Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბლოგები

Sorry! No content for 5 ივნისი. See content from before

ხუთშაბათი, 4 ივნისი 2009

ალბათ შეამჩნევდით, ჩვენს ბლოგზე გაჩნდა კომენტატორი, რომელიც საკუთარ თავს „თქვენსგამომიშისტს“ უწოდებს. ეს ფენომენი – არა „მიშისტობა“, არამედ, ვიღაცის გამო „გამიშისტება“ – ნელ-ნელა იკიდებს ფეხს თბილისში და მოდაშიც შემოდის. პირადად მე „თქვენსგამომიშისტებზე“ ფიქრი ამეკვიატა და მინდა, ჩვენი ბლოგის მკითხველებს და კომენტატორებს ამჯერად სწორედ ამ უჩვეულო, განსაკუთრებულ მოვლენაზე საუბარი შემოგთავაზოთ.

ახლავე ვიტყვი, რომ მხოლოდ ჩემს პირად მოსაზრებებს გაგიზიარებთ, სუბიექტურად, მაგრამ – კეთილსინდისიერად.

კარგა ხანია, აღარ შემხვედრია ადამიანი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს წარმატებულ პრეზიდენტად მიიჩნევს. აგვისტოს ომის შემდეგ პრეზიდენტის ღია მხარდამჭერები მხოლოდ ტელევიზიით მინახავს. ისეთი განცდა მაქვს, რომ დღეს სააკაშვილის მხარდაჭერა უხერხულია და ამ უხერხულობას მისი ფარული მომხრეებიც გრძნობენ და იზიარებენ. ამიტომაც არ ამჟღავნებენ საკუთარ დამოკიდებულებას ქვეყნის პირველი ლიდერის მიმართ.

თუმცა, ერთია გამჟღავნებული პოზიცია და მეორე – გულისთქმა. ის, ვინც შინაგანად ეთანხმება მიხეილ სააკაშვილის მართვის სტილს, მაგრამ თავის გულისთქმას ვერ ამხელს, საკუთარ თავს „ოპოზიციის ოპოზიციას“ უწოდებს. ძალიან გასაგებია, რატომ შეიძლება, ადამიანს დღევანდელი ოპოზიცია არ მოსწონდეს – არც პარტიები და არც ლიდერები. მაგრამ საკითხავია, სად გადის წყალგამყოფი: ხვალინდელ დღეზე თუ დღევანდელზე? ოპოზიციის, როგორც პოტენციური ხელისუფლების, ავ-კარგზე თუ დღევანდელი ყოფის შინაარსზე – ვისთვის არის ის ასატანი და ვისთვის – აუტანელი? საზოგადოების პროტესტული ნაწილის მთავარი მოტივი დღევანდელი დღის მიუღებლობაა. ოპოზიციის ოპოზიციონერები კი ორიენტირებულნი არიან ხვალინდელ საფრთხეებზე, რომელთა თავიდან აცილების ყველაზე მარტივი რეცეპტი დღევანდელი ყოფის (ე.ი. ამჟამინდელი ხელისუფლების) შენარჩუნებაა.

ოპოზიციის ოპოზიციონერობის განსაკუთრებული ნაირსახეობაა „თქვენსგამომიშისტობა“. ზოგადად, „ისტობა“ რომ ცუდია, ამაზე განათლებული ადამიანები დიდი ხანია, აღარ დავობენ. შესაბამისად, „მიშისტობაც“ ცუდია. მაგრამ როცა აუცილებელი ხდება პრეზიდენტის შენარჩუნება, როგორ უნდა მოიქცნენ მისი გულითადი მომხრეები? ასპარეზზე უნდა გამოვიდნენ და ვიღაცას გადააბრალონ, რომ „მიშისტები“ გახდნენ. თავად კი არ უნდოდათ, სხვებმა აიძულეს. თანაც, ფორმა როგორი ენერგიულად შემტევია? – „თქვენსგამომიშისტი“. ვისაც უნდა, იმან აიღოს საკუთარ თავზე ეს ცოდვა – როგორ ძალისძალით „გაამიშისტა“ „ისტობის“ მოძულე ადამიანი.

მე არ მჯერა ვინმეს გამო გამიშისტების და შევეცდები, ავხსნა, რატომ. ყველაზე მთავარი, რაც ჩვენს ქვეყანას მოაკლდა ვარდების რევოლუციის შემდეგ, თავისუფლებაა. თავისუფლება აკლია პრეზიდენტის გარემოცვას, პარლამენტს, სასამართლოს, მედიას, ბიზნესს... იქ, სადაც არ არის თავისუფლება, არც შემოქმედებაა. ამიტომ იღებება ფასადები ისე, როგორც იღებება; იდგმება ისეთი სპექტაკლები, როგორიც იდგმება; შენდება ისეთი შენობები, როგორიც შენდება; სიმღერებიც და ლექსებიც დღევანდელობის შესაბამისი იწერება.

ადამიანები, რომლებსაც პიროვნული და პროფესიული განვითარებისთვის თავისუფალი გარემო სჭრიდებათ, ვერ ეგუებიან დღევანდელ ყოფას, რომელიც დახუნძლულია სატელეფონო მოსმენების შიშით, სამსახურის დაკარგვის შიშით, ომის დაწყების შიშით, კრედიტის ვერგადახდის შიშით, მიტინგის დარბევის შიშით... თავისუფალ ადამიანებს არ ეშინიათ ოპოზიციის, რადგან მათთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია დღევანდელი – თავისუფლებისგან და შემოქმედებისგან დაწრეტილი – გარემოს შეცვლა.

თავისუფლება გამჭოლი მოვლენაა. თავისუფლების მუხტის მატარებელი თითოეული პიროვნება თავისი არსებითი მოთხოვნილებიდან გამომდინარე ებრძვის არათავისუფალ გარემოს და მის გარდაქმნას ცდილობს. ოპოზიციის ოპოზიციონერები და „სხვისგამომიშისტები“ კი ის ადამიანები არიან, რომლებისთვისაც თავისუფლება შინაგანი მოთხოვნილება არ არის. მათში არსებობს მზაობა მართვის იმ სტილთან და მეთოდებთან შესაგუებლად, რაც გულისმობს ორი-სამი ადამიანის მიერ ქვეყნისთვის სასიცოცხლო გადაწყვეტილებების მიღებას და ათასობით ადამიანის აზრის სრულ უგულებელყოფას.

ცხადია, არ ვფიქრობ, რომ საპროტესტო მიტინგის ან აქციის ყველა მონაწილე მაინცდამაინც თავისუფლების წყურვილით არის ანთებული. ზოგისთვის თავისუფლებაა მთავარი, ზოგი უსამართლობას ებრძვის, ზოგი მომავალ სავარძელზე ფიქრობს და ზოგიც, უბრალოდ, ახირებულია. მაგრამ, ჩემი ღრმა რწმენით, რამდენადაც მრავალგვარი შეიძლება იყოს პროტესტის შინაარსი, იმდენად ერთგვაროვანია „თქვენსგამომიშისტობის“ ფენომენი: შეუძლებელია სხვის გამო „გამიშისტება“; ეს შესაძლებელია მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ნებით, საკუთარი შინაგანი სამყაროს მოწოდებითა და მოწადინებით.

კიდევ ერთხელ ვიტყვი ჩემს სუბიექტურ აზრს: წყალგამყოფი თავისუფლების მიმართ დამოკიდებულებაა. ღია და ფარული „მიშისტები“, „ოპოზიციის ოპოზიციონერები“ და „სხვისგამომიშისტები“ იმ ნაპირის ხალხია, სადაც საკუთარი და სხვისი თავისუფლება დათმობადია.

ვისაც თავისუფლება არ ეთმობა, ის იბრძვის. ყველა თავისებურად. მეც – ჩემებურად, მათ შორის, ამ წუთებშიც, როდესაც ვცდილობ, ჩვენი ბლოგის თითოეული მკითხველი, მათ შორის, ოპოზიციის ოპოზიციონერი, „თქვენსგამომიშისტი“ ან, თუნდაც, თავად პრეზიდენტი – ფიქრისთვის და მსჯელობისთვის განვაწყო.
გაბრაზებული ვარ იზაბელ იუპერზე, რომელმაც თავხედურად, რაღაც უტიფარი ღიმილის თანხლებით გადასცა კანის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კინოფესტივალის პრიზები ყველაზე უარესი ფილმების ავტორებს. ჰანეკეს მუზა ნეპოტიზმს რომ ვერ გადალახავდა და ავსტრიელი რეჟისორის ახალ სურათს აუცილებლად რომ "გაამარჯვებინებდა", ამას გული მიგრძნობდა. მაგრამ ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ პატარა, სიფრიფანა ქალს ისე დააბრმავებდა მიხაელ ჰანეკეს სიყვარული, რომ "თეთრი ბაფთის" ყველა პოტენციურ კონკურენტს თამაშგარე მდგომარეობაში დატოვებდა. პარიზში ყოფნისას აქაურ კინოელიტასთან დაახლოებულმა მეგობარმა მითხრა, იუპერის გამო კინაღამ ჩაიშალა ფესტივალი, ჟიურის ორმა წევრმა პროტესტის ნიშნად ლამის დატოვა კანიო... ყოველ საღამოს, განხილვების დროს ყვიროდა და ჟიურის სხვა წევრებს შეურაცხყოფას აყენებდაო.

რა ვიცი, აბა... ფაქტია, ცოტა არ იყოს, ხელოვნური გაუხდა ღიმილი. აღარც მზერა აქვს ისეთი პირდაპირი, როგორც ადრე. ფაქტია, რომ კანის წლევანდელ კინოფესტივალზე მიზანთროპების კინომ გაიმარჯვა; გრან-პრი მოიპოვა ჟაკ ოდიარმა ფილმ "წინასწარმეტყველისთვის", რომელშიც ფრანგული კინოს ამ "ა ლა კოპოლას" აზრით, ციხე, მათ შორის ფრანგული ციხე, სადაც ერთმანეთს უპირისპირდებიან კორსიკული, ფრანგული, არაბული მაფია, "სიცოცხლის სკოლაა", ქურდული კანონები კი ისევე აწესრიგებს ცხოვრებას, როგორც კონსტიტუცია (ვფიქრობ, ქართველი ვაჟკაცების აბსოლუტური უმრავლესობისთვის "წინასწარმეტყველი" ისეთივე საყვარელი ფილმი გახდება, როგორც "ნათლია" და "ერთხელ ამერიკაში")... "ოქროს პალმით" კი აღინიშნა ჰანეკეს შავ-თეთრი ფილმი "თეთრი ბაფთა", რომელშიც პირველი მსოფლიო ომის დაწყების წინ, ჩრდილოეთ გერმანიის პატარა სოფელში მომხდარი ამბავი, უფრო სწორად, ამბები (დანაშაულები) გამოხატულია ჰანეკესთვის ჩვეულ მდორეზე მდორე რიტმში. ჰანეკე აქ ამტკიცებს, რომ ფაშიზმის აღმოცენების მიზეზი მკაცრი პროტესტანტული აღზრდაა (12 წლის ბიჭს აქ მშობლები ხელებს თოკით უბამენ, რათა ღმერთი არ გაუწყრეს და საწოლში "ხელმრუდობამ" არ გაიტაცოს). ასეთი განზოგადებები ყოველთვის მაღიზიანებდა. ჯერ ერთი, უხერხულია, როცა ავსტრიელი რეჟისორი, აღზრდილი კათოლიკური კულტურის წიაღში (მერე რა, რომ თავად არაა კათოლიკე?), მეტისმეტად უტრირებულად გამოხატავს პროტესტანტულ ეკლესიას და მაინცდამაინც აქ ხედავს ფაშიზმის სადავეებს... მეორეც, არაადამიანურად მკაცრი, სადისტური აღზრდა, რა თქმა უნდა ასახიჩრებს ბავშვის ფსიქიკას, მაგრამ არა მგონია, "აღზრდა" ასეთ გაფეტიშებას იმსახურებდეს. უამრავი ბედნიერი და კეთილშობილი ადამიანია, რომელსაც სცემდნენ ბავშვობაში და უამრავი გაბოროტებული, შეუმდგარი და არაფრის მაქნისი, რომელსაც მშობლები სიყვარულსა და ალერსს არ აკლებდნენ...

უბრალოდ, ამ სამყაროსთვის ქალაქი ვენა, ეტყობა, მართლა მარადიული "შავი ხვრელია" - მთელი თავისი ზიგმუნდით, ავსტრიის სახალხო პარტიით, ლევან პირველით და მიხაელ ჰანეკეთი...

აქ ძალიან უყვართ მორალზე მსჯელობა. მაშინაც კი, როცა მორალისტებს ებრძვიან.

იყო დრო, როცა ადამიანთა მოდგმის სიძულვილს მიხაელ ჰანეკე კინოს სიყვარულით აწონასწორებდა ხოლმე; ასეთი იყო "ბენის ვიდეო", "მხიარული თამაშები", "პიანისტი ქალი"... არ მოგწონდა, რაც ხდებოდა ეკრანზე, გრძნობდი, რომ ეს კაცი მაგარი მანიპულატორია და მაგრად თამაშობს პუბლიკის სინდისზე, დანაშაულის კომპლექსებზე... მაგრამ იმასაც გრძნობდი, როგორ უყვარს კინო და როგორ ცდილობს მიაგნოს შვებას ეკრანულ სივრცეში. კანის ფესტივალების კონკურსშიც იყო ეს ფილმები. მაგრამ იზაბელ იუპერი ჟიურის თავმჯდომარე მხოლოდ წელს გახდა... და მხოლოდ წელს გახდა შესაძლებელი "ოქროს პალმით" აღენიშნათ ჰანეკეს ყველაზე მოსაწყენი, ძალიან რაციონალური სურათი, რომელშიც კინორეჟისურა "ხელგარჯილობას" დაემსგავსა... ჩემს ბავშვობაში იყო ასეთი გადაცემა, "ფანტაზია და მარჯვე ხელები"... რაღაცებს ძერწავდნენ. სრულიად უგულოდ. მხოლოდ იმიტომ, რომ ტელევიზორში გამოჩენილიყვნენ... ზუსტად ასეა ჰანეკესთან; უყურებ საშუალო ხედით გადაღებულ, ასე, 13-15 წლის გერმანელ გოგონას, რომელიც პროფილში მიუყვება სოფლის ბილიკს და გრძნობ, რომ ძალიან ხელოვნურია ეს სვლა (ვითომ ჩრდილოური რენესანსის ფერწერულ პორტრეტებს მიბაძული მიზანსცენა) - გოგონა მექანიკურად მილასლასებს კადრის ერთი კუთხიდან მეორეში და არა აქვს უფლება, ოდნავ მაინც მოტრიალდეს, რადგან ამ შემთხვევაში პროფილის გრაფიკული ეფექტი გაქრება და სრულიად დაინგრევა ჰანეკეს ცივი კადრი.

არ ვიცი. მე თუ მკითხავ, ფესტივალებზე მსახიობების გადასაწყვეტი არ უნდა იყოს, რომელი ფილმია საუკეთესო. თავიანთი კოლეგების ოსტატობას კარგად გრძნობენ (იუპერის ჟიურიმ მსახიობებისთვის განკუთვნილი პრიზები მართლაც რომ საუკეთესოებს, შარლოტა გინზბურგსა და კრისტოფ ვოლცს გადასცა), მაგრამ სწორედ მსახიობზე ყურადღების მეტისმეტი გადატანა უშლით ხელს გაიაზრონ ის, რასაც რეჟისორის ხელოვნება ჰქვია. შარშანდელი ჟიურის თავმჯდომარემ, შონ პენმა კონკურსის ერთ-ერთ საუკეთესო ფილმზე - "ვალსი ბაშირთან ერთად" - სრულიად გულწრფელად აღნიშნა, ვერაფერი გავიგე ამ ფილმშიო... შეიძლება იმიტომ, რომ სურათი, რომელმაც ცოტა ხანში ტრიუმფით მოიარა მსოფლიო ეკრანები... ანიმაციაა.

მაგრამ ანიმაცია არაა არც პედრო ალმოდოვარის "შეწყვეტილი ამბორი" და არც კვენტინ ტარანტინოს "დაუფასებელი ნაძირალები" (თარგმანი ზუსტი არაა, მაგრამ, როგორც ჩანს, სწორედ ასეთი სათაურით გავა ეს სურათი ჩვენს ეკრანებზე)... ეს არის თანამედროვე მხატვრული კინოს ორი შედევრი, რომელიც მადამ იუპერმა არ შეიმჩნია... პირადად მე ორივე ფილმმა ყველაფერთან ერთად ჩვენი რეალობაც გამახსენა; ტარანტინომ - წარსულის გადაფასების შიში, დამახასიათებელი ჩვენი საზოგადოებისთვის, ალმოდოვარმა - კრიზისი "დაბერებული კულტურისა", რომელიც ახალ სისხლს, ახალ ენერგიას მოითხოვს.

ამიტომ ორივე ფილმი ცალკე ტექსტს მოითხოვს. ეს ორი კარგი კაცი, ტარანტინო და ალმოდოვარი, იმ "შავი ხვრელისგან" უნდა გავმიჯნოთ, რომელშიც მიხაელ ჰანეკეა გაჭედილი.

"ამ ერთ წელიწადში თქვენი ქვეყანა კიდევ უფრო დაპატარავდა?" - გვკითხა ქართველებს ჭაღარა კაცმა, ირლანდიელმა კინოკრიტიკოსმა, კანის ფესტივალის რომელიღაც საკონკურსო ფილმის დაწყებამდე.

რამდენად უცნაურიც უნდა იყოს, კინოკრიტიკოსების ეს რიგი ფესტივალის დარბაზებთან - კანში გატარებული 12 დღის ერთ-ერთი ყველაზე ტკბილი მოგონებაა.

ჩამოტვირთე მეტი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG