პრეზიდენტობის კანდიდატი დასახელებულია - რა ხდება შემდეგ?

მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა

პრეზიდენტის არჩევნების დასაჩქარებლად, საარჩევნო კოდექსში გაწერილი ვადები შეიცვალა. ივანიშვილის პარტია აცხადებს, რომ ინაუგურაცია წლის ბოლომდე უნდა მოესწროს, რათა არ დაირღვეს კონსტიტუცია - პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა, 5-ის ნაცვლად, 6 წელი არ გამოვიდეს.

საარჩევნო კოდექსის ვადები ცესკომ 26 ნოემბერს, საღამოს გამართულ სხდომაზე, დადგენილებით შეცვალა.

პარლამენტში, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, „ქართულმა ოცნებამ“ 26 ნოემბერს დაამტკიცა დადგენილება, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ხოლო ინაუგურაცია 29 დეკემბერს გაიმართება.

ახალი პრეზიდენტი საქართველოსთვის რიგით მეექვსე იქნება, მაგრამ იქნება ასევე პირველი - არაპირდაპირი წესით არჩეული.

27 ნოემბერს „ქართულმა ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა, პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა - მმართველის პარტიის ანტიდასავლური პოლიტიკური განაყოფის - „ხალხის ძალის“ დამფუძნებელი და აქტიური წევრი.

ასევე ნახეთ მიხეილ ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატია

ყაველაშვილი 300-წევრიანმა კოლეგიამ უნდა აირჩიოს.

ვინ აირჩევს "ოცნების" რჩეულს?

26 ნოემბერს, ცესკომ განკარგულებით განსაზღვრა 300-წევრიანი კოლეგიის შემადგენლობა, რომელიც ახალ პრეზიდენტს ირჩევს:

  • საქართველოს პარლამენტი - 150 წევრი [ყველა წევრი];
  • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 20 წევრი [ყველა წევრი];
  • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო - 21 წევრი [ყველა წევრი];
  • პოლიტიკური პარტიები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან - 109 წევრი.

კოლეგიის შემადგენლობაში ცესკომ განსაზღვრა კვოტებიც უფლებამოსილი პარტიებისთვის [თვითმმართველობის არჩევნების პროპორციული ნაწილის შედეგების შესაბამისად]:

  • „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1 წევრი;
  • „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 2 წევრი;
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ - 36 წევრი;
  • „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 1 წევრი;
  • „ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“ - 4 წევრი;
  • საქართველოს ლეიბორისტული პარტია - 1 წევრი;
  • „გახარია საქართველოსთვის“ - 9 წევრი;
  • „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ - 54 წევრი;
  • „გირჩი-მეტი თავისუფლება“ - საარჩევნო კოლეგიის 1 წევრი.

ამრიგად, „ოცნებას“ კოლეგიაში პარლამენტიდან 89 წევრი ჰყავს, თვითმმართველობიდან 54. ოპოზიციურ პარტიებს პარლამენტიდან, რომლის უფლებამოსილებას და ლეგიტიმურობას არ ცნობენ, 61 წევრი, თვითმმართველობიდან კი, ჯამში - 55 წევრი.

პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არა ნაკლებ 30 წევრს. თითოეულმა დელეგატმა პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ერთი წევრი უნდა წარადგინოს და ხმაც ერთს უნდა მისცეს.

არსებული მოცემულობით, ყაველაშვილი სავარაუდოდ ერთადერთი კანდიდატი იქნება.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, პრეზიდენტის არჩევის პროცესში ჩართვას არ გეგმავს არცერთი ოპოზიციური პარტია, რომლებმაც, ცესკოს მონაცემებით, ბოლო არჩევნებში 5%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახეს.

ასევე ნახეთ გახარია ამბობს, რომ მისი პარტია პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს

პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ჯერ კიდევ გუშინ, 26 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე თქვა ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიამ - „გახარია საქართველოსთვის“.

„როგორც პარლამენტის პირველი სხდომა ჩატარდა საერთაშორისო ლეგიტიმაციის და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების გარეშე, პრეზიდენტის 29 დეკემბერს დანიშნულ ინაუგურაციას არ უნდა დაესწროს დემოკრატიული სამყაროს წარმომადგენლობა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, ივანიშვილი შეეცდება, ეს გამოიყენოს გაყალბებული არჩევნების, უკანონო პარლამენტის, უკანონო მთავრობის და უკანონოდ არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმაციის და აღიარების მისაღებად“, - თქვა გახარიამ.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომელთა სადეპუტატო უფლებამოსილება 25 ნოემბერს ცნო მათ მიერ არაღიარებულმა პარლამენტმა, ავტომატურად მაინც მოხვდებიან კოლეგიის სიაში, თუკი მანდატების გაუქმება არ მოესწრო.

ასევე ნახეთ „კოალიცია ცვლილებისთვის“ 19-მა წევრმა პარლამენტს მანდატების დატოვების მოთხოვნით მიმართა

როგორც „სამართლიანი არჩევნების“ უფროსი მკვლევარი შოთა ნარსია ეუბნება რადიო თავისუფლებას, კოლეგიის შემადგენლობაში ავტომატურად მოხვდება ყველა დეპუტატი, რომელსაც მოცემული მომენტისთვის აქტიური მანდატი აქვს - მიუხედავად იმისა, შევიდა თუ არა ის პარლამენტში. კოლეგიის შემადგენლობაში მათ მოხვედრას პირადი თანხმობა არ ესაჭიროება.

იმ ოპოზიციური პარტიების კვოტებს, რომლებიც კოლეგიაში საკრებულოებიდან არ წარადგენენ წევრებს, ცესკო სხვა პარტიებზე გადაანაწილებს და თუ ყველა დანარჩენმა უარი განაცხადა - ბოლოს 55-ვე ადგილს „ქართული ოცნება“ შეავსებს.

საარჩევნო კოდექსის თანახმად - არჩევნების პირველი ან მეორე ტური შემდგარად ჩაითვლება, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

  • პრეზიდენტის ასარჩევად აუცილებელია 200 ხმა.
  • თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას.
  • გაიმარჯვებს ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.
  • „ქართულმა ოცნებამ“ თავის დადგენილებაში მოითხოვა, რომ მეორე ტურიც, საჭიროების შემთხვევაში, ასევე 14 დეკემბერს გაიმართოს.

როგორი უნდა იყოს იქნება "ოცნების" პრეზიდენტი

„ორი პარასკევი აქვს დარჩენილი“ - პრეზიდენტ ზურაბიშვილის მისამართით ამ ფრაზას ბოლო დროს ხშირად იმეორებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები.

ამ „ორი პარასკევის“ შემდეგ, სახელისუფლებო პარტია შეცვლის კიდევ ერთ ურჩ პრეზიდენტს, რომელთან დაპირისპირებამაც 2023 წლიდან პიკს მიაღწია; პრეზიდენტი ზურაბიშვილი მმართველ პარტიას ღიად ადანაშაულებს არჩევნების „მოპარვაში“, რუსეთის ინტერესების გატარებაში, ცდილობს ოპოზიციური ძალების კოორდინირებას, „ოცნების“ ნებართვის გარეშე დადის ევროპის დედაქალაქებში, ევროინტეგრაციის შესახებ საერთაშორისო პარტნიორებთან სალაპარაკოდ, რის გამოც მისი იმპიჩმენტი "ოცნებამ" ორჯერ განიზრახა.

„ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტი ერთხელ უკვე უშედეგოდ სცადა, 2023 წელს, მაგრამ პარლამენტში ხმები არ ეყო [100 ხმა]. იმპიჩმენტი 2024 წლისთვისაც დააანონსა, მაგრამ სახელისუფლებო პარტიამ, ცესკოს შედეგებით, არჩევნებში მხოლოდ 89 ხმა მოიპოვა.

ასევე ნახეთ მდინარაძე: პრეზიდენტობის ისეთ კანდიდატს დავასახელებთ, რომელიც გამორიცხავს ვარაუდს, რომ მანაც არ გაამართლოს

„ოცნების“ წარმომადგენლებმა ამ დღეებში ჩამოთვალეს აუცილებელი თვისებები, რომლებიც მათ რჩეულ საპრეზიდენტო კანდიდატს აქვს:

ასეთ კანდიდატად ივანიშვილმა მიხეილ ყაველაშვილი დაასახელა - ანტიდასავლური განცხადებებით გამორჩეული ყოფილი ფეხბურთელი „ოცნების“ პოლიტიკური განაყოფიდან - „ხალხის ძალა“, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებში „ოცნების“ სიით იყრიდა კენჭს.

ასევე ნახეთ მიხეილ ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება

„საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა ვის აირჩევენ - ზებრას თუ პინგვინს“, - „ოცნების“ კანდიდატურის დასახელებამდე უთხრა რადიო თავისუფლებას ანალიტიკოსმა გია ხუხაშვილმა:

„ჩვენ ვიმყოფებით პიროვნების კულტის აყვავების პირობებში და არანაირი მნიშვნელობა არა აქვს მომავალ პრეზიდენტს - ინსტიტუტები მთლიანად არის უზურპირებული. ერთადერთი მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი იყო პრეზიდენტის ინსტიტუტი და, ფაქტობრივად, ახლა მიდის მისი გაუქმების პროცესი. ყველა ინსტიტუტი მიტაცებულია, ახლა ამასაც მიიტაცებენ“.

ასევე ნახეთ პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება
  • კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქე 40 წლის ასაკიდან, რომელსაც საქართველოში უცხოვრია 15 წელი მაინც.
  • საქართველოს პრეზიდენტს 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით, საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
  • არჩევნებს ატარებს პარლამენტი, ცესკოს დახმარებით.

„საპარლამენტო რესპუბლიკის ლოგიკა სწორედ ის არის, რომ პირდაპირ [საყოველთაო არჩევნებით] არ აირჩიონ პრეზიდენტი. მისი უფლებები თანაზომიერი უნდა იყოს არჩევითობასთან. როცა პირდაპირი გზით არჩევითია, მაშინ მეტი უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს“, - კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ არაპირდაპირი გზით არჩევა საპარლამენტო რესპუბლიკაში ლეგიტიმაციის დაბალ ხარისხს არ ნიშნავს, მაგრამ სხვა საკითხია საქართველოს რეალობა და ის, როგორი იქნება მომავალი პრეზიდენტის პოლიტიკური როლი.

ასევე ნახეთ როგორ აირჩევა მომავალი პრეზიდენტი?

აჩქარება და ვადების ლაბირინთი

დაახლოებით ორი კვირის წინ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ვარაუდობდა, რომ პრეზიდენტის არჩევნები იანვარში ჩატარდებოდა; მაგრამ ახლა უკვე გადაწყვეტილია, რომ არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ხოლო ინაუგურაცია - 29 დეკემბერს.

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, თუ პრეზიდენტის არჩევნები ემთხვევა პარლამენტის არჩევნებს, პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის განმავლობაში.

ერთპარტიული პარლამენტის პირველი სხდომა „ოცნებამ“ 25 ნოემბერს გამართა, 26 ნოემბერს - პრეზიდენტის არჩევნების თარიღი გამოაცხადა, ხოლო უკვე 27 ნოემბერს - კანდიდატის ვინაობაც დაასახელა.

რატომ იჩქარა "ქართულმა ოცნებამ"?

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა 26 ნოემბერს განმარტა, რომ თუკი პრეზიდენტის არჩევა და ინაუგურაცია წელსვე ვერ მოესწრება, დაირღვევა კონსტიტუციის პრინციპი, რადგან პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა, 5 წლის ნაცვლად, 6 წელი გამოვა

ეს ლოგიკა გასაგებია იურისტებისთვის, ვისაც რადიო თავისუფლება ელაპარაკა.

„პრეზიდენტის არჩევნები ტარდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვის კალენდარული წლის ოქტომბერში. არჩევნები 2025 წლის იანვარში რომ ჩატარდეს და ინაუგურაცია ჩატარდეს და უფლებამოსილების ცნობაც 2025 წელს მოხდეს, 5-წლიანი ვადა 2030 წლის იანვარში ამოიწურება, მაგრამ არჩევნები ოქტომბრამდე ვერ ჩატარდება და ასეთი პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა 5 წელიწადი და 11 თვე გამოვა. თუკი წელს მოესწრება არჩევა და ინაუგურაცია, მაშინ 2029 წლის ოქტომბერში ჩატარდება შემდეგი არჩევნები და უფლებამოსილების ვადა გამოვა 5 წლამდე“, - განმარტავს კონსტიტუციონალისტი კოტე ჩოკორაია.

თუმცა იურისტების ყურადღება მიიპყრო ასევე საარჩევნო კოდექსში გაწერილმა ვადებმა:

  • „საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-20 დღისა“.
  • „[კანდიდატის წარდგენა ხდება] კოლეგიის შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა“.
  • „საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას განკარგულებით ამტკიცებს ცესკო არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-40 დღისა“.

26 ნოემბერს, როცა პრეზიდენტის არჩევნების თარიღი გამოცხადდა, ეს ვადები უკვე ამოწურული იყო, მაგრამ არცერთი ეს პროცედურა ჯერ გავლილი არ იყო.

26 ნოემბერს, საღამოს გაირკვა, რომ ცესკომ, სხდომაზე, ორგანულ კანონში გაწერილი ვადები დადგენილებით შეცვალა.

ცესკოს სხდომაზე დამტკიცებული ახალი ვადების თანახმად, პროცედურები მნიშვნელოვნად დაჩქარდა:

  • პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენისთვის დაწესდა ახალი ვადა - არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-9 დღისა (5 დეკემბერი).
  • ასევე ახალი ვადაა კანდიდატის რეგისტრაციაში გატარებისთვის - არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (8 დეკემბერი).
  • საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობის [განკარგულებით] დამტკიცებისთვის ცესკოს განესაზღვრა ვადა არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (3 დეკემბერი).
  • უფლებამოსილი პარტიებისთვის კოლეგიის წევრების წარსადგენად - 2-დღიანი ვადა არჩევნების დანიშვნის დღიდან აითვლება [საარჩევნო კოდექსში განსაზღვრულია 10-დღიანი ვადა].
  • საქართველოს პარლამენტის, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოებისთვის - ასევე 2-დღიანი ვადა, კოლეგიის წევრებად სრული შემადგენლობის წარსადგენად [საარჩევნო კოდექსით განსაზღვრულია 7-დღიანი ვადა].

დადგენილებაში "საქართველოს პრეზიდენტის 2024 წლის 14 დეკემბრის არჩევნებისათვის ზოგიერთი საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების განსაზღვრის შესახებ" ცესკო, მათ შორის, მიუთითებს 30-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც:

საარჩევნო კოდექსის თანახმად, ცესკოს დადგენილება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომლის მიღებაც შეიძლება მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში. დადგენილების მიღება შეიძლება აგრეთვე გამონაკლის შემთხვევაში, არჩევნების დაწყებიდან მის დასრულებამდე, თუ აუცილებელი აღმოჩნდა ამ კანონით განუსაზღვრელი და არჩევნების ჩატარებისთვის აუცილებელი საკითხების გადაწყვეტა. დადგენილებით შეიძლება მიღებულ იქნეს ცალკეული საარჩევნო პროცედურის აღმწერი ინსტრუქციაც, რომელიც არ უნდა შეიცავდეს ამ კანონით დადგენილისგან განსხვავებულ ან ახალ ნორმას და რომელიც შეიძლება შეიცავდეს მხოლოდ ამ კანონით დადგენილი პროცედურის დაწვრილებით აღწერას.

ცესკოს სამართლებრივი აქტი შესაძლოა გასაჩივრდეს 2 დღის ვადაში - როგორც საქალაქო სასამართლოში, ასევე სააპელაციოში.

ცესკოს დადგენილებაში წერია, რომ - პრეზიდენტის არჩევნები [პირველი ტური] იმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 9 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14 საათზე.