Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსაწყენი ჰარმონია


„– ნუ ორიგინალობ რა, ვერ დავიჯერებ, რომ რუმინული ფილმი ყველას სჯობდა!“

ძალიან მკვახედ დამისრულა საუბარი ერთმა ჩემმა სკოლელმა ქალმა 2007 წლის მაისში, როცა კანის ფესტივალიდან ახლად დაბრუნებულმა რუმინელი რეჟისორის, კრისტიან მინჯიუს ფილმის ტრიუმფზე მოვუყევი. დღესაც ვფიქრობ, რომ „4 თვე, 3 კვირა და 2 დღე“ საუკეთესოა იმ ფილმებს შორის, რომელიც ოდესმე მინახავს კანის კინოფორუმზე. თუმცა, რაღა დაგიმალოთ, ნამდვილად არ გამახსენდებოდა ეს სურათი, რომ არა... რუსული კინოს ფესტივალი თბილისში.

არა, არა, დამშვიდდით. არ ვაპირებ ამ ფესტივალის ორგანიზატორებზე ქილიკს. ვისაც რა უნდა, ის ჩაატაროს და ის კინო ნახოს! ანალოგიას ნაცისტების მიერ ოკუპირებულ საფრანგეთთან მე ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის ვაკეთებ... დანარჩენი საქართველოს საქმეში კი არ ვერევი... და საერთოდ არ ვახსენებდი ამ ფესტივალს, რომ არა ეს ჩემი სკოლელი ქალი, რომელიც - ბედი არ გინდა? - მაინცდამაინც იმ დღეს შემხვდა თეატრალურთან, როცა რუსული კინოს ფესტივალი იხსნებოდა.

„რუსთაველში“ მიიჩქაროდა რიაზანოვის ფილმზე. რა თქმა უნდა, მკითხა, ვაპირებდი თუ არა ახალი რუსული ფილმების ნახვას. არა-მეთქი. არ მსიამოვნებს და არ მაინტერესებს-მეთქი... ვიცოდი, რომ გაღიზიანდებოდა, მაგრამ მერე რა? მე ის ხალხი მაღიზიანებს, რამდენიმე „ჩამოწერილი“ რუსი რეჟისორის თბილისში ჩამოსვლა მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად რომ მიაჩნია.

„– მაშინ ჩეხოვს ნუღარ კითხულობ და ყველა სტატიაში ეიზენშტეინს ნუ ახსენებ!“

მაგრამ სოლოვიოვი და რიაზანოვი – არც ეიზენშტეინია და, მით უმეტეს, არც ჩეხოვი-მეთქი, - ეგ კი ვუთხარი, მაგრამ აზრი არ ჰქონდა. გაიბუტა და წავიდა.

ვერ ვისწავლე რა, ასეთ ხალხთან კამათი. მოგვიანებით მივხვდი: უნდა მეკითხა, ასეთივე ენთუზიაზმით გაეშურებოდა თუ არა, დავუშვათ, იმავე რუმინული ფილმების ფესტივალზე? ანდა, სომხური, აზერბაიჯანული ფილმების ფესტივალზე? ანდა ჩვენი ტელევიზიები ასეთივე მნიშვნელოვან კულტურულ მოვლენად წარმოგვიდგენდნენ თუნდაც ყაზახური კინოს – დღესდღეობით მართლაც საინტერესო კინოს რეტროსპექტივას?

ცხადია, არა. იმ ჩემი სკოლელი ქალისთვის და ნაციონალური ტელეარხების „კულტურული ბლოკებისთვის“ სოლოვიოვი და რიაზანოვი უფრო მნიშვნელოვანი ფიგურებია, ვიდრე ვიღაც რუმინელი მინჯიუ და, მით უმეტეს, ყველასთვის უცნობი ყაზახი რეჟისორები... სოლოვიოვს და რიაზანოვს ცნობენ! მათ ცნობს ის ქართველი-საბჭოთა მაყურებელი, რომლისთვისაც წარსული უპირობოდ უკეთესია, ვიდრე აწმყო, ამიტომ ეს წარსული მუდმივად ენატრება. თანაც სოლოვიოვის და რიაზანოვის ენა იციან! სოლოვიოვისგან და რიაზანოვისგან სიამოვნებთ, როცა ესენი გვეუბნებიან, ზიზღით ცხოვრება არ შეიძლებაო, რადგან ამ ქვეყანაში „ორი რუსეთის“ იდეა კვლავაც პოპულარულია.

პრინციპში, იმ ჩემი სკოლელი ქალის ცხოვრება რომ ვიცი... რომ ვიხსენებ, როგორ გაწევრიანდა თავის დროზე საზოგადოება „თბილისელებში“ (რადგან აწუხებდა „ქაჯების“ შემოსევა), როგორი სიამოვნებით მიმართა ვარიაციებს თემაზე „ეკლესიებს გვინგრევენ!“, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლამდე კომპარტიის წევრი იყო, დაბოლოს, რამდენჯერ დარეკა „ფსიქოში“ თხოვნით, ფილმებს ქართულად ნუ ახმოვანებთ, არ უხდება ამ ფილმებსო, არ გამკვირვებია მისი ინტერესი პუტინის რეჟიმის მიერ „დაშვებული“ კინოს მიმართ.

ესაა ჰარმონია, რომელიც მე - კანონზომიერების და წესრიგის მოყვარულს - ყველანაირი ლოგიკით უნდა მხიბლავდეს და მსიამოვნებდეს. მაგრამ ჰარმონიაც შეიძლება მოსაბეზრებელი იყოს, როცა მუდმივად მეორდება.

წავიდა თუ არა „მზიურის“ კონცერტზე? არ ვიცი. ალბათ.

ფაქტია, რომ კონცერტზე შევარდნაძე მივიდა და როგორც შევიტყვე, წითელყელსახვევიანი ქალების („ყოფილი გოგონების“) მასკარადში „მზიურელებმა“ მადლობა გადაუხადეს საქართველოს ცეკას ყოფილ მდივანს, ვის სახელსაც დაემთხვა ამ ქალების ბედნიერი ბავშვობა – „პაეზდკები“, გადაღებები, პოპულარობა... და ისიც ფაქტია, რომ მათ მადლობას მთელი დარბაზი აჰყვა!

აღარ მინდა! თავად მაინც ხომ უნდა გავემიჯნო განმეორების ამ ჯოჯოხეთს?

შევძლებდი კიდეც ამას, რომ არ გამეგო - „მზიურის“ ვარსკვლავის გახსნას, მთელი თავისი თამარ გვერდწითელის ჩამოყვანით, არც მეტი არც ნაკლები მერია აფინანსებს. ანუ საქართველოს ხელისუფლება უშუალოდ მონაწილეობს ყელსახვევიანი მასკარადის დადგმაში. სწორედ ის ხელისუფლება, საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვას რომ უჭერს მხარს და სრულიად ნორმალურ მოვლენად რომ მიაჩნია, თუნდაც შჩუსევის „იმელის“ დანგრევა-დამახინჯება, აბაკელიას, ნიკოლაძის ბარელიეფების „გადაფხეკა“! ეს უკვე აღარაა ჰარმონია. ეს ორმაგი სტანდარტებია, რომლის მიზეზს მომკალით და მაინც ვერ ვხვდები. არ არის გამორიცხული საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვას ერთი სახელისუფლო ჯგუფი უჭერდეს მხარს, „პიონერულ მასკარადს“ კი მეორე, მაგრამ ორმაგ სტანდარტებს ორი ჯგუფის არსებობა მაინც ვერ ამართლებს. ფაქტია, რომ რუსული კინოს ფესტივალიც და „მზიურის“ კონცერტიც ნაციონალურმა ტელეარხებმა გააშუქეს, როგორც კულტურის მნიშვნელოვანი მოვლენა – ამ არხების „კულტურის ჟურნალისტებისთვის“ დამახასიათებელი პათეტიკით და ემოციური ჩასუნთქვებით და ამოსუნთქვებით...

ჰოდა, რატომ დავწერე, იცით, ეს ბლოგი?

ის ქალი შემხვდა გუშინ „გუდვილში“. ჩემი სკოლელი. ჭარხალს წონიდა. თვალის არიდება დავაპირე, მაგრამ დამიძახა. ისე მეზარებოდა პოლიტიკაზე (კულტურულ პოლიტიკაზე) ლაპარაკი, რომ ვიფიქრე, დავიქოქები, ვეტყვი, რომ დღეს ჩამოვედი ანკარიდან, რომ ადვილად ავიღე ვიზები მექსიკაში. ბევრს ვილაპარაკებ. მერე საათს დავხედავ, მოვიგონებ რომ მეჩქარება და დავითესები!

არ გამოვიდა.

„ახლა ეს მითხარი, “თორთლაძის კანონს“ თუ გაეცანი? მოგწონს ყველაფერს რომ ანგრევენ?“

მექსიკა ვისღა ახსოვდა. ეგრევე ავყევი. ბოლოს აღარაფერი დაგვრჩება და ვიცხოვრებთ ცარიელი კორპუსებით დამშვენებულ ქალაქში-მეთქი... ეს რომ ვუთხარი, მივხვდი, რომ თანამოაზრე გავხდი ადამიანისა, რომელსაც აქამდე მთელი თავისი ცხოვრებით, პრინციპებით, მორალით ჩემს ანტიპოდად მივიჩნევდი. უცბად გავიაზრე, რომ ორმაგი სტანდარტები იმიტომაცაა დამღუპველი, რომ ფასეულობების სრულ აღრევას იწვევს და იმ ჰარმონიასაც კი ანგრევს, რომელიც შეიძლება მოსაწყენია, მაგრამ მაინც ჰარმონიაა!

ძვირფასო მეგობრებო, საბჭოთა სიმბოლიკის აკრძალვით რომ გადაწყვიტეთ საბჭოთა წარსულისგან განთავისუფლება, ისე ნუ გააკეთებთ, რომ თქვენს ჯიბრზე ვიღაც-ვიღაცებს საბჭოთა წარსულის ნოსტალგია გაუჩნდეთ. სწორედ იმათ, ვინც აქამდე კომუნისტური ჯოჯოხეთიდან გამიჯვნას ცდილობდა.

თქვენ მაინც ხომ იცით, ქართველებს მსხვერპლი უყვართ. გული უჩუყდებათ ხოლმე. ჰოდა, ნუ „შეაცოდებთ“ თუნდაც სადღაც გურიაში, ყოფილი კოლმეურნეობის წინ დადგმულ პიონერების ქანდაკებებს. რას გიშავებენ? დგანან თავისთვის. შეხედავ, იმ იდიოტურ წარსულს გაიხსენებ და გაგეცინება. ყოველგვარი პათეტიკის, ჩასუნთქვების და ამოსუნთქვების გარეშე!

P.S.:

ამდენ ლაპარაკში ვერც კი შევამჩნიე, რომ ჩემს სკოლელ ქალბატონს მივბაძე და მეც ავიწონე ჩემთვის ჭარხალი.

არადა, ვერ ვიტან!
  • 16x9 Image

    გიორგი გვახარია

    ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, პროფესორი. აშუქებს კულტურის ისტორიის, კინოს, ხელოვნების საკითხებს, ადამიანის უფლებებს. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 1995 წლიდან. 

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG