Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ აირჩევა მომავალი პრეზიდენტი?


პრეზიდენტის არჩევნები - ფოტოილუსტრაცია
პრეზიდენტის არჩევნები - ფოტოილუსტრაცია

2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზეა დამოკიდებული ისიც, ვინ იქნება საქართველოს მომავალი პრეზიდენტი. წელს პირველად პრეზიდენტს ხალხი აღარ აირჩევს.

ვინ შეიძლება გახდეს პრეზიდენტი?

საქართველოს მოქალაქე, რომელიც უკვე 40 წლისაა და საქართველოში 15 წელი მაინც უცხოვრია.

რამდენი წლით აირჩევა?

5 წლით.

პრეზიდენტის უფლებამოსილებაც იცვლება?

პრეზიდენტი ისევ არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი. ის ასევე არის თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალიც.

თუ ხალხი არა, აბა, ვინ ირჩევს პრეზიდენტს?

საარჩევნო კოლეგია. საარჩევნო კოლეგიაში 300 კაცი შედის: საქართველოს პარლამენტის ყველა წევრი (150 დეპუტატი), აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (20 დეპუტატი), აჭარის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრი (21 დეპუტატი) და 109 ადამიანი მუნიციპალიტეტების საკრებულოებიდან.

ცხინვალის რეგიონიდან ჩვენ დეპუტატები არ გვყავს, რადგან მას არ ჰქონდა ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, მხოლოდ - ოლქის და ისიც პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ გააუქმა.

როგორ შეირჩევა წარმომადგენლები საკრებულოებიდან?

მუნიციპალური არჩევნები 2021 წელს ჩატარდა და ყველა პარტიას, რომელმაც ამ არჩევნებში 1 პროცენტი მაინც მიიღო, შეუძლია საარჩევნო კოლეგიაში დელეგატი წარადგინოს. დელეგატების რაოდენობა მიღებული პროცენტების პროპორციულად ნაწილდება.

„ცესკოს განკარგულება ჯერ გამოცემული არ არის, მაგრამ წინასწარ მაინც შეგვიძლია დავითვალოთ, რადგან განაწილების წესი კანონმა უკვე განსაზღვრა. ჩვენი დათვლით, 55 დელეგატი ოპოზიციიდან არის, 54 კი - „ქართული ოცნებიდან“, - ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ უფროსი მკვლევარი შოთა ნარსია.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, საკრებულოებიდან მანდატები ასე გადანაწილდება:

  • „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 54 დელეგატი
  • „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 36 დელეგატი
  • „გახარია საქართველოსთვის“ - 9 დელეგატი
  • „ლელო“ - 4 დელეგატი
  • „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ - 2 დელეგატი
  • „მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებელი“ - 1 დელეგატი
  • „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 1 დელეგატი
  • „შალვა ნათელაშვილი - საქართველოს ლეიბორისტული პარტია“ - 1 დელეგატი
  • „ზურაბ გირჩი ჯაფარიძე: გირჩი - მეტი თავისუფლება“ - 1 დელეგატი.

როგორ აირჩევა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები?

აფხაზეთის დეპუტატები ბოლოს აფხაზეთის ტერიტორიაზე 1991 და 1992 წლებში აირჩიეს და მას შემდეგ იგივე ადამიანები არიან. თავიდან მათი რაოდენობა 36 იყო. 15 დეპუტატი გარდაიცვალა. ერთს, ეთერ ასტემიროვას, უფლებამოსილება შეუწყდა 2003 წელს, როდესაც ის საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრად დაინიშნა. დღეს აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში 20 დეპუტატია დარჩენილი.

როგორ აირჩევენ აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებს?

მათი არჩევნებიც 2024 წლის 26 ოქტომბერს ტარდება, საქართველოს საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. არჩევნები აჭარაშიც პროპორციულია. აქ 21 დეპუტატს ირჩევენ.

არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საარჩევნო კომისიას თოთხმეტმა პარტიამ მიმართა. პარტიული სიების წარდგენის ბოლო ვადა 26 სექტემბერია. თუ პარტიები სიებს არ წარადგენენ, რეგისტრაცია გაუუქმდებათ. ამის გამო შესაძლებელია, უშუალოდ არჩევნებში მონაწილეობა თოთხმეტზე ნაკლებმა პარტიამ მიიღოს.

„საარჩევნო კოლეგიაში აფხაზეთის დელეგატები ვინ იქნებიან, სახელებით და გვარებით ვიცით. ასევე ვიცით, საკრებულოებიდან რომელი პარტია რამდენ წევრს დანიშნავს, თუმცა კონკრეტულად ვის - ჯერ უცნობია. დანარჩენების ვინაობას უკვე 26 ოქტომბრის არჩევნები განსაზღვრავს. აჭარაშიც პირველად ტარდება პროპორციული არჩევნები, ამიტომ ვფიქრობ, ის საკმაოდ კონკურენტული იქნება. თუმცა, გადამწყვეტი როლი აქ მაინც საქართველოს პარლამენტის შემადგენლობას ეკისრება. რომელი ძალაც მოიგებს არჩევნებს, საარჩევნო კოლეგიაშიც ის იქნება უმრავლესობაში“, - ამბობს შოთა ნარსია.

როგორ ტარდება პრეზიდენტის კენჭისყრა?

არჩევნები პარლამენტში გაიმართება. პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს საარჩევნო კოლეგიის არა ნაკლებ 30 წევრს. თითოეულმა დელეგატმა პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ერთ წევრი უნდა წარადგინოს და ხმაც ერთს მისცეს.

რამდენი ხმა სჭირდება პრეზიდენტს?

ორი მესამედი ანუ 200 ხმა. მაგრამ თუ კანდიდატებიდან 200 ხმა ვერავინ მოაგროვა, მეორე ტური ჩატარდება, რომელშიც ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას. გაიმარჯვებს ის, ვისაც მეტ ხმას მისცემენ.

„ძალიან რთულია იმის თქმა, ვისი კანდიდატი გაიმარჯვებს საპრეზიდენტო არჩევნებში, რადგან ამას სამი არჩევნები განსაზღვრავს. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების გათვალისწინებით, დღეს „ქართულ ოცნებას“ მცირე უპირატესობა აქვს, მაგრამ საბოლოო შედეგი მაინც 26 ოქტომბრის არჩევნებზეა დამოკიდებული. ვინც აქ მიიღებს უმრავლესობას, ის განსაზღვრავს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგსაც“, - ამბობს კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.

როდის გაიმართება პრეზიდენტის არჩევნები?

კონსტიტუციაში წერია, რომ „პრეზიდენტის უფლებამოსილების ვადა იწურება კალენდარული წლის ოქტომბერში“, მაგრამ წელს ასე ვერ მოხდება, რადგან პრეზიდენტი ახალმა პარლამენტმა უნდა აირჩიოს. პრეზიდენტის არჩევნები ახალი პარლამენტის არჩევისა და პირველი სესიის ჩანიშვნის შემდეგ ჩატარდება. არჩევნების თარიღს ნიშნავს პარლამენტი, ხელმეორე არჩევნებისას - პარლამენტის თავმჯდომარე.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG