Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 1 მარტი. See content from before

ოთხშაბათი, 27 თებერვალი 2013

პალიმფსესტი – ეტრატ-ხელნაწერი, რომელზედაც ძველი ტექსტი გადაფხეკილია და ახალია დაწერილი.



ძველი ალბომი სხვენივითაა – თუ მტვერზე ალერგია არ გაქვს, თუ ხელის დასვრა არ გეზარება, წარსულში მოტოვებულ ბევრ საგანს ახლებურად დაგანახვებს.

როცა შევიძინე, 1958 წელს რუსულ ენაზე გამოცემულ ალბომს “თბილისი – საქართველოს სსრ დედაქალაქი” ყდაც გვარინად დასვრილი ჰქონდა და – ფურცლებიც, 250 გვერდზე კი მტვრის თხელი ფენა საბჭოთა თბილისის ყოფისა თუ ლანდშაფტის ამსახველ ბევრ საინტერესო ფოტოს მალავდა.

„საინტერესოში“, ცხადია, უნიკალური და აქამდე უცნობი ფოტო არ მიგულისხმია. სხვენზე ნაპოვნი, ერთ დროს მოძულებული ნივთის მსგავსად, ძველმა, თუმცა კარგად ნაცნობმა საგნის ფოტომაც შეიძლება მოგხიბლოს და ჩაგაფიქროს.

ფოტო ალბომიდან "თბილისი – საქართველოს სსრ დედაქალაქი", 1958 წ.
ფოტო ალბომიდან "თბილისი – საქართველოს სსრ დედაქალაქი", 1958 წ.
აი, მაგალითად, მეტეხის ხიდის ეს ფოტო. თითქოს, არაფერია, მკვიდრად ნაგებმა ამ ხიდმა კარგად გაუძლო მტკვრისა და დროის დინებას და დღესაც ისეთივე დგას, როგორიც შორეულ 1951 წლის 1 მაისს, როცა საიზეიმო ვითარებაში გაიხსნა, მაგრამ ძველი ალბომის მთელი ხიბლიც ის არის, რომ ამ ფოტოზე გამოსახული ნაგებობა, რაღაც იდუმალებით, განსხვავდება იმისგან, რაც ახლა მეტეხის ციხესთან მტკვრის ორ ნაპირს ერთმანეთთან აკავშირებს. თუმცა, თუ ფოტოს კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ საქმე მხოლოდ იდუმალებაში როდია. გახსნისას მეტეხის ხიდს ოთხი 11-მეტრიანი შპილი (მაღალი პირამიდის ფორმის სვეტი) ამშვენებდა. მეტიც, ეს შპილები თავის ადგილზე იდგა 1962 წელსაც, როცა რეჟისორმა თენგიზ აბულაძემ მხატვრული ფილმი „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ გადაიღო. მეტეხის ხიდის შპილები კადრში ჩანს ორჯერ: ერთხელ, როცა ილარიონმა ჩააკითხა ზურიკელას თბილისში (ილარიონის გამოჩენამდე კამერა აღმა მიუყვება მტკვარს და მეტეხის ხიდის ქვეშაც გადის), მეორედ კი ღამით, როცა ზურიკელა ცირასთან ერთად ღამის თბილისში სეირნობს.

კადრი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
კადრი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
ერთი სიტყვით, შპილები, ზედ დამაგრებული ლამპიონებით, კარგა ხანი იდგა ხიდის თავსა და ბოლოში, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს აიღეს. რატომ? იქნებ იმიტომ, რომ გორგასლის ძეგლის დადგმის (1966 წ.) შემდეგ შპილებმა ცხენის ფლოქვებს უწიეს?

როგორც უნდა ყოფილიყო, შპილების მოშლა მტკივნეულად განიცადა ცენტრალური კომიტეტის ყოფილმა პირველმა მდივანმა და მტკვრის სანაპიროს რეკონსტრუქციის ერთ-ერთმა ავტორმა კანდიდ ჩარკვიანმა, რომელსაც 2004 წელს გამოცემულ მოგონებების წიგნში „განცდილი და ნააზრევი“ ჩაუწერია:

„... ხიდის ორივე ფასადი შემოსილია სუფთად გათლილი ბაზალტის ქვით, რაც ფერით ეხამება მტკვრის ამ უბანზე გადმომზირალ კლდეებს. არ შემიძლია გულისტკენა არ გამოვთქვა ამ ხიდის ერთ-ერთი თვალში საცემი სამკაულის გამო. ხიდზე დაყენებული იყო ბოლნისის ტუფით მოპირკეთებული ოთხი თერთმეტმეტრიანი ლამპიონი მხატვრულად შესრულებელი ლითონის სანათურებით. როგორც ჩანს, შემდგომში ვიღაცას ისინი არ მოსწონებია და დაუნგრევიათ. ვფიქრობ, საარქიტექტორო სამმართველოს მეტი პატივისცემა უნდა გამოეჩინა სხვა დროის სპეციალისტთა ნააზრევისა და ნახელავისადმი...“

უცნაურია კანდიდ ჩარკვიანის წუხილი შპილების მოშლის გამო. საქმე ის არის, რომ სწორედ კანდიდ ჩარკვიანის სახელსა და მეტეხის ხიდის მშენებლობას უკავშირდება თბილისის ერთ-ერთი მშვენების – ზედ მტკვრის პირას აშენებული შაჰ-ისმაილის მეჩეთის დანგრევა. მეცნიერთა ნაწილმა (სტალინის გარდაცვალების შემდეგ) მე-16 საუკუნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დანგრევის გამო კანდიდ ჩარკვიანს უსაყვედურა, თუმცა, როგორც მოგონებების წიგნიდან ირკვევა, ჩარკვიანმა შენიშვნა არ მიიღო:

კადრი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
კადრი ფილმიდან „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“
„როცა 1958 წელს საქართველოში დავბრუნდი, პროფესორმა სარგის კაკაბაძემ პირველი შეხვედრისთანავე ამ მეჩეთის აღება მისაყვედურა. შემდეგაც დროდადრო გავიგონებ ხოლმე წუხილს მუსლიმანთა ამ საკულტო ნაგებობის ბედის გამო. უნდა გამოვტყდე, ჩვენ მაშინ არ მიგვაჩნდა, რომ ეს ნახევრად მიწაში ჩაფლული უმნიშვნელო ზომის ნაგებობა თავისი მყვირალა ფერებით ქალაქისათვის დიდ არქიტექტურულ ღირებულებას წარმოადგენდა. ახალ ხიდს კი ფართო, მაღალნიშნულიანი მისასვლელები ესაჭიროებოდა. მისი განლაგებაც, მდინარის კვეთის თავისებურებებისა და ადგილის რელიეფის გამო, როგორც ვნახეთ, ზუსტად იყო ფიქსირებული და გადაწევა რომელიმე მიმართულებით არ შეიძლებოდა. ამან გამოიწვია ხიდის მიმდებარე რამდენიმე ძველი შენობის აღება. მათ რიცხვში მეჩეთიც მოჰყვა. სხვანაირად არ ხერხდებოდა და ამ დანაკარგს უნდა შევრიგებოდით, მით უმეტეს, რომ მუსლიმთა დიდ მსოფლიო არქიტექტურას ამით ბევრი არაფერი დააკლდება.“

როგორი არგუმენტია?

ალბათ, სულ ცოტა, უხერხულია, წუხდე ხიდის შპილების მოშლის გამო და არაფრად მიგაჩნდეს მე-16 საუკუნეში აშენებული მეჩეთის განადგურება, ისევე როგორც უხერხულია, ორიოდე წლის წინ მტკვარზე გადებული ხიდის (ლითონის კონსტრუქციის) შესაძლო აღების გამო ატეხო განგაში, მაგრამ მშვიდად დაანგრიო იმელის შენობა ან გუდიაშვილი მოედანი. არაფერს ვამბობ სხვა, საუკუნის წინანდელ შენობებზე, რომლებიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს არ ატარებდნენ, მაგრამ ფლობდნენ ნებისმიერი ქალაქისთვის უმნიშვნელოვანეს განძს – სიძველეს, რომლის მნიშვნელობის შესახებაც ჯერ კიდევ 1919 წელს წერდა მხატვარი დავით კაკაბაძე ესეიში „ძველი ტფილისი“:

მეტეხის ხიდი დღეს
მეტეხის ხიდი დღეს
„სიძველის ფაქტურას ქმნის დრო, რომლის მიზეზით ყოველივე ფორმის გარეგანი გარსი იცვლება. სწორედ ამით აიხსნება ის მოვლენა, რომ ნამდვილი ძველი საგანი ყოველთვის განირჩევა ახალი მისი მიბაძვისაგან. ფაქტურის სახის შესწავლა და დაკვირვება არასდროს არ შეაცდენს ადამიანს ძველი და ახალი საგნების გარჩევაში. წმინდა მხატვრული გრძნობის გარდა სიძველისადმი სიყვარულს ჩვენ გვკარნახობს წარსული ცხოვრების და კულტურის ცოდნა. ჩვენი წინაპრების სული კიდევ დარჩენილია სხვადასხვა ნაშთებში, რომლებმაც ჩვენამდე მოაღწია. სიძველის ნაშთებში ჩვენ ვკითხულობთ წარსულის ცხოვრებას.“

ძველი შენობების დანგრევა და მათ სანაცვლოდ ახლების შენება ძალიან ჰგავს ეტრატის მორიგი ფენის აფხეკას, რაც დროთა განმავლობაში გამოუსადეგარს ხდის პალიმფსესტს, ანუ მისი საშუალებით შეუძლებელი ხდება ინფორმაციის შენახვა და გადაცემა. ასეა ქალაქიც: რაც უფრო ინტენსიურად გავფხეკთ, რაც უფრო მეტად გავასუფთავებთ სიძველისგან, მით უფრო უტყვი, უაზრო და უსულო იქნება ის. ცხადია, ფხეკისგან გაცვეთილი ეტრატის ნაცვლად გვინდა ძველი, მაგრამ კარგად მოვლილი ალბომი, რომელიც გარდა იმისა, რომ სამარადჟამოდ გაძლებს, დროთა განმავლობაში ახალ ფურცლებსაც დაიმატებს, თუმცა არ შეელევა მის ძველსა და ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, რომელშიც, დავით კაკაბაძეს რომ დავესესხოთ, წინა თაობების სულია დარჩენილი.
1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული დღეა. ამ დღეს თავისი გმირები ჰყავს: იუნკერები - სამხედრო სასწავლებლების 20-21 წლის სტუდენტები, რომლებიც, ფაქტობრივად, მარტო იცავდნენ თბილისს რუსეთის მუშურ-გელეხური წითელი არმიის XI არმიისაგან; მარო მაყაშვილი - 19 წლის სტუდენტი, მოწყალების და, რომელიც მოხალისედ წავიდა სამშობლოს დასაცავად და 19 თებერვალს დაიღუპა.

ოღონდ დღეს ცოტა უცნაური რაღაც ხდება: რამდენიმე ადამიანის გმირობის კოლექტივიზაცია, “ოკუპაცია” და მთელ ერზე გადატანა ხდება. ისტორია, რომელსაც “ჩვენ” “ჩვენს თავს” ვუყვებით, მაგალითად, ოკუპაციის მუზეუმში, გვეუბნება, რომ უკვე არა შალვა ერისთავი და მარო მაყაშვილი იყვნენ გმირები, არამედ მთელი ქართველი ერი იყო ოკუპაციის მსხვერპლი, გმირულად ებრძოდა ოკუპანტებს და დღესაც აგრძელებს ამ ბრძოლას.

აქ კი უკვე ისტორიულ სიმართლესთან, ცოტა არ იყოს, მწყრალად ვართ, საკუთარ, ამჯერად ეროვნულ “იმიჯს” ვაპრიალებთ და კოლექტიური თვითკმაყოფილების ღრუბელზე განვისვენებთ - ზოგი კი საერთოდაც პირდაპირ იწერს პოლიტიკურ დივიდენდებს.


რატომ ხდება ასე?

1989 წელს მერაბ მამარდაშვილი წერდა, რა იყო აუცილებელი ახალი საქართველოს და ახალი, თავისუფალი ქართველის ჩამოყალიბებისათვის. პირველ რიგში ეს იყო საკუთარი ისტორიის, წარსულის კრიტიკულად შეფასების უნარი: „ამისათვის ქართველმა ხალხმა ჯერ ყურადღებით უნდა ჩახედოს თავის თავს სარკეში, შერცხვეს თავისი სახის, ბაქიაობის და უსაქმურობის, თავისი მონური რეაქციების და სტერეოტიპების, შერცხვეს თავისი მკვდრების და დაფიქრდეს: ვინ ვიყავი ამ წლების განმავლობაში? რას ვაკეთებდი? ვისი მჯეროდა? ვის მივყვებოდი? უნდა შეძრწუნდეს სირცხვილის და საზიზღრობისაგან და მაშინ მის წინაშე გაიხსნება თავისუფლების გზა, თავისუფლების, რომელიც ასაშენებელია, იმიტომ, რომ მხოლოდ სირცხვილისაგან შეიძლება აღორძინების ენერგია გაჩნდეს.”

აი, ეს სარკეში ჩახედვა მგონი დღემდე არ მოგვიხერხებია და დღემდე პატრიოტიზმს ურაპარტრიოტიზმით ვანაცვლებთ. დღემდე ვუყვებით ჩვენს თავს ისტორიას - არა ისეთს, რომელიც გვეტყოდა, როგორები ვართ და გაგვიხსნიდა გზას აღორძინებესაკენ, არამედ ისეთს, რომელიც კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებდა იმაში, რომ ყოველთვის კარგები ვიყავით და ახლაც კარგები ვართ.

ამ მექანიზმს მამარდაშვილი აღწერს სტატიაში „მესამე მდგომარეობა“: „პირველ რიგში [გამარტივებული წარმოდგენა სამყაროს შესახებ - ზ.ა.] ართმევს ადამიანს საკუთარი შრომის მოთხოვნილებას. ანუ შთააგონებს მას, რომ აზრი არის რაღაც, რის დასაუფლებლადაც არანაირი ძალისხმევა არ არის საჭირო, მოსმენა ან წაკითხვაც საკმარისია. მეორე: [...] პრინციპში ადამიანს არ შეუძლია იცხოვროს სამყაროში, რომელიც მისთვის გაუგებარია. მაგრამ გაგების ეს პრინციპი ყოველთვის ერწყმის ადამიანის საკუთარ თავთან ფუნდამენტურ დამოკიდებულებას, როგორც თვითიდენტიფიკაციის უნარის, ასევე თვითპატივისცემის უნარის მნიშვნელობით. თუკი ადამიანი თვითპატივისცემას გამარტივებული სქემების საშუალებით აღწევს, ის უმალ მოკლავს იმას, ვინც ამ სქემების დანგრევას შეეცდება, ვიდრე ამ სქემებს დაემშვიდობება.


რა მოხდა სინამდვილეში?

ჩემი ვერსია რომ შემოგთავაზოთ, რომელსაც შეგიძლიათ დაეთანხმოთ და შეგიძლიათ არა - პატარა ოჯახური ისტორიის მოყოლა მომიწევს. ბაბუაჩემის მამა, მიხეილ ანდრონიკაშვილი საიმპერატორო არმიის პოლკოვნიკი იყო, პირველ მსოფლიო ომში გერმანელების ტყვეობაში მოხვდა, 1918 წელს დაბრუნდა საქართველოში და ახლა უკვე დამოუკიდებელი საქართველოს არმიაში გააგრძელა სამსახური. 1921 წლის თებერვლის ბოლოს, ორ უფროს შვილთან ერთად, იუნკერებთან არჩილ და გიორგისთან (რომელსაც შინაურები გოგლიკას ეძახდნენ) ერთად თბილისს იცავდა. როდესაც წითლები თბილისში შემოვიდნენ, ოჯახი საცხოვრებლად კახეთში, ვეჯინში გადაბარგდა - იქ უფრო უსაფრთხო იყო. 1923 წელს პოლკოვნიკმა ქაიხოსრო ჩოლოყაშვილმა - რომელსაც მაშინ ახლობლები და დღეს უკვე ყველა ქაქუცას ეძახის - თავისი რაზმის შეგროვება დაიწყო. მისულა დიდ ბაბუასთანაც. მიხეილს, როგორც ბაბუაჩემი სოსო მიყვებოდა, რომელიც მაშინ 13 წლის იყო, დაუშლია, არ გინდა, მოგებით მაინც ვერ მოვიგებთ და კიდევ უარესი იქნებაო.

აჯანყების შემდეგ საბჭოთა საქართველოს მაშინდელმა მთავრობამ კახელ გლეხებს არაოფიციალური რეკომენდაცია მისცა, თავად-აზნაურობა დაეწიოკებინათ. ძალიან მწყდება გული, რომ თავის დროს ბაბუაჩემის ჩაწერა ვერ მოვახერხე, იმიტომ რომ მე გამიჭირდება 13 წლის ბავშვის შთაბეჭდილებების გადმოცემა, რომელიც ოთხმოცს გადაცილებულიც ამ ამბავს, გუშინდელივით ჰყვებოდა. როგორ შეიძლება ადამიანი ჭკუიდან გადაიყვანოს სიხარბემ. როგორ ხევდნენ და წვავდნენ წიგნებს, როგორ ჭრიდნენ ჩარჩოებიდან სურათებს, აგდებდნენ და ჩარჩოები მიჰქონდათ, როგორ გლეჯდნენ შინაურ ფრინველებს, იმიტომ, რომ ორი ადამიანი ეთდროულად ექაჩებოდა, შლიდნენ ღობეს და ცალკე ფიცრები მიჰქონდათ. ქონება, რომელზეც ბაბუაჩემს დიდი წარმოდგენა არც მაშინ ჰქონდა და არც მერე, არ დანანებია. მაგრამ არასოდეს დავიწყნია, როგორ იშლებოდა მის თვალწინ არა მარტო სახლი, არამედ ბავშვობა, ოჯახი, ცხოვრება.

ბაბუაჩემი ერთადერთი არ არის, ვინც ამ ისტორიას ჰყვება - სხვაც ბევრი იყო (მსურველს შეუძლია წაიკითხოს ლიზა მაყაშვილის მოგონება თამარ მაყაშვილის შესახებ წიგნში “დაკარგული ისტორია. მეხსიერება რეპრესირებული ქალების შესახებ“), ოღონდ მომყოლი ცოტა გადარჩა. ბაბუაჩემი ამბობდა, ჩვენ კიდევ კარგი ურთიერთობა გვქონდა და ხელი არ გვახლეს, თორემ ჯანდიერები ქვით ჩაქოლესო.

ეს ოკუპაციის ცოტა არ იყოს, ალტერნატიული ისტორიაა: ის, რაც ისტორიიდან შაჰ-აბასის ან მურვან-ყრუს შემოსევებიდან ვიცით, XX საუკუნეში გამეორდა, ოღონდ ამჯერად “სოციალური თანასწორობის” გამო, რომელმაც სინამდვილეში საუკუნეების განმავლობაში დაგროვილი შურის და ღვარძლის სახე გამოაჩინა. ეს არ ყოფილა ჩეკა და ენკავედე. ქართველი გლეხი იყო.

ჩეკა და ენკავედე მერე მოვიდა. დიდი ბაბუა და ბაბუაჩემის ძმა, გოგლიკა, როგორც აჯანყების მონაწილეები, დააპატიმრეს. გოგლიკა დახვრიტეს. ბაბუაჩემს მოუსწრო ბრძანებამ დახვრეტების შეჩერების შესახებ.

არ ვიცი, ვინ უფრო მართალი იყო, ქაქუცა თუ ბაბუაჩემის მამა: ალბათ უშედეგო აჯანყება გულის მოსაოხებლად მაინც ჯობდა, ტერორი კი, როგორც ახლა ვიცით, ისედაც დაიწყო. უბრალოდ ამ აჯანყებამ გამოაჩინა, რომ “ქართველი ერი” ერთსულოვანი არანაირად არ ყოფილა. რომ ერის ერთი (მცირე) ნაწილი დამოუკიდებელი საქართველოსათვის იბრძოდა, მეორეს (დიდს) კი სხვა გრძნობები ამოძრავებდა.

არასოდეს დაგისვამთ კითხვა, რატომ აჯანყდა მარტო ქაქუცა? რატომ შეირგო საქართველომ ოკუპაცია ასე გემრიელად? მე დამისვამს. პასუხი ძალიან რთული არ არის: გასაბჭოების შემდეგ რამდენიმე მილიონმა ადამიანმა უმცირესობის ხარჯზე თავისი ქონებრივი მდგომარეობა რადიკალურად გაიუმჯობესა. ეპატრონებოდნენ ქონებას, რომელიც არ ჰქონდათ თავიანთი შრომით მოპოვებული. რაც 21 და 24 წელს მოხდა - სხვის სახლებში შესახლება, რომლებშიც ხშირად ჯერ საწოლიც არ იყო გაციებული, “ექსპრორიატორთა ექსპროპრიაცია”, 37-ში გამეორდა. ადამიანები სინდისის ქენჯნას არ განიცდიდნენ იმის გამო, რომ დახვრეტილი ადამიანის მზა ინტერიერებს ეპატრონებოდნენ. ჯერ “ექსპროპრიირებული”, მერე კი ხელისუფლების მიერ ნაწყალობები კეთილდღეობა ტკბილი და მისაღები იყო.

რაც მე მგონია, ის არის, რომ ქართველების დიდმა ნაწილმა დამოუკიდებლობა სრულიად შეგნებულად გაცვალა ბოლშევიკურ ლოზუნგებში. ოღონდ ეს არ იყო “ხელისუფლება - საბჭოებს”, “მიწა - გლეხებს” და “ფაბრიკები - მუშებს”. ხელისუფლება, მიწა და ფაბრიკები ბოლშევიკურმა მთავრობამ თავისთვის დაიტოვა. სამაგიეროდ, ხალხს თავისი პატარა, წვრილბურჟუაზიული კეთილდღეობა მისცა. და, აი, ეს პატარა კეთილდღეობა - ერთი ან ორი ოთახი, სხვისი ავეჯი და ჭურჭელი და, რაც მთავარია, უშრომელად მოპოვებული თვითტკბობა და თვითპატივისცემაა ის, რაზეც დამოუკიდებლობა და თავისუფლება მაშინ გაიცვალა.

პოსტსკრიპტუმი. ბაბუაჩემი 92 წლის იყო. 2001 წლის ნოემბერში ქუჩაზე გადადიოდა, როდესაც მანქანამ დაარტყა. მძღოლს უკან არც მოუხედავს, ისე გაიქცა. არ გამიკვირდება, თუ დღეს ამ ადამიანს გულზე ყაყაჩო აქვს მიბნეული, მამაცი იუნკერების სადღეგრძელოს სვამს და პატრიოტული გზნებით შეპყრობილი გაიძახის: “არა ოკუპაციას!”

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG