Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

ყველა ციხეში! - გახსოვთ მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოთქმული ეს სიტყვები?

ცხადია, გახსოვთ! მაგრამ, ალბათ, არ იცით, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მაშინ სრულიად ქართველ ერს ექსკურსიებზე სიარულისკენ, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-აღდგენისკენ მოუწოდა: ყველა სვერის ციხეში! ყველა სურამის ციხეში! უფლისციხეში! გორის ციხეში! პეტრას ციხეში! გონიოს ციხეში და ა.შ.მაგრამ გიგა ბოკერიამ და, სავარაუდოდ, ვანო მერაბიშვილმა უხეშად დაამახინჯეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ეს კეთილშობილური წამოწყება და ყველას გლდანის ციხეში უკრეს თავი!

შედეგად, მიხეილ სააკაშვილს მარტოს მოუწია საღებავის კვერცხის გულით შეზავება ფრესკების გასაახლებლად, კირით-ხუროობა და აღდგენა-რესტავრაცია ეკლესია-მონასტრებისა, რომელთა რიცხვმა, არც მეტი, არც ნაკლები, 600-ს მიაღწია! ცხადია, ბევრად მეტსაც მოხატავდა და აღადგენდა, მაგრამ ერთი-ორი ეკლესიის ხარაჩოებზე ბიძინა ივანიშვილი დახვდა ქაფჩით ხელში...

ერთმანეთს კი არ ვადარებთ, მაგრამ ფაქტია, ეს ორი დიამეტრულად განსხვავებული კაცი - მიშა და ბიძინა - უცნაურად აიხლართნენ ერთმანეთში გიგა ბოკერიას სიყვარულსა და სიძულვილში.

„გიგა ბოკერია ოდესღაც ძალიან მომწონდა, სხარტი გონების ახალგაზრდა, განათლებული ბიჭი“ - აბა, თუ გამოიცნობთ ვისი ნათქვამია ეს სიტყვები? შეიძლება ბევრმა იფიქროთ, რომ მიხეილ სააკაშვილმა თქვა 29 სექტემბერს „მთავარ აქცენტებში“, მაგრამ სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილს უთქვამს 2012 წლის თებერვალში.

„ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი, ვატარებ ჯვარს. ბოკერიამ და სხვა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ჩვენი ტრადიციული ქართული ქრისტიანული ტრადიციებიდან. ბოკერია არის ყველაფერი, რაც არის ქართული ტრადიციების წინააღმდეგ და ანტიქრისტიანული”, - რა უშლიდა მიხეილ სააკაშვილს ეს სიტყვები ერთხელ მაინც ეთქვა ბოლო 9+7 წლის განმავლობაში? ახლა ვინ დაიჯერებს, რომ თავისივე მმართველობის წლებში, თან პირველი ქრისტიანივით, კატაკომბებში ემალებოდა ბოკერიას და, თან, დავით აღმაშენებელივით მუსრავდა მტერს და აფუძნებდა ახალ ქართულ სახელმწიფოს?

ალბათ, არც არავინ!

ყოველ შემთხვევაში, ის, რაც სააკაშვილმა „მთავარ აქცენტებში“ ილაპარაკა, არაფრით არ ჰგავდა დავით აღმაშენებლის დაწერილ ტექსტს - „გალობანი სინანულისანი“, სწორედ იმ დავითისას, რომელსაც ლამის საფლავში ჩაუხტეს ჩვენი მესამე პრეზიდენტი.

მაინც, როგორი თუ რანაირი მიშა იყო ეს?

თავის თავს ადრეც არაერთხელ შესწინააღმდეგებია, ამბივალენტური და ცივ-ცხელიც არაერთხელ გვინახავს, მაგრამ ეს ბოკერიას განაპირა ჯვარზე გაკვრა და თავის ქრისტიან-დემოკრატ-ლიბერალ-კონსერვატორად გამოცხადება მაინც ნამეტანი იყო!

მიხეილ სააკაშვილის სურვილი, რაღაც-რაღაცები შეცვალოს წარსულში, ძალიან ჰგავს ანტინაწილაკის ქცევას. თუ კვანტური მექანიკის მჩხიბავ მამებს დავუჯერებთ, ანტინაწილაკი ის ნაწილაკია, რომელიც მოძრაობს დროის მიმართულების საწინააღმდეგოდ, ანუ მომავლიდან წარსულში. ანტიმიშაც, ანტინაწილაკის მსგავსად, ცდილობს უკან, 2003-2012 წლებში, დაბრუნდეს და ისეთი საგმირო საქმეები ჩაიდინოს ან გახადოს ხილული, რაც ყველას შეუმჩნეველი დარჩა, ან ისეთი თვისებები მიიწეროს, რაც მთლიანად დაანგრევს ან თავდაყირა დააყენებს მის იმიჯს.

მიხეილ სააკაშვილი ძალაუფლების დაკარგვიდან შვიდი წლის თავზე იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ხელისუფლების შესაცვლელად ან ძალაუფლების დასაბრუნებლად უნდა იქცეს განსხვავებული, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთის საწინააღმდეგო თვისებების მატარებელი homunculus-ების, კაცუნების ნაკრებად, ანუ ცოტ-ცოტა ყველაფერი უნდა იყოს: ღვთისმოსავიც და ათეისტიც, ლიბერალიც და კონსერვატორიც, დემოკრატიც და ავტორიტარიც, ძლიერიც და სუსტიც, კეთილიც და სასტიკიც, გმირიც და მსხვერპლიც, ქართველიც და უკრაინელიც...

ალბათ, ეს ერთმანეთთან მებრძოლი ჰომუნკულუსების ერთი ნაწილი აიძულებს საქართველოს მესამე პრეზიდენტს ათქმევინოს (ვინ იცის, მერამდენედ), რომ უახლოეს თვეებში სამშობლოში დაბრუნებას აპირებს, მაგრამ ჰომუნკულუსების მეორე (უფრო გონიერი) ნაწილი არ აძლევს ამ პირობის დაცვის საშუალებას; ჰომუნკულუსების ბრძოლის შედეგი უნდა იყოს ერთდროულად ოპოზიციურ ერთობაზე საუბარი და ოპოზიციური პარტიის ლიდერზე თავდასხმაც. საბოლოო ჯამში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური სხეულის ამგვარი სიჭრელე, ალბათ, უფრო მეტად დააბნევს მისსავე ამომრჩეველს, რომელიც ვერ იწამებს ახალ, ანტიმიშას, ძველი მიშა კი ისევე გამოეცლება ხელიდან, როგორც თვითონ მიხეილ სააკაშვილს გამოეცალა რეალობა.

გლობალიზაცია ჩვენი ეპოქის მთავარი საგინებელი სიტყვა გახდა... არადა, სულ ცოტა 2 ათასი წელია, რაც გლობალიზაციის ავკარგიანობაზე კამათი მიდის... უბრალოდ, ჩვენ ამ ფენომენს ადრე ვიცნობდით სხვა სახელით: ხან რომანიზაციის, ხან ჰელენიზაციის, ხან ვესტერნიზაციის და ა.შ.

თავდაპირველად იქნება რომის იმპერია, რომელიც ცდუნებისა და იძულების საფუძველზე სათავეში ჩაუდგება მსოფლიოს ეკონომიკურ, კულტურულ ინტეგრაციასა თუ უნიფიცირებას. და როგორც დღეს, ისე ანტიკურ რომშიც, მრავლად მოინახებოდა ამ რომანიზაცია-გლობალიზაციის მტერ-მაგინებელი.

მაგალითად, ელიუს არისტიდე თავის „რომის ქება-დიდებაში“ გვაძლევს რომის იმპერიასთან მოვაჭრე ქვეყნების ნუსხას. ვის არ ნახავთ ამ სიაში - ბედნიერ არაბებად წოდებულ იემენელებს, ბაბილონელებს, ეგვიპტელებს და თვით ინდოელებსაც კი... თუმცა „რომის ქება-დიდების“ ავტორი დარწმუნებული იყო, რომ ამ გაცვლა-გამოცვლიდან მოგებული მხოლოდ რომი რჩებოდა, რომელიც თავის კომერციულ პარტნიორებს ძარცვავდა (ვინმეს ხომ არ გაგონებთ? მაგალითად, ანტიგლობალისტებს?)

არისტიდესგან განსხვავებით, პლინიუს უფროსი ამტკიცებდა, რომ რომაელები დიდ ფულს იხდიდნენ იმპორტირებულ ფუფუნების საგნებში. ეს კი ვაჭრობაში დიდ დისბალანსს იწვევდა, რაც საბოლოოდ გააკოტრებდა... (ვინმეს ხომ არ გახსენებთ? მაგალითად, ტრამპს?)

თუმცა ყველა არ იზიარებდა არისტიდეს ან პლინიუსის აზრს. ბევრი რომაელი ავტორი (ან უბრალო მოქალაქე) ამაყი იყო, რომ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ის იყო პოპულარული, რაც რომაელებს უყვარდათ: ცირკი (რომელიც დღეს ჰოლივუდმა შეცვალა), ზეითუნის ზეთი (რომელიც დღეს კოკა-კოლამ ჩაანაცვლა) და თერმად ცნობილი რომაული აბანოები (რომლის ადგილიც დღეს ფიტნეს კლუბებს უკავიათ).

გლობალიზაციის რომაული ეტაპის შემდეგ დადგება ესპანეთისა და პორტუგალიის ჯერი, რომლებიც დიდი აღმოჩენების შემდეგ შეუდგებიან პლანეტის ოთხი ნაწილის არა მარტო კომერციულ, არამედ რელიგიურ გაერთიანებას (ლათინური ამერიკის რელიგიური დაპყრობა გლობალიზებულ ქრისტეს მეტისად აქცევს). „ტაპრობანა შეხვდა ლაპის, იავამ გაიცნო რიფეანის მთები , (...) ხოლო ისლანდიელები და გრენლანდიელები ევფრატის წყალს დალევენ“ - წერდა გლობალიზაციით აღფრთოვანებული ფრანსუა რაბლე 1564 წელს. ხოლო სერვანტესი საკუთარ ყურებს არ დაუჯერებს, როცა შეიტყობს, რომ დონ კიხოტის გამოცემიდან სულ რაღაც სამ თვეში მისი რომანის ყიდვა შეიძლებოდა მადრიდიდან თითქმის 10 000 კილომეტრით დაშორებულ ლიმაში...

მეცხრამეტე საუკუნეში უკვე ინგლისი და საფრანგეთი აიღებენ ესტაფეტას იბერიის ნახევარკუნძულიდან და სათავეში ჩაუდგებიან პლანეტის ვესტერნიზაციის პროცესს. გლობალიზაციის ამ პროცესს პირველი მსოფლიო ომი შეწყვეტს. ეკონომიკური იზოლაცია გაგრძელდება მეოცე საუკუნის 90-იან წლებამდე. საბჭოთა კავშირის გაქრობა და კომუნისტური ჩინეთის ეკონომიკის გახსნა, გლობალიზაციას მისცემს ახალ მუხტს, რომელიც უკვე ამერიკანიზაციის დროშის ქვეშ გაგრძელდება.

გლობალიზაციის პროცესს დღეს ალბათ თან ახლავს ორი იდეოლოგია: 1. გლობალ-უტოპისტების და 2. გლობალ-ფობისტების. თუ პირველთათვის ე.წ. მსოფლიო მთავრობა (Global or world governance) და ევროპის შეერთებული შტატები (The United States of Europe) საბოლოო მიზანს წარმოადგენს, ფობიებით შეპყრობილი ანტიგლობალისტებისათვის ეს ორი ცნება თვით ეშმაკის რეინკარნაციაა. გლობალ-ფობისტების გამოფენილი საფრთხობელები კი გლობალიზაციის პერიფერიაზე მყოფ ადამიანებში შიშის ზარს სცემენ. ისინი კი, საფრთხობელებისგან დამფრთხალნი, თავშესაფარს ტრიბალურ, საგვარტომო ე.წ. „ტრადიციებში“ ნახულობენ. „ტრადიციებში“, რომლებიც ხშირად გუშინ წესად გადაქცეული გუშინწინ შეძენილი ჩვევაა...

ვინაიდან რელიგია ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი იდენტობის ღერძს წარმოადგენს, გლობალიზაციის შიშით შეპყრობილი ადამიანი ცდილობს რელიგიის ხარჯზე გაუწიოს წინააღმდეგობა კულტურულ ამერიკანიზაცია-უნიფიკაციას. შესაბამისად, იგი Nike-ს და Apple-ს საკუთარ „ტრადიციებს“ უპირისპირებს, რათა ამგვარად თემის „იდენტობა“ გადაარჩინოს. ასე, ნელ-ნელა, რელიგიური იდენტობა იქცევა პოლიტიკურ იდენტობად, რომელიც თავის მხრივ ტოტალიტარული ხდება... ტოტალიტარული, რადგან ყოველთვის მოინახება უფრო „წმინდა“, უფრო „ავთენტური“, უფრო „ჭეშმარიტი“ გუშინ გამოგონილი „ტრადიცია“.

ეკლესიის როლი კი ამ საფრთხობელების გამოფენაში უკანასკნელი არ არის. არადა, ეკლესიას დღეს ავიწყდება, რომ ყველაზე დიდი სარგებელი გლობალიზაციიდან მან ნახა...

როგორ?

და როგორ მოახერხა მარგინალი ებრაელების ქრისტიანულმა სექტამ მსოფლიო რელიგიად გადაქცევა? ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ ეს სექტა რომის იმპერიაში აღმოცენდა და გლობალიზაციის ტალღაზე „სერფინგი“ მოახერხა. სხვა ტერიტორიაზე, სხვა სიტუაციაში, განა ჰქონდა უჩინო მარგინალი ებრაელი წინასწარმეტყველის მოძღვრებას რაიმე შანსი, მსოფლიო რელიგიად ქცეულიყო? იმპერია განვითარებული ინფრასტრუქტურით, რომელიც ძალიან აადვილებდა იდეების ცირკულირებას - რომელ სახელმწიფოს შეეძლო ასეთი „გლობალური სერვისი“ შეეთავაზებინა მარგინალური სექტისთვის?! სხვათა შორის, პირველმა ქრისტიანებმა მშვენივრად იცოდნენ გლობალიზაციის ფასი და ამიტომაც დაწერეს სახარებები ბერძნულ ენაზე, ენაზე, რომელიც სავარაუდოდ იესო ნაზარეველმა არც იცოდა...

(ვინც ფიქრობს, რომ ქრისტიანობას საკმარისი შიდა დინამიკა გააჩნდა და რომის იმპერიის გარეშეც შეიძენდა უნივერსალურ სტატუსს, შევახსენებ, რომ ისლამს, დაბადების შემდეგ, სულ რამდენიმე ათწლეული დასჭირდა, რომ ქრისტიანული რელიგიის სამი ბასტიონი - ჩრდილო აფრიკა, სირია და ანატოლია - ისლამის ბურჯად ექცია...).

რამდენადაც გონივრულია დღეს გლობალიზაციის საბრალდებო აქტში შეტანა? - თითქოსდა მისი „ციხეში ჩასმა“ შესაძლებელი იყოს; რამდენადაც აზრიანია მისი დიაბოლიზაცია? - თითქოსდა მას არანაირი სარგებელი არ ჰქონდეს მოტანილი პლანეტის ოთხი კუთხისთვის; ან თუნდაც რამდენად საჭიროა მისი ქება-დიდება? - თითქოსდა თხილს ნაჭუჭი არ ჰქონდეს... იქნებ არც ერთი ამ ქმედებათაგანი არაა აუცილებელი, რადგან იბრძოლო გლობალიზაციისთვის ან გლობალიზაციის წინააღმდეგ, დაახლოებით იგივეა, რაც მანიფესტაციაზე გამოხვიდე მზიანი დღეების საზეიმოდ ან წვიმიანი ღამეების დასაგმობად...

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG