Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 14 ნოემბერი. See content from before

შაბათი, 13 ნოემბერი 2010

„– ნუ ორიგინალობ რა, ვერ დავიჯერებ, რომ რუმინული ფილმი ყველას სჯობდა!“

ძალიან მკვახედ დამისრულა საუბარი ერთმა ჩემმა სკოლელმა ქალმა 2007 წლის მაისში, როცა კანის ფესტივალიდან ახლად დაბრუნებულმა რუმინელი რეჟისორის, კრისტიან მინჯიუს ფილმის ტრიუმფზე მოვუყევი. დღესაც ვფიქრობ, რომ „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“ საუკეთესოა იმ ფილმებს შორის, რომელიც ოდესმე მინახავს კანის კინოფორუმზე. თუმცა, რაღა დაგიმალოთ, ნამდვილად არ გამახსენდებოდა ეს სურათი, რომ არა... რუსული კინოს ფესტივალი თბილისში.

არა, არა, დამშვიდდით. არ ვაპირებ ამ ფესტივალის ორგანიზატორებზე ქილიკს. ვისაც რა უნდა, ის ჩაატაროს და ის კინო ნახოს! ანალოგიას ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთთან მე ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ვაკეთებ... დანარჩენი საქართველოს საქმეში კი არ ვერევი... და საერთოდ არ ვახსენებდი ამ ფესტივალს, რომ არა ეს ჩემი სკოლელი ქალი, რომელიც - ბედი არ გინდა? - მაინცდამაინც იმ დღეს შემხვდა თეატრალურთან, როცა რუსული კინოს ფესტივალი იხსნებოდა.

„რუსთაველში“ მიიჩქაროდა რიაზანოვის ფილმზე. რა თქმა უნდა, მკითხა, ვაპირებდი თუ არა ახალი რუსული ფილმების ნახვას. არა-მეთქი. არ მსიამოვნებს და არ მაინტერესებს-მეთქი... ვიცოდი, რომ გაღიზიანდებოდა, მაგრამ მერე რა? მე ის ხალხი მაღიზიანებს, რამდენიმე „ჩამოწერილი“ რუსი რეჟისორის თბილისში ჩამოსვლა მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად რომ მიაჩნია.

„– მაშინ ჩეხოვს ნუღარ კითხულობ და ყველა სტატიაში ეიზენშტეინს ნუ ახსენებ!“

მაგრამ სოლოვიოვი და რიაზანოვი – არც ეიზენშტეინია და, მით უმეტეს, არც ჩეხოვი-მეთქი, - ეგ კი ვუთხარი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. გაიბუტა და წავიდა.

ვერ ვისწავლე რა, ასეთ ხალხთან კამათი. მოგვიანებით მივხვდი: უნდა მეკითხა, ასეთივე ენთუზიაზმით გაეშურებოდა თუ არა, დავუშვათ, იმავე რუმინული ფილმების ფესტივალზე? ანდა, სომხური, აზერბაიჯანული ფილმების ფესტივალზე? ანდა ჩვენი ტელევიზიები ასეთივე მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად წარმოგვიდგენდნენ თუნდაც ყაზახური კინოს – დღესდღეობით მართლაც საინტერესო კინოს რეტროსპექტივას?

ცხადია, არა. იმ ჩემი სკოლელი ქალისთვის და ნაციონალური ტელეარხების „კულტურული ბლოკებისთვის“ სოლოვიოვი და რიაზანოვი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურებია, ვიდრე ვიღაც რუმინელი მინჯიუ და, მით უმეტეს, ყველასთვის უცნობი ყაზახი რეჟისორები... სოლოვიოვს და რიაზანოვს ცნობენ! მათ ცნობს ის ქართველი-საბჭოთა მაყურებელი, რომლისთვისაც წარსული უპირობოდ უკეთესია, ვიდრე აწმყო, ამიტომ ეს წარსული მუდმივად ენატრება. თანაც სოლოვიოვის და რიაზანოვის ენა იციან! სოლოვიოვისგან და რიაზანოვისგან სიამოვნებთ, როცა ესენი გვეუბნებიან, ზიზღით ცხოვრება არ შეიძლებაო, რადგან ამ ქვეყანაში „ორი რუსეთის“ იდეა კვლავაც პოპულარულია.

პრინციპში, იმ ჩემი სკოლელი ქალის ცხოვრება რომ ვიცი... რომ ვიხსენებ, როგორ გაწევრიანდა თავის დროზე საზოგადოება „თბილისელებში“ (რადგან აწუხებდა „ქაჯების“ შემოსევა), როგორი სიამოვნებით მიმართა ვარიაციებს თემაზე „ეკლესიებს გვინგრევენ!“, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე კომპარტიის წევრი იყო, დაბოლოს, რამდენჯერ დარეკა „ფსიქოში“ თხოვნით, ფილმებს ქართულად ნუ ახმოვანებთ, არ უხდება ამ ფილმებსო, არ გამკვირვებია მისი ინტერესი პუტინის რეჟიმის მიერ „დაშვებული“ კინოს მიმართ.

ესაა ჰარმონია, რომელიც მე - კანონზომიერების და წესრიგის მოყვარულს - ყველანაირი ლოგიკით უნდა მხიბლავდეს და მსიამოვნებდეს. მაგრამ ჰარმონიაც შეიძლება მოსაბეზრებელი იყოს, როცა მუდმივად მეორდება.

წავიდა თუ არა „მზიურის“ კონცერტზე? არ ვიცი. ალბათ.

ფაქტია, რომ კონცერტზე შევარდნაძე მივიდა და როგორც შევიტყვე, წითელყელსახვევიანი ქალების („ყოფილი გოგონების“) მასკარადში „მზიურელებმა“ მადლობა გადაუხადეს საქართველოს ცეკას ყოფილ მდივანს, ვის სახელსაც დაემთხვა ამ ქალების ბედნიერი ბავშვობა – „პაეზდკები“, გადაღებები, პოპულარობა... და ისიც ფაქტია, რომ მათ მადლობას მთელი დარბაზი აჰყვა!

აღარ მინდა! თავად მაინც ხომ უნდა გავემიჯნო განმეორების ამ ჯოჯოხეთს?

შევძლებდი კიდეც ამას, რომ არ გამეგო - „მზიურის“ ვარსკვლავის გახსნას, მთელი თავისი თამარ გვერდწითელის ჩამოყვანით, არც მეტი არც ნაკლები მერია აფინანსებს. ანუ საქართველოს ხელისუფლება უშუალოდ მონაწილეობს ყელსახვევიანი მასკარადის დადგმაში. სწორედ ის ხელისუფლება, საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვას რომ უჭერს მხარს და სრულიად ნორმალურ მოვლენად რომ მიაჩნია, თუნდაც შჩუსევის „იმელის“ დანგრევა-დამახინჯება, აბაკელიას, ნიკოლაძის ბარელიეფების „გადაფხეკა“! ეს უკვე აღარაა ჰარმონია. ეს ორმაგი სტანდარტებია, რომლის მიზეზს მომკალით და მაინც ვერ ვხვდები. არ არის გამორიცხული საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვას ერთი სახელისუფლო ჯგუფი უჭერდეს მხარს, „პიონერულ მასკარადს“ კი მეორე, მაგრამ ორმაგ სტანდარტებს ორი ჯგუფის არსებობა მაინც ვერ ამართლებს. ფაქტია, რომ რუსული კინოს ფესტივალიც და „მზიურის“ კონცერტიც ნაციონალურმა ტელეარხებმა გააშუქეს, როგორც კულტურის მნიშვნელოვანი მოვლენა – ამ არხების „კულტურის ჟურნალისტებისთვის“ დამახასიათებელი პათეტიკით და ემოციური ჩასუნთქვებით და ამოსუნთქვებით...

ჰოდა, რატომ დავწერე, იცით, ეს ბლოგი?

ის ქალი შემხვდა გუშინ „გუდვილში“. ჩემი სკოლელი. ჭარხალს წონიდა. თვალის არიდება დავაპირე, მაგრამ დამიძახა. ისე მეზარებოდა პოლიტიკაზე (კულტურულ პოლიტიკაზე) ლაპარაკი, რომ ვიფიქრე, დავიქოქები, ვეტყვი, რომ დღეს ჩამოვედი ანკარიდან, რომ ადვილად ავიღე ვიზები მექსიკაში. ბევრს ვილაპარაკებ. მერე საათს დავხედავ, მოვიგონებ რომ მეჩქარება და დავითესები!

არ გამოვიდა.

„ახლა ეს მითხარი, “თორთლაძის კანონს“ თუ გაეცანი? მოგწონს ყველაფერს რომ ანგრევენ?“

მექსიკა ვისღა ახსოვდა. ეგრევე ავყევი. ბოლოს აღარაფერი დაგვრჩება და ვიცხოვრებთ ცარიელი კორპუსებით დამშვენებულ ქალაქში-მეთქი... ეს რომ ვუთხარი, მივხვდი, რომ თანამოაზრე გავხდი ადამიანისა, რომელსაც აქამდე მთელი თავისი ცხოვრებით, პრინციპებით, მორალით ჩემს ანტიპოდად მივიჩნევდი. უცბად გავიაზრე, რომ ორმაგი სტანდარტები იმიტომაცაა დამღუპველი, რომ ფასეულობების სრულ აღრევას იწვევს და იმ ჰარმონიასაც კი ანგრევს, რომელიც შეიძლება მოსაწყენია, მაგრამ მაინც ჰარმონიაა!

ძვირფასო მეგობრებო, საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვით რომ გადაწყვიტეთ საბჭოთა წარსულისგან განთავისუფლება, ისე ნუ გააკეთებთ, რომ თქვენს ჯიბრზე ვიღაც-ვიღაცებს საბჭოთა წარსულის ნოსტალგია გაუჩნდეთ. სწორედ იმათ, ვინც აქამდე კომუნისტური ჯოჯოხეთიდან გამიჯვნას ცდილობდა.

თქვენ მაინც ხომ იცით, ქართველებს მსხვერპლი უყვართ. გული უჩუყდებათ ხოლმე. ჰოდა, ნუ „შეაცოდებთ“ თუნდაც სადღაც გურიაში, ყოფილი კოლმეურნეობის წინ დადგმულ პიონერების ქანდაკებებს. რას გიშავებენ? დგანან თავისთვის. შეხედავ, იმ იდიოტურ წარსულს გაიხსენებ და გაგეცინება. ყოველგვარი პათეტიკის, ჩასუნთქვების და ამოსუნთქვების გარეშე!

P.S.:

ამდენ ლაპარაკში ვერც კი შევამჩნიე, რომ ჩემს სკოლელ ქალბატონს მივბაძე და მეც ავიწონე ჩემთვის ჭარხალი.

არადა, ვერ ვიტან!
როდესაც ბაჩო ახალაიას თავდაცვის მინისტრად ნიშნავდა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, არმიას მკაცრი ხელი სჭირდებაო. უმაღლეს მთავარსარდალს არ უთქვამს, რომ ამ მკაცრ ხელს აუცილებლად ხელკეტიც უნდა სჭეროდა.

თუმცა, მაშინ საზოგადოების ერთმა ნაწილმა სწორედ ასე გაშიფრა სააკაშვილის ნათქვამი. ბევრი ჩემი კოლეგა შეშფოთებული წერდა, რომ პრეზიდენტმა, ფაქტობრივად, „გზა დაულოცა“ სასჯელაღსრულებითი დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელს, არმიის მართვის პროცესში „ციხის კონტინგენტთან“ მუშაობის გამოცდილება გამოეყენებინა. ამ „გამოცდილებაზე“ კი, თავის დროზე, რადიო თავისუფლების ეთერში ხშირად ჩიოდნენ უფლებადამცველები, რომლებიც დაუჯერებელ ამბებს ჰყვებოდნენ „ახალაიას მიერ შექმნილი სპეცნაზის ციხეებში უმიზეზოდ შევარდნასა და პატიმრების ფიზიკურ შეურაცხყოფაზე“.

მიუხედავად იმისა, რომ მინისტრად ახალაიას დანიშვნა უპრეცედენტო და რისკიანი ნაბიჯი იყო, პირადად მე გადაჭარბებულად მომეჩვენა კრიტიკა, რაც თავდაცვის ახალ მინისტრს დანიშვნისთანავე დაატყდა თავს. ამის შესახებ, ერთი წლის წინ რადიო თავისუფლებაში ბლოგიც კი დავწერე, რომელში გამოთქმული მოსაზრებაც ჩემთვის დღესაც ძალაშია.

„თავდაცვის მინისტრის პოსტი 29 წლის ბაჩო ახალაიასათვის არის შესაძლებლობა, გამოიჩინოს თავი და მოახდინოს სასჯელაღსრულებით დეპარტამენტში მუშაობის გამო დემონიზებული ავტორიტეტის რეაბილიტაცია. არჩევანის საშუალება ბაჩო ახალაიას ნამდვილად აქვს. თუ ახალაია შეძლებს ისეთი პოლიტიკური ხაზის გატარებას, რაც სამხედროთა ღირსების დაცვაზე და არმიის რეალურ დეპოლიტიზებაზე იქნება ორიენტირებული, – მაშინ მას წარმატებული მინისტრობა ელოდება. მაგრამ თუ ახალი თავდაცვის მინისტრი მხოლოდ „მკაცრი ხელის“ პოლიტიკით იხელმძღვანელებს და „კუდიანებზე ნადირობას“ ახალი ძალით გააჩაღებს, მაშინ იგი საბოლოოდ დაანგრევს დაუსრულებელი საკადრო ექსპერიმენტებითა და შარშანდელი სამხედრო მარცხისაგან დაუძლურებულ თავდაცვის სამინისტროს“.

სრულყოფილი ინფორმაციის არარსებობის გამო ბოლომდე არც ახლა ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ბაჩო ახალაიამ „არმია ციხედ გადააქცია“. თუმცა, ზოგიერთი ინფორმაცია, რომელიც დახურული სამხედრო უწყებიდან მთელი წლის განმავლობაში ჟონავდა, – არც სხვა დასკვნის გაკეთების საშუალებას იძლევა.

- თავდაცვის მინისტრს საყვედურობენ, რომ მან საერთოდ ჩამოართვა ფუნქცია გენერალური შტაბის უფროსს და იგი ერთპიროვნულად წყვეტს სამხედრო მშენებლობის ყველა საკითხს, ხოლო გაერთიანებული შტაბი რეალურად აღარც არაფერს აერთიანებს სახმელეთო ჯარების დანაყოფების გარდა;

- ახალაიას მინისტრობისას ცალკეული საჯარისო სახეობის სტატუსი ჩამოერთვა სამხედრო-საჰაერო ძალებს და იგი შეიყვანეს სახმელეთო ძალების რიგებში; მანამდე არმია დარჩა საზღვაო კომპონენტის გარეშე, სამხედრო-საზღვაო ძალები გამოეყო არმიას და შეუერთდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. ეს კი ნიშნავს, რომ მიდის არა არმიის მშენებლობა, არამედ მისი სტრუქტურული გამოფიტვა;

- ახალაიას გადაწყვეტილებით, დაახლოებით, 30 %-ით შემცირდა გაერთიანებული შტაბის პირადი შემადგენლობის საშტატო რაოდენობა. ბევრ შემთხვევაში, სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა სოციალური კომპენსაციის გარეშე და შეუარაცხმყოფელი ფორმით;

- სამხედრო უწყებაში ნორმად არის ქცეული მეთაურის მიერ ხელქვეითის საჯარო შეურაცხყოფა; დისციპლინური გადაცდომისათვის გამოიყენება სამხედრო მოსამსახურის ცემაც;

- 5 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაცია მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცების ცემის ფაქტთან დაკავშირებით, რასაც დიდი რეზონანსი მოჰყვა, გამონაკლისი არ არის. თუმცა, იშვიათია იმ თვალსაზრისით, რომ ცემის ფაქტი თავად სამხედრო მოსამსახურეების ინიციატივით მივიდა უფლებადამცველების ყურამდე.

- თუმცა, ნაცემმა ჯარისკაცებმა ბოლომდე არ გათქვეს მეთაურები და ყველაფერი ისე წარმოაჩინეს, რომ „ჩხუბი ერთმანეთში მოუვიდათ“. ეს შეიძლება ჩაითვალოს „ქურდული ტრადიციის“ გადმონაშთად. მაგრამ როგორც საქართველოს მედია და უფლებადამცველები ვარაუდობენ, ასეთი მიდგომაც დღევანდელი სამხედრო ხელმძღვანელობის ხელწერაა;

- სამხედრო მოსამსახურეებში, რომლებმაც საჭიროების დროს სამშობლო იარაღით უნდა დაიცვან, ინერგება შიში, რომ მეთაურის ნებისმიერი (მათ შორის უკანონო) ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაშიც კი, ჯარისკაცს გაუუქმდება კონტრაქტი და დაეკისრება ფულადი ჯარიმის გადახდა;

შესაძლოა, ეს ყველაფერი, ისევე როგორც 5 ნოემბრის მასობრივი ცემისა თუ ჯარისკაცების სარდაფში ხელკეტებით დასჯის ფაქტი, გაზვიადებული იყოს. თანაც, ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ამ ხნის განმავლობაში რამდენიმე კარგი საქმეც გაკეთდა – მაგალითად, მეტად პოზიტიურია კადეტთა სამხედრო ლიცეუმის აღდგენა და სამხედრო აკადემიაში მრავალსაფეხურიანი სწავლების სისტემის აღორძინება. მაგრამ მთელი უბედურებაც ისაა, რომ კარგი საქმეები თითზე ჩამოსათვლელია. 26 მაისის სამხედრო აღლუმიდან დღემდე გავრცელებული მწირი სამხედრო ხასიათის ინფორმაციების ზედაპირული ანალიზიც კი მოწმობს, რომ საქართველოს ჯარი გასულია საინფორმაციო სივრციდან და მისი რეალურ ვითარებაში დანახვა შეუძლიათ მხოლოდ საპატიო სტუმრებს და ისიც, ძირითადად, რომელიმე ელიტური ნაწილის, ანდა საპატიო ყარაულის სახით.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG