Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 14 სექტემბერი. See content from before

პარასკევი, 13 სექტემბერი 2019

ასეთი წინადადებები დროდადრო თავს იჩენს ხოლმე და, როგორც წესი, საქართველოს პოლიტიკური წრეების აღელვებას იწვევს - იდეა გულისხმობს სამხრეთ კავკასიის ქვეყნის ნატოში გაწევრიანებას, კოლექტიური თავდაცვის ცნობილი მეხუთე მუხლის გაუვრცელებლად სეპარატისტულ რეგიონებზე - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთზე. იდეა, რომელიც ამჯერად სამხედრო ალიანსის ყოფილმა გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, გამოთქვა, ძირითადად ეფუძნება „ცივი ომისდროინდელ“ დასავლეთ გერმანიის მაგალითს, როცა იმხანად საბჭოთა ბლოკის წევრი აღმოსავლეთ გერმანია არ შედიოდა ნატოში და, შესაბამისად, მასზე არ ვრცელდებოდა ალიანსის წესები და ვალდებულება.

და როგორც ყველა წინა შემთხვევაში, როდესაც ასეთი იდეა წამოიჭრება ხოლმე, ნატომ ამჯერადაც უკუაგდო იგი.

„გავეცანი საქართველოში მიმდინარე აზრთა გაცვლა-გამოცვლას ალიანსში გაწევრიანების თაობაზე ისე, რომ მე-5 მუხლი არ გავრცელდეს ორ რეგიონზე [აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე]. ვფიქრობ, ახლა ამ დისკუსიას აზრი არა აქვს. ვერ ვხედავ ნატოში ამის განხილვის სურვილს, არც იმის მჯერა, რომ ეს იდეა დროულია, საერთაშორისო უსაფრთხოების მხრივ არსებული ვითარების თვალსაზრისით“, - დაწერა 11 სექტემბრის საღამოს „ფეისბუკში“ ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაიმ.

ამის მსგავსი შეფასება ნატოს სხვა წყაროებისგანაც მოვისმინე. ისინი ამბობენ, რომ ეს არ არის საკითხი, რომელიც ამჟამად განიხილება. ერთმა საქმეში ჩახედულმა ადამიანმა შენიშნა, „სიმართლე ითქვას, რასმუსენი ამას არ იტყოდა, ჯერ კიდევ ნატოს გენერალური მდივანი ან დანიის პრემიერ-მინისტრი რომ ყოფილიყოო“.

ერთმა დიპლომატმა კი აღნიშნა, რომ საქართველო, შესაძლოა, არც კი იყოს ნატოს მომდევნო, ლონდონის 3-4 დეკემბერის სამიტის, თემა და, სინამდვილეში, შესაძლოა, საერთოდ არც კი იყოს დიდი მსჯელობა ნატოს გაფართოებაზე, გარდა იმისა, რომ მიესალმებიან ჩრდილოეთ მაკედონიის შესვლას ალიანსში 30-ე წევრად. სავარაუდოდ, ეს დარჩება კლუბის ბოლო შევსებად მომდევნო მრავალი წლის განმავლობაში.

სამაგიეროდ, ნატო კონცენტრირებული იქნება იმაზე, თუ როგორ იმოქმედოს ავღანეთში, როგორ უპასუხოს საშუალო და შორი მოქმედების რაკეტების შესახებ ხელშეკრულების (INF) დარღვევას და ევროპაში თავდაცვითი ხარჯების გაზრდის საჭიროებას - და ეს ნამდვილად ასე იქნება როგორც ბრიტანეთის დედაქალაქში, ისე ნატოს სხვა მომდევნო შეხვედრების დროსაც. განსაკუთრებით ბოლო პუნქტი იქნება დაპირისპირების მთავარი საგანი, ყოველ შემთხვევაში, მანამდე, სანამ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია.

საინტერესოა აღნიშნოს, რომ ეს იყო ნატოს შარშანდელ - ბრიუსელის - სამიტზე, როდესაც საქართველოსა და უკრაინისადმი მიძღვნილი სესია შეწყდა აშშ-ის ლიდერის მოულოდნელი გამოჩენით. ის ხმამაღლა გამოთქვამდა უკმაყოფილებას ევროპელი ლიდერების მისამართით და, მათ მიერ საკუთარი შეიარაღებული ძალების დაფინანსების მხრივ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მთელი შეხვედრის ჩაშლით იმუქრებოდა.

შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევაა, მაგრამ ქართველებმა ეს, ალბათ, უნდა მიიღონ იმის ნიშნად, რომ მომდევნო წლებში ნატო, სავარაუდოდ, ვერ იქნება მათზე დიდად ფოკუსირებული, მით უფრო, როგორც ნატოს პოტენციურ წევრზე, რა შესანიშნავ იდეებსაც არ უნდა გამოთქვამდეს დროდადრო სხვადასხვა საერთაშორისო ექსპერტი.

...მეორე დღე ყოველთვის უფრო მძიმეა!

მეორე დღეს შენც გეძლევა შესაძლებლობა, გარედან შეხედო შენს თავს და იდაყვზე კბენით დარწმუნდე, რომ დაფაზე ლელოს დასაწერად, გალაკტიონის სტროფის სათქმელად და ანაკლიის პორტის მნიშვნელობის ხაზგასასმელად პლაჟზე გასვლა საჭირო არ იყო! ასეთივე წარმატებით შეიძლებოდა 12 სექტემბერს წიწამურში ჩასვლა და იმ დროშის მაღლა აწევა, რომელიც 112 წლის წინ ილიას გააგდებინეს ხელიდან... თან, ბედის ირონიით, ამინდიც მშვენიერი იყო 12 სექტემბერს და ჩაცმულ-დახურული ადამიანების პლაჟსა და მზისგულზე ხრუკვაც უცნაურ სანახაობას ქმნიდა. უნებლიეთ ის ამბავი გაგახსენდებოდა (მეტადრე ჩასაფრებულ ადამიანს) ნუდისტების პლაჟზე მზეს რომ ეფიცხება მავანი ტიტველი კაცი, რომელსაც უგრძეს ჯაჭვზე მსხვილი ჯვარი დაუკიდია... გახსოვთ, ალბათ, შენიშვნას მისცემენ, ან ჯვარი მოიხსენი ან ტრუსი ჩაიცვიო!

შესაძლოა, ვინმემ საყვედური გვითხრას, სერიოზულ, პოლიტიკურ საკითხებზე საუბრისას, ანეკდოტის მოყოლა რა უგემოვნებააო, მაგრამ გავიხსენოთ, რა „სერიოზულ“ სახელებს ირქმევენ პოლიტიკური სუბიექტები საქართველოში: ლელო, გირჩი, ოცნება... და მერე როგორი სერიოზული სახით იწყებენ ჩვენს გადარჩენას ერთმანეთისგან...

შევთანხმდეთ, პრეზენტაციის დროს, პირველი გამოჩენისას, მისტიციზმის, მენეჯმენტის, ნუმეროლოგიის, პოეზიის, ეთნოგრაფიის და ა.შ. - ეკლექტური ნაზავი, სულ ცოტა, დამაბნეველია!

აშკარაა, რომ ეკლექტიკა და ბუნდოვანება ვერ იქნება მამუკა ხაზარაძის მოკავშირე ბიძინა ივანიშვილთან ბრძოლაში. მამუკა ხაზარაძეს სჭირდება მკაფიო, სიმართლით გაჟღენთილი მესიჯები. თანაც არა უბრალო სიმართლით, არამედ „განზოგადებული სიმართლით“, „საყოველთაო სიმართლით“, „გადამდები სიმართლით“.

შესაძლოა, მამუკა ხაზარაძე ბევრთან არ არის მართალი, მაგრამ ბიძინა ივანიშვილთან? ის, რასაც თიბისი ბანკის დამფუძნებელი აღწერს, ძალიან ჰგავს ნამდვილ ამბავს და, საერთოდაც, განა ვინმესთვის საიდუმლოა, ვინ იღებს ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებებს კანონების და კონსტიტუციის გვერდის ავლით?

ხაზარაძე, დიდი ალბათობით, მართალია ივანიშვილთან დავაში (გავიხსენოთ 11 წლის წინანდელი „დანაშაულის“ ამოქექვა და სისხლის სამართლის საქმის უსწრაფესი წარმოება პროკურატურის, სასამართლოს, ეროვნული ბანკის შეხმატკბილებით), მაგრამ ეს რაღაცნაირად ბანალური, ლოკალური სიმართლეა, მხოლოდ ხაზარაძისა და მისი გარემოცვისათვის მნიშვნელოვანი. უსამართლობა, რომელსაც ხაზარაძე წააწყდა, ასე იოლად ვერ აღაშფოთებს „რიგით ამომრჩეველს“, რომლის მგრძნობელობა გვარიანად დააბლაგვა ათეულობით წლების განმავლობაში მოსმენილმა პოლიტიკურმა განცხადებებმა. ასეც რომ არ იყოს, განა გასაკვირი იქნება, თუკი ვინმე იკითხავს: ვიდრე ხაზარაძეს არ დაატყდა თავზე უბედურება, რატომ არ შეამჩნია სისტემის რეპრესიულობა და სხვა სახის მანკიერება? რატომ ითმინა „ეს შვიდი წელი“ და „ის ცხრა წელი“, როცა სხვები ჩიოდნენ და მოთქვამდნენ? რისთვის იბრძვის ხაზარაძე, თავის თუ ქვეყნის გადასარჩენად? განა, მარტო ილიას პუბლიცისტიკისა და მკვლელობის თარიღის ცოდნა კმარა? „ერის წყლული მაჩნდეს წყლულად!“ - ესაა ილიაობა და არა სიმბოლური თარიღების შერჩევა ან შემთხვევით გარტყმა. აი, ამ კითხვებს სჭირდება მკაფიო და არგუმენტირებული პასუხები! სხვა შემთხვევაში, მესამე ძალა, რომლის შესახებაც დიდი ხანია ლაპარაკობენ, ვერ დაიბადება! არადა, მამუკა ხაზარაძის ნათქვამი, არც „ნაციონალური მოძრაობა“, არც „ქართული ოცნება“, სწორედაც რომ ამგვარი, მესამე ძალის შექმნის სურვილზე უნდა მეტყველებდეს.

ერთი სიტყვით, მკაფიოდ ნათქვამი, ბევრისთვის მისაღები სიმართლის გარეშე მამუკა ხაზარაძეს გაუჭირდება ლელოს გატანა. ის, რომ მამუკა ხაზარაძე ღარიბი ქვეყნის მდიდარი ბანკირია, ასევე ვერ ჩაითვლება წარმატებისთვის საჭირო სასტარტო პირობად. „ილიაც ბანკირი იყო“ - არგუმენტად ვერ გამოდგება, ხარისა და იუპიტერის ამბავში. „ბიძინაც ბანკირია, თან ბევრად უფრო მდიდარი“, - არც ეს არგუმენტია შვების მომგვრელი. ჯერ ერთი, მართლა შეუძლებელია ერთ მდინარეში ორჯერ შესვლა, მეორეც - ივანიშვილი ბევრად დიდი დროის განმავლობაში და ბევრად დიდი ფულით ცდილობდა ამომრჩევლების გულის მოგებას, ვიდრე მამუკა ხაზარაძე, რომლის ქველმოქმედება დიდად ვერ გასცდა თბილისის ცენტრალური უბნების მომწერლო, მორეჟისორო ტიპებს. დაბოლოს, განსხვავებული სასტარტო პირობები: ძალაუფლებისთვის ბრძოლის სტარტზე ინვანიშვილი ალტრუისტად ჩანდა: არავინ არ ერჩოდა, არაფერი აკლდა, მაგრამ აუტკივარ თავს იტკივებდა ქვეყნის და ხალხის გადასარჩენად. თან გადარჩენაში იგულისხმებოდა როგორც „ცხრაწლიანი რეჟიმის დასრულება“, ასევე სიღარიბის დაძლევა ჭორვილის დარად... მამუკა ხაზარაძე კი ბრძოლას იწყებს, როცა ბრალი აქვს წაყენებული, ყადაღა ადევს მის ანგარიშებს, ჩამოშორებულია ბანკის მმართველობას და სულ მალე სასამართლო დაიწყებს მისი საქმის არსებით განხილვას. ასეთ ვითარებაში, ლოგიკურია ვიკითხოთ, მამუკა ხაზარაძემ უნდა გადაგვარჩინოს ჩვენ, თუ ჩვენ უნდა გადავარჩინოთ მამუკა ხაზარაძე?

ალბათ, მამუკა ხაზარაძეც არ უარყოფს, რომ ამ კითხვაზე სასურველი პასუხის მისაღებად, იმაზე მეტი ძალისხმევა იყო საჭირო, ვიდრე გალაკტიონის ლექსის ფრაგმენტის წაკითხვაში ან ქვიშაზე სიარულში დაიხარჯა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG