მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან. მე-9, მე-10 და მე-11 მოწვევის პარლამენტში ის „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენს.
„პატიოსნება, სამართლიანობა, პატრიოტიზმი და პრინციპების ერთგულება არის ის თვისებები, რომლებიც მიხეილ ყაველაშვილს განსაკუთრებულად გამოარჩევს. ის თავისი ბუნებით, თუ გნებავთ, ჰაბიტუსითაც, არის ქართველი კაცის საუკეთესო განსახიერება. ის არის შესანიშნავი მეუღლე და ოთხი შვილის მამა... დარწმუნებული ვარ, მიხეილ ყაველაშვილი სრულად დაუბრუნებს პრეზიდენტის ინსტიტუტს დროებით წართმეულ ღირსებას“, - თქვა ივანიშვილმა ყაველაშვილის წარდგენისას.
პრეზიდენტობის კანდიდატმა პარტიის საპატიო თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა.
„უპირველესად დავიწყებ მადლობით. განსაკუთრებული მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მე ამაყი და ბედნიერი ვარ, ასეთ რთულ ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა ამ ადამიანთან ერთად რომ მიწევს. დიდი მადლობა, რომ ეს ნდობა მომანიჭა. ასევე მადლობა ჩემს თანამებრძოლებს, „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, ნდობის გამოცხადებისთვის. რა თქმა უნდა, გათვითცნობიერებული მაქვს, რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია - და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას“, - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მის ბიოგრაფიაში ცარიელია ველი განათლების შესახებ. 2022 წლის 26 ივლისს საქართველოს პარლამენტმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტს აცნობა“, რომ „პარლამენტის აპარატში არ არის წარმოდგენილი და შესაბამისად, არ ინახება საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ ყაველაშვილი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი“.
საქართველოს საარჩევნო კოდექსით, პრეზიდენტობის კანდიდატისთვის უმაღლესი განათლების დამადასტურებელი ცნობის წარდგენა სავალდებულო არ არის. მათ შორის, კანდიდატი ვალდებული არ არის, წარადგინოს საშუალო განათლების (სკოლის) დამდასტურებელი რაიმე ცნობა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ ყაველაშვილის დიპლომთან დაკავშირებით ჟურნალისტების დასმულ კითხვას ასე უპასუხა:
„პარლამენტის წევრს შეიძლება დიპლომი არ სჭირდებოდეს, მაგრამ უფრო მეტად სახალხო, ქვეყნის ერთგული და პროფესიონალი იყოს. ეგერ ორ-ორი დიპლომი რომ ჰქონდათ ჩვენ პრეზიდენტებს, ხომ ააშენეს ქვეყანა“.
მიხეილ ყაველაშვილმა, პარტია „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებთან ერთად, 2022 წლის აგვისტოში დააფუძნა მოძრაობა „ხალხის ძალა“ - მაშინ, როცა ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ელოდა. ოთხეულის მთავარი ამოცანა იყო „საზოგადოების სიმართლით აღჭურვა“. მოძრაობა პირველივე დღეებიდან გამოირჩეოდა ანტიდასავლური რიტორიკით, თავს ესხმოდნენ საქართველოში აშშ-ის ელჩსაც.
მოძრაობამ 2022 წლის 26 აგვისტოს გაავრცელა განცხადება, რომელშიც წერდა, რომ ქვეყნის მთავარი პარტნიორის - აშშ-ის - საელჩო საქართველოს „ხელისუფლების გადასატრიალებლად ყველაფერს იკადრებს“.
2023 წელს „ხალხის ძალის“ ინიციირებული იყო „აგენტების კანონი“, რომელმაც ათასობით ადამიანი გამოიყვანა ქუჩაში და, როგორც საქართველოს პარტნიორები ამბობენ, ქვეყანა დააშორა ევროინტეგრაციას.
ტექსტი განახლდა მამუკა მდინარაძის კომენტარით.
ფორუმი