აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გადამდგარი გენერალ-ლეიტენანტი კით კელოგი დაასახელა საგანგებო წარმომადგენლად უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტში - ამ ცნობას თავად ტრამპი ავრცელებს ქსელით Truth Social. მანამდე კელოგმა ტრამპს წარუდგინა უკრაინაში ომის დასრულების გეგმა.
კელოგი თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს აპარატის ხელმძღვანელი იყო ტრამპის პრეზიდენტობის პირველ ვადაში, 2017-2021 წლებში და ამავდროულად იყო მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტის, მაიკ პენსის მრჩეველი უშიშროების საკითხებში. ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადაში, როგორც ჩანს, ის მნიშვნელოვან ფუნქციას შეასრულებს კონფლიქტის გადაჭრის ძალისხმევაში.
ამ ეტაპზე უკრაინის ომში საგანგებო წარმომადგენლის პოზიცია ოფიციალურად არ არსებობს, თუმცა ტრამპს კერძო საუბრებში გამოთქმული აქვს ამგვარი თანამდებობის შექმნის სურვილი.
საინფორმაციო საშუალებებს შორის კელოგის შერჩევის ცნობა 27 ნოემბერს პირველად სააგენტო როიტერსმა გაავრცელა.
უკრაინის ომის სწრაფად დასრულება იყო ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის ერთ-ერთი მთავარი დაპირება, თუმცა ტრამპი არ აკონკრეტებდა, როგორ გეგმავდა ამ მიზნის მიღწევას.
"კითს აქვს გამორჩეული სამხედრო და ბიზნეს კარიერა, მას, მათ შორის, უმსახურია ეროვნული უშიშროების ძალიან საფრთხილო პოზიციებზე, ჩემს პირველ ადმინისტრაციაში" - წერს ტრამპი.
როგორც როიტერსი ივნისში იუწყებოდა, რუსეთის მიერ უკრაინის სუვერენულ ტერიტორიაზე შეჭრით დაწყებული ომის დასრულების კელოგის მიერ შემუშავებული გეგმა ითვალისწინებს ფრონტის ხაზების გაყინვას და კიევსა და მოსკოვზე ზეწოლას, რომ მიუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას.
როიტერსის თანახმად, კელოგი გამოდიოდა იდეით უკრაინელებისთვის ეთქვათ, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დაჯდომის შემთხვევაში მათ შეუწყდებოდათ აშშ-ის დახმარება, ხოლო პუტინისთვის ეთქვათ, რომ მოლაპარაკებაზე უარის შემთხვევაში აშშ უკრაინას მისცემდა "ყველაფერს, რაც მათ სჭირდებათ თქვენს გასანადგურებლად ბრძოლის ველზე".
უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან ხანგრძლივი ვადით მოიხსნებოდა, როგორც ნაწილი რუსეთის შეგულიანებისა მოლაპარაკებაში ჩასართავად; ეს საკითხი დღის წესრიგში დაბრუნდებოდა როგორც სასჯელი ჩაურთველობის გამო. უკრაინას შესთავაზებდნენ უსაფრთხოების გარანტიებს, რომლებიც მოიცავს მის "კბილებამდე შეიარაღებას" - იუწყებოდა როიტერსი.
გეგმა მოიცავს ცეცხლის შეწყვეტას, რომელიც დაეფუძნება სამშვიდობო მოლაპარაკების პერიოდში არსებულ ფრონტის ხაზებს - რასაც, სავარაუდოდ, თავიდანვე წინაღობა შეექმნება, რადგან ეს სიტუაცია არც ერთ მხარეს არ დააკმაყოფილებს ხანგრძლივი პერიოდით, ან საერთოდ.
ფორუმი