Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 6 ნოემბერი. See content from before

პარასკევი, 5 ნოემბერი 2010

რამდენიმე დღის წინ facebook-ზე დავწერე ერთი პატარა შენიშვნა, რომლის გარშემოც ორი დღის მანძილზე ვკამათობდით. შენიშვნა პირველი შთაბეჭდილებით იყო დაწერილი, სულ რამდენიმე აბზაცი. კომენტარებიც ცხელ გულზე იწერებოდა და ამიტომ საჭიროდ ჩავთვალე, დღევანდელი ბლოგიც ამ თემისთვის მიმეძღვნა და ცოტა რამ დამეზუსტებინა.

ბლოგში სათაურიც იმ შენიშვნისა დავტოვე. ვინც არაფერი იცის, გეტყვით, რომ საუბარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ დაფუძნებულ პრემიაზე, “წლის საუკეთესო ქართული რომანი”, საპრიზო ფონდით 10 000 ლარი, რომელიც გამარჯვებული რომანის ავტორს გადაეცემა.

ძალიან კარგია, რომ კიდევ ერთი ლიტერატურული პრემია გაჩნდა; თანაც ეს პრემია მხოლოდ რომანში გაიცემა. სხვა რა უნდა უნდოდეს იმედიან მკითხველს, ვინც დროს ბუზღუნსა და ყველაფრის დაწუნებაში კი არა, კითხვაში და სიახლის ძიებაში ხარჯავს, ვინც ელოდება, რომ ერთხელ მასაც დაუდგება ქართულად წასაკითხი თანამედროვე რომანების გრძელი რიგი, როგორც რომელიმე ფრანგ ან ჩეხ მკითხველს.

მეც ასე იმედიანად შევეგებე პრემიის გამოცხადებას 29 ოქტომბერს, თუმცა პრეზენტაციიდან ორი დღის შემდეგ ოფიციალურ განაცხადში აღმოვაჩინე, რომ თურმე 29 ოქტომბერს გამოცხადებულ პრემიაზე ნაწარმოებების წარდგენის ვადა 10 ნოემბერს იწურებოდა, ანუ გამოცხადებიდან 12 დღეში, გამარჯვებულს კი 30 ნოემბერს გამოავლენდნენ, ანუ ნაწარმოებების ჩაბარებიდან 18 დღეში. ასე ეწერა სხვათა შორის, “24 საათში” დაბეჭდილ სტატიაშიც, რომელიც 30 ოქტომბერს გამოქვეყნდა. facebook-ზე ჩემი შენიშვნის გამო წამოწყებული კამათის მსვლელობისას, მეორე დღეს, გაირკვა, რომ ოფიციალურ განაცხადში და, შესაბამისად, მედიასაშუალებებშიც, გაპარული იყო შეცდომა და, რომ გამარჯვებულს 30 ნოემბერს კი არა, 30 დეკემბერს გამოავლენდნენ. ამ “შეცდომის გასწორებამ” ჟიურის მუშაობის ძალიან ხანმოკლე, 18-დღიანი პერიოდი 48 დღემდე გაზარდა, თუმცა, დამეთანხმებით, არც ეს პერიოდია საკმარისი 2009-2010 წლის მანძილზე დაწერილი რომანების წასაკითხად და შესაფასებლად. ამაში თავად დარწმუნდებით: ახლა მე ჩამოგითვლით იმ რომანების მხოლოდ ნაწილს, რომელიც ორი წლის მანძილზე გამოვიდა საქართველოში და თავად განსაჯეთ, დაძლევს თუ არა ჟიური 48 დღეში ამ წიგნებს (სრული სიამოვნებისთვის გვერდების რაოდენობასაც მივუწერ). მცირე ნაწილს კი მხოლოდ იმიტომ ჩამოვთვლი, რომ მხოლოდ მათ ვიცნობ და ვფიქრობ, რომ მათი წაკითხვა ნამდვილად ღირს, დანარჩენებზე ვერაფერს გეტყვით.

ბესიკ ხარანაულის “სამოცი ჯორზე ამხედრებული რაინდი”, 551 გვ. A4 ფორმატის.
ნაირა გელაშვილის “პირველი ორი წრე”, 783 გვ.
ნაირა გელაშვილის “ჩვენი გრძელი ამბავი”, 295 გვ.
ლაშა ბუღაძის “ლიტერატურული ექსპრესი”, 288 გვ.
ზაზა ბურჭულაძის “ადიბასი”, 197 გვ.
აკა მორჩილაძის “მამლუქი”, 103 გვ.
დავით ქართველიშვილის “ახალი წიგნი”, 184 გვ.
გურამ მეგრელიშვილისა და თამაზ დემეტრაშვილის, “iratta.ru”, 208 გვ.
გივი ალხაზიშვილის “მომავალი წარსული”, 501 გვ.
ასევე თამაზ ექვთიმიშვილის, ვანო ჩხიკვაძის, ბასა ჯანიკაშვილის, ლაშა იმედაშვილის, დათო ქებაძისა და სხვათა რომანები.

ამას დაუმატეთ ის გამოუქვეყნებელი რომანები, რომლებიც lib.ge-ს რედკოლეგიაში შევა ელექტრონულად (როგორც პოეტი გიორგი კეკელიძე ზემოხსენებული კამათის მსვლელობისას ამბობდა, 31 ოქტომბერს უკვე 4 ასეთი რომანი იყო შესული lib.ge-ზე, დღეს ალბათ უფრო მეტი იქნება) და ყველაფერი ნათელი გახდება.

მოკლედ, აშკარაა, რომ ძალიან ჩქარობენ ილიას უნივერსიტეტიში. თუ მაინცდამაინც წლის ბოლოს უნდოდათ პრემიის გადაცემა, 2010 წლის დასაწყისში მაინც გამოეცხადებინათ ამის შესახებ, რათა, მთელი წლის მანძილზე, როგორც თავად პრემიის ინიციატორები ამბობენ, მართლა დახმარება გაეწიათ ლიტერატურული პროცესისთვის. მთელი ამ დროის მანძილზე ხომ არაერთი რომანი დაიწერებოდა, ბევრი კი დაწყებულ რომანებს დაასრულებდა სპეციალურად პრემიისთვის. ანდა სულაც 2011 წლის ბოლოსთვის გადაედოთ პირველი ლაურეატის გამოვლენა. უბრალოდ, მიმაჩნია, რომ პირველი წელი, რომელიც სინამდვილეში 1 თვე გამოვიდა და არა წელი, უკვალოდ ჩაივლის პრემიისთვის და ქართული ლიტერატურისთვის... უფრო სწორად, რაღაც ილუზიებს შექმნის.

რას ვგულისხმობ?

რას და იმას, რომ ღრმად ვარ დარწმუნებული, თუკი პრემიას სურს, მართლა შეცვალოს რაღაცა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, ის არ უნდა იყოს დამოკიდებული გარეშე ფაქტორებზე, ანუ უკვე არსებულ პროდუქტზე. ამ ტიპის პრემიამ უნდა შეძლოს ის, რომ სპეციალურად მისთვის შეიქმნას ეს ე.წ. პროდუქტი. როცა ასეთ პრემიას აფუძნებ, ე.ი. რაღაც გინდა შეცვალო და ისევე, როგორც ნამდვილი ლიტერატურა აღუდგება ხოლმე წინ რეალობას და ცდილობს თავისი გზით წაიყვანოს იგი, ამ ტიპის კონკურსებსაც შეუძლიათ არსებულ ლიტერატურასთან ჭიდილში გაატარონ თუნდაც რამდენიმე წელი.

ბევრმა კარგად იცის, რამხელა საფრთხე მოდის პრემიებისგან და კონკურსებისგან, თუმცა არანაკლები საფრთხის მატარებელია თავად ლიტერატურა, უფრო სწორად, ლიტერატურული პროცესის ფასადი, ანდა პროვოკატორი ავტორები ავიღოთ, ამა თუ იმ პრემიისთვის რომ იბრძვიან. მთელი მსოფლიო სავსეა ასეთი მწერლებით. ეს დაპირისპირება ზოგჯერ მოსაბეზრებელია, ზოგჯერ - საინტერესო ინტრიგით და თავგადასავლებით სავსე. ბევრის აზრით სწორედ ასეთ ბრძოლებში იწრთობა მიძინებული ლიტერატურა, სხვები კი ამ “ამაოების” შემხედვარე ხვდებიან მხოლოდ, რა არის ნამდვილი ლიტერატურა... და იწყება ის, რაზეც ყველანი ვოცნებობთ, ანუ მწერალი უკვე პრემიის გარეშე ცხოვრებას სწავლობს. რატომ? იმიტომ, რომ მას უკვე მკითხველი ჰყავს, მან უკვე წერა იცის, კომპლექსები აღარა აქვს, შეელია ძველ ჩანაფიქრებს, გადაყარა ძველი ხელნაწერები, დაივიწყა, გათავისუფლდა წიგნისგან, რომელიც თავისი ცხოვრების მთავარ საქმედ მიაჩნდა, რომელსაც ამდენი ხანი ეწვალებოდა...

სამწუხაროდ, საქართველოში ასე არ ხდება. საქართველოში მწერლების უმრავლესობა იმიტომ ვერ იძვრის ადგილიდან, რომ ვერ თავისუფლდება ასეთი “წიგნებისგან”, ვერ გამოდის აკვიატებებიდან.

ცოტა გადავუხვიე, ამიტომ, ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ისევ პრემიაზე ვიტყვი უკანასკნელად. მიმაჩნია, რომ პრემია ასე არ უნდა დაწყებულიყო. ასეთი სიჩქარის, უყურადღებობისა და უხარისხობის მაგალითები ხომ ისედაც ბევრი გვაქვს თანამედროვე საქართველოში! ეს ხომ არაა რომელიმე მრავალწლიანი ისტორიის მქონე დაღლილი პრემია! ესაა ახალი პრემია, რომლისგანაც ცვლილებებს ველით მკითხველები, ველით, რომ ეს პრემია არ აღიარებს უკვე არსებულს, იმას, რაც ბატონობს თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში, რითაც ყურები გვაქვს გამოჭედილი, რაც მოგვბეზრდა.

ერთი სიტყვით, როგორც facebook-ზე იტყვიან, გავედი ახლა მე და წარმატებებს ვუსურვებ პრემიას, რომელსაც აწმყო არა აქვს, მაგრამ აქვს მომავალი. გული მწყდება, რომ წლევანდელი შედეგები და ლაურეატები ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესონი იქნებიან, ყველაზე ღირსეულმაც რომ გაიმარჯვოს. რატომ? იმიტომ, რომ ამაში არ იქნება თავად პრემიის დამსახურება.

სწორედ ამიტომ, მე მომავალი წლის ლაურეატის გამოცხადებას დაველოდები.
ახლა კი მართლა გავედი, სანამ სავარაუდო გამარჯვებულის სახელი და გვარი წამომცდენია.
რამდენიმე დღის წინ, ღამის სამის ოცდარვა წუთზე, ფეისბუკის მეგობარმა David Dobo-მ, რომელსაც პირადად არ ვიცნობ, ასეთი შეკითხვა გამოგზავნა ჩემს კედელზე: „ია, მაინტერესებს: რა არის თავისუფლება? თუ შეგიძლია, 2 სიტყვით“.

კარგია, როცა შუაღამისას ისე შეგაწუხებს ეს შეკითხვა, რომ მეორე ადამიანთან დალაპარაკებას მოგანდომებს. მაგრამ ორი სიტყვით ახსნა ნამდვილად არ შემეძლო.

არადა, შეკითხვა ამეკვიატა და ვგრძნობდი, რომ პასუხისგან თავს ვერ დავიხსნიდი. სხვა დროს, შესაძლოა, ყურადღება არ მიმექცია, მაგრამ აქ და ახლა რომ გკითხავენ, თავისუფლება რა არისო, თუ პასუხს გაექეცი, ესე იგი, ეგუები იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობ.

მე კი მგონია, რომ ვერ ვეგუები.

როცა ვფიქრობ – რას ვერ ვეგუები? – ერთი შემთხვევა მახსენდება. შევარდნაძის მმართველობის ბოლო წლები იყო. ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ გიგა ბოკერია და ასლან აბაშიძის გუნდის ახალგაზრდა წევრი – არ მახსოვს, ცოტნე ბაკურია თუ სანდრო ბრეგაძე. გიგას ინტელექტუალური უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა, როდესაც მან ოპონენტს საბოლოო, „მომაკვდინებელი“ შეკითხვით მიმართა: „აი, მე შემიძლია, მწვავედ გავაკრიტიკო შევარდნაძე, ჟვანია, სააკაშვილი და ნებისმიერი პოლიტიკური ლიდერი, რომელსაც დამისახელებ; შენ შეგიძლია, გააკრიტიკო ასლან აბაშიძე? აბა, ცადე... იქნებ, ქვეყანა არ დაიქცეს?!“

ეს ეპიზოდი ბოლო წლებში ხშირად მახსენდება, როდესაც გიგა ბოკერიას ვუსმენ. ადამიანი, რომელიც აშკარა ინტელექტუალურ უპირატესობას ფლობდა ოპონენტის წინაშე, ტკბებოდა არა საკუთარი ცოდნით, არამედ – თავისუფლებით. დღეს კი ცოტნე ბაკურიას და სანდრო ბრეგაძეს შეუძლიათ, გააკრიტიკონ სააკაშვილიც, აბაშიძეც და სხვებიც, ხოლო გიგა ბოკერიას – აღარ შეუძლია! თავისუფალი ადამიანი ნებაყოფლობით გადაიქცა არათავისუფალ ადამიანად და მთელი თავისი ინტელექტით აძლიერებს ხელისუფლებას, რომელიც სხვების თავისუფლებას თრგუნავს.

ამბობენ, რომ ძალაუფლების ხიბლი ადამიანებს ცვლის. მაგრამ რა არის ამ ხიბლის შინაარსი – ძალა? გადაწყვეტილებების მიღების უპირატესობა? სიტუაციის მართვა? იქნებ, ეს ყველაფერი ილუზიაა?.. სინამდვილეში, ვინ არის ძლიერი? ვინ წყვეტს? ვინ მართავს პროცესს? ის, ვინც ძალაუფლებას ფლობს, თუ ის, ვინც თავისუფლებას ირჩევს? რომელია ძლიერი – ვარსქენ პიტიახში თუ შუშანიკი? კრეონტი თუ ანტიგონე? მეფე შარლ VII თუ ჟანა დ’არკი? რომელია მათ შორის გადაწყვეტილების მიმღები? რომლის ხელშია პროცესის მართვა?

2007 წლის 7 ნოემბერს, როდესაც ხელისუფლებამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი გამოიყენა, ახალგაზრდა ქალი, პროტესტის ნიშნად, პირდაპირ ასფალტზე წინ ჩაუჯდა მანქანას, რომელიც ჭავლს აფრქვევდა და ხალხისკენ მიიწევდა. ასევე მოიქცა ახალგაზრდა ვაჟი ბათუმში, რევოლუციის წინა დღეებში – იგი წინ გადაუდგა წყლის ჭავლის მფრქვევ მანქანას, რომელიც აბაშიძის რეჟიმს განასახიერებდა.

რეჟიმის განმახორციელებელ პირებს თუ მანქანებს თავისუფალი ნების პირისპირ მხოლოდ ერთი არჩევანი აქვთ – სასჯელი. თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანების დასჯა კი შეუძლებელია საკუთარი თავისუფლების, საკუთარი ღირსების დათმობის გარეშე.

ვარსქენ პიტიახშს ძალიან არ უნდოდა, რომ შუშანიკის ჭკუაზე ევლო, მაგრამ სხვა არჩევანი აღარ დაიტოვა: უნდა ეცემა, თმით ეთრია და ციხეში გამოეკეტა დედოფალი. თუმცა, ერჩია, მორჩილი ცოლი ჰყოლოდა და სასახლეში მშვიდად ეცხოვრა მასთან ერთად. ვარსქენს ერჩია, მაგრამ საკუთარ ბედს შუშანიკი წყვეტდა, პიტიახში კი მხოლოდ რეაგირებდა. კრეონტი ხომ სულაც ეხვეწებოდა ანტიგონეს: შემიბრალე! შენი ძმის ცხედარი, ჩემი ფანჯრების წინ რომ ლპება, საკმარისი საფასურია წესრიგის აღსადგენად; ნუ მაიძულებ, შენი თავიც მსხვერპლად გავიღოო. ანტიგონე კი უპასუხებდა: რადგან ერთხელ დასთანხმდი ძალაუფლებას, მსხვერპლის გაღებაც განუწყვეტლივ მოგიწევს; თუმცა ხელებზე ნაბორკილარი მეტყობა და შიშისგან გული მიმდის, მაინც მე ვმეფობ და არა შენო! (ჟან ანუი). ამ შემთხვევაშიც ანტიგონე წყვეტდა, კრეონტი კი – რეაგირებდა.

ბარემ, იმასაც ვიტყვი, რომ, ჩემი აზრით, ჩვენი ამჟამინდელი ხელისუფლება მანამდეა ძლიერი, სანამ თავისუფალ ადამიანებს გადააწყდება. საკმარისია, რომელიმე ძალაუფალი რომელიმე თავისუფალ ადამიანს გადაეყაროს და მორჩა, იქ მთავრდება ძალაუფლების ზეობა. არჩევანი ქრება და რჩება უალტერნატივო ძალადობა, რომლის მიზეზიც და შედეგიც უძლურებაა. რადგან – თავისუფალი ადამიანი წყვეტს პრინციპებზე, ღირებულებებზე დაყრდნობით; არათავისუფალი კი რეაგირებს პრინციპების და ღირებულებების იგნორირებით.

სწორედ ამიტომ, ბევრი ფიქრის შემდეგ, ასე ჩამოვაყალიბე მოკლე პასუხი ჩემი უცნობი მეგობრის, David Dobo-ს შეკითხვაზე, თუ რა არის თავისუფლება: ჩემთვის თავისუფლება არის მუდმივი მზაობა, რომ არჩევანი ღირსების სასარგებლოდ გააკეთო; არათავისუფლება (მონობა) კი არის მუდმივი მზაობა, რომ არჩევანი გააკეთო ღირსების ხარჯზე.

არჩევანი ღირსების სასარგებლოდ, ან არჩევანი ღირსების ხარჯზე.

ამაზე მნიშვნელოვანი არჩევანი, უბრალოდ, არ არსებობს.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG