Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიხეილ ყაველაშვილის განათლების დამადასტურებელი ინფორმაცია ღია წყაროებში არ იძებნება


მიხეილ ყაველაშვილი - ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი
მიხეილ ყაველაშვილი - ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატი

„ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის განათლების დამდასტურებელი ინფორმაცია საჯარო წყაროებში არ იძებნება.

ყაველაშვილი პარლამენტის მოქმედი დეპუტატია. საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე, სხვა ინფორმაციასთან ერთად, გამოქვეყნებულია პარლამენტარების ბიოგრაფიული მონაცემები, რომლებშიც დეპუტატების სამუშაო გამოცდილებისა და განათლების შესახებ წერია.

მაგალითად, მიხეილ ყაველაშვილის თანაგუნდელ სოზარ სუბარს (ორივე წარმოადგენს ანტიდასავლური და ჰომოფობიური განცხადებებით ცნობილ პოლიტიკურ ჯგუფ „ხალხის ძალას“) ბიოგრაფიაში უწერია, რომ უმაღლესი განათლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღო. განათლების შესახებ ველი ცარიელია მიხეილ ყაველაშვილის შემთხვევაში.

მიხეილ ყაველაშვილის შესახებ პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია
მიხეილ ყაველაშვილის შესახებ პარლამენტის ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაცია

მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან. მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტში ის „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს. 2022 წელს მისი განათლებით დაინტერესდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“.

ორგანიზაციას პარლამენტიდან აცნობეს, რომ „პარლამენტის აპარატში არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, არ ინახება საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი“.

პარლამენტის მიერ IDFI-სთვის მიწოდებული ინფორმაცია
პარლამენტის მიერ IDFI-სთვის მიწოდებული ინფორმაცია

2015 წელს მიხეილ ყაველაშვილმა კენჭი ვერ იყარა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტად იმ მიზეზით, რომ იმ დროს უმაღლესი განათლების დამდასტურებელი დოკუმენტი არ ჰქონდა.

„საბჭოთა კავშირის პერიოდში ისეთი სისტემა იყო, რომ წარმოუდგენელი იყო, ფეხბურთელს უმაღლესი განათლება მიეღო. ეს პრაქტიკა არსებობს მთელს მსოფლიოში. უეფას პრეზიდენტს, პლატინსაც არ აქვს უმაღლესი განათლება. მე ვფიქრობ, რომ ეს არის განზრახ მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ჩემს წინააღმდეგ. ამიტომ ამ გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სასამართლოში და ვეცდები ჩემი სიმართლის დამტკიცებას. დებულება ორი წლის წინ მიიღო ფეხბურთის ფედერაციამ და მოვითხოვ მის გაუქმებას“, - თქვა 2015 წელს მიხეილ ყაველაშვილმა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატისგან განსხვავებით, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს არ მოეთხოვება უმაღლესი განათლება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ ყაველაშვილის დიპლომთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ კითხვას ასე უპასუხა:

„პარლამენტის წევრს შეიძლება დიპლომი არ სჭირდებოდეს, მაგრამ უფრო მეტად სახალხო, ქვეყნის ერთგული და პროფესიონალი იყოს. ეგერ ორ-ორი დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა“.

მიხეილ ყაველაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, 2022 წლის აგვისტოში დააფუძნა მოძრაობა „ხალხის ძალა“ - მაშინ, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდა. ოთხეულის მთავარი ამოცანა იყო „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“. მოძრაობა პირველივე დღეებიდან გამოირჩეოდა ანტიდასავლური რიტორიკით, თავს ესხმოდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩსაც.

მოძრაობამ 2022 წლის 26 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორის - აშშ-ის - საელჩო საქართველოს „ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს“.

2023 წელს „ხალხის ძალის“ ინიციირებული იყო „აგენტების კანონი“, რომელმაც ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში და, როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, ქვეყანა დააშორა ევროინტეგრაციას.

ტექსტი განახლდა მამუკა მდინარაძის კომენტარით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG