Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება


ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების სხვა დეპუტატები მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე. 25 Nოემბერი, 2024
ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ქართული ოცნების სხვა დეპუტატები მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე. 25 Nოემბერი, 2024

საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება. დადგენილების პროექტს პარლამენტმა დღეს, 26 ნოემბერს, პლენარულ სხდომაზე უყარა კენჭი. პროექტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა წარადგინა.

ამავე დადგენილებით, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღედ 29 დეკემბერი განისაზღვრა. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, თუ მეორე ტურის გამართვა გახდება საჭირო, ის ჩატარდება იმავე დღეს, 14 დეკემბერს.

„საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, როდესაც ემთხვევა საპარლამენტო არჩევნები პრეზიდენტის არჩევნებს, ამ შემთხვევაში მაქსიმუმ 45 დღეში უნდა ჩატარდეს პრეზიდენტის არჩევნები. ამასთან, იმისთვის, რომ პრეზიდენტი არჩეული იქნას 5 წლის ვადით, მნიშვნელოვანია, რომ წელსვე როგორც არჩევნები, ისე ინაუგურაცია ჩატარდეს. სხვა შემთხვევაში არ შესრულდებოდა კონსტიტუციის განაწესი 5-წლიან ვადასთან დაკავშირებით და ფაქტობრივად გვეყოლება 6 წლით არჩეული პრეზიდენტი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე.

საკითხს კენჭი პლენარულ სხდომაზე უყარეს. მომხრე 80 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი - არავინ.

საქართველოს მოსახლეობა წელს პირველად არ აირჩევს საქართველოს პრეზიდენტს პირდაპირი წესით - არჩევნებზე ხმის მიცემით. ხალხის ნაცვლად პრეზიდენტს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომელშიც 300 კაცი შედის: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 ადამიანი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.

საქართველოს მომავალი პრეზიდენტი 5 წლის ვადით აირჩევა.

პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არა ნაკლებ 30 წევრს. თითოეულმა დელეგატმა პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ერთ წევრი უნდა წარადგინოს და ხმაც ერთს მისცეს. არჩევნები პარლამენტში გაიმართება.

პრეზიდენტის ასარჩევად აუცილებელია 200 ხმა. მაგრამ თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, ჩატარდება მეორე ტური, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. გაიმარჯვებს ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 2018 წლის 16 დეკემბერს თელავში გაიმართა. საპრეზიდენტო არჩევნებში ის ოფიციალურად დამოუკიდებელ კანდიდატად იყო წარდგენილი, თუმცა „ქართული ოცნება“ უჭერდა მხარს.

ტექსტი განახლდა პლენარულ სხდომაზე დადგენილების მიღების შემდეგ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG