რევაზ ბეროზაშვილი, გოგი წულაია და ანა ხელაია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის და ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის, ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილისა და შვიდი მოსამართლის სანქცირებას ითხოვენ.
ისინი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ, მათ შორის იმის გამოც, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს ხელისუფლებამ ხელოვნურად შეუზღუდა არჩევანის უფლება, სასამართლო სისტემამ კი ხელი დააფარა ხელისუფლებას და თვალი დახუჭა იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც გაყალბებასა და დარღვევებს დაადასტურებდა.
არჩევნებამდე პლატფორმამ „თაობები ქვეყნისთვის“, რომელსაც მოშიმშილეები წარმოადგენენ, არაერთხელ მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საზღვარგარეთ მეტი საარჩევნო უბანი გაეხსნა. უცხოეთში გახსნილი უბნები დიდ ქალაქებში ემიგრანტების რაოდენობას ვერ სწვდებოდა. ბევრი ემიგრანტი კი ამ ქალაქებიდან ასობით კილომეტრის მოშორებით მუშაობდა და ჩასვლას ვერ ახერხებდა.
საბოლოოდ, ცესკომ საზღვარგარეთ სულ 67 უბანი გახსნა, განსხვავებით, მაგალითად, მოლდოვისგან, რომელსაც ქვეყნის გარეთ 234 საარჩევნო უბანი ჰქონდა, მათ შორის უკრაინაშიც. მოლდოვის დღევანდელმა პრეზიდენტმა მაია სანდუმ არჩევნები ფაქტობრივად ემიგრანტების მხარდაჭერით მოიგო.
„სამწუხაროდ, ევროპარლამენტი ამჯერად სტრასბურგში იმყოფება, ჩვენ ყველას გავუგზავნეთ წერილი ამ აქციისა და მოთხოვნების შესახებ. 28 ნოემბერს აქ დიდი აქცია ჩატარდება. ბევრი ხალხი მოვა. ევროპარლამენტარებიც მოვიწვიეთ და გავესაუბრებით“, - ამბობს რევაზ ბეროზაშვილი, რომელიც 2011 წლიდან ბრიუსელში ცხოვრობს.
რევაზ ბეროზაშვილს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად ბელგიის მოქალაქეობაც აქვს. მუშაობს ევროკომისიის პროექტების ხელმძღვანელად. „ევროპაში ჯერ ისიც ვერ გაიგეს, რაში დაგვჭირდა შიმშილობის გამოცხადება. რატომ არის აუცილებელი ასეთი რადიკალური ზომების მიღება. როდესაც აქციის ავტორიზება მოვითხოვეთ, ქალაქის ბურგომისტრმა გვითხრა, კარავი რატომ გაშალეთ, მწვადის შეწვას აპირებთო? ავუხსენით, რომ კარავში უნდა ვიცხოვროთ და ვიშიმშილოთ. ეს შიმშილობა საერთოდ რა შუაშია, ჯანმრთელობას რატომ ერჩითო“.
რევაზ ბეროზაშვილი ხსნის, რომ სწორედ რადიკალური გზით, შიმშილობით თუ შეძლებენ კონსერვატიული ევროპა ცოტათი გამოაფხიზლონ. ბანერიც კი დაამზადეს - „Europa wake up, it is time to action“ (გამოფხიზლდი ევროპა, მოქმედების დროა“).
ბეროზაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტს ბოლომდე კიდევ არ ესმის რა ხდება საქართველოში, მაგალითად, პირად საუბრებში ისიც კი უკითხავთ, როგორ შეიძლება სასამართლოში შენი სიმართლე ვერ დაამტკიცოო.
„პირად საუბრებში ევროპარლამენტარები გვეუბნებიან, კი, გაყალბდა არჩევნები, მაგრამ როდის არ გაყალბებულა, რა განსხვავებაა ამ გაყალბებასა და სხვა გაყალბებებს შორისო. საჯაროდ სხვაგვარად ლაპარაკობენ, მაგრამ სინამდვილეში ყველა ეუთო-ოდირის დასკვნას ელოდება.
თუ იქ ეწერება, რომ ეს არჩევნები მეტ-ნაკლებად აკმაყოფილებდა თავისუფალი არჩევნების მოთხოვნებს, დაიწყება, მოდი, ახლა შედით პარლამენტში, 2025 წლის ოქტომბერში თვითმმართველობის არჩევნები რომ ჩატარდება, საპარლამენტოც ჩაატარეთ და ასე შემდეგ.
ჩვენ ვუხსნით, რომ თუ ასე გაგრძელდა, ერთ წელიწადში იქ ხმის ამომღებიც არავინ დარჩება, ვინც დასაშინებელია, დააშინებენ, ვინც დასაჭერია - დაიჭერენ, ვინც წასასვლელია - წავა“, - ამბობს რევაზ ბეროზაშვილი.
გოგი წულაია, საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი, ახლა ბელგიაში ცხოვრობს და თავშესაფარს ითხოვს. პირველად თავშესაფარი საფრანგეთში მოითხოვა, მაგრამ არ მისცეს. „ასე მითხრეს, საქართველო კარგი და სამართლიანი ქვეყანაა და იქ დაბრუნდიო და გაგასამართლებენო“, - ამბობს წულაია.
საქართველოში სასამართლო მას სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლს ედავება (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით). დაუსწრებლად 4 წელი აქვს მისჯილი. წულაია დანაშაულს არ აღიარებს.
„რომ ჩამოვიდე, აეროპორტიდანვე წამიყვანენ ციხეში. იმიტომ არ ვარ, მანდ, თორემ გული მიკვდება, რომ ვხედავ რაც ხდება. ჩემი მოთხოვნა იმ მოსამართლეების დასანქცირებაცაა, 400-ლარიანი ჯარიმის გამო ბავშვებს ექვსწლიან ციხეს რომ უპირებენ, პროკურორებისაც. ის პოლიციელებიც უნდა დასანქცირდნენ, გოგონა მუხლებზე რომ დააყენეს და სექსუალურად ავიწროებდნენ. მე ვარ მოძალადე და ისინი არიან კეთილშობილები?“ - ამბობს ყოფილი დეპუტატი.
ანა ხელაია 1993 წელს გერმანიაში სასწავლებლად ჩავიდა. მას შემდეგ იქ ცხოვრობს და პედაგოგად მუშაობს. აქციას რომ შეერთებოდა, შვებულება აიღო.
თავდაპირველად ევროპარლამენტის შენობის წინ კარავი გაშალეს, მაგრამ ღამით კარვის დატოვების უფლება არ მისცეს და მოშიმშილეებმაც მანქანაში გადაინაცვლეს.
„ღამე თქვენს უსაფრთხოებას ვერ უზრუნველვყოფთ და დღისით შეგიძლიათ გაშალოთ კარავიო. გაშლა-აღებას ვამჯობინეთ მანქანაში დავრჩეთ, - ამბობს ანა, - მანქანაში ძილი ცოტა რთულია, მაგრამ რა ვქნათ, ბრძოლა ბრძოლაა“.
26 ოქტომბერს საქართველოში ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები, რომელშიც ოფიციალური მონაცემებით „ქართულმა ოცნებამ“ უმრავლესობა - 89 მანდატი მოიპოვა. ოპოზიციური პარტიები და საქართველოს პრეზიდენტი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ ისინი გაყალბდა.
არჩევნების შედეგების გაბათილების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოში ორი სარჩელია შესული - ერთი პრეზიდენტმა შეიტანა, მეორე მე-10 მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა. „ქართული ოცნება“ არ დაელოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას, 25 ნოემბერს შეკრიბა პარლამენტის სიით გასული დეპუტატები და მათი უფლებამოსილება ცნო.
ფორუმი