორმაზე აღქმული სუსტად? ზოგიერთისთვის სამარცხვინოდაც კი? ალბათ, იმიტომ რომ ჭეშმარიტებაზე, თუნდაც უტყუარ ფაქტებზე საუბარი ტრიბუნიდან არ არის საკმარისი იმისათვის, რომ შენს სიტყვას დაუჯერონ, რომ მისმა მნიშვნელობამ ადრესატამდე მიაღწიოს. სიმართლე ბევრია, მაგრამ ხალხს ზოგადი სიმართლე არ აინტერესებს. ის მხოლოდ შენს პერსონალურ სიმართლეს ელის და მისი სჯერა, რადგან მხოლოდ შენ დგახარ ტრიბუნასთან, სწორედ შენ გისმენენ, და რაც უფრო დიდია მისია, მით უფრო მნიშვნელოვანია ვინ არის ადამიანი, რომელიც ამ მისიის უკან დგას. ფედერიკა მოგერინიმ, მაგალითად, თქვა, რომ დაფიქრდა, წასულიყო თუ არა ფრანკფურტში, როცა წიგნის ბაზრობის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის მოსაწვევი მიუვიდა. „რატომ მე? რატომ უნდა წავიდე ამ ღონისძიებაზე?“ და შემდეგ ამ კითხვას თავადვე უპასუხა: „იქ, სადაც საქართველოა, ევროპაც იქ უნდა იყოს!“ ეს სიტყვები ამაღელვებელი იყო. სიმართლე რომ ვთქვა, ცრემლები ვერ შევიკავე, ისევე როგოც ნინო ხარატიშვილის საფინალო სიტყვის დროს, რომელმაც მთელი ამ ნერვიულობის ფონი გადაფარა და ყველაზე საჭირო სიტყვები თქვა, როცა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები გლეხისა და მისი ბედის შესახებ ისაუბრა, რომელიც რუსი ჯარისკაცის პირისპირ არის მიტოვებული.

შემდეგ ჩემდა უნებურად ვფიქრობდი, რა იქნებოდა, მამუკა ბახტაძესაც რაიმე ეთქვა საკუთარი პერსონალური სიმართლიდან. თუნდაც ის, რომ სულ რაღაც სამი თვეა საქართველოს პრემიერ-მინისტრია... ან ის, თუ რას ნიშნავს მისთვის ლიტერატურა. დარწმუნებული ვარ, რაც უნდა ეთქვა ამ მიმართულებით, ყველაფერი გაცილებით უფრო მართალი იქნებოდა, ვიდრე ის, რომ საქართველო ვაზისა და უძველესი დამწერლობის ქვეყანაა. თუმცა პრობლემა, ალბათ, ისაა, რომ პრემიერ-მინისტრმა ბოლომდე ვერ გაიცნობიერა ის მნიშვნელობა, რასაც ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საქართველოს, როგორც სტუმარი ქვეყნის სტატუსის პრივილეგია წარმოადგენდა. საქართველოს საპატიო სტუმრობა უკვე იმას ნიშნავდა, რომ პრემიერს აღარ უნდა ჰქონოდა მცდელობა ამ მნიშვნელოვან სიტყვაში ქართული იდენტობით ევროპელი ძმებისათვის თავი მოეწონებინა, რომ ამ სიტყვაში მას ჰქონდა უფლება ესაუბრა გაცილებით უფრო მეტზე, ესაუბრა მასპინძლებთან და სხვა ევროპელ სტუმრებთან როგორც თანასწორებთან და არა როგორც პატარა, ახალბედა მოთამაშეს. მაგრამ მე, როგორც ადამიანს, მესმის ჩვენი აწ უკვე ყოფილი პრემიერის. ცხადია, ვერ ისაუბრებ ამ „მეტზე“, როცა შენი ხელდამსხმელი ამის უფლებას არ გაძლევს, და ვერც საკუთარ თავზე გაბედავ სიტყვის დაძვრას, როცა სადღაც, გულის სიღრმეში იცი, რომ შენ და შენი პიროვნების ფაქტორი არ არის ის ნამდვილი მიზეზი, რის გამოც ამ პოსტის დაკავების უფლება მოგეცა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ასეთი ფეისბუკ-აორთქლებაც ამ ტრაგიზმის ნაწილია. რა იცოდა ჩემმა გერმანელმა კოლეგამ, რომ ჩვენთან არსებობს კიდევ სხვა, უფრო მტკივნეული სირცხვილებიც, ვიდრე პრემიერის მიერ წარმოთქმული სუსტი სიტყვა ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის გახსნაზე. სავარაუდოდ, ევროპელმა მეგობრებმა ახლა არც ის იციან, რომ ჩვენ თვალწინ ისტორია ტრიალდება და ბედი საბჭოთა „რკინის კაცის“ მარიონეტთან გვაბრუნებს.

გათვლა ერთია, რომ ახალი პრემიერი სახელმწიფოს სიმტკიცის, პრინციპულობისა და ძალის დემონსტრირებას მოახდენს. მისი უნდა ეშინოდეს ყველას, ვინც მას წინ აღუდგება. თუმცა გათვლა არასწორია. დღეს აღარავის ეშინია. დღეს აღარავინ შეეგუება ქართულ ჩოხაზე დაკერებულ რუსულ „პაგონებს“, როგორც ეს საქართველოს გასაბჭოების ისტორიიდან გვახსოვს. რადგან დამოუკიდებლობისკენ 28-წლიანი სწრაფვის შემდეგ ტოტალიტარული მმართველობა და „რკინის კაცი“, რომელმაც უნდა „დაგვალაგოს“, უბრალოდ სირცხვილია.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG