დახურულ კარებს მიღმა მოსკოვში, კიევში, ბრიუსელში, ვაშინგტონსა და სხვა დედაქალაქებში დიპლომატები, არჩეული ლიდერები და სამხედრო პირები სავარაუდოდ, ემზადებიან სრულმასშტაბიანი პრესინგით ისეთ გადაწყვეტილებამდე მისასვლელად, რომელსაც ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი სახმელეთო ომის დასრულება უნდა მოჰყვეს.
ეს ხდება მაშინ, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე ვითარება მკვეთრად შემობრუნდა მოსკოვის სასარგებლოდ. რუსეთის არმია ავიწროებს უკრაინის ჯარებს 1100 კილომეტრი სიგრძის მთელი ფრონტის ხაზზე. რუსეთი ახორციელებს დარტყმებს უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, ცდილობს რა რომ გათოშოს და უწყლოდ დატოვოს ომით გაწამებული მოსახლეობა.
დასავლეთის მოლაპარაკების მოედნებზე განწყობა მკვეთრად შემობრუნდა იმ სისხლიანი კონფლიქტის მოწესრიგების სასარგებლოდ, რომელშიც ბოლო 34 თვის განმავლობაში ორივე მხრიდან 1 მილიონზე მეტი ადამიანი დაიღუპა, ან დაიჭრა.
ეს მისწრაფება ასე ცხადად არსად ისე არ წარმოჩენილა, როგორც დონალდ ტრამპის პრეზიდენტად არჩევისას. ტრამპმა, რომელიც იანვარში დაგეგმილი ინაუგურაციის შემდეგ შეუდგება ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილების განხორციელებას, არაერთხელ დაჟინებით განაცხადა, რომ შეძლებს მოძებნოს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებების „24 საათის განმავლობაში“ შეწყვეტის საშუალება.
„ახლა ბევრი ხმაური და საუბარია იმაზე, რომ სამშვიდობო მოლაპარაკებები გარდაუვალია. მაგრამ სინამდვილეში ჩვენ არ გვაქვს გეგმა. როგორც ჩანს, ეს გეგმა ჯერ არავის აქვს. და, ცხადია, რომ ამჟამად ფრონტზე საქმე არ მიდის უკრაინის სასარგებლოდ, ასე რომ ეს ძალიან რთული მომენტია“, - ამბობს როზა ბალფუტი, ბრიუსელში მოქმედი ანალიტიკურ ცენტ „Carnegie Europe“-ის დირექტორი.
მაგრამ ფაქტია ისიც, რომ ცეცხლის შეწყვეტისა, თუ სხვა სამშვიდობო იდეების გარშემო დისკუსიები ბოლო ხანს მართლაც გააქტიურდა.
"რა საჭიროა მოლაპარაკები?"
ამ კვირაში ევროკავშირისა და აშშ-ის ოფიციალური პირები აქტიურად განიხილავდნენ საკითხს იმის თაობაზე, თუ რამდენად არის შესაძლებელი კოლექტიური დასავლეთის ჯარების გაგზავნა უკრაინაში მას შემდეგ, როგორც კი ცეცხლი შეწყდება და მეომარი მხარეები დაზავდებიან.
მედიის ცნობებით, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა წამოაყენა იდეა, უკრაინაში 40 000 ევროპელი ჯარისკაცის განლაგების შესახებ და 12 დეკემბერს პოლონეთში გაემგზავრა, ამ იდეის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკთან განსახილველად.
ასევე ნახეთ რას გულისხმობს და ვინ დაუჭერს მხარს მაკრონის სამშვიდობო მისიას უკრაინისთვის?შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტუსკმა განაცხადა, რომ პოლონეთს არ აქვს განზრახული უკრაინაში ჯარის გაგზავნა და ვარშავას ამას, პოლონეთის პრემიერის თქმით, ვერავინ ვერ აიძულებს.
დასავლეთის სამშვიდობო მისიის შესახებ წინადადება ხუთი დღით ადრე გაჟღერდა პარიზშიც, სადაც მაკრონი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის ლიდერ, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. გამოცემა „ვოლ სტრით ჯოურნალის“ თანახმად დონალდ ტრამპს განუცხადებია, რომ ევროპამ უფრო აქტიური როლი უნდა ითამაშოს უკრაინის თავდაცვისა და მხარდაჭერის საქმეში. აღნიშნა, რომ სურს, რათა ბრძოლის ველზე ნებისმიერ ცეცხლის შეწყვეტას ევროპელი ჯარისკაცები აკვირდებოდნენ.
გამოცემის თანახმად, ტრამპს არ სურს, რომ ამ სამშვიდობო მისიაში ამერიკელმა სამხედროებმა მიიღონ მონაწილეობა, მაგრამ ემხრობა, რომ აშშ-ი გარკვეული დოზით ჩაერთოს ამ ძალისხმევაში.
უკრაინის ხელისუფლება, რომელმაც ოქტომბერში ათპუნქტინაი „გამარჯვების გეგმა“ შეიმუშავა, დასავლეთის სამშვიდობო მისიას მხარს უჭერს. მაგრამ მეორე მხარეს, მოსკოვს, შეთანხმებისთვის ნაკლები სტიმული ამოძრავებს.
„ვინაიდან, რუსეთი მიიჩნევს, რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია უკრაინის დამარცხება, რომ დასავლეთი გატყდა, ხოლო ტრამპი აპირებს ზეწოლა მოახდინოს უკრაინაზე და შეწყვიტოს მისთვის იარაღის და სხვა დახმარების მიწოდება. მაშინ რა საჭიროა მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, როდესაც შეიძლება უფრო მეტი უკრაინული ტერიტორიის მიტაცება და მეტი უკრაინელის დახოცვა და იმის დამტკიცება, რომ რუსეთს არ უნდა ეჩხუბო?“, - ამბობს უკრაინელი დიპლომატი ალექსანდრ ხარა.
ნატოს მოკავშირეები
კრემლის ერთ-ერთი უმთავრესი არგუმენტი, რითაც 2022 წლის თებერვალში უკრაინას შეჭრას ამართლებდა კვლავინდებურად არის მისი მთავარი პრეტენზია კიევისადმი - ნატოში გაწევრიანება.
ახლახან, 9 დეკემბერს, ზელენსკიმ გაიმეორა, რომ ნატოში წევრობას მისთვის პირველხარისხოვანი მნიშვნელობა აქვს.
ალიანსის 2008 წლის (ბუქარესტის) სამიტის დროს აშშ-ისა და ევროპის ლიდერები შეთანხმდნენ სუსტ კომპრომისზე, რომელიც ითვალისწინებდა უკრაინის (და საქართველოს) შესაძლო წევრობას, მაგრამ სინამდვილეში არ ითვალისწინებდა „საგზაო რუკას“ (ე.წ. MAP-ს - გაწევრიანების სამოქმედო გეგმას.-რედ) .
ზოგიერთი ოფიციალური პირი და ექსპერტი ამტკიცებს, რომ ეს იყო შეცდომა, რასაც 2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრა მოჰყვა.
რუსეთის შეჭრის შემდეგ ნატო გაფართოვდა, თავის რიგებში ფინეთისა და შვედეთის მიღებით. მაგრამ ალიანსში უკრაინის გაწევრიანება ასეთ დროს იქნებოდა, განადგურებული და უცხო სახელმწიფო მიერ ნაწილობრივ დაპყრობილი ქვეყნის მიღება, რაც პრობლემას შეუქმნია ალიანსის ბერ წევრს.
აშშ-იც ცივად ეკიდება უკრაინის ნატოში გაწევრიანების იდეას. „უოლ სთრით ჯორნალის“ თანახმად პარიზში მყოფ დონალდ ტრამპს მაკრონთან და ზელენსკისთან საუბარში უთქვას, რომ არ ემხრობა კიევის ალიანსში გაწევრიანებას.
„[უკრაინის] გაწევრიანების გადავადება, ეს იქნებოდა კაპიტულაცია რუსეთის მოთხოვნების წინაშე და პუტინის უდიდესი გამარჯვება“, - დაწერა თავის ბლოგში ავსტრალიელმა გენერალ-მაიორმა მიკ რაიანმა. „ეს გაამართლებდა პუტინისა და მისი მსგავსი ავტოკრატი მოღვაწეების შეგნებაში იმას, რომ რუსეთის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ გაამართლა, ვინაიდან უკრაინის ნატოში არდაშვება იყო ომის დაწყების წინ პუტინის მთავარი მოთხოვნა.“
ბუფერული ზონა
თუ რაიმე გაუთვალისწინებელი მოვლენა არ მოხდა, უკრაინა დიდი ალბათობით დაუთმობს ტერიტორიებს რუსეთს, რომელიც დღევანდელ დღეს იკავებს უკრაინის ტერიტორიების 20%-ს. ეს მოიცავს თითქმის მთელ აღმოსავლეთ დონბასს, ასევე ყირიმის ნახევარკუნძულს შავ ზღვაში.
ბევრი მიმომხილველისთვის ეს იქნებოდა ერთგვარი ნეიტრალური ზოლის შექმნა. დემილიტარიზებული ზონა, რომელიც ათწლეულობების განმავლობაში ჰყოფს ერთმანეთისგან ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას, ბევრისთვის სამაგალითო მოდელს წარმოადგენს.
პუტინმა ეს იდეა მარტში მისი ხელახლა გაპრეზიდენტების შემდეგ წამოაყენა.
„არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ მომენტში ჩვენს შეიძლება გავხდეთ იძულებული, როდესაც მიზანშეწონილად ჩავთვლით, შევქმნათ გარკვეული „სანიტარული ზონა“ იმ ტერიტორიებზე, რომლებსაც დღესდღეობით კიევის რეჟიმი აკონტროლებს“, - თქვა მაშინ პუტინმა.
ასევე ნახეთ უკრაინაში პუტინის "სანიტარულ ზონას" საფრთხედ არ აღიქვამენ
უკრაინისათვის ყველაზე დიდ სირთულეს აქ ის წარმოადგენს, თუ სად გაივლის ზღვარი და თავისი ეკონომიკური ბაზის რა ნაწილზე მოუწევს მას უარის თქმა. რუსეთის მიერ ოკუპირებული დონბასშია თავმოყრილის უკრაინის სამთომომპოვებელი და მძიმე მრეწველობის დიდი ნაწილი; ერთ-ერთი შეფასებით, უკრაინის სოფლის მეურნეობის სავარგულების დაახლოებით 8 მილიონი ჰექტარი რუსეთს აქვს ოკუპირებული.
აგვისტოს დასაწყისში უკრაინამ თავზეხელაღებული ნაბიჯი გადადგა-უკრაინელმა სამხედროები რუსეთის ტერიტორიაზე შეიჭრნენ და კურსკის ოლქის ნაწილი დაიკავეს.
მოგვიანებით ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ რეიდის მიზანი იყო ბუფერული ზონის შექმნა და უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქ ხარკოვისთვის აეცილებინა რუსული რაკეტების საფრთხე.
მაგრამ, შემდეგ რუსეთის არმიამ უკან დაიბრუნა უკრაინის მიერ ოკუპირებული კურსკის ოლქის ტერიტორიების თითქმის ნახევარი.
ბუფერული იქნება, სანიტარული, თუ დემილიტარიზებული - ასეთი ზონის სირთულე ვერიფიკაციასა და მასზე მეთვალყურეობის შესაძლებლობაში მდგომარეობს. კერძოდ, ექნება თუ არა ნებისმიერ მხარეს, თუ მშვიდობის დამცველებს უფლება, რომ თვალყური ადევნოს და აკონტროლოს მეორე მხარე. უპილოტო დამრტყმელი თვითმფრინავების გამოყენებით საბრძოლო მოქმედებების ელვისებურ განახლებას პოტენციურად შეუძლია ამ ამოცანის გართულება.
სპილო ოთახში
სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი უკავშირდება იმას, თუ რა კურსს აირჩევს ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში იარაღით უკრაინის ყველაზე უმსხვილესი მომმარაგებელი, აშშ-ი.
ტრამპი მრავალი წლის განმავლობაში საყვედურობდა პრეზიდენტ ბაიდენს იმ შეიარაღების გამო, რომელსაც თეთრი სახლი უხვად აწვდიდა უკრაინას, ხოლო ზელენსკის თაღლითობას მიაწერდა.
საკუთარ თავზე ამბობდა, რომ ბიზნესისა და უძრავი ქონების სფეროში დაგროვილმა გამოცდილებამ იგი აქცია მომლაპარაკებლად, რომელსაც ძალუძს პუტინთან შეთანხმების მიღწევა.
აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კით კელოგი დაასახელა საგანგებო წარმომადგენლად უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში. მანამდე კელოგმა, რომელიც თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი იყო ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, - ტრამპს წარუდგინა უკრაინაში ომის დასრულების გეგმა.
კელოგის ხედვა ითვალისწინებს უკრაინის ფრონტის ხაზზე შექმნილი ვითარების გაყინვას და მათრახისა და თაფლაკვერის პოლიტიკის გამოყენებას, რათა მოსკოვსა და კიევს მოლაპარაკების დაწყება აიძულოს.
„ჩვენ ვეტყვით უკრაინას, რომ აშშ მისთვის სამხედრო დახმარებას გააგრძელებს მხოლოდ რუსეთთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების შემთხვევაში“, - უთხრა ივნისში კელოგმა სააგენტო „როიტერსს“. ხოლო პუტინს ვეტყვით, „რომ თუ ის არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან, მაშინ ჩვენ უკრაინელებს მივცემთ ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ, რათა თქვენი ჯარისკაცები დახოცოს ბრძოლის ველზე“.
თავის მხრივ კრემლმა, გაღიზიანებულმა იმით, რომ ინტერვენციამ, რომელიც მისი გათვლით სულ რამდენიმე დღეში უნდა დამთავრებულიყო, ძირი გამოუთხარა მის ეკონომიკას, - მიანიშნა, რომ ღიაა ტრამპის ახალი მიდგომისთვის.
მაგრამ არიან ისეთებიც, ვინც ამ ყველაფერს ეჭვის თვალით უყურებს.
„ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ პუტინი სერიოზულად ეკიდება მოლაპარაკებას“, - უთხრა გასულ კვირას რადიო თავისუფლებას ნატოს მაღალჩინოსანმა, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა. „შესაძლოა ის მზად იყოს მოლაპარაკებისთვის, მაგრამ სანამ მას სჯერა, რომ იმარჯვებს, მას არ აქვს სტიმული მოლაპარაკებისთვის. და მას სჯერა, რომ დრო მის სასარგებლოდ მუშაობს“.