Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰარისი ან ტრამპი: რას ნიშნავს ეს უკრაინისთვის?


მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს 5 ნოემბერს, აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი შეეცდება ომის დასრულებას უკრაინაში. ანალიტიკოსების თქმით, განსხვავებული მხოლოდ ის იქნება, თუ როგორ შეეცდებიან ჰარისი და ტრამპი ამის გაკეთებას.
მიუხედავად იმისა, თუ ვინ გაიმარჯვებს 5 ნოემბერს, აშშ-ის შემდეგი პრეზიდენტი შეეცდება ომის დასრულებას უკრაინაში. ანალიტიკოსების თქმით, განსხვავებული მხოლოდ ის იქნება, თუ როგორ შეეცდებიან ჰარისი და ტრამპი ამის გაკეთებას.

აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები შესაძლოა უკრაინას ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტად შეეხოს. დონალდ ტრამპს და კამალა ჰარისს ორი სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვთ უკრაინის მხარდაჭერის შესახებ, თუმცა არ არის ცხადი, გამარჯვების შემთხვევაში, ძალაუფლებაში მოსვლისას როგორ იმოქმედებენ ისინი?  

5 ნოემბერს, როცა ამერიკელები პრეზიდენტს აირჩევენ, მათი გადაწყვეტილება მთელ მსოფლიოზე აისახება. უკრაინას, რომლის დაცვაც რუსული აგრესიისგან დიდწილად აშშ-ის სამხედრო, ფინანსურ და დიპლომატიურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული, შესაძლოა, ამ არჩევნების შედეგი ნებისმიერ სხვა ქვეყანაზე მეტად შეეხოს.

ამჟამინდელი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მმართველობის პირობებში, შეერთებულმა შტატებმა 2022 წლის თებერვალში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინას მხოლოდ უსაფრთხოების დასახმარებლად 56 მილიარდ დოლარზე მეტი გამოუყო. ამის გარდა, დამატებით ათობით მილიარდის ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარება გაუწია.

„ომის შედეგის განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, ჩემი აზრით, და ის, რაც მომდევნო თვეებში აუცილებლად მოხდება, არის აშშ-ის არჩევნები“, - ამბობს რუთ დეიერმონდი, ლონდონის კინგს კოლეჯის ომის კვლევების დეპარტამენტის უფროსი ლექტორი.

დეიერმონდმა რადიო თავისუფლებასთან საუბარში თქვა, რომ არჩევნების შედეგი განსაზღვრავს, კვლავ მიიღებს თუ არა უკრაინა აშშ-ის მხარდაჭერას, ან რა მოცულობით მიიღებს მას.

რესპუბლიკელი ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და დემოკრატი ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი უკრაინის მხარდაჭერის შესახებ სრულიად განსხვავებულ პოზიციებს გამოხატავენ.

ჰარისი აცხადებს, რომ გააგრძელებს ბაიდენის პოლიტიკას უკრაინის დახმარების მიმართულებით და არ მალავს სურვილს, იხილოს რუსეთი დამარცხებული.

ტრამპი ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის მხარდაჭერას უკრაინისადმი და ამბობს, რომ რუსეთის შეჭრის წინააღმდეგ კიევის მხარდაჭერა დიდწილად ევროპის პასუხისმგებლობა უნდა იყოს, და კითხვის ქვეშ ტოვებს ნატოს მომავალს. კითხვას, სურს თუ არა უკრაინის გამარჯვება, იგი პასუხს არ სცემს, და არაერთხელ განაცხადა, რომ თუ მას აირჩევენ, ომს ძალიან სწრაფად დაასრულებს, იანვარში ძალაუფლებაში მოსვლამდეც კი.

„მაშინ როდესაც ჩვენ შეგვიძლია გვქონდეს მოლოდინი, რომ ჰარისის თეთრი სახლი ბაიდენის ადმინისტრაციის მსგავსად იმოქმედებს, და მკვეთრად უდავოდ არ გადაუხვევს უკრაინის მხარდაჭერიდან, დონალდ ტრამპმა ძალიან ნათლად თქვა, რომ სურს ომის სწრაფად დასრულება“, - ამბობს დეიერმონდი.

მისივე თქმით, ჩვენ ვიცით, რომ დონალდ ტრამპის ერთ-ერთი გრძელვადიანი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტი, ერთ-ერთი იმ რამდენიმე თანმიმდევრული საგარეო-პოლიტიკური პოზიციიდან, რომელიც მას 2016 წელს გამარჯვებამდე ჰქონდა, იყო, როგორც ის ამბობს, რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება. „ასე რომ, ვფიქრობ, მას სურს ომის სწრაფად დასრულება, თან რუსეთის პირობებით“.

ტრამპმა თქვა, რომ პუტინის პირობები სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის „მიუღებელია“, ის ამტკიცებს, რომ უფრო მკაცრი იყო რუსეთის მიმართ, ვიდრე წინა პრეზიდენტები, და აცხადებს, თეთრ სახლში რომ ყოფილიყო, პუტინი უკრაინაში არ შეიჭრებოდა. 2017 წელს მან მწვანე შუქი მისცა აშშ-ს, მიეწოდებინა ლეტალური დახმარება უკრაინისთვის, რაზეც მისმა წინამორბედმა, დემოკრატმა ბარაკ ობამამ უარი თქვა მოსკოვის პროვოცირების შიშის გამო.

„საკმარისია“

აპრილში, ტრამპმა თქვა, რომ მზად იქნებოდა განეხილა ისეთი პროგრამა, როგორიცაა მეორე მსოფლიო ომის დროს აშშ-ის პარტნიორებისთვის შექმნილი ლენდ-ლიზის პროგრამა, როგორც დახმარების გრანტების ალტერნატივა.

ტრამპს ბევრი არაფერი უთქვამს იმის შესახებ, თუ როგორ ეცდება უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დასრულებას.

Fox News-ისთვის 2023 წლის ივლისში მიცემულ ინტერვიუში, მან აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს დააძალებდა მოლაპარაკებაზე წასვლას, უკრაინისთვის დახმარების გაძლიერების მუქარით. მეორე მხრივ, თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკიზე დახმარების არმიცემის მუქარით მასზე ზეწოლას მოახდენდა.

„მე ვეტყოდი ზელენსკის: "საკმარისია. თქვენ უნდა დადოთ გარიგება". პუტინს ვეტყოდი: "თუ შეთანხმებას არ დადებთ, ჩვენ მივცემთ [ზელენსკის] ძალიან ბევრს. ჩვენ მივცემთ [უკრაინას] იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე მიგვიცია, თუ ასე იქნება საჭირო, - თქვა ტრამპმა, - შეთანხმებას ერთ დღეში დავდებ. ერთ დღეში“.

უკრაინელებს ეშინიათ, რომ ნებისმიერი ზეწოლა სწრაფი სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად ხელს შეუწყობს რუსეთს, და ქვეყნის მეხუთედს მოსკოვის კონტროლის ქვეშ დატოვებს, ხოლო პუტინს მისცემს საშუალებას, საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოიყენოს, როგორც შანსი, გააძლიეროს თავისი ძალები მომავალი თავდასხმისთვის.

სიტყვები და მოქმედებები

ნებისმიერ შემთხვევაში, ზუსტად რას გააკეთებს გამარჯვებული ხელისუფლებაში მოსვლისთანავე, გაურკვეველია და არსებობს მრავალი ფაქტორი, რაც მომავალი პრეზიდენტის ქმედებებს განსაზღვრავს.

ზელენსკის მთავრობა უკმაყოფილოა ბაიდენის ადმინისტრაციით და ამბობს, რომ აშშ-ის სამხედრო დახმარება ძალიან ნელა და ძალიან ბევრი შეზღუდვით მოდის. მიუხედავად მუდმივი მოთხოვნისა, ბაიდენმა უკრაინას არ მისცა ნება, გამოიყენოს აშშ-ის შორი მანძილის რაკეტები რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში დარტყმებისთვის.

უკრაინას კვლავ აკლია საჰაერო თავდაცვის სისტემები და აღჭურვილობა, რაც რუსეთს საშუალებას აძლევს დაბომბოს მისი ქალაქები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ასევე უფრო ღრმად შევიდეს დონეცკის რეგიონში. ამ თვეში რუსეთმა მოიპოვა ყველაზე დიდი ტერიტორიული მოგება 2022 წლის მარტიდან, როდესაც სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი თვე იყო გასული.

ჰარისს არ განუცხადებია, იქნება თუ არა ის უფრო აგრესიული დახმარების მიწოდებაში ან შეზღუდვების მოხსნაში, რაც არის ერთ-ერთი პუნქტი „გამარჯვების გეგმაში“, რომელიც ზელენსკიმ დასავლელ ლიდერებს წარუდგინა, და მათ მიერ ნელ-თბილად იქნა მიღებული. მას არ გაუკეთებია კომენტარი გეგმის სხვა საკვანძო პუნქტზე - უკრაინის ნატოში გასაწევრიანებლად სწრაფ მოწვევაზე.

ერთ-ერთი ფაქტორი, თუ როგორ იმოქმედებს ტრამპის პრეზიდენტობა უკრაინასა და რუსეთის შეჭრაზე, იქნება მისი კაბინეტის შემადგენლობა.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრამპის კამპანია განიხილავს ყოფილ სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოს თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილ მრჩეველს რობერტ ო’ბრაიენს - სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე. ორივემ გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია ამერიკული იარაღის გამოყენების შეზღუდვის გამო და მოითხოვა მეტი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

The Wall Street Journal-ში ივლისში გამოქვეყნებულ სტატიაში პომპეომ მოითხოვა $500-მილიარდიანი ლენდ-ლიზის პროგრამის შექმნა, რომელიც უკრაინას თავდაცვის საშუალებას მისცემს. მან ასევე უკრაინის ნატოში მიღება მოითხოვა, რაზეც ო’ბრაიენმა ამ კვირაში განაცხადა, რომ „ეს ამ ეტაპზე ზედმეტად პროვოკაციულია“.

„დიპლომატიის წელი“

კიდევ ერთი ფაქტორი: კონგრესი. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტები უფრო დიდ გავლენას ახდენენ საგარეო პოლიტიკაზე, საკანონმდებლო ორგანო განაგებს ქვეყნის ფინანსებს და შესაძლოა აიძულოს თეთრი სახლი, შეცვალოს თავისი პოზიცია უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის საკითხთან დაკავშირებით.

წარმომადგენელთა პალატისა და სენატის კონტროლი მნიშვნელოვანია უკრაინის საკითხისთვის, თუ დემოკრატები მოიპოვებენ ადგილების უმრავლესობას ქვედა პალატაში, ხოლო რესპუბლიკელები - ზედა პალატაში, ეს სიტუაცია უფრო ხელსაყრელი იქნება უკრაინისთვის, რადგან რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებადი სენატი, სავარაუდოდ, მხარს დაუჭერს უკრაინის დახმარებას, განუცხადა რადიო თავისუფლებას გასულ თვეში კურტ ვოლკერმა, ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის მოლაპარაკებებში 2017-19 წლებში. მისი თქმით, ლენდ-ლიზის პროგრამის გატარება უფრო ადვილი იქნება კონგრესის მეშვეობით.

„ვფიქრობ, უკრაინაში აშშ-ის რეალური გადასახადის გადამხდელების ფულის დახარჯვის გამართლება უფრო და უფრო რთულია, მაგრამ იმის საშუალების მიცემა, რომ მათ ისესხონ, რამდენიც სჭირდებათ, რათა იყიდონ ამერიკული იარაღი და ომში იბრძოლონ, ეს საერთოდ არ უნდა იყოს საკამათო და ვფიქრობ, უნდა მოიპოვოს დიდი ორპარტიული მხარდაჭერა“, - თქვა მან.

თუმცა ჩარლზ კუპჩანმა, Council on Foreign Relations-ის ანალიტიკოსმა, უთხრა რადიო თავისუფლებას, რომ შეერთებული შტატები, სავარაუდოდ, უბიძგებს უკრაინას მოლაპარაკებებისკენ, მიუხედავად იმისა, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ომი ძაბავს დასავლურ რესურსებს.

„ველოდები, რომ 2025 წელი იქნება დიპლომატიის წელი, - თქვა კუპჩანმა, - მე არ მჯერა, რომ იქ, სადაც დღეს ვართ, მდგრადია“.

ამავე დროს, მან თქვა, რომ უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა არ არის ორი მხარის მოლაპარაკების მაგიდასთან მიყვანის გზა.

„ეს პუტინისთვის მოწვევაა, რომ კვლავ გააგრძელოს [აგრესია]“, - თქვა კუპჩანმა.

(სტივ გუტერმანმა წვლილი შეიტანა ამ სტატიაში. თარგმნა ელენე კობახიძემ)

ფორუმი

XS
SM
MD
LG