„ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამა“, - სახეზე ღიმილით დაახასიათა ყაველაშვილი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა წარდგენისას, 27 ნოემბერს, დილის 11 საათზე, პარტიის პოლიტსაბჭოს 14 მამაკაცი და სამი ქალი წევრით გარშემორტყმულმა.
ივანიშვილმა ყაველაშვილის სხვა თვისებებიც ჩამოთვალა: პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი, პრინციპების ერთგულება და ხაზი კანდიდატის სპორტულ მიღწევებს, საფეხბურთო კარიერას გაუსვა თბილისის "დინამოში", ვლადიკავკაზის "ალანიაში", მანჩესტერის "სიტიში" და შვეიცარიის კლუბებში. თქვა ისიც, რომ პრეზიდენტობის კანდიდატი რამდენიმე ქვეყნის (საქართველო, რუსეთი, შვეიცარია) საფეხბურთო ჩემპიონია.
ამ სტატიაში მოგიყვებით, რით დაამახსოვრა მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას თავი პოლიტიკაში.
.
სტადიონიდან პარლამენტში - პირველი გამოჩენა
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტში 2016 წელს მოხვდა.
„ქართული ოცნების“ თბილისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები იმ წლის აგვისტოში, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დაასახელა და ყაველაშვილიც მათ შორის იყო. მაშინ ის სანზონის რაიონის დეპუტატი გახდა. 2019 წელს კი, ყაველაშვილი იმ, ე.წ. ამბოხებულ დეპუტატთა შორის იყო, ვინც პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა.
2020 წელს მიხეილ ყაველაშვილი, რომელსაც იმ დროს უკვე პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ეკავა, სოლიდარობას უცხადებს საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტანს თორნიკე შენგელიას, რომელმაც კარიერის მოსკოვის „ცსკა“-ში გაგრძელება გადაწყვიტა - ამ ამბავს მაშინ საქართველოში უკმაყოფილება და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კრიტიკაც მოჰყვა.
ამავე წელს, ყაველაშვილი მეათე მოწვევის პარლამენტის წევრი ხდება, ისევ მაჟორიტარული სიით.
ორი წლის შემდეგ, 2022-ში, მიხეილ ყაველაშვილმა საზოგადოებას თავი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას შეგინებით დაამახსოვრა - მან ოპოზიციის მისამართით შეიგინა, რისთვისაც მისთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვდნენ. მოგვიანებით დეპუტატი ირწმუნებოდა, კი არ შევიგინე, დავიგინეო.
თუმცა ეს არ არის პარლამენტში ყაველაშვილის ჩხუბისა და გინების ერთადერთი შემთხვევა. კიდევ ერთი ასეთი ინციდენტი "ხალხის ძალის" მიერ „აგენტების კანონპროექტის“ წარდგენას მოჰყვა, როცა სესიაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მიხეილ ყაველაშვილი და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე. ვაშაძემ ყაველაშვილს მოღალატე უწოდა, ყაველაშვილმა საპასუხოდ შეაგინა.
ვიდეოარქივი ინახავს პარლამენტში მომხდარი კიდევ ერთი ჩხუბის კადრებს, როცა 2021 წელს, ერთმანეთს მიხეილ ყაველაშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ სიის დეპუტატი გუბაზ სანიკიძე დაუპირისპირდნენ.
2022 წლის აგვისტოში, მიხეილ ყაველაშვილი პარტია „ქართული ოცნების“ სამ წევრთან, სოზარ სუბართან, დიმიტრი ხუნდაძესა და გურამ მაჭარაშვილთან ერთად აფუძნებს მოძრაობა „ხალხის ძალას“ - ეს ის პერიოდია, როცა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია.
“ხალხის ძალა” – “აგენტების კანონის” ინიციატორი
“ხალხის ძალა” აცხადებდა, რომ მათი მიზანი "საზოგადოების სიმართლით აღჭურვა იყო და “ოცნება” სწორედ იმიტომ დატოვეს, რომ "მათი მხრიდან გარკვეულ თემებზე საჯაროდ საუბარი მმართველ გუნდს უხერხულობას შეუქმნიდა”.
ეს "გარკვეული თემები" ძირითადად დასავლეთის პარტნიორების საქართველოსთან ურთიერთობაა. ყაველაშვილმა პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენისას მათ საქართველოს არაკეთილმოსურნე "მეგობრები" უწოდა.
2022 წლიდან მისმა ახალმა, "სიმართლის თქმისთვის" "ოცნებიდან" ფორმალურად გამოყოფილმა ჯგუფმა, დაიწყო ლაპარაკი დასავლეთის დაკვეთით დაგეგმილ რევოლუციურ სცენარებზე, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე, როგორც "სათაგურზე საქართველოსთვის", მღელვარების გამოსაწვევად და რევოლუციის მოსაწყობად, დასავლეთის შანტაჟზე, საქართველოში მეორე ფრონტის გასახსნელად.
“ხალხის ძალა”, 2024 წელს პოლიტიკურ პარტიად დარეგისტრირებამდეც, იმთავითვე გამოირჩეოდა ანტიდასავლური რიტორიკითა და საქართველოში აშშ-ის მაშინდელ ელჩზე, კელი დეგნანზე სიტყვიერი თავდასხმებით.
სწორედ მიხეილ ყაველაშვილმა მისწერა კელი დეგნანს წერილი “საქართველოს ომში ჩართვის ნარატივი არა რუსეთის უშიშროების ფედერალური (ეფესბე) სამსახურიდან, არამედ აშშ-ის საელჩოსგან დაფინანსებული და მხარდაჭერილი ადამიანებისგან ისმისო”.
2023 წელს, სწორედ „ხალხის ძალის“ ინიციირებული იყო „აგენტების კანონი“, რომელსაც ქვეყანაში მრავალათასიანი პროტესტი მოჰყვა.
კანონი, რომელიც პარლამენტმა ჯერ პირველი მოსმენით მიიღო, შემდეგ პროტესტის ფონზე უკან გაიწვია. თუმცა, ერთი წლის შემდეგ, 2024 წლის მაისში, რუსული სტილის “აგენტების კანონი” პრაქტიკულად უცვლელად, მხოლოდ სიტყვა "აგენტის" ჩანაცვლებით, ისევ დაბრუნდა საკანონმდებლო ორგანოში და ის მაინც მიიღეს.
მიხეილ ყაველაშვილი ამ კანონის მხურვალე მხარდამჭერი და ხელმომწერია.
მან, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, "უსამშობლო ხალხი" უწოდა ოპოზიციას, ვინც “აგენტების შესახებ” კანონპროექტებს აკრიტიკებდა, და თქვა, რომ “მისი თვითმიზანი არაა ევროკავშირი”.
აცხადებდა, რომ „ხალხის ძალა“ ყოველთვის ჩასაფრებული იქნებოდა, რომ „ევროკავშირმა ისეთ დათმობებზე წასვლა არ აიძულოს ხელისუფლებას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს დააზიანებსო”.
გინება პარლამენტის ტრიბუნიდან, წერილი აშშ-ის ელჩს, "გლობალური ომის პარტია" და ყაველაშვილის ცნობილი ფრაზები:
“ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მე ამაყი ვარ და ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ გამოწვეულ ეპოქაში, ჩვენი ქვეყნის დაცვა მიწევს ამ ადამიანთან ერთად, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ნდობა მომანიჭა”.
ოპოზიციასა და “აგენტების კანონზე”:
“რუსულს რატომ ეძახიან, იცი? იმიტომ, რომ ქართული არ იციან, უსამშობლო ხალხია… ქართველი ერი და ქართველი ერის უკვდავებაა ჩემი თვითმიზანი, საქართველოს მარადიულობაა. ჩემთვის საშუალებაა ევროკავშირი, რომ რაღაცებს ვეზიაროთ… რისიც მჯეროდა, ღირებულებები, ფასეულობები, სადაც ჩვენი იდენტობით, კულტურით უნდა შევიდეთ. ის კი არა, აგერ რომ მეუბნება, ცალი ფეხით უნდა იდგე, თუ გეტყვიანო და მაგით უნდა შეხვიდე ევროკავშირშიო. ეგ განსხვავებაა".
ენათმეცნიერ მზექალა შანიძისა და ფეხბურთელ შოთა არველაძის შეფასებებზე “აგენტების კანონზე:
“აქ დაასახელეს კლუბები, ზოგიერთი საზოგადო მოღვაწეც ამჩატდა და უკვე შეფასებებიც გააკეთა… კიდევ ბევრი ამჩატდა. კი, კი, ამჩატდა, სამწუხაროდ”.
„თუ ისეთი ცხოვრება გინდათ, რომ ვიღაცის მითითებით ვიყოთ და ევროპა რასაც გვეტყვის, ის აპრიორი სამართლიანი და ჭეშმარიტებაა, არ მინდა ასეთი ევროპა“.
„ევროკავშირი ჩვენი თვითმიზანი კი არ არის, ევროკავშირი მე იმიტომ მინდა, რომ ეს სამართლიანობა იყოს დაცული. მე ვერავინ მიმითითებდეს, რომ ანტისახელმწიფოებრივი და ანტიკანონიერი ქმედება ჩავიდინო, იმიტომ, რომ თუ ამას გავაკეთებ, მე ევროკავშირის წევრი ვერ გავხდები“’.
წერილი ამერიკის ყოფილ ელჩს, კელი დეგნანს:
„ნარატივი იმის შესახებ, რომ ამერიკას საქართველოს ომში ჩართვა უნდა, არა ეფესბეს სახელმძღვანელოებში, არამედ თქვენგან დაფინანსებული თუ თქვენთან აფილირებული ადამიანების განცხადებებსა და მათგან თქვენ არგამიჯვნაში უნდა ვეძებოთ. რატომ უწყობენ ხელს თქვენი დაფინანსებული თუ თქვენს მიერ მოწონებული ენჯეოები, პარტიები და ტელევიზიები საქართველოში ეფესბეს ნარატივის გამყარებას, ჩემთვის სრულიად გაუგებარია“.
„სამარცხვინო ქალბატონების ქცევა კომიტეტის სხდომაზე მთელმა საქართველომ იხილა, თუ რა არის ველურობა და როგორ არ უნდა იქცეოდეს, მით უმეტეს, ქალი“.
„2008 წლის ომში, მთელი საზოგადოება, ის ოპოზიცია, რომელიც გალახეთ, სცემეთ, მოკალით, ყველა ერთხმად დაგიდგათ გვერდზე, მორატორიუმი გამოცხადდა და ყველა ერთად ვიდექით მაშინ და რა დღეში ხართ ახლა, რას გავხართ?... ჩვენ და თქვენ შორის ვინც რუსული საქმე გააკეთა და დღემდე აკეთებს, იმის დედას შევე*ი მე“.
ბიძინა ივანიშვილის ბოდიშზე ოსების მიმართ:
„სწორედ ძლიერ, ვაჟკაც, გამბედავ ადამიანებს შეუძლიათ, აღიარონ დანაშაული და ერთმანეთს მიუტევონ. ეს გზავნილი იყო ჩვენგან და ბიძინა ივანიშვილისგან, რომ ჩვენ მზად ვართ ბოდიში მოვიხადოთ, მივუტევოთ ერთმანეთს და ერთიან სივრცეში გავაგრძელოთ თბილი და მეგობრული ცხოვრება“.
„სპორტის თვალსაზრისით მინდა, გითხრათ, რომ ასეთი მხარდაჭერა აქვს სპორტს და დღე არ გავა, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა მაღალ შედეგს არ მიაღწიონ და გახარებულები ვართ სუყველა… სპორტსმენები უკვე დიდი ხანია, ევროკავშირში ვართ“.
„დამისახელეთ ერთი სახელმწიფო, რომელიც საქართველოზე მეტს აკეთებს უკრაინისთვის. დამისახელეთ, ოღონდ შესაძლებლობებიდან გამომდინარე. შესაძლებლობა იცით, რას გულისხმობს? აი, რა შესაძლებლობაც აქვს ქვეყანას, იქიდან გამომდინარე“.
„თუ ჩვენ ასე მოგვახვევენ თავზე, რომ საქართველოს მოქალაქისთვის გიგაური (ეკა) უფრო მეტს წარმოადგენს, ვიდრე მოსახლეობის მიერ არჩეული პოლიტიკოსი, ეს სიმახინჯე უნდა დავამთავროთ ქვეყანაში, ესაა პრობლემა. დამისახელეთ ერთი ქვეყანა, სადაც ამდენის უფლება აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს“.
„პრეზიდენტი ზურაბიშვილი დიდი ხანია რადიკალური ოპოზიციის ლიდერად ჩამოყალიბდა. რაც შეეხება „ფრანკლინის კლუბს“, ეს არის არასამთავრობო, რადიკალური, ახალგაზრდული ორგანიზაცია (ვიცით როგორ ამზადებდნენ ახალგაზრდებს აქციებისთვის). ახლა უკვე ორივე ერთი ძალა გახდა და არჩევნებისთვის როლების გადანაწილება და კონსულტაციები მიმდინარეობს. შესაბამისად, აქ გასაკვირი არაფერია. ეს ადამიანი, სალომე ზურაბიშვილი, დიდი ხანია ამ [რადიკალურ] ძალას წარმოადგენს“.
„სამწუხარო არის, რომ „გლობალური ომის პარტია“ და რიგი დასავლელი პარტნიორი პირდაპირ აძლევენ თავს უფლებას, ჩაერიონ საქართველოს შიდა საქმეებში. სწორედ რადიკალური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი აღმოაჩნდა მათი დავალებების შემსრულებელი“.
„ახალგაზრდა ჟურნალისტები, რომლებიც ფეიქზე ჩასაფრებულები არიან, თქვენს სინდისზე იყოს, ჩემს ნათქვამს როგორც აჟღერებთ. თქვენ ხართ ჩასაფრებული ადამიანები, ერთი ფრაზა რომ წამოცდებათ ადამიანებს, უნდა გაიქცეთ, მიაწოდოთ თქვენს ტელევიზიებს, ის გააშუქოთ და მერე მთელი საზოგადოება უნდა დარაზმოთ ყაველაშვილის ფრაზაზე. ყაველაშვილი იძახის იმას, რაც გულში აქვს“.
ბიოგრაფია მოკლედ - პოლიტიკა და სპორტი
მიხეილ ყაველაშვილი 53 წლისაა, ის 1971 წელს, ბოლნისში დაიბადა.
ღია წყაროებში ვკითხულობთ, რომ 1989 წელს ის ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, თუმცა უმაღლესი განათლების დიპლომი არ აქვს.
პარლამენტის ვებსაიტზე (ყაველაშვილი პარლამენტის მოქმედი დეპუტატია), ყაველაშვილის პირად გვერდზე განათლების გრაფა ცარიელია.
2015 წელს მიხეილ ყაველაშვილმა კენჭი ვერ იყარა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად იმ მიზეზით, რომ უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა.
„საბჭოთა კავშირის პერიოდში ისეთი სისტემა იყო, რომ წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთელს უმაღლესი განათლება მიეღო. ეს პრაქტიკა არსებობს მთელს მსოფლიოში. უეფას პრეზიდენტს, პლატინსაც არ აქვს უმაღლესი განათლება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განზრახ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში და ვეცდები ჩემი სიმართლის დამტკიცებას. დებულება ორი წლის წინ მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ და მოვითხოვ მის გაუქმებას“, - თქვა 2015 წელს მიხეილ ყაველაშვილმა.
ყაველაშვილი არ არის პირველი ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს. ლიბერიას 2018-2024 წლებში ჰყავდა პრეზიდენტი, ჯორჯ ვეა, 1995 წელს, პირველი და ერთადერთი „ოქროს ბურთის“ მფლობელი და ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელი აფრიკის კონტინენტიდან.
ვეას, მილანის, პარი სენ ჟერმენის, მანჩესტერ სიტის, ჩელსისა და სხვა ცნობილი კლუბების ყოფილ ფეხბურთელს, 2005 წელს, როდესაც პირველად იყარა კენჭი ლიბერიის პრეზიდენტად, და ჰარვარდის განათლებამიღებულ ოპონენტთან დამარცხდა, ასევე აკრიტიკებდნენ უმაღლესი განათლების არქონის გამო.
მიხეილ ყაველაშვილს ჰყავს მეუღლე და ოთხი შვილი.
2024 წლის ქონებრივ დეკლარაციაში წერია, რომ ის ფლობს 22 000 დოლარად ნაყიდ ავტოფარეხს გაბაშვილის ქუჩაზე. სხვა უძრავ ქონებაზე ბოლოს შევსებულ დეკლარაციაში ინფორმაცია არ არის მითითებული. ამავე დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ მისი მეუღლე, თამარ ბაგრატიონი არის შპს „გეომაკის“ 40%-იანი წილის მფლობელი.
მიხეილ ყაველაშვილს მითითებული აქვს, რომ აიღო სამომხმარებლო სესხი, 84 000 ლარის ოდენობით და, რომ ხელფასის სახით აღებული აქვს 49 416 ლარი. სხვა გრაფები დეკლარაციაში ცარიელია.
ყაველაშვილის ქონებას იკვლევდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ფლანგვის დეტექტორიც“, რომელიც წერს, რომ ცალკეული ველები ცარიელია წინა წლების დეკლარაციებშიც, რაც, სავარაუდოდ, არ ასახავს მისი ქონების რეალურ სურათს.
„ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატის სპორტული კარიერა 1990 წლიდან იწყება.
მიხეილ ყაველაშვილის კარიერიდან ფეხბურთის ფანები ხშირად იხსენებენ „მანჩესტერ სიტიში“ მისი ყოფნის პერიოდს და ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატზე „მანჩესტერ იუნაიტედის“ კარში ყაველაშვილის მიერ გატანილ გოლს.
ყაველაშვილი იყო ერთ-ერთი პირველი ქართველი ფეხბურთელი, ვინც 1990-იან წლებში გავიდა საქართველოდან და გახდა დიდი გუნდის ლეგიონერი.
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია.
1988–1995 წლებში იყო „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი და სამჯერ გახდა საქართველოს ჩემპიონი.
სხვადასხვა წლებში თამაშობდა ისეთ საფეხბურთო კლუბებში, როგორებიცაა: „მანჩესტერ სიტი“, „გრასჰოპერი“, „ციურიხი“, „ლუცერნი“.
მიღებული აქვს შვეიცარიის სამწვრთნელო განათლების C კატეგორიის ლიცენზია და ასევე - უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია.
2009 წელს საქართველოში მსოფლიოს ფეხბურთელთა გაერთიანების (FIFPro) დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი გახდა.
უფრო დეტალურად კი, საქართველოს პარლამენტის ვებსაიტზე მისი სამუშაო გამოცდილების გრაფაში ვკითხულობთ, რომ:
- 2016 წელს, ის იყო საზოგადოებრივ მაუწყებელზე საფეხბურთო ექსპერტი.
- 2009 - დღემდე არის FiFPro-ს დამფუძნებელი და საპატიო პრეზიდენტი.
- 2005 – 2006 წლებში იყო - საფეხბურთო კლუბ „ბაზელის“ ფეხბურთელი.
- 2004 – 2005 წლებში - „არაუს“ ფეხბურთელი.
- 2004 წელს - „ალანია-ვლადიკავკაზი“ ფეხბურთელი.
- 2003 – 2004 წლებში - „სიონის“ ფეხბურთელი.
- 2002 – 2003 წლებში - „ლუცერნის“ ფეხბურთელი.
- 1999 – 2002 წლებში - „ციურიხის“ ფეხბურთელი.
- 1997 – 1999 წლებში - „გრასჰოპერის“ ფეხბურთელი.
- 1995 – 1997 წლებში - „მანჩესტერ სიტის“, ფეხბურთელი.
- 1994 – 1995 წლებში - „ალანია-ვლადიკავკაზის“ ფეხბურთელი.
- 1988 – 1995 წლებში - „დინამო თბილისის“ ფეხბურთელი.
სპორტული კარიერის დასრულების შემდეგ მიდის სწორედ მიხეილ ყაველაშვილი პოლიტიკაში და 2016–2020 წლებში მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი ხდება.
2024 წლის ნოემბრის ბოლოს კი ის „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატია.
საქართველოს მომავალი პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება.
პრეზიდენტის ინაუგურაცია 29 დეკემბერს უნდა გაიმართოს.